საქმე # 330802225011860071
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
№111I-25 ქ. თბილისი
ა-ი ო. ფ, 111I-25 31 ოქტომბერი, 2025 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ო. ფ. ა-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ყ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2025 წლის 16 ოქტომბრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ო. ფ. ა-ის მიმართ საქართველოში მიმდინარე საექსტრადიციო პროცედურები:
1.1. 2021 წლის 11 მარტს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში შევიდა თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების შუამდგომლობა ო. ფ. ა-ის ექსტრადიციის თაობაზე.
1.2. 2025 წლის 23 მარტს ო. ფ. ა-ი ექსტრადიციის მიზნით დააკავეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა.
1.3. 2025 წლის 26 მარტს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის განჩინებით ო. ფ. ა-ს შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა 3 თვის ვადით.
1.4. 2025 წლის 12 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით ო. ფ. ა-ის შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობის ვადა გაგრძელდა 3 თვით, სულ 6 თვემდე, 2025 წლის 23 სექტემბრამდე.
1.5. 2025 წლის 20 ივნისს შემოვიდა თ-ის რესპუბლიკიდან დამატებითი
საექსტრადიციო მასალა.
1.6. 2025 წლის 19 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით ო. ფ. ა-ის შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობის ვადა გაგრძელდა 3 თვით, სულ 9 თვემდე, 2025 წლის 23 დეკემბრამდე.
1.7. ამჟამად ო. ფ. ა-ი მოთავსებულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის N8 პენიტენციურ დაწესებულებაში.
2. თურქეთის რესპუბლიკაში ო. ფ. ა-ის მიმართ სისხლისსამართლებრივი პროცედურები:
2.1. 2016 წლის 28 მარტს (კანონიერ ძალაში შევიდა 2020 წლის 22 იანვარს) თურქეთის რესპუბლიკის სტამბოლის სისხლის სამართლის მძიმე დანაშაულთა №14 სასამართლოს განაჩენით ო. ფ. ა-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის №5237 სისხლის სამართლის კოდექსის 149/1 ა, ბ, გ, დ, ე მუხლებითა და 35/1-2, 62, 63, 53 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის 6 ეპიზოდის ჩადენისათვის (იარაღის გამოყენებით, ფიზიკური დაზიანების მიყენებით; გზაზე დახვედრით ან საცხოვრებელ მისამართზე, სამუშაო ადგილზე ან/და მსგავს ადგილებზე, ერთზე მეტი პირის მიერ ძარცვა). აღნიშნული დანაშაულის ერთი ეპიზოდის ჩადენისთვის მიესაჯა 8 წლით, 1 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 5 ეპიზოდის ჩადენისთვის თითოეულისთვის მიესაჯა 6 წლით, 11 თვითა და 10 დღით თავისუფლების აღკვეთა.
2.2. ამავე განაჩენით ო. ფ. ა-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის №5237 სისხლის სამართლის კოდექსის 109/2, 35/1-2, 109/3-ა, ბ; 62, 63 და 53-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (ძალის, მუქარის ან თაღლითური ქმედების გამოყენებით, პირის თავისუფლების უკანონო შეზღუდვა) და მიესაჯა 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა.
2.3. ამავე განაჩენით ო. ფ. ა-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის №5237 სისხლის სამართლის კოდექსის 220/2, 220/3, 62, 53, 63-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (დანაშაულის ჩადენის მიზნით შექმნილი დაჯგუფების წევრობა) და მიესაჯა 2 წლითა და 1 თვით თავისუფლების აღკვეთა.
2.4. 2020 წლის 27 ოქტომბერს თურქეთის რესპუბლიკის სტამბოლის სტამბულის მთავარმა პროკურატურამ გასცა ო. ფ. ა-ის დაკავების ბრძანება და გამოცხადდა ძებნა.
2.5. 2022 წლის 16 თებერვლიდან ო. ფ. ა-ი იძებნება ინტერპოლის წითელი ცირკულარით.
3. ფაქტები:
· 2013 წლის შემოდგომაზე, ს-ში, სამართალდამცავ ორგანოებს სერიოზული გამოწვევა შეუქმნა ორგანიზებულად მოქმედმა კრიმინალურმა ჯგუფმა, რომლის წევრებიც იდენტიფიცირდნენ როგორც ჰ. ქ-აში, ქ. ს-მი, ო. ფ. ა-რი, მ. ა. ი-ჩი, მ. ე-მი, ე. ბ-თი, ფ. ე-ი და სხვები. მათ შორის ზუსტად გადანაწილდა და განისაზღვრა მოვალეობანი, იყენებდნენ ერთსა და იმავე სატრანსპორტო საშუალებებს, კომუნიკაციის სისტემებს - გადამცემებს, ტელეფონებს და ჯგუფის მოქმედებები იყო წინასწარ დაგეგმილი, შეთანხმებული სტრატეგიით.
