Facebook Twitter

საქმე # 330100123007946518

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №432აპ-25 ქ. თბილისი

შ. ლ., 432აპ-25 27 ოქტომბერი, 2025 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

მამუკა ვასაძე, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 26 მარტის განაჩენზე მსჯავრდებულ ლ. შ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის თ. დ–ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით:

1.1. ლ. შ–ეს, - პ/ნ ........, - ბრალად ედებოდა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება ან ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით, – დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (სამი ეპიზოდი).

ლ. შ–ის მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

1.1.1. 2020 წლის დასაწყისში მდებარე ნ. ჭ–ის კუთვნილ უძრავი ქონების სააგენტოს მიმართა ნ. თ–მა, რომელსაც სურდა თავისი, ასევე შვილის - ლ. მ–ის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის გასესხება, შესაბამისი სარგებლის სანაცვლოდ. 2020 წლის დასაწყისში, ქ. თ–ში, ა–ს ქუჩის №...–ში მდებარე ნ. ჭ–ის კუთვნილ უძრავი ქონების სააგენტოს მიმართა გ. ა–ემაც, რომელსაც სურდა გ–ს რაიონის სოფელ ლ–ში მდებარე კუთვნილი მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი:….) გასხვისება. ნ. ჭ–ემ და ლ. შ–ემ გადაწყვიტეს წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად დაუფლებოდნენ ზემოაღნიშნული პირების ქონებებს. განზრახვის აღსასრულებლად, ნ. ჭ–ემ ლ. მ–ს შესთავაზა, რომ გ. ა–ისთვის სესხის სახით გადაეცა 26 095 ლარი გ–ს რაიონის სოფელ ლ–ში მდებარე გ. ა–ის კუთვნილი მიწის ნაკვეთით (საკადასტრო კოდი: .........) უზრუნველყოფით და დაარწმუნა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამთვიანი ვადის გასვლის შემდეგ მოხდებოდა საწყისი თანხის დაბრუნება შესაბამისი სარგებლით. ხელშეკრულებით გათვალისწინებულ, გ. ა–ის კუთვნილ 26 095 ლარს მოტყუებით დაეუფლა ნ. ჭ–ე.

2020 წლის 18 ივლისს, ქ. თ–ში, პ–ს გამზირი №..ში (ქ. თ–ი, გ–ს გამზირი №..) მდებარე მ. ლ–ის სანოტარო ბიუროში ლ. მ–სა და გ. ა–ეს შორის გაფორმდა გამოსყიდვის უფლებით უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება. ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ, გ. ა–ემ არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება. ნ. ჭ–ემ და ლ. შ–ემ ლ. მ–ი დაარწმუნეს, რომ ვინაიდან მის საკუთრებაში გადასულ მიწის ნაკვეთს არ გააჩნდა შესაბამისი ღირებულება, აღნიშნულს ჩაანაცვლებდნენ თითქოსდა ლ. შ–ის, ფაქტობრივად კი ნ. ხ–ას კუთვნილი უძრავი ქონებით, მდებარე: მ–ს რაიონის, სოფელ მ–ში. 2020 წლის 3 ნოემბერს ქ. თ–ში, პ–ს გამზირი №..ში (ქ. თ–ში, გ–ს გამზირის №..-ში) მდებარე მ. ლ–ის სანოტარო ბიუროში გაფორმებული მინდობილობისა და 2020 წლის 4 ნოემბერს გაფორმებული გამოსყიდვის უფლებით უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულებით ლ. შ–ე და ნ. ჭ–ე მოტყუებით დაეუფლნენ გ–ს რაიონში მდებარე მიწის ნაკვეთს (საკადასტრო კოდი: ........). აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების შედეგად, დაზარალებულ გ. ა–ეს და ლ. მ–ს მიადგათ დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.

1.1.2. 2020 წლის დასაწყისში ქ. თ–ში, ა–ს ქუჩის №...–ში მდებარე ნ. ჭ–ის კუთვნილ უძრავი ქონების სააგენტოს მიმართა ნ. თ–მა, რომელსაც სურდა თავისი, ასევე შვილის ლ. მ–ის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის გასესხება, შესაბამისი სარგებლის სანაცვლოდ. ნ. ჭ–ემ და ლ. შ–ემ გადაწყვიტეს წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად დაუფლებოდნენ ზემოაღნიშნული პირების ქონებას. განზრახვის აღსასრულებლად, ისინი მ–ს რაიონ სოფელ მ–ში მდებარე მიწის ნაკვეთის შესახებ, როგორც საკუთრების, ასევე ღირებულებისა და მოცულობის შესახებ ინფორმაციის განზრახ არასწორად მიწოდების საფუძველზე, 2020 წლის 29 სექტემბერს ქ. თ–ში, პ–ს გამზირი №..ში (ქ. თ–ში, გ–ს გამზირის №..-ში) მდებარე მ. ლ–ის სანოტარო ბიუროში გაფორმებული გამოსყიდვის უფლებით უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულებით, მოტყუებით დაეუფლნენ ნ. თ–ის კუთვნილ თანხას 7 950 აშშ დოლარი.

1.1.3. 2019 წელს ნ. ხ–ას სურდა თავისი დიდი ოდენობით თანხის გასესხება, შესაბამისი სარგებლის სანაცვლოდ. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების მეორე მხარის მიერ შეუსრულებლობის საფუძველზე აღნიშნული პირი გახდა რამდენიმე უძრავი ქონების მესაკუთრე. ნ. ჭ–ემ და ლ. შ–ემ გადაწყვიტეს წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად დაუფლებოდნენ ზემოაღნიშნული პირის უძრავ ქონებებს მდებარე: მ–ს რაიონი სოფელი მ–ში. განზრახვის აღსასრულებლად, ლ. შ–ემ დაარწმუნა ნ. ხ–ა, რომ მის საკუთრებაში არსებულ ზემოაღნიშნულ მიწის ნაკვეთების განკარგვის შესახებ გაეცა მინდობილობა, რის საფუძველზეც იგი გაყიდდა უძრავ ქონებას, ხოლო შესაბამისი ოდენობის თანხას გადასცემდა ამ უკანასკნელს. ქ. თ–ში, პ–ს გამზირი №..ში (ქ. თ–ში, გ–ს გამზირი №..-ში) მდებარე მ. ლ–ის სანოტარო ბიუროში გაფორმებული მინდობილობის საფუძველზე, ლ. შ–ე და ნ. ჭ–ე მოტყუებით დაეუფლნენ ნ. ხ–ას კუთვნილ მიწის ნაკვეთს მდებარეს: მ–ს რაიონის სოფელი მ–ი (საკადასტრო კოდი: ..........). აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების შედეგად დაზარალებულ ნ. ხ–ას მიადგა დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.

