საქმე №200100120003422741
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №408აპ-25 ქ. თბილისი
ხ. რ., 408აპ-25 27 ოქტომბერი, 2025 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
მამუკა ვასაძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 6 მარტის განაჩენზე მსჯავრდებულების – რ. ხ–ისა და ა. ქ–ის – ინტერესების დამცველი ადვოკატების – ტ. კ–ისა და ა. გ–ის, ასევე – კახეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ვლადიმერ ბექიშვილის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით:
1.1. რ. ხ–ის, – პირადი ნომერი: ......, – მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
1.1.1. 2019 წლის 27 ნოემბერს, ა–ს რაიონის სოფელ ს–ს მიმდებარე ტერიტორიაზე, რ. ხ–სა და მის თანხლებ პირებს კონფლიქტი მოუხდათ რ. მ–სა და მასთან ერთად მყოფ პირებთან, რა დროსაც რ. ხ–ი განიმსჭვალა შურისძიების გრძნობით რ. მ–ის მიმართ და მის ხელთ არსებული ცეცხლსასროლი იარაღიდან, მოკვლის განზრახვით, ესროლა რ. მ–ს. რ. ხ–მა, მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, ვერ შეძლო განზრახული ქმედების ბოლომდე მიყვანა და რ. ხ–ის მიერ, ცეცხლსასროლი იარაღიდან ნასროლი ჭურვის შედეგად, რ. მ–მა სახის არეში მიიღო დაზიანება;
1.1.1.1. აღნიშნული ქმედებით რ. ხ–მა ჩაიდინა განზრახ მკვლელობის მცდელობა, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 19,108-ე მუხლით;
1.2. ა. ქ–ის, – პირადი ნომერი: ............., – მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
1.2.1. 2019 წლის 27 ნოემბერს, ა–ს რაიონის სოფელ ს– მიმდებარე ტერიტორიაზე, ა. ქ–სა და მის მეგობრებს მოუხდათ კონფლიქტი ვ. მ–სა და მის მეგობრებთან, ხსენებული კონფლიქტის დროს ვ. მ–ის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან ნასროლი ჭურვით სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღეს ა. ქ–ის მეგობრებმა – ა. დ–მა და მ. ქ–მა. აღნიშნული გარემოებით გაბრაზდა ა. ქ–ი, განიმსჭვალა შურისძიების გრძნობით ვ. მ–ის მიმართ და მის ხელთ არსებული ცეცხლსასროლი იარაღიდან, რომელსაც უკანონოდ ფლობდა და ატარებდა, ესროლა ვ. მ–ს მოკვლის განზრახვით. ვ. მ–ი, ა. ქ–ის მიერ მიყენებული ცეცხლნასროლი ჭრილობის შედეგად საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა;
1.2.1.1. აღნიშნული ქმედებით ა. ქ–მა ჩაიდინა – განზრახ მკვლელობა, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით;
1.2.2. 2019 წლის 27 ნოემბერს, ა–ს რაიონის სოფელ ს– მიმდებარე ტერიტორიაზე, ა. ქ–ი მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა ცეცხლსასროლ იარაღსა და საბრძოლო მასალას, კერძოდ, ,,ზიგზაუერის’’ ფირმის პისტოლეტს და მისთვის განკუთვნილ საბრძოლო მასალას. ა. ქ–მა აღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა ვ. მ–ის მიმართულებით, რის შემდეგაც ხსენებული ცეცხლსასროლი იარაღით მიიმალა შემთხვევის ადგილიდან, რა დროსაც ა. ქ–ი კვლავაც მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა ზემოხსენებულ ცეცხლსასროლ იარაღს;
1.2.2.1. აღნიშნული ქმედებით ა. ქ–მა ჩაიდინა – ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართსაწინააღმდეგო შენახვა, ასევე – ტარება, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით, ასევე – საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით;
1.2.3. 2019 წლის 27 ნოემბერს, დღის საათებში, ა–ს რაიონის სოფელ დ–ში მდებარე ბ. ფ–ის საცხოვრებელი სახლში, ა. ქ–ი მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა ბ. ფ–ის კუთვნილ ,,ზიგზაუერის’’ ფირმის პისტოლეტსა და მისთვის განკუთვნილ საბრძოლო მასალას;
1.2.3.1. აღნიშნული ქმედებით ა. ქ–მა ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართსაწინააღმდეგო დაუფლება მისაკუთრების მიზნით, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 237-ე მუხლის პირველი ნაწილით.