· 2013 წლის 15 სექტემბერს, ო. ფ. ა-რი და მისი დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრები ს-ში, ს-ს უბანში მდებარე სამუშაო დაწესებულება „Birlik Market-ში” შეიჭრნენ ნიღბებითა და იარაღით. ისინი ფიზიკურად გაუსწორდნენ თანამშრომლებს - ე. ქ-ს, ი. ქ-სა და მ. ა-ს, დაადეს ხელბორკილები, სალაროდან აიღეს 5900 თურქული ლირა, დაზარალებულებს წაართვეს და წაიღეს მობილური ტელეფონები, კომპიუტერის ქეისი.
· 2013 წლის 19 სექტემბერს ო. ფ. ა-რი და მისი დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრები ს-ში, მ-ის გამზირზე, ავტოსადგომზე, თავს დაესხნენ ი. შ-ს, როდესაც იგი იმყოფებოდა ავტომობილში. თავდამსხმელებმა დაზარალებულს თავი მოაჩვენეს პოლიციელებად, ერთ ხელზე დაადეს ხელბორკილი, ფიზიკურად გაუსწორდნენ და წაართვეს ძვირფასი კრიალოსანი, რომლის ღირებულება, დაახლოებით, 3000-დან 5000-მდე თურქული ლირა იყო.
· 2013 წლის 9 ოქტომბერს ო. ფ. ა-ი და მისი დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრები ს-ში, ე-ს ქუჩაზე მდებარე მარკეტ “Kiler-ში” შეიჭრნენ ნიღბებითა და იარაღით. იარაღის მუქარით მათ მოითხოვეს ფული მარკეტის დირექტორის - ე. ი-ან, სთხოვდნენ სალაროს გაღებას, თუმცა, საბოლოოდ, ვერაფერი წაართვეს და შემთხვევის ადგილი დატოვეს.
· 2013 წლის 21 ოქტომბერს ო. ფ. ა-ი და მისი დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრები სტამბოლში, ალიბეის გამზირზე მდებარე ,,BIM” მარკეტში შეიჭრნენ ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით. მათ ხელბორკილები დაადეს დაზარალებულებს მ. ა-ს, გ. ა-სა და შ. ქ-უს, იარაღის მუქარით დააჩოქეს და დაეუფლნენ, დაახლოებით, 7000-დან 8000-მდე თურქულ ლირას.
· 2013 წლის 11 ნოემბერს ო. ფ. ა-რი და მისი დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრები 107.000 თურქული ლირის დაუფლების მიზნით თავს დაესხნენ ს-ში, შ-ის რაიონში, ა. ქ-ის გამზირზე მდებარე საცხოვრებელ ბინაში მყოფ მ. ე-ნს და ე. ს-ნს. შეჭრის მცდელობისას ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს ბინის მაცხოვრებელი მ. ს-ნი. დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა. დაზარალდა ასევე მისი ოჯახის წევრი - ე. ს-ნი.
· 2013 წლის 12 ნოემბერს ო. ფ. ა-რი და მისი დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრები, ფულადი თანხის დაუფლების მიზნით, მივიდნენ ს-ში, ბ-ის რაიონში მდებარე ,,BİM-ის“ მარკეტში. ისინი იყვნენ პოლიციელად შენიღბულები. მათ მოითხოვეს სამეთვალყურეო კამერის ჩანაწერების ნახვა, შემდეგ კი იარაღის მუქარით უ. უ-სა და ჰ. ქ-ას დაადეს ხელბორკილები და დაეუფლნენ 10000 თურქულ ლირას.
4. 2025 წლის 12 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა ქეთევან ვაშაკიძემ და მოითხოვა, დასაშვებად იქნეს ცნობილი ო. ფ. ა-ის თ-ის რესპუბლიკაში ექსტრადიცია.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2025 წლის 16 ოქტომბრის განჩინებით დაკმაყოფილდა საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორის - ქეთევან ვაშაკიძის შუამდგომლობა; დასაშვებად იქნა ცნობილი ო. ფ. ა-ის ექსტრადიცია თურქეთის რესპუბლიკაში, რათა მან მოიხადოს 2016 წლის 28 მარტს (კანონიერ ძალაში შევიდა 2020 წლის 22 იანვარს) თურქეთის რესპუბლიკის სტამბოლის სისხლის სამართლის მძიმე დანაშაულთა №14 სასამართლოს განაჩენით მისჯილი სასჯელები.
6. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ო. ფ. ა-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი მ. ყ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2025 წლის 16 ოქტომბრის განჩინების გაუქმებასა და ექსტრადიციის შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღებას.
7. ადვოკატის საკასაციო საჩივარზე 2025 წლის 30 ოქტომბერს, საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა ქეთევან ვაშაკიძემ წარმოადგინა გენერალური პროკურატურის პოზიცია და მოითხოვა ო. ფ. ა-ის მიმართ გამოტანილი თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2025 წლის 16 ოქტომბრის განჩინების უცვლელად დატოვება.
7.1. პოზიციაში აღნიშნულია, რომ დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია მტკიცებულებები, რომლებიც დაასაბუთებდა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ო. ფ. ა-ის თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დაუშვებლობის საფუძვლებს; მისი დევნის მანიშნებელი არანაირი ინფორმაცია არ იძებნება ინტერნეტის ღია წყაროებში; გათვალისწინებულია თურქეთის რესპუბლიკის მიერ წარმოდგენილი გარანტია, რომ, ექსტრადიციის შემთხვევაში, ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირი ისარგებლებს თურქეთის რესპუბლიკის კანონმდებლობითა და იმ საერთაშორისო კონვენციებით განსაზღვრული ყველა უფლებით, რომელთა ხელმომწერიცაა თურქეთის რესპუბლიკა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. სასამართლო სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას და მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ: დაცულია ორმაგი დანაშაულებრიობის, პარალელური წარმოების აკრძალვისა და ორმაგი დასჯის აკრძალვის პრინციპები, ხანდაზმულობის ვადა, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.
3. თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ო. ფ. ა-რი საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებმა დააკავეს 2025 წლის 23 მარტს. წარმოდგენილი საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ როგორც დაკავებისას, ისე - საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის პერიოდში მის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებები არ დარღვეულა.
4. ,,სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მე-3 თავი დეტალურად განსაზღვრავს პირის მიმართ ექსტრადიციის დასაშვებობის საფუძვლებს; საკასაციო სასამართლო თითოეულ მათგანს მიმოიხილავს ცალ-ცალკე და შეაფასებს, არსებობს თუ არა ო. ფ. ა-ს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შესახებ განჩინების შეცვლის რაიმე სახის საფუძველი.
5. ექსტრადიციას დაქვემდებარებული დანაშაული:
5.1. „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად, იმისათვის, რათა დანაშაული ექვემდებარებოდეს ექსტრადიციას, მნიშვნელოვანია ორი კომპონენტის დაკმაყოფილება:
1) მოცემული დანაშაული, როგორც საქართველოს, ისე შესაბამისი უცხო ქვეყნის კანონმდებლობით იყოს დასჯადი, 2) ამ დანაშაულის ჩადენა, სულ მცირე, 1 წლით თავისუფლების აღკვეთით ან უფრო მკაცრი სასჯელით უნდა ისჯებოდეს. იმ შემთხვევაში, როდესაც ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირი უკვე მსჯავრდებულია, აუცილებელია, რომ მას მისჯილი ჰქონდეს, სულ მცირე, ოთხი თვით თავისუფლების აღკვეთა. ამასთან, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან ინდივიდუალური შეთანხმებით, სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, პირის უცხო სახელმწიფოში ექსტრადირება შეიძლება განხორციელდეს აგრეთვე, თუ ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობა შეეხება რამდენიმე დანაშაულს, რომლებიც დასჯადია როგორც საქართველოს, ისე შესაბამისი უცხო სახელმწიფოს კანონმდებლობით და რომელთაგან ზოგიერთი ვერ აკმაყოფილებს სასჯელის ზომის მიმართ ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს, მაგრამ ისჯება თავისუფლების აღკვეთით ან სანქციის სახით ითვალისწინებს ჯარიმას.
5.2. ო. ფ. ა-ის მიერ შუამდგომლობაში აღწერილი ქმედებების საქართველოს იურისდიქციის ქვეშ ჩადენის შემთხვევაში, მათი კვალიფიკაცია მოხდებოდა სულ მცირე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 224-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ბანდიტიზმი, მყარი შეიარაღებული ჯგუფის მიერ მოწყობილ თავდასხმაში მონაწილეობა), რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას; სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ), რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას; სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ყაჩაღობა, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ), რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.