1.2. ნ. ჭ–ეს, - პ/ნ .........., - ბრალად ედებოდა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება ან ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით, – დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (სამი ეპიზოდი).

ნ. ჭ–ის მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

1.2.1. 2020 წლის დასაწყისში ქ. თ–ში, ა–ს ქუჩის №...–ში მდებარე ნ. ჭ–ის კუთვნილ უძრავი ქონების სააგენტოს მიმართა ნ. თ–მა, რომელსაც სურდა თავისი, ასევე შვილის - ლ. მ–ის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის გასესხება, შესაბამისი სარგებლის სანაცვლოდ. 2020 წლის დასაწყისში, ქ. თ–ში, ა–ს ქუჩის №...–ში მდებარე ნ. ჭ–ის კუთვნილ უძრავი ქონების სააგენტოს მიმართა გ. ა–ემაც, რომელსაც სურდა გ–ს რაიონის სოფელ ლ–ში მდებარე კუთვნილი მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: ......) გასხვისება. ნ. ჭ–ემ და ლ. შ–ემ გადაწყვიტეს წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად დაუფლებოდნენ ზემოაღნიშნული პირების ქონებებს. განზრახვის აღსასრულებლად, ნ. ჭ–ემ ლ. მ–ს შესთავაზა, რომ გ. ა–ისთვის სესხის სახით გადაეცა 26 095 ლარი გ–ს რაიონის სოფელ ლ–ში მდებარე გ. ა–ის კუთვნილი მიწის ნაკვეთით (საკადასტრო კოდი: .........) უზრუნველყოფით და დაარწმუნა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამთვიანი ვადის გასვლის შემდეგ საწყისი თანხა დაუბრუნდებოდა შესაბამისი სარგებლით. ხელშეკრულებით გათვალისწინებულ, გ. ა–ის კუთვნილ 26 095 ლარს მოტყუებით დაეუფლა ნ. ჭ–ე.

2020 წლის 18 ივლისს, ქ. თ–, პ–ს გამზირი №..-ში (ქ. თ–, გ–ს გამზირის №..) მდებარე მ. ლ–ის სანოტარო ბიუროში ლ. მ–სა და გ. ა–ეს შორის გაფორმდა გამოსყიდვის უფლებით უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება. ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ, გ. ა–ემ არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება. ნ. ჭ–ემ და ლ. შ–ემ ლ. მ–ი დაარწმუნეს, რომ ვინაიდან მის საკუთრებაში გადასულ მიწის ნაკვეთს არ გააჩნდა შესაბამისი ღირებულება, აღნიშნულს ჩაანაცვლებდნენ თითქოსდა ლ. შ–ის, ფაქტობრივად კი ნ. ხ–ას კუთვნილი უძრავი ქონებით, მდებარე: მ–ს რაიონის, სოფელ მ–ში. 2020 წლის 3 ნოემბერს თ–ში, პ–ს გამზირის №..- ში (ქ. თ–, გ–ს გამზირი №..-ში) მდებარე მ. ლ–ის სანოტარო ბიუროში გაფორმებული მინდობილობისა და 2020 წლის 4 ნოემბერს გაფორმებული გამოსყიდვის უფლებით უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულებით ლ. შ–ე და ნ. ჭ–ე მოტყუებით დაეუფლნენ გ–ს რაიონში მდებარე მიწის ნაკვეთს (საკადასტრო კოდი: .........). აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების შედეგად დაზარალებულ გ. ა–ეს და ლ. მ–ს მიადგათ დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.

1.2.2. 2020 წლის დასაწყისში ქ. თ–ში, ა–ს ქუჩის №...–ში მდებარე ნ. ჭ–ის კუთვნილ უძრავი ქონების სააგენტოს მიმართა ნ. თ–მა, რომელსაც სურდა თავისი, ასევე შვილის ლ. მ–ის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის გასესხება, შესაბამისი სარგებლის სანაცვლოდ. ნ. ჭ–ემ და ლ. შ–ემ გადაწყვიტეს წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად დაუფლებოდნენ ზემოაღნიშნული პირების ქონებებს. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, ისინი მ-ს რაიონ სოფელ მ–ში მდებარე მიწის ნაკვეთის შესახებ, როგორც საკუთრების, ასევე ღირებულებისა და მოცულობის შესახებ ინფორმაციის განზრახ არასწორად მიწოდების საფუძველზე, 2020 წლის 29 სექტემბერს ქ. თ–ში, პ–ს გამზირი №..ში (ქ. თ–, გ–ს გამზირის №..-ში) მდებარე მ. ლ–ის სანოტარო ბიუროში გაფორმებული გამოსყიდვის უფლებით უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულებით, მოტყუებით დაეუფლნენ ნ. თ–ის კუთვნილ თანხას 7 950 აშშ დოლარის ოდენობით.