2. თელავის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 24 აგვისტოს განაჩენით:
2.1. რ. ხ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახით განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 9 წლით;
2.1.1. რ. ხ–ის სასჯელის ვადა აეთვალა ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან – 2019 წლის 1 დეკემბრიდან;
2.2. ა. ქ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
2.2.1. საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით – თავისუფლების აღკვეთა 11 წლით;
2.2.2. საქართველოს სსკ-ის 237-ე მუხლის პირველი ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 6 წლით;
2.2.3. საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 4 წლით;
2.2.4. საქართველოს სსკ-ის 236-მუხლის მე-4 ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 5 წლით;
2.2.5. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა, საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით განსაზღვრულმა სასჯელმა შთანთქა სხვა ნაკლებად მძიმე სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, განესაზღვრა –თავისუფლების აღკვეთა 11 წლით;
2.2.6. ა. ქ–ს სასჯელის ვადა აეთვალა ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან – 2019 წლის 1 დეკემბრიდან.
3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს დაცვისა და ბრალდების მხარეებმა, კერძოდ:
3.1. რ. ხ–ისა და ა. ქ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ი. ქ–მა მოითხოვა რ. ხ–ის უდანაშაულოდ ცნობა, ხოლო ა. ქ–ის - საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით მსჯავრდება და მსუბუქი სასჯელის განსაზღვრა;
3.2. კახეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა ვლადიმერ ბექიშვილმა მოითხოვა ა. ქ–ისა და რ. ხ–ის მიმართ განსაზღვრული სასჯელების გამკაცრება.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 6 მარტის განაჩენით თელავის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 24 აგვისტოს განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს დაცვისა და ბრალდების მხარეებმა, კერძოდ:
5.1. რ. ხ–ისა და ა. ქ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატები ტ. კ–ე და ა. გ–ი ითხოვენ: რ. ხ–ის უდანაშაულოდ ცნობას, ხოლო ა. ქ–ისთვის მსჯავრად შერაცხილი ქმედების საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლიდან საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილზე გადაკვალიფიცირებას.
5.2. კახეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორი – ვლადიმერ ბექიშვილი ითხოვს რ. ხ–ისა და ა. ქ–ისთვის დანიშნული სასჯელების გამკაცრებას.
6. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, par.30, ECtHR, 25/12/2001); და ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No.2) no. 12686/03, paras. 37, 41, ECtHR, 20/03/2009).
6.1. იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, par. 31, ECtHR,11/11/2011).
7. საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრეს დაცვის და ბრალდების მხარეებმა.
7.1. დაცვის მხარე ითხოვს რ. ხ–ის უდანაშაულოდ ცნობას, ხოლო ა. ქ–ისთვის მსჯავრადშერაცხილი ქმედების საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლიდან საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილზე გადაკვალიფიცირებას.
7.2. ბრალდების მხარე საკასაციო საჩივრით ითხოვს მსჯავრდებულებისთვის შეფარდებული სასჯელების გამკაცრებას.
8. ამდენად, დავის საგანს არ წარმოადგენს და მსჯავრდებულიც აღიარებს, რომ ა. ქ–მა ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა ვ. მ–ს, რომელიც მიყენებული ცეცხლნასროლი ჭრილობის შედეგად საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
8.1. ა. ქ–ის შემთხვევაში, დაცვის მხარისათვის სადავოა მსჯავრდებულის მიერ დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობის განზრახვა (კერძოდ, დაცვის მხარის მტკიცებით, ა. ქ–ს აღნიშნული ქმედების ჩადენისას არ ჰქონდა დაზარალებულის მოკვლის განზრახვა), ხოლო რ. ხ–ის შემთხვევაში, – ჩაიდინა თუ არა რ. ხ–მა რ. მ–ის განზრახ მკვლელობის მცდელობა, კერძოდ, ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა თუ არა რ. მ–ს.
8.2. ბრალდების მხარისათვის სადავოა მხოლოდ – მსჯავრდებულებისათვის განსაზღვრული სასჯელების კანონიერება.