5.3. ამდენად, ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ო. ფ. ა-ის მიერ ჩადენილი ქმედებები დანაშაულად ითვლება და ისჯება, როგორც საქართველოს, ისე - თურქეთის რესპუბლიკის კანონმდებლობის მიხედვით და ორივე შემთხვევაში, სასჯელის სახით გათვალისწინებულია, სულ მცირე, ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა. ამასთან, ექსტრადიცია დასაშვებია ო. ფ. ა-ის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენებით დადგენილი სასჯელთა სახისა და ზომის გათვალისწინებით.
6. საქართველოს მოქალაქის ექსტრადიცია:
6.1. „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად, დაუშვებელია საქართველოს მოქალაქის უცხო სახელმწიფოში ექსტრადიცია, გარდა საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
6.2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან მიღებული მონაცემებით დასტურდება, რომ ო. ფ. ა-ი არ ითვლება საქართველოს მოქალაქედ. ამასთან, ხსენებული პიროვნება არ ითვლება აგრეთვე საქართველოში მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეობის არმქონე პირად, ვინაიდან იგი არის თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე.
7. სამართლიანი სასამართლოს უფლება:
7.1. წარმოდგენილი საექსტრადიციო მასალები ცხადჰყოფს, რომ ო. ფ. ა-ის საქმეში არ არის რაიმე სახის აშკარა და უხეში პროცედურული დარღვევა, რომელიც წარმოშობდა ვარაუდს, რომ თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში ადგილი ექნება მისი უფლებების დარღვევას.
7.2. გარდა აღნიშნულისა, აგრეთვე გათვალისწინებულია თურქეთის რესპუბლიკის მიერ წარმოდგენილი გარანტია, რომ, ექსტრადიციის შემთხვევაში, ო. ფ. ა-რი ისარგებლებს თურქეთის რესპუბლიკის კანონმდებლობითა და იმ საერთაშორისო კონვენციებით განსაზღვრული ყველა უფლებით, რომელთა ხელმომწერიცაა თურქეთის რესპუბლიკა; ასევე, გაცემულია გარანტია, რომ დაცული იქნება სპეციალობის წესი. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს არ გააჩნია საფუძველი, საეჭვოდ მიიჩნიოს იგი.
8. ხანდაზმულობის ვადა:
8.1. დანაშაულები, რომლისთვისაც მოითხოვება ო. ფ. ა-ის ექსტრადიცია და აღწერილია შუამდგომლობის 21-27-ე პუნქტებში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-12 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, შეესაბამება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა კატეგორიას.
8.2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მსჯავრდებული თავისუფლდება სასჯელის მოხდისაგან, თუ კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი არ აღსრულებულა თხუთმეტ წელში განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდების დროს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის დინება შეჩერდება, თუ მსჯავრდებულმა თავი აარიდა სასჯელის მოხდას.
8.3. ო. ფ. ა-ის მიმართ გამოტანილმა განაჩენმა საბოლოო სახე მიიღო 2020 წლის 22 იანვარს. შესაბამისად, სასჯელის აღსრულების ხანდაზმულობის ვადა საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, ამოწურული არ არის.
8.4. ამასთან, თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ მოწოდებული ინფორმაციის შესაბამისად, ო. ფ. ა-ის მიმართ სასჯელის მოხდის ხანდაზმულობის ვადა იწურება 2040 წელს.
9. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის სტატუსი, ამნისტია, შეწყალება:
9.1. სტატუსი:
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ო. ფ. ა-რს ეთქვა უარი ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე. იგი ამჟამად არ ითვლება თავშესაფრის მაძიებლად.
9.2. ამნისტია:
„სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ,,ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ დანაშაული, რომლის ჩადენისთვისაც მოითხოვება პირის გადაცემა, საქართველოს კანონმდებლობით ამნისტირებულია და საქართველოს აქვს იურისდიქცია ამ დანაშაულთან დაკავშირებით.“
ამასთან, ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსი კუმულაციურად მოითხოვს ორი წინაპირობის (საქართველოს კანონმდებლობით დანაშაულის ამნისტირება და მასზე საქართველოს იურისდიქციის გავრცელება) არსებობას, რაც განსახილველ საქმეში არ არის დაცული, ვინაიდან საქართველოს არ გააჩნია იურისდიქცია ზემოხსენებულ, ექსტრადიციას დაქვემდებარებულ დანაშაულებთან დაკავშირებით.