1.2.3. 2019 წელს ნ. ხ–ას სურდა თავისი დიდი ოდენობით თანხის გასესხება, შესაბამისი სარგებლის სანაცვლოდ. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების მეორე მხარის მიერ შეუსრულებლობის საფუძველზე აღნიშნული პირი გახდა რამდენიმე უძრავი ქონების მესაკუთრე. ნ. ჭ–ემ და ლ. შ–ემ გადაწყვიტეს წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად დაუფლებოდნენ ზემოაღნიშნული პირის უძრავ ქონებებს მდებარეს: მ–ს რაიონის სოფელი მ–ი. განზრახვის აღსასრულებლად, ლ. შ–ემ დაარწმუნა ნ. ხ–ა, რომ მის საკუთრებაში არსებულ ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთების განკარგვის შესახებ გაეცა მინდობილობა, რის საფუძველზეც იგი გაყიდდა უძრავი ქონებას, ხოლო შესაბამისი ოდენობის თანხას გადასცემდა ამ უკანასკნელს. ქ. თ–ში, პ–ს გამზირი №..ში (ქ. თ–ში, გ–ს გამზირი №..-ში) მდებარე მ. ლ–ის სანოტარო ბიუროში გაფორმებული მინდობილობის საფუძველზე, ლ. შ–ე და ნ. ჭ–ე მოტყუებით დაეუფლნენ ნ. ხ–ას კუთვნილ მიწის ნაკვეთს მდებარეს: მ–ს რაიონის სოფელი მ–ი (საკადასტრო კოდი: ..........). აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების შედეგად დაზარალებულ ნ. ხ–ას მიადგა დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 22 ნოემბრის განაჩენით:

2.1. ნ. ჭ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (დაზარალებულების გ. ა–ისა და ლ. მ–ის ეპიზოდი) და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, შეუმცირდა 1/5-ით და განესაზღვრა – 4 წლით, 9 თვითა და 18 დღით თავისუფლების აღკვეთა;

2.2. ნ. ჭ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (დაზარალებულ ნ. თ–ის ეპიზოდი) და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე შეუმცირდა 1/5-ით და განესაზღვრა – 4 წლით, 9 თვითა და 18 დღით თავისუფლების აღკვეთა;

2.3. ნ. ჭ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (დაზარალებულ ნ. ხ–ას ეპიზოდი) და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე შეუმცირდა 1/5-ით და განესაზღვრა – 4 წლით, 9 თვითა და 18 დღით თავისუფლების აღკვეთა;

2.4. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის დანიშვნისას თანაბარი სასჯელებიდან ერთმა სასჯელმა შთანთქა სხვა თანაბარი სასჯელები და საბოლოოდ, ნ. ჭ–ეს, დანაშაულთა ერთობლიობით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, შეუმცირდა 1/5-ით და განესაზღვრა – 4 წლით, 9 თვითა და 18 დღით თავისუფლების აღკვეთა ვადით;

2.5. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 8 ნოემბრის განაჩენითა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით განსაზღვრული სასჯელი – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 5 წელი და დამატებით სასჯელად ჯარიმა – 10 000 ლარი;

2.6. საბოლოოდ, დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით, ნ. ჭ–ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, შეუმცირდა 1/5-ით და განესაზღვრა – 4 წლით, 9 თვითა და 18 დღით თავისუფლების აღკვეთა;

2.7. ლ. შ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (დაზარალებულების – გ. ა–ისა და ლ. მ–ის ეპიზოდი) და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც, ,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე შეუმცირდა 1/5-ით და განესაზღვრა – 5 წლით, 7 თვითა და 6 დღით თავისუფლების აღკვეთა;

2.8. ლ. შ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (დაზარალებულ ნ. თ–ის ეპიზოდი) და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე შეუმცირდა 1/5-ით და განესაზღვრა – 5 წლით, 7 თვითა და 6 დღით თავისუფლების აღკვეთა;

2.9. ლ. შ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (დაზარალებულ ნ. ხ–ას ეპიზოდი) და ლ. შ–ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე შეუმცირდა 1/5-ით და განესაზღვრა – 5 წლით, 7 თვითა და 6 დღით თავისუფლების აღკვეთა;

2.10. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის დანიშვნისას თანაბარი სასჯელებიდან ერთმა სასჯელმა შთანთქა სხვა თანაბარი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ლ. შ–ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, შეუმცირდა 1/5-ით და განესაზღვრა – 5 წლით, 7 თვითა და 6 დღით თავისუფლების აღკვეთა;

2.11. ნ. ჭ–ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა განაჩენის გამოტანის დღიდან – 2024 წლის 22 ნოემბრიდან და სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო – 2023 წლის 16 აგვისტოდან 2023 წლის 18 აგვისტოს ჩათვლით;

2.12. ლ. შ–ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვლება განაჩენის აღსრულების მიზნით მისი დაპატიმრებიდან ან სათანადო ორგანოებში მისი გამოცხადების მომენტიდან;

2.13. ლ. შ–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2023 წლის 17 აგვისტოდან - 2023 წლის 19 აგვისტოს ჩათვლით.

3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ლ. შ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა თ. დ–მა, რომელიც ითხოვდა ლ. შ–ის უდანაშაულოდ ცნობას და გამართლებას.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 26 მარტის განაჩენით დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 22 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

4.1. იმავდროულად, მსჯავრდებულ ლ. შ–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2023 წლის 17 აგვისტოდან 2023 წლის 19 აგვისტოს ჩათვლით და სასჯელის ვადა აეთვალა დაკავებიდან - 2025 წლის 12 თებერვლიდან.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 26 მარტის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ლ. შ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა თ. დ–მა, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს ლ. შ–ის უდანაშაულოდ ცნობას და გამართლებას.

6. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, par. 30, ECtHR, 25/12/2001).

7. საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო საჩივრით დაცვის მხარე (მსჯავრდებულ ლ. შ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატი თ. დ–ი) ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებას ლ. შ–ის მსჯავრდების ნაწილში და მის უდანაშაულოდ ცნობას, ვინაიდან, სადავო ქმედება არ მიეკუთვნება სისხლის სამართლის რეგულირების სფეროს.

7.1. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოცემულ შემთხვევაში თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 22 ნოემბრის განაჩენი და შემდგომში თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 26 მარტის განაჩენი გასაჩივრებულია მხოლოდ მსჯავრდებულ ლ. შ–ის მიმართ და არ არის გასაჩივრებული ნ. ჭ–ის ნაწილში. შესაბამისად, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს ნ. ჭ–ის მიმართ მათ შორის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის გამოყენების საკითხზე.

8. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ დაცვის მხარემ – მსჯავრდებულ ლ. შ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა თ. დ–მა თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენის გაუქმების მოთხოვნით (ლ. შ–ის მსჯავრდების ნაწილში) სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართა იმავე (იდენტურ) არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული. სააპელაციო სასამართლოს განაჩენში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც ლ. შ–ის საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (სამი ეპიზოდი) მსჯავრდება განაპირობა.