9. სასამართლო სისხლის სამართლის საქმეს იხილავს, ბრალდებულის დამნაშავეობასა თუ უდანაშაულობაზე მსჯელობს და ქმედებას სამართლებრივად აფასებს სწორედ ბრალდების დადგენილებაში მითითებული ფორმულირების ფარგლებში, სადაც მკაფიოდ უნდა იყოს ჩამოყალიბებული ინკრიმინირებული ქმედების აღწერა (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 10 აგვისტოს №426აპ-23, 2025 წლის 5 ივნისის განაჩენი №1340აპ-24 განაჩენები). „სასამართლო საქმეს განიხილავს წარდგენილი ბრალდების ფარგლებში“. საქართველოს სსსკ-ის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პირის ბრალდება მხოლოდ პროკურორის უფლებამოსილებაა (იხ.: მაგალითად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 26 დეკემბრის №745აპ-24, 2023 წლის 10 აგვისტოს №426აპ-23, 2014 წლის 24 ივნისის №230აპ-13 განაჩენები).
10. თვითმხილველი მოწმეებისა და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მტკიცებას, რომ ა. ქ–ს არ ჰქონდა ვ. მ–ის სიცოცხლის მოსპობის განზრახვა და მან ვ. მ–ს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მიზნით ესროლა ცეცხლსასროლი იარაღიდან ზემოდან ქვემოთ, ფეხთან ახლოს.
10.1. ქმედების განზრახ მკვლელობად დაკვალიფიცირებისათვის აუცილებელია, დადგინდეს სუბიექტის განზრახვა, მისი მიზანმიმართული ქმედება დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობისაკენ; ფაქტობრივად განხორციელებულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირი, – რომელთა გარეშეც ქმედების განზრახ მკვლელობად დაკვალიფიცირება სამართლებრივ საფუძველს მოკლებული იქნება. განზრახვის დასადგენად კი, შესწავლილ უნდა იქნეს მათ შორის: დანაშაულის ჩადენის ხერხი და საშუალება, დაზიანებათა რაოდენობა, ხასიათი, ლოკალიზაცია, მიყენების ვითარება, დამნაშავისა და მსხვერპლის ურთიერთდამოკიდებულება საერთოდ და დაზიანების მიყენების მომენტში და სხვა (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 14 აპრილის N146აპ-22 განჩინება). იმავდროულად, სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლი სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ადგენს არა მხოლოდ პირდაპირი, არამედ არაპირდაპირი განზრახვით ჩადენილი მკვლელობისთვის.
10.2. მოწმეების, მათ შორის, ლ. ო–ს (განმარტა, რომ რ. ხ–მა იმ ადგილისკენ, სადაც იდგა ვ. მ–ი, რამდენჯერმე გაისროლა. სროლისთანავე ზ. პ–თან ერთად გაიქცა და რ. ხ–ს ხელი სტაცეს იარაღზე, რათა აღარ გაესროლა. ჭიდილში დააგდებინეს იარაღი, რა დროსაც ა. ქ–მა აიღო იარაღი და ალბათ 2-3-ჯერ პირდაპირ ესროლა ვ. მ–ს. სროლისთანავე დაინახეს, რომ ვ–ი უგონოდ დაეცა. გასროლა მოხდა დროის ძალიან მცირე პერიოდში, თითქმის წამებში. ა. ქ–ის მიერ ვ. მ–ის მისამართით გასროლებისას, ვ. მ–ი არაფერს ისროდა, ამ მომენტში სხვას არავის უსვრია), ლ. გ–ს (ქ–ების ჯგუფიდან გამოიქცა ორი პირი – რ. ხ–ი და ა. ქ–ი. ამ დროს ლ. გ–ს ვ. მ–ი და რ. მ–ი ეჭირა ხელით. რ. ხ–მა დამიზნებით ესროლა ვ. მ–ს, რა დროსაც მისმა თანამშრომლებმა შეძლეს მისთვის ხელის შეშლა – იარაღი დააგდებინეს. რ. ხ–ი დაეხმარა ა. ქ–ს, აიღო ძირს დაგდებული პისტოლეტი და 2-ჯერ ესროლა ვ. მ–ს. ვ. მ–ი ჩაიკეცა. მას დაზიანება ჰქონდა/სისხლი სდიოდა მენჯის არედან), ზ. პ–ის (მ-ს მხრიდან ორი პირი – ვისურ და რ. მ–ები გამოეყვნენ და ქისტურ ენაზე ქ–ების მხარეს ხმამაღლა ეძახდნენ რაღაცას. ქ–ების მხრიდან ჯგუფს გამოეყო ასევე ორი