9. საკასაციო სასამართლო დაუსაბუთებლობის გამო არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას ლ. შ–ის უდანაშაულოდ ცნობის შესახებ (იმ გარემოებაზე მითითებით, რომ ლ. შ–ისთვის მსჯავრადშერაცხილი ქმედებები მიეკუთვნება სამოქალაქო სამართლის და არა სისხლის სამართლის რეგულირების სფეროს). სასამართლო ითვალისწინებს, რომ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით (მათ შორის: მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი დაზარალებულთა – ნ. თ–ის, გ. ა–ისა და ნ. ხ–ას გამოკითხვის ოქმებით, მოწმეთა: ბ. ხ–სა და ი. გ–ს გამოკითხვის ოქმებით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან ამოღებული დოკუმენტებით – გამოსყიდვის უფლებით უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულებებით, საჯარო რეესტრის ამონაწერებით, ნოტარიუს მ. ლ–ის სანოტარო ბიუროდან ამოღებული დოკუმენტებით, სასაქონლო ექსპერტიზის N...... დასკვნით და სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულბებით) გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება ლ. შ–ის მიერ მისთვის მსჯავრადშერაცხილი დანაშაულების ჩადენა.

10. საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების, თაღლითობის თავისებურება მისი ჩადენის ხერხში მდგომარეობს - ქონების დაუფლება ან ქონებაზე უფლების მიღება ხდება მოტყუების გამოყენებით. მოტყუება გულისხმობს ქონების მესაკუთრის დეზინფორმაციას, მის წინასწარი შეცნობით შეცდომაში შეყვანას, ხოლო მისი შეცდომაში შეყვანა შეიძლება განხორციელდეს წინასწარი შეცნობით ცრუ მონაცემების შეტყობინების საფუძველზე, ან იურიდიული მნიშვნელობის ფაქტების დაფარვით, რომლის შეტყობინება სავალდებულო იყო დაზარალებულისათვის (საქართველოს უზენაესი სასამართლოს განაჩენი საქმეზე N 566აპ-18). თაღლითობის დროს გარეგნულად ქონების/ქონებაზე უფლების გადაცემა დამნაშავისათვის ხდება ნებაყოფლობით, თვით მესაკუთრის მიერ, რომელიც შეცდომაშია შეყვანილი.

10.1. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ქმედების სწორი სამართლებრივი შეფასებისათვის გადამწყვეტია გაირკვეს გარიგების დადებისას პირს ჰქონდა თუ არა გადაწყვეტილი, მოტყუებით ჩაეგდო ხელთ სხვისი ქონება და განეკარგა იგი როგორც საკუთარი(თაღლითობა), თუ გარიგების დადების შემდეგ ვერ შეძლო ნაკისრი ვალდებულებების შესრულება (სამოქალაქო სამართალდარღვევა). დანაშაულებრივი განზრახვა წინ უნდა უსწრებდეს ქმედების განხორციელებას. თაღლითობისას პირს უნდა ამოძრავებდეს სურვილი დაზარალებული შეიყვანოს შეცდომაში და დაზარალებულს სჯეროდეს იმ ინფორმაციის რასაც აწვდის თაღლითობის ჩამდენი პირი.

10.2. იმავდროულად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის გათვალისწინებით, სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის შეფასებას, ლ. შ–ის ქმედებების სამოქალაქო დავას მიკუთვნების შესახებ (მაგალითისთვის იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2025 წლის 11 სექტემბრის N552აპ-25 განჩინება).

11. დაზარალებულ გ. ა–ის 2022 წლის 16 ნოემბრის გამოკითხვის ოქმის თანახმად, 2020 წელს (ზუსტი თვე და რიცხვი არ ახსოვს), მივიდა ნ. ხ–ესთან (ნ. ჭ–ესთან) ოფისში და უთხრა დაებრუნებინა ვალი – 4000 აშშ დოლარი (რაც 2014 წლიდან მართებდა) ან დახმარებოდა მიწის ნაკვეთის გაყიდვაში, რადგან ჰქონდა ფინანსური პრობლემები. მიწის ნაკვეთი ჰქონდა სოფელ ლ–ში. მან ნ. ხ–ს განუმარტა, რომ სურდა მიწის ნაკვეთის გაყიდვა და არა სხვა სახის გარიგება, როგორიცაა სესხი, იპოთეკა და ა.შ. ნ. ხ–ე დაჰპირდა, რომ დაეხმარებოდა მიწის ნაკვეთის გაყიდვაში და სთხოვა მიწის ნაკვეთის საბუთები. დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებული საბუთები მისცა ნ. ხ–ეს. დაახლოებით ერთ თვეში დაუკავშირდა ნ. ხ–ე და უთხრა, რომ მიწის ნაკვეთს გააყიდინებდა და შეთანხმდნენ შეხვედრაზე ქ. თ–, პ–ს გამზ. №..–ში მდებარე სანოტარო ბიუროში, ნოტარიუს მ. ლ–თან. ნოტარიუსთან შესვლისას ადგილზე დახვდა გამზადებული დოკუმენტები, რომელსაც ნ. ხ–ის თხოვნით მოაწერა ხელი. როდესაც ჰკითხა, თუ რაზე აწერინებდა ხელს, უთხრა, რომ ეს იყო ნასყიდობა/გამოსყიდვის ხელშეკრულება. მან ნ. ხ–ს უთხრა, რომ მიწის ნაკვეთის მხოლოდ გაყიდვა სურდა და არა რაიმე სხვა სახის ხელშეკრულების გაფორმება, როგორებიცაა სესხი, იპოთეკა და ა.შ. რაზეც ნ. ხ–ემ უპასუხა, რომ ეს ნასყიდობა/გამოსყიდვის ხელშეკრულება იგივე გაყიდვა იყო, ხელშეკრულებაზე ხელის მოწერის შემდეგ გამოვიდა გარეთ სიგარეტის მოსაწევად. მალევე გამოვიდა ნ. ხ–ე და მისცა 2000 აშშ დოლარი. როდესაც ჰკითხა სად იყო დანარჩენი თანხა, უპასუხა, რომ ამ მიწის ნაკვეთს უპირებდა „ამოტრიალებას“, ზუსტად ვერ გაიგო ამ სიტყვის მნიშვნელობა. ნ–მ უთხრა, რომ უფრო ძვირად გაყიდდა და შემდგომ მისცემდა მისი კუთვნილი თანხის დარჩენილ ნაწილს – 2000 აშშ დოლარს. მას შემდეგ არაერთხელ სცადა დაჰკავშირებოდა ნ. ხ–ეს, რაც ვერ მოახერხა. მისი მიწის ნაკვეთი ახლა ვის სახელზეა გაფორმებული არ იცის, ვინაიდან ბოლოს, ნოტარიუსთან ხელშეკრულების დადების შემდეგ ნ. ხ–ე არ უნახავს და ვერც დაკავშირება მოახერხა.