პირი – ა. ქ–ი და რ. ხ–ი, რომელთა ხელში იმ მომენტისთვის იარაღი არ შეუმჩნევია, თუმცა, როდესაც ისინი მოუახლოვდნენ, დაახლოებით 5-6 მეტრში, რ. ხ–მა ვ. მ–ის მიმართულებით გაისროლა, რა დროსაც, როგორც დაინახა, არავინ დაზიანებულა და არც ხმა გაუგია. ამ დროს ის და ლ. ო–ი განიარაღების მიზნით მისცვივდნენ რ. ხ–ს, ხელჩართულ ჭიდილში მსჯავრდებულს ხელიდან გაუვარდა (ძირს დავარდა) იარაღი – პისტოლეტი, რომელიც იქვე მყოფმა ა. ქ–მა სწრაფად აიღო და დაახლოებით 5 მეტრამდე მანძილიდან დამიზნებით ესროლა ვ. მ–ს. ა. ქ–მა აღნიშნული პისტოლეტი წაიღო თან, ხოლო მჭიდი შემთხვევის ადგილზე დარჩა. მოწმემ განმარტა, რომ როგორც კი ა-მ აიღოპოლიციის თანამშრომლები მაშინვე შეეშვნენ რ. ხ–ს და განიარაღების მიზნით წავიდნენ ა. ქ–ისკენ. ამ დროს ქ–ების მხრიდან მიუახლოვდნენ ბიჭები და ხელიდან გასტაცეს – წაიყვანეს – ა. ქ–ი. იმავდროულად, გაიგო ხმა: „-დაჭრილია, დაჭრილია“. შესაბამისად, პოლიციელები გაიქცნენ დაჭრილის მისახმარებლად) ჩვენებებით, ასევე სამედიცნო ექსპერტიზის 2020 წლის 14 აპრილის N......... დასკვნით (ვ. მ–ის გვამს აღენიშნებოდა შემდეგი სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები: ცეცხლნასროლი ჭრილობა მარცხენა თეძოს ძვლის არეში. თეძოს ძვლის, მარცხენა თეძოს საერთო არტერიის, სიგნოიდური და თეძოს ნაწლავების დაზიანებით. აღნიშნული დაზიანებები განვითარებულია ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ჭურვის შედეგად და მიეკუთვნება დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისთვის სახიფათო, რაც უშუალო მიზეზობრივ კავშირში იყო დამდგარ შედეგთან; ცეცხლნასროლი ჭრილობა კეფის არეში, თავის რბილი საფარის დაზიანებით. განვითარებულია ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ჭურვის შედეგად, და რეალური დაზიანება მიეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს. ვ. მ–ის სიკვდილის უშუალო მიზეზია მწვავე, ზოგადი სისხლნაკლოვანება, განვითარებული ცეცხლნასროლი ჭრილობით მარცხენა თეძოსძვლის არეში, რასაც მოჰყვა მარცხენა თეძოს საერთო არტერიის დაზიანება. ცეცხლნასროლი ჭრილობა მარცხენა თეძოს ძვლის არეში /შესავალი ხვრელი/ აზიანებს თეძოს ძვალს, მარცხენა თეძოს საერთო არტერიას, სიგმოიდურ და თეძოს ნაწლავებს. ჭრილობის არხის მიმართულებაა მარცხნიდან მარჯვნივ, ზევიდან ქვევით, ოდნავ წინიდან უკან. ცეცხლნასროლი ჭრილობა კეფის არეში მარცხნივ, აზიანებს თავის რბილ საფარს, ჭრილობის არხის სიმცირის გამო, მისი ტრაექტორიის დადგენა შეუძლებელია), ექსპერტ თ. ზ–ს ჩვენებით (ვ. მ–ის გვამს აღენიშნებოდა სიცოცხლის დროინდელი დაზიანებები, მათ შორის, ცეცხლნასროლი ჭრილობა მარცხენა თეძოს ძვლის არეში, რომელსაც მოჰყვა მარცხენა თეძოს საერთო არტერიის დაზიანება, დაზიანებული იყო სიგნოიდური და თეძოს ნაწლავები. აღნიშნული დაზიანებები განვითარებული იყო ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ჭურვის შედეგად და მიეკუთვნებოდა დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისთვის სახიფათო, რაც უშუალო მიზეზობრივ კავშირში იყო დამდგარ შედეგთან) და საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ ა. ქ–ს სურდა ვ. მ–ის განზრახ მკვლელობა და არა მისი ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება, შესაბამისად, მან ჩაიდინა მსჯავრადშერაცხილი – საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული – დანაშაული.