12. დაზარალებულ ნ. თ–ის 2022 წლის 23 ივნისის გამოკითხვის ოქმით დგინდება, რომ 2020 წლის თებერვალში გაიცნო ყიდვა–გაყიდვის აგენტი ნ. ხ–ე (ნ. ჭ–ე), რომელსაც იმ დროისათვის ქ. თ–, ა–ს ქუჩის №..–ში ჰქონდა თავისი კერძო ოფისი, მასთან ჰქონდა მოკლევადიანი საქმიანი ურთიერთობა. ამის შემდეგ მასსა და ნ. ხ–ეს შორის რამდენჯერმე შედგა კომუნიკაცია, რომელიც ეხებოდა ფინანსურ საკითხებს, რამდენჯერმე სთხოვა ფული სხვადასხვა რაოდენობით, რომელიც შეთანხმებისამებრ დროულად დაუბრუნა, რითიც მოიპოვა მისი ნდობა. ამ ურთიერთობიდან გამომდინარე, ნ. ხ–ისათვის ცნობილი გახდა რომ მას ი–დან ჩამოსვლის შემდეგ ჰქონდა თანხა, რომელსაც წლების განმავლობაში გამოიმუშავებდა და აგროვებდა. ნ. ხ–ემ მას და მის შვილს – ლ. მ–ს უთხრა, რომ ჰყავდა ნაცნობი კლიენტი გ. ა–ე, რომელსაც ესაჭიროებოდა თანხა 8500 აშშ დოლარი, რომელთანაც სურვილისამებრ დააკავშირებდა, ასევე ნ. ხ–ემ უთხრა, რომ მის ნაცნობ კლიენტს გ–ს რაიონის სოფელ ლ–ში ჰქონდა საკმაოდ პერსპექტიული სასოფლო სამეურნეო ტიპის მიწის ნაკვეთი 4000 კვ. მ–ი, რომელსაც 8500 აშშ დოლარის სანაცვლოდ გაუფორმებდა ნოტარიუსთან ნასყიდობა – გამოსყიდვის უფლებით, მისი შვილის – ლ. მ–ის სახელზე. ეს იდეა მოეწონა და უთხრა შვილს. შემდგომ კი ქ. თ–, პ–ს №.. მდებარე სანოტარო ბიუროში, ნოტარიუს მ. ლ–თან 3 თვით 2020 წლის 18 ოქტომბრამდე გააფორმეს ხელშეკრულება. შეთანხმების თანახმად, სამი თვის გასვლის შემდეგ გ. ა–ეს მისი შვილისთვის უნდა დაებრუნებინა 8500 აშშ დოლარი და თვიური მოგების 4%, რომელიც სამ თვეში იყო ჯამში 12%. ვადის გასვლის შემდეგ გ. ა–ეს დაურეკა მისმა შვილმა და მოსთხოვა მიცემული 8500 აშშ დოლარი და მოგების 12%-ის გადახდა, რაზეც გ. ა–ემ უპასუხა, რომ არაფრის დაბრუნებას არ აპირებდა რადგან ნ. ხ–ესთან შეთანხმებული იყო, რომ ამ მიწას არ გამოისყიდდა და ჩატოვებდა. დაუკავშირდნენ ნ. ხ–ეს, რომელსაც უთხრეს გ. ა–ესთან შემდგარი საუბრის შინაარსი, რაზეც ნ. ხ–ემ უთხრა, რომ თანხის დაბრუნება არ შეეძლო. სანაცვლოდ შესთავაზა, რომ მისი მეგობარი – ლ. შ–ე, რომელიც იყო ბიზნესმენი და დიდი ფულის პატრონი, გააკეთებდა მიწით ჩანაცვლებას და ლ. შეძლებდა მისი კუთვნილი 8500 აშშ დოლარის დაბრუნებას შეთანხმებულ სარგებელთან ერთად. 2020 წელს, როდესაც მივხვდნენ, რომ ლ–ს მიწის ნაკვეთიდან არაფერი გამოვიდოდა, გადაწყვიტეს დათანხმებულიყვნენ ნ. ხ–ის ახალ შემოთავაზებას და ეთანამშრომლათ ლ. შ–ესთან. მალევე (კონკრეტული თარიღი არ ახსოვს) 7500 აშშ დოლარის სანაცვლოდ ნოტარიუს მ. ლ–თან 6 თვის ვადით, გააფორმეს ნასყიდობა გამოსყიდვის უფლებით ხელშეკრულება, მ–ს რაიონის სოფელ მ–ში მდებარე 2690 კვ. მ სასოფლო–სამეურნეო მიწის ნაკვეთზე. მას და მის შვილს, ყოველთვიური მოგება უნდა მიეღოთ, თვეში – 280 აშშ დოლარი, ჯამში – 560 დოლარი, რაც არ მიუღიათ. მას ეგონა, რომ მიწა ლ. შ–ის საკუთრება იყო და მასთან აფორმებდნენ ნასყიდობა – გამოსყიდვის უფლებით ხელშეკრულებას, თუმცა როგორც მოგვიანებით გაირკვა ზემოაღნიშნულ მიწა ლ–ს მინდობილობით ჰქონდა ვინმე ნ. ხ–ასგან. ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთზე ორჯერ გაფორმდა ნასყიდობა-გამოსყიდვის უფლებით ხელშეკრულება, პირველად – 2020 წლის 1 სექტემბერს მასსა და ლ. შ–ეს შორის, სადაც 2690 კვ. მ მიწის ნაკვეთის სანაცვლოდ ჩადო – 7950 აშშ დოლარი, რომელიც ეროვნულ ვალუტაში შეადგენდა 24 645 ლარს, ხელშეკრულების ვადა განისაზღვრა – 6 თვით. მეორედ – 2020 წლის 29 სექტემბერს მისი შვილის ლ–ს და მის მიერ ერთობლივად გაფორმდა ახალი ხელშეკრულება ლ. შ–ესთან იგივე მიწის ნაკვეთზე, საიდანაც 7840 აშშ დოლარი იყო მისი, ხოლო 7840 დოლარი იყო ლ–ს შენეტანი, ჯამში 15058 დოლარი. ამავდროულად ისინი არწმუნებდნენ, რომ მიწის ნაკვეთი იყო 2690 კვ. მ. საბოლოო ჯამში საჯარო რეესტრიდან გაიგო, რომ არა 2690 კვ.მ-ზე არამედ 1300 კვ.მ.-ზე ჰქონდათ ხელი მოწერილი. ამ ფაქტის გაგებისთანავე დაურეკა ლ–ს და ნ–ს. მათ უთხრეს, რომ სიმართლე რომ სცოდნოდა ხელს არ მოაწერდა, არ უნდა ენერვიულა, რადგან ფულს თავისი ნამატებით დაუბრუნებდნენ, თუმცა მისთვის და მისი შვილისთვის არავის არანაირი თანხა არ გადაუხდია. დაზარალებულმა დამატებით განმარტა, რომ ნოტარიუსთან მისვლისას როგორც ნოტარიუსი, ასევე ნ– და ლ– აჩქარებდნენ და ნოტარიული დოკუმენტების სრულად გაცნობის საშუალება არ მისცეს, დოკუმენტები წინასწარ იყო დამზადებული, რაზეც ხელი მოაწერეს მან და მისმა შვილმა. უთხრეს, რომ არ უნდოდა ბევრი კითხვა და ხელი მოეწერათ. ნოტარიუსიც ეუბნებოდა, რომ მალე მოეწერა ხელი, რადგან ხალხი ელოდებოდა. ვინაიდან ფული წინასწარ მისცა და უკვე მათ ხელში იყო აღარ შეწინააღმდეგებია. ნოტარიუსის იმედიც ჰქონდა, რომ მისი მოტყუების საშუალებას არ მისცემდა. ნოტარიუსთან ხელშეკრულების გაფორმებისას იქვე იჯდა ერთი ქალბატონი, როგორც შემდგომ აღმოჩნდა ხ. ხ–ი, რომელსაც ანალოგიურად როგორც მას ისე ატყუებდნენ და მისგან აიღეს 35000 ლარი და 2690 კვ.მ მიწის ნაცვლად გაუფორმეს 1390 კვ.მ. (რაც ასევე დასტურდება მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი ბ. ხ–ის 2022 წლის 19 ნოემბრის გამოკითხვის ოქმით იხ.: ტ.1, ს.ფ.61-64). დაზარალებულმა ნ. თ–მა და მისმა შვილმა ლ. მ–მა ასევე ხელი მოაწერეს მიწის გამიჯვნის დოკუმენტაციას, რომლის თანახმად, მის შვილს დაურეგისტრირებდნენ 1300 კვ.მ, ხოლო მას – 1390 კვ.მ. თუმცა აღმოჩნდა, რომ ორივენი გაფორმებულები იყვნენ 1300 კ.მ–ზე. მათ ჯამში მიადგათ 15 000 აშშ დოლარის ზიანი სარგებელთან ერთად და ასევე ნ. ხ–ეზე მიცემული 1700 აშშ დოლარი. მათგან არანაირი თანხა არ მიუღია. არსებული ფინანსური დავის გამო ხშირად ურეკავდა მათ და სთხოვდა თანხის დაბრუნებას, რაზეც უარს არ ამბობდნენ, აღიარებდნენ რომ თანხა ემართათ და ჰპირდებოდნენ მოგვიანებით გადახდას. ლ. შ–ემ დაიბარა საკუთარ სასტუმროში ი–სა და თ–ზე, სადაც ჰქონდათ თანხის დაბრუნებასთან დაკავშირებით კომუნიკაცია, თუმცა განუწყვეტლივ ატყუებდა. დაზარალებულმა ასევე დამატებით განმარტა, რომ როდესაც მის შვილს მ–ს მიწაზე ახალი ხელშეკრულება გაუფორმეს, ლ. შ–ემ გააკეთებინა მინდობილობა ლ–სას მიწაზე, რის საფუძველზეც ლ. შ–ეს შეეძლო გ-ს რაიონ სოფელ ლ–სას მიწის ნაკვეთის განკარგვა. მისთვის უცნობია, რა ბედი ეწია მიწის ნაკვეთს. ყველა სანოტარო ხელშეკრულებას აფორმებდნენ პ–ს №..–ში მ. ლ–თან.