10.3. იმ პირობებში, როდესაც რ. ხ–მა მ-ს მიმართულებით, იმ ადგილისკენ, სადაც იდგა ვ. მ–ი, რამდენჯერმე გაისროლა, სამართალდამცავებმა მსროლელს დააგდებინეს იარაღი, რომელიც ა. ქ–მა აიღო და ერთზე მეტჯერ ესროლა ვ. მ–ს, რომელიც იმავდროულად, უგონოდ დაეცა, ასევე, მოწმეთა ჩვენების თანახმად, „ქ–ების მხარის ბიჭებმა“ ა. ქ–ი პოლიციას სროლისთანავე ხელიდან გასტაცეს (წაიყვანეს), სასამართლო ვერ გაზიარებს დაცვის მხარის მტკიცებას, სიცოცხლის მოსპობის განზრახვის არარსებობისა და იმის შესახებ, თითქოს ასეთი განზრახვის არსებობის შემთხვევაში ა. ქ–ს კიდევ ჰქონდა განგრძობადი გასროლების შესაძლებლობა – ,,თავისუფლად შეეძლო მიეყენებინა ერთზე მეტი დაზიანება … გულის, თავის ან/და მუხლის მიმართულებით” – და ეს მხოლოდ იმიტომ არ მოხდა, რომ მას არ სურდა ვ. მ–ის სიცოცხლის მოსპობა და მისი განზრახვა მხოლოდ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება იყო. სასამართლო ითვალისწინებს, როცა ექსპერტ თ. ზ–ს ჩვენებას, რომ სახიფათო დაზიანებები ის ადგილებია, სადაც მეტი სისხლძარღვია ან/და სადაც მეტი სასიცოცხლო ცენტრებია. ცეცხლნასროლი ჭრილობა, ამ შემთხვევაში, მოხვედრილია თეძოს ძვლის არეში და გავლილია მუცლის ღრუში, რაც ასევე სიცოცხლისათვის სახიფათოა. ამ შემთხვევაში გამოსავალი ხვრელი არ იყო, ტყვია საიდანაც ამოიღეს ის ჭრილობა, იყო ბრმა, აქედან გამომდინარე, სხეული ჰორიზონტალურ სიბრტყეში რომ აიღონ შესავალი ხვრელი უფრო მაღლა იდგა ვიდრე – ტყვია, რომელიც ამოიღეს სხეულის რბილი ქსოვილებიდან. ასევე, უსაფუძვლობის გამო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მტკიცებას, რომ ა. ქ–მა განზრახ ესროლა ფეხში (რაც, ექსპერტის დასკვნის თანახმად, თეძოს ძვლის არედ განისაზღვრა და აღინიშნა, რომ: ცეცხლნასროლი ჭრილობა, ამ შემთხვევაში მოხვედრილია თეძოს ძვლის არეში და შემდეგ მუცლის ღრუშია გავლილი) და მას არათუ მკვლელობის განზრახვა არ ჰქონია, არცკი უშვებდა ამ (კასატორის მტკიცებით, მსჯავრდებული ვერ გათვლიდა და ვერ დაუმიზნებდა დაზარალებულს არტერიაში – ეს იყო უბრალო უიღბლობა) ცეცხლნასროლი ჭრილობის შედეგად ასეთი შედეგის დადგომას.
11. სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მტკიცებას, რომ რ. ხ–ს არ უსვრია რ. მ–ის მისამართით და შესაბამისად, მას არ ჩაუდენია მსჯავრადშერაცხილი – საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით გათვალისწინებული – დანაშაული.
12. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ თვითმხილველი მოწმეების დ. რ–ის (ქ–ების მხრიდან კვლავ განახლდა სროლა, კერძოდ დაინახა, რომ რ. ხ–მა, სავარაუდოდ, გლუვლულიანი იარაღიდან, დამიზნებით ისროლა მ-ს მიმართულებით. სროლისთანავე რ. მ–მა ხელი წაივლო ნიკაპზე და დაინახა, რომ მას წამოუვიდა სისხლი (14:14:10)), მ. ბ–ს (მ–ების მხარე ეფარებოდა ბეტონის ღობეს, საიდანაც ერთერთმა ახალგაზრდამ ქისტურად დაიწყო ლანძღვა-გინება. მას ქ–ების მხრიდან რ. ხ–მა უპასუხა გინებითა და იარაღის სროლით. რამოდენიმეჯერ გაისროლა იმ პირის მისამართით; მან დაინახა, რომ რ. ხ–მა რ. მ–ს დამიზნებით ესროლა), დ. ზ–ის (მას შემდეგ, რაც ღობის უკანა მხრიდან გამოსულმა პირებმა – რ. მ–მა და ვ. მ–მა დაიწყეს გინება, ისევ დაიძაბა სიტუაცია. ამ დროს დაინახა, რომ რ. ხ–მა ცეცხლსასროლი იარაღიდან, სავარაუდოდ, გლუვლულიანი იარაღიდან, ესროლა რ. მ–ს. დაინახა, რომ რ. მ–ი დაიჭრა ყბაში და წამოუვიდა სისხლი. მიუხედავად ამისა, მას გინება არ შეუწყვეტია და აგრძელებდა ჩხუბს საპირისპირო მხარის მიმართულებით. მოწმემ დაადასტურა, რომ მან დაინახა, როგორ მიმართა რ. ხ–მა რ. მ–ისკენ იარაღი, როგორ გაისროლა და ამ გასროლის შედეგად როგორ დაიჭრა რ. მ–ი. იქ სხვა არავინ მდგარა და გაისროლა მხოლოდ რ. მ–ის მიმართულებით (15:57:25; 16:09:41)), ზვიად თურქიაშვილის (დაინახა, რომ რ. ხ–მა რ–ს მას შემდეგ ესროლა, რაც რ–ი ყვიროდა რაღაცას. სროლის შემდეგ რ–მა სახიდან ხელი რომ მოიშორა, დაინახა, რომ ხელი ჰქონდა სისხლიანი. იფიქრა, რომ რ–ს ტყვიამ გაუარა ყელში) ჩვენებების თანახმად, ისინი მივიდნენ თუ არა შემთხვევის ადგილზე, ჩადგნენ დაპირირსპირებულ მხარეთა შუაში და ითხოვდნენ სროლის შეწყვეტას. რაღაც დროს სროლა მართლაც შეწყდა. სამალავიდან გამოვიდა რ. მ–ი, რომელიც ხმამაღლა მიმართავდა მოწინააღმდეგე მხარეს, სავარაუდოდ, ლანძღავდა/აგინებდა, რა დროსაც ქ–ების მხრიდან რ. ხ–მა თოფიდან ესროლა რ. მ–ს. პოლიციელებმა დაინახეს, რომ რ. მ–ს ნიკაპიდან წამოუვიდა სისხლი.
12.1. სამედიცინო ექსპერტიზის 2019 წლის 19 დეკემბრის დასკვნის თანახმად, რ. მ–ი 2019 წლის 27 ნოემბერს მიღებული ტრავმის გამო მკურნალობას იტარებდა კლინიკაში 2019 წლის 27 ნოემბრიდან 2019 წლის 27 ნოემბრამდე. აღენიშნებოდა დაჟეჟილი ხასიათის ჭრილობები ნიკაპისა და მარჯვენა ქვედა ყბის მიდამოში. აღნიშნული დაზიანებები მიყენებულია რაიმე მკვრივ-ბლაგვი საგნის მოქმედებით და თითოეული ცალ-ცალკე მიეკუთვნება მსუბუქ ხასიათს ჯანმრთელობის მოუშლელად. სამედიცინო ბარათში არსებული ჩანაწერების მიხედვით, ხანდაზმულობის დადგენა შეუძლებელია (ტ. N5; ს.ფ. 248-251.
13. სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მტკიცებას, რომ თვითმხილველი პოლიციელების ჩვენებს შორის არის არსებითი წინააღმდეგობა. დაცვის მხარე საკუთარი პოზიციის დასადასტურებლად, მათ შორის, უთითებს მოწმე ზ. პ–ის ჩვენებაზე, რომელმაც პროკურორის შეკითხვაზე (თუ დაინახეთ ვინ მიაყენა რ. მ–ს დაზიანება და რა დროს მიიღო?), განმარტა, რომ მას არ დაუნახავს რ. მ–ის დაჭრა. იმავდროულად, აღნიშნა, რომ სროლები მისი და მისი მეწყვილეების – დ. ზ–ისა და დ. რ–ის მისვლამდეც იყო. დაცვის მხარის მტკიცებით მოწმის მითითებული ჩვენება ადასტურებს, რომ ზ. პ–ის და შესაბამისად, მისი მეწყვილეების – დ. ზ–ისა და დ. რ–ის შემთხვევის ადგილზე მისვლისას რ. მ–ი უკვე დაჭრილი იყო და დ. ზ–ისა და დ. რ–ის ჩვენებები, რომ მათ დაინახეს დაზარალებულის დაჭრის ფაქტი, სიცრუეა.