13. 2022 წლის 20 ნოემბრის ნ. ხ–ას გამოკითხვის ოქმის თანახმად, 2020 წლის შემდგომაზე მასთან მივიდა ზ. ხ–ა, რომელმაც უთხრა, რომ იყო მშენებელი კომპანია „პ....–ში“. მიწის ნაკვეთებს, რომელიც ჰქონდა მ–ში გაყიდდა და მას მისცემდა 35 000 აშშ დოლარს. იმის გამო, რომ ზ–ს სრულად ენდობოდა, 2020 წლის შემოდგომაზე, ნოტარიუს მ. ლ–თან ლ. შ–ის სასარგებლოდ, განკარგვის უფლებით მ–ში მდებარე სამ მიწის ნაკვეთზე გასცა მინდობილობა. პირადად ესაუბრა ლ. შ–ეს და მან უთხრა, რომ მშენებელ კომპანიას ჰქონდა ვარიანტი ამ მიწის ნაკვეთების გაყიდვის, 15 დღეში მისცემდა თანხას და მერე თავის საქმეს მიხედავდა. შესაბამისად, ვინაიდან მისი ინტერესი მხოლოდ ნასყიდობის თანხის მიღება იყო, სხვა დეტალებით აღარ დაინტერესებულა, თან ენდობოდა ზ. ხ–ას და მოაწერა ხელი მინდობილობას. როგორც ახსოვს 15 დღეში მისთვის ნასყიდობის თანხის გადაცემის შესახებ ინფორმაცია მინდობილობის შინაარსში იყო გაჟღერებული. ამის შემდეგ, გავიდა 15 დღე. ამ დროს იმყოფებოდა ზ–ში, სადაც მძიმე ავადმყოფ მამას უვლიდა და იქიდან ურეკავდა ზ. ხ–ას, რომელიც კარგა ხანს ეუბნებოდა, რომ რაღაცა მიზეზი ჰქონდათ და თანხას უპრობლემოდ მისცემდნენ. შემდეგ გამოართვა ლ. შ–ის ნომერი და მასთან დაიწყო საუბარი, რომელიც თითქმის ერთი წელი, ზ-სთან ერთად მიზეზებს უსახელებდა, თუ რატომ ვერ გაყიდა და რატომ ვერ მისცა ნაკვეთების თანხა. თითქმის ერთი წლის განმავლობაში არ მოუთხოვია ნაკვეთების უკან გადაფორმება და 2021 წლის ბოლოს, როდესაც გაუსაძლისი მდგომარეობა იყო და ლ. შ–ე აღარ პასუხობდა ტელეფონზე, ზ–ს უთხრა, რომ ნაკვეთები უკან გადმოეფორმებინა ლ–ს, რაზედაც ზ-მ უთხრა, რომ მიწის ნაკვეთების დაბრუნება შეუძლებელი იყო, სწორედ მაშინ გაიგო, რომ მას შემდეგ რაც მინდობილობა მისცა ლ. შ–ეს, ერთი ნაკვეთი იმავე დღეს გაუყიდია, – დანარჩენები კი ერთი კვირის განმავლობაში. რეესტრში რომ ნახა, ნაკვეთები დანაწევრებული იყო და დაახლოებით 8 ადამიანი დაითვალა იპოთეკარი, ვისაც ამ ნაკვეთებში ფული ჰქონდა ჩადებული, ის ადამიანები ვინ იყვნენ არ იცის, ბოლოს ლ–მ უთხრა დაახლოებით ერთი წლის წინ, რომ ვითომ იმიტომ ვერ გაისტუმრა გასხვისებიდან აღებული ფულით, რომ არმატურა გაუძვირდა და ფული იქ გადარიცხა და თავადაც დაზარალებული იყო. ამ ფაქტების გადამოწმება არ შეეძლო, რადგან თავად ონკოლოგიური ავადმყოფია და კიდევ ავადმყოფ მამას უვლიდა, მათ იცოდნენ მისი მდგომარეობა და მაინც ასე მოექცნენ. 2022 წლის ბოლოსთვის ლ. შ–ე კატეგორიულად ჰპირდებოდა, რომ 10 000 აშშ დოლარს მისცემდა და დანარჩენს წლის ბოლომდე ეტაპობრივად გაისტუმრებდა, რაც არ შეასრულა და არც დაურეკავს, არც ვითარება აუხსნია და არც რაიმე თანხა გადაუცია.