13.1. აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მოწმე ზ. პ–ის ჩვენებაზე, რომელმაც რ. მ–ის დაჭრასთან დაკავშირებით, მართალია განმარტა, რომ მის და მისი მეწყვილეების მისვლამდეც იყო სროლა და უშუალოდ მას არ დაუნახავს, ვინ მიაყენა რ. მ–ს დაზიანება, თუმცა, იმავდროულად, განმარტა, რომ რ. მ–მა ნიკაპზე რა დროს მიიღო ან ვინ მიაყენა დაზიანება არ იცის, ისევე, როგორც არ იცის/არ დაუნახავს ქ–ის მხრიდან ვინ და რამდენი პირი იყო დაჭრილი. მოწმის განმარტებით არსებული უმართავი სიტუაციიდან გამომდინარე, ა. ქ–ის და რ. ხ–ის გარდა, სხვა ვერავის იდენტიფიცირება შეძლო (16:20:50).
13.1.1. ამდენად, იმ პირობებში, როდესაც მოწმე ზ. პ–ი ადასტურებს, რომ შემთხვევის ადგილზე მისი და მისი მეწყვილეების ყოფნისას ასევე იყო სროლა (მათ შორის, ადასტურებს, რომ რ. ხ–მა ვ. მ–ის მიმართულებით ისროლა პისტოლეტიდან), მხოლოდ მისი განმარტებები, რომ შემთხვევის ადგილზე მისი და მისი მეწყვილეების მისვლამდეც იყო სროლა (თუმცა, არ იცის, რა დროს მიიღო ან ვინ მიაყენა დაზიანება დაზარალებულს), არ გამორიცხავს სადავო სროლის მისი და მისი მეწყვილეების მისვლის შემდეგ განხორციელებას და არ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ მსჯავრდებულის მხრიდან არ განხორციელდა ის სადავო გასროლა, რომელსაც ადასტურებენ ის სხვა მოწმეები, რომლებიც, მათ შორის, ზ. პ–თან ერთად მივიდნენ შემთხვევის ადგილზე. მით უფრო, იმის გათვალისწინებით, რომ მოცემულ სიტუაციაში – იყო ორმხრივი სროლა და ადგილზე შექმნილი არეულობის გამო პოლიციელებმა ვერცერთი დამნაშავის დაკავება ვერ შეძლეს – ბუნებრივია, რომ სამართალდამცველთა ყურადღება გადანაწილებული იყო სხვადასხვა პირზე (დაზარალებულებსა და სავარაუდო დამნაშავეებზე) და, შესაბამისად, თითოეული კონკრეტული ფაქტობრივი გარემოება შეიძლება ვერ მოხვედრილიყო ყველა პოლიციელის ვიზუალურ აღქმაში.
13.2. მოწმეთა ჩვენებების გათვალისწინებით, სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მტკიცებას მსჯავრდებულის უდანაშაულოდ ცნობის თაობაზე, იმაზე მითითებით, რომ რ. მ–ის მიმართ გაცემულ სამედიცინო დოკუმენტაციასა თუ ექსპერტის დასკვნაში არ არის მითითება ცეცხლნასროლი დაზიანებისათვის დამახასიათებელ კვალზე (შეტრუსვა, დამწვრობა) და ითვალისწინებს, რომ აღნიშნული დასკვნის გამცემმა ექსპერტმა გ. კ–მა არ გამორიცხა, რომ დაზარალებულისათვის მიყენებული დაზიანება შესაძლოა, გამოწვეული იყო ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ჭურვით, კერძოდ, განმარტა, რომ სადავო დაზიანება შესაძლებელია გამოიწვიოს უსასრულო მანძილიდან ნასროლმა ჭურვმა, რომელიც ეხება სხეულს, აზიანებს მას და არ რჩება დაზიანების ადგილზე, ასეთ შემთხვევაში, ჭურვი ბლაგვი საგანია.
13.3. თვითმხილველი მოწმე პოლიციელების ჩვენებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს: მიუხედავად იმისა, რომ „პოლიციელთა ჩვენებები, ზოგადად, სანდო მტკიცებულებებია და არ არსებობს რაიმე a priori საფუძველი, რომ ამ უკანასკნელთა ჩვენებებს იმაზე ნაკლები მნიშვნელობა მიენიჭოს, ვიდრე, მაგალითად, სხვა პირებისას, თუმცა, კიდევ ერთხელ, ხაზგასასმელია, რომ აღნიშნული არ გულისხმობს, რომ პოლიციელთა მიერ მიწოდებული ინფორმაცია ადეკვატური შემოწმების გარეშე იმთავითვე სარწმუნოდ უნდა ჩაითვალოს. მტკიცებულების სანდოობის შეფასება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, გარემოებების სრული და ყოველმხრივი შესწავლის შედეგად, სისხლის სამართლის საქმის განმხილველი სასამართლოს ფუნქციაა” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის N2/2/1276 გადაწყვეტილება „გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-102). მოცემულ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია, რომ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად არ გამოკვეთილა რაიმე გარემოება, რაც აღნიშნული მოწმეების სანდოობასა და სარწმუნოეობაში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდებოდა და გამოკვეთდა მათი მხრიდან მსჯავრდებულის სამართლებრივი მდგომარეობის ცრუდ დასმენის/მხილების ან/და ისეთი სახის დაინტერესებას, რაც საეჭვოს გახდიდა მათი ჩვენებების სანდოობას; დაცვის მხარეს ჰქონდა სადავო მოწმეების დაკითხვის შესაძლებლობაც.
14. მსჯავრდებულების მიმართ მკაცრი სასჯელის შეფარდების შესახებ კასატორი ბრალდების მხარის მოთხოვნასთან დაკავშირებით სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. „აუცილებელია, სასჯელი ადეკვატურად შეესატყვისებოდეს საზოგადოებრივი საშიშროების შემცველი ქმედების სიმძიმეს. იმ პირობებში, როდესაც სასჯელის სიმკაცრე აშკარად აჭარბებს ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხს, ეჭვქვეშ დგება დაწესებული სასჯელისა და მისი ლეგიტიმური მიზნების პროპორციული დამოკიდებულება. აშკარად მკაცრი და არაგონივრული სასჯელი ზედმეტად შორდება სასჯელის ლეგიტიმურ მიზნებს, ხდება თვითმიზანი და ადამიანის ობიექტივიზაციის საფუძველი“(საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს №1/6/770 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-13).
14.1. საქართველოს სსკ-ის, მათ შორის, 108-ე/19,108-ე მუხლი, დანაშაულის ჩადენის დროისათვის, სასჯელის სახით ითვალისწინებდა: თავისუფლების აღკვეთას შვიდიდან თხუთმეტ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
14.2. სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები, დანაშაულის ხასიათი (ორგანიზებული შეიარაღებული კონფლიქტი), წარმოდგენილი მტკიცებულებები და მსჯავრდებულების ინდივიდუალური მახასიათებლები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა, რის შედეგადაც, განსაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა (რ. ხ–ს – თავისუფლების აღკვეთა 9 წლით, ხოლო ა. ქ–ს საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე – თავისუფლების აღკვეთა 11 წლით), რომლებიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს, სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია).
14.3. ამასთან, მხარეებს სასამართლოსათვის არ წარუდგენია რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა სასჯელის უსამართლობას, პრევენციის ან რესოციალიზაციის მიზნებთან შეუსაბამობას, რის საფუძველზეც, შესაძლებელი იქნებოდა მსჯავრდებულებისათვის სასჯელის შემსუბუქება ან გამკაცრება.
15. „ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს შიდასახელმწიფოებრივ სასამართლოებს საკმარისი სიზუსტით აჩვენონ თავიანთი გადაწყვეტილებების მიზეზები (იხ. Taxquet v. Belgium [GC],no. 926/05, par. 91, ECtHR,16/11/2010, Nikolay Genov v. Bulgaria, no.7202/09, par. 27, ECtHR,13/07/2017). გადაწყვეტილების მიზეზების წარმოდგენის ვალდებულების მოცულობა განსხვავდება გადაწყვეტილების ბუნების მიხედვით და უნდა განისაზღვროს საქმის გარემოებებიდან გამომდინარე“ ( Rostomashvili v. Georgia, no.13185/07, par. 55, ECtHR, 8/11/2018; იხ. Ruiz Torija v. Spain, no. 18390/91, par. 29, ECtHR, 9/12/1994; Moreira Ferreira v. Portugal (no. 2) [GC], no.19867/12, par. 84, ECtHR,11/07/2017).
16. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო დაუშვებლად ცნობს საქმეს სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები (იხ. Jaczkó v. Hungary, no. 40109/03, par. 29, ECtHR 18/07/2006; Kuparadze v. Georgia, no. 30743/09, par. 76, ECtHR, 21/09/2017).
17. მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, რის გამოც, საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
18. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 6 მარტის განაჩენზე მსჯავრდებულების – რ. ხ–ისა და ა. ქ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატების – ტ. კ–ისა და ა. გ–ის, ასევე – კახეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ – ვლადიმერ ბექიშვილის საკასაციო საჩივრები დაუშვებლად იქნეს ცნობილი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. ვასაძე
ლ. თევზაძე