14. ნ. ჭ–ემ აღიარა მისთვის მსჯავრადშერაცხილი დანაშაულების ჩადენა. კერძოდ, მსჯავრდებულმა აღიარა, რომ 2020 წლის 4 ნოემბერს, ლ. შ–ესთან ერთად მოტყუებით დაეუფლა გ–ს რაიონში მდებარე მიწის ნაკვეთს (საკადასტრო კოდი: ..........), რითიც დაზარალებულ გ. ა–ეს და ლ. მ–ს მიადგათ დიდი ოდენობით – 26 095 ლარის ქონებრივი ზიანი; 2020 წლის 29 სექტემბერს მოტყუებით დაეუფლნენ ასევე ნ. თ–ის კუთვნილ თანხას 7 950 აშშ დოლარის ოდენობით; 2019 წელს ლ. შ–ე და ნ. ჭ–ე ასევე მოტყუებით დაეუფლნენ ნ. ხ–ას კუთვნილ მიწის ნაკვეთს მდებარე, მ–ს რაიონის სოფელი მ–ი (საკადასტრო კოდი: ..........).

15. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დაზარალებულთა მიერ გამოკითხვის ოქმებში მითითებული ინფორმაცია დასტურდება ასევე საჯარო რეესტრიდან ამოღებული დოკუმენტაციით – გამოსყიდვის უფლებით უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულებებით, გამოსყიდვის უფლებით უძრავი ნივთის ნასყიდობის გაუქმების ხელშეკრულებებითა და მინდობილობით, კერძოდ:

15.1. 2020 წლის 18 ივნისის N......... უძრავი ნივთის გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, გ. ა–ემ ლ. მ–ს მიჰყიდა გ–ში, სოფელ ლ–საში მდებარე 4000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი 8500 აშშ დოლარად (26 095 ლარი) (იხ.: ტ.3, ს.ფ.87-91).

15.2. 2020 წლის 9 სექტემბერს ნ. ხ–ამ ლ. შ–ის მიმართ გასცა მინდობილობა, რომლითაც უფლებას აძლევდა მისი უძრავი ქონებების, მათ შორის: მ-ში, სოფელ მ–ში მდებარე 2690 კვ.მ მიწის ნაკვეთის გაყიდვის (მათ შორის გამოსყიდვის უფლებით). მინდობილობა გაცემული იყო 1 თვის ვადით (იხ.: ტ.1, ს.ფ. 116-119).

15.3. 2020 წლის 10 სექტემბრის N.......... ხელშეკრულების თანახმად, ლ. შ–ემ, როგორც ნ. ხ–ას წარმომადგენელმა ნ. თ–ს 7950 აშშ დოლარად (24 645 ლარად) მიჰყიდა მ–ში, სოფელ მ–ში მდებარე 2690 კვ.მ მიწის ნაკვეთი. (იხ.: ტ.3, ს.ფ. 22-27);

15.3.1. 2020 წლის 29 სექტემბერს ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გაუქმდა ლ. შ–ეს, როგორც ნ. ხ–ას წარმომადგენელსა და ნ. თ–ს შორის დადებული გამოსყიდვის უფლებით უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება (იხ.: ტ.3, ს.ფ. 29).

15.4. იმავე დღეს, 2020 წლის 29 სექტემბერს, დაიდო ახალი გამოსყიდვის უფლებით უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება N..........., რომლის თანახმად, ლ. შ–ემ, როგორც ნ. ხ–ას წარმომადგენელმა ნ. თ–სა და ლ. მ–ს მიჰყიდა მ–ში, სოფელ მ–ში მდებარე 2690 კვ.მ-დან 1300 კვ.მ. მიწის ნაკვეთი გამოსყიდვის უფლებით 15 680 აშშ დოლარად (52 058 ლარად), საიდანაც 7 840 აშშ დოლარი ეკუთვნოდა ნ. თ–ს, ხოლო 7 840 აშშ დოლარი ლ. მ–ს (იხ.: ტ.3, ს.ფ.42-45).

15.4.1. ხელშეკრულებაზე დართული გამიჯვნის საკადასტრო/აზომვითი/აგეგმვითი ნახაზის მიხედვით უძრავი ქონება იყო გამიჯნული (იხ.: ტ.3, ს.ფ. 31-39) და მოთხოვნილი იყო 2690 კვ.მ-დან 1300 კვ.მ გაყიდვა გამოსყიდვის უფლებით.

15.4.2. 2020 წლის 29 სექტემბრის N.......... გამოსყიდვის უფლებით უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, ლ. შ–ემ, როგორც ნ. ხ–ას წარმომადგენელმა ხ. ხ–ს 35 000 ლარად მიჰყიდა მ–ში, სოფელ მ–ში მდებარე 2690 კვ.მ-დან 1390 კვ.მ. მიწის ნაკვეთი (იხ.: ტ.3, ს.ფ.14-18). ამასთან, 2021 წლის 10 დეკემბერს ხ. ხ–მა მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და წარადგინა 2021 წლის 10 დეკემბრის ვალდებულების გაუქმების ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ითხოვდა გამოსყიდვის უფლების ვადის გასვლის გამო ვალდებულების გაუქმებას (იხ.: ტ.3, ს.ფ. 50-54).

15.5. 2020 წლის 3 ნოემბერს ლ. მ–მა განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა გ-ს რაიონ, სოფელ ლ–საში არსებული 4000 კვ.მ მიწის ნაკვეთის მის საკუთრებად აღრიცხვა, ვინაიდან გ. ა–ემ თანხა ვერ გადაუხადა და ხელშეკრულებას გაუვიდა ვადა (იხ.: ტ. 3, ს.ფ.92-93).

15.5.1. 2020 წლის 4 ნოემბრის N........... გამოსყიდვის უფლებით უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულებით ი. გ-მ, როგორც ლ. მ–ის წარმომადგენელმა ს. გ–ს მიჰყიდა გ–ს რაიონ, სოფელ ლ–საში არსებული მიწის ნაკვეთი.

15.5.2. ი. გ–ს 2023 წლის 3 ოქტომბრის გამოკითხვის ოქმის თანახმად, ლ. შ–ე არის ი. გ–ს დედა, რომელმაც სთხოვა, რომ ლ. მ–ი გაუკეთებდა მინდობილობას და მას უნდა გადაეფორმებინა ლ. მ–ის გ–ს რაიონ, სოფელ ლ–საში მდებარე მიწის ნაკვეთი ს. გ–სათვის, რასაც დასთანხმდა. 2020 წელს (ზუსტი თარიღი არ ახსოვს) ლ. მ–მა მისცა მინდობილობა ნოტარიუს მ. ლ–თან და ლ. მ–ის კუთვნილი მიწის ნაკვეთი ნასყიდობა-გამოსყიდვის უფლებით გადაუფორმა ს. გ-ს.

16. დაზარალებულთა ჩვენებები (რომ ხელშეკრულების დადებისას მიწის ნაკვეთების ღირებულება იყო გაცილებით ნაკლები ვიდრე მათ თანხა გადაიხადეს) თანხვდენილია N..... სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნასთან, რომლითაც დგინდება, რომ გ–ს რაიონ სოფელ ლ–საში მდებარე 4000 კვ.მ მიწის ნაკვეთის ს/კ ........ საბაზრო ღირებულება 2020 წლის 18 ივლისის მდგომარეობით შეადგენდა 12 300 ლარს, ხოლო მ–ს რაიონში, სოფელ მ–ში მდებარე 2690 კვ.მ მიწის ნაკვეთის ს/კ ....... საბაზრო ღირებულება 2020 წლის 10 სექტემბერს და 29 სექტემბერს შეადგენდა 16 600 ლარს.

17. შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია, ლ. შ–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (სამი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.

18. სასამართლო ითვალისწინებს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ საქართველოს 2025 წლის 3 სექტემბრის კანონს, რომელიც აწესრიგებს დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანის კომპენსაციის საკითხს მათ შორის საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში. ამავე კანონის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის მესამე ინსტანციის სასამართლოს აქვს გადაცემული, საქართველოს სსსკ-ის 1654 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ პირებს საქართველოს სსსკ-ით დადგენილი წესით დაზარალებულის კომპენსაციის გადახდის ვალდებულება არ ეკისრებათ და მისი გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიება არ ეფარდებათ.

19. „საქართველოს უზენაესი სასამართლო, ქვედა ინსტანციების სასამართლოებისგან განსხვავებით, საქმეს მთლიანად არ იხილავს... მისი განხილვის ფარგლები შეზღუდულია კონკრეტული სამართლებრივი საკითხებით“ (იხ. Kuparadze v. Georgia, no. 30743/09, paras. 41, 76, ECtHR, 21/09/2017) და „როდესაც სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, par. 175, ECtHR, 14/05/2020).

20. „საკასაციო ინსტანციის სასამართლოების მიერ დასაშვებობის კრიტერიუმის გამოყენება ემსახურება მართლმსაჯულების ჯეროვნად განხორციელების კანონიერ მიზანს (იხ. Tchaghiashvili v. Georgia, no. 19312/07, par. 34, ECtHR, 2/09/2014; Borisenko and Yerevanyan Bazalt Ltd v. Armenia, no. 18297/08, ECtHR,14/04/2009, Kuparadze v. Georgia, no.30743/09, par.76, ECtHR, 21/09/2017)).

21. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ლ. შ–ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის გამოყენების საკითხზე ნამსჯელია თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 26 მარტის განაჩენში.

22. მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა. შესაბამისად, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

23. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ლ. შ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის თ. დ–ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 26 მარტის განაჩენზე;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ.ვასაძე

ლ. თევზაძე