9.3. შეწყალება:
„სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ,,ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ პირის მიმართ იმ დანაშაულთან დაკავშირებით, რომლის ჩადენისთვისაც მოითხოვება მისი გადაცემა, გამოცემულია შეწყალების აქტი.“
წარმოდგენილ საქმის მასალებში არ იკვეთება, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ გამოცემულია შეწყალების აქტი იმ დანაშაულის ჩადენისათვის, რომლისთვისაც მისი გადაცემა მოითხოვება.
10. პრინციპი ,,Non bis in idem“:
10.1. ,,სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის თანახმად, პირის ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ იმ დანაშაულთან დაკავშირებით, რომლის ჩადენისთვისაც მოითხოვება პირის ექსტრადიცია, არსებობს საქართველოს სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი ან საქართველოს შესაბამისმა ორგანოებმა მასზე მიიღეს საბოლოო გადაწყვეტილება სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ.
10.2. ო. ფ. ა-ის მიმართ ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულებისათვის არ მიმდინარეობდა და არ მიმდინარეობს სისხლის სამართლის პროცესი საქართველოში. ამდენად, ექსტრადიციის შემთხვევაში, არ დაირღვევა პარალელური წარმოების აკრძალვისა და ,,Non bis in idem“ პრინციპი.
11. ექსტრადიციის გამომრიცხავი სხვა გარემოებები:
11.1. „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლი რამდენიმე პუნქტად მიმოიხილავს ექსტრადიციის გამომრიცხავ სხვა გარემოებებს, რომელთა არსებობა წარმოდგენილი საქმის მასალებით არ არის გამოკვეთილი.
11.2. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, საკასაციო სასამართლო მათგან დამატებით გამოყოფს მე-3 პუნქტს, რომლის თანახმადაც, ,,ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობის ინიციატორ სახელმწიფოში პირი დაექვემდებარება წამებას, სასტიკ, არაადამიანურ ან ღირსებისშემლახველ მოპყრობას ან სასჯელს, რომელიც დაკავშირებული იქნება ამ პირის წამებასთან, მისდამი სასტიკ, არაადამიანურ ან ღირსებისშემლახველ მოპყრობასთან.“
11.3. ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის თანახმად, მომთხოვნ სახელმწიფოში არსებული სიტუაციის ზოგადი აღწერა და უფლებების პოტენციურად დარღვევის შესახებ განცხადება არ არის საკმარისი. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ უფლებების დარღვევის საფრთხე დადასტურებული უნდა იყოს კონკრეტული მტკიცებულებებით (იხ. Mamatkulov and Askarov v. Turkey, no 46827/99, 46951/99, §72-73, ECtHR, 04/02/2005, K. v. Russia, no 69235/11, §58, ECtHR, 23/05/2013), რომლებიც ადასტურებს, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირთან დაკავშირებული კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე, პირს ექსტრადიციის შემთხვევაში ემუქრება კონვენციით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის საფრთხე (იხ. Shamayev and Others v. Georgia and Russia, no36378/02, §352, ECtHR, 12/04/2005).
11.4. პირის ექსტრადიციამ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლებით დადგენილი უფლების დარღვევა შეიძლება გამოიწვიოს, როდესაც არსებობს არსებითი საფუძვლები ვარაუდისათვის, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში, პირის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრება ან/და იგი დაექვემდებარება წამებას ან/და არაადამიანურ მოპყრობას ან დევნას. კონკრეტულ ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებული ზოგადი პრობლემა არ შეიძლება გახდეს ექსტრადიციაზე უარის თქმის საფუძველი (K. v. Russia, ECtHR, no 69235/11, §66, 23/05/2011).
11.5. განსახილველი საქმის საექსტრადიციო მასალებში არ მოიპოვება რაიმე სახის მტკიცებულება, რომელიც შეიძლება საფუძვლიანად მიუთითებდეს, რომ ო. ფ. ა-ის თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში იგი დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობას დაექვემდებარება. ადვოკატი მოცემულ პოზიციას აყალიბებს მხოლოდ ზოგადი სახის ფორმულირებით და მას აღნიშნულის დამადასტურებელი რაიმე, უტყუარი სახის მასალა სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია.
12. პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლება:
12.1. რაც შეეხება განსახილველი ექსტრადიციის შესაბამისობას ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის თანახმად, კონვენციის მე-8 მუხლი ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოება შესაძლოა, მხოლოდ საგამონაკლისო (განსაკუთრებულ) შემთხვევებში გახდეს;
12.2. ამასთან, საგამონაკლისო გარემოებამ ექსტრადიციის განხორციელების ლეგიტიმური მიზნები უნდა გადაწონოს (იხ. საქმე: „კინგი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (“King v. The United Kingdom”), N9742/07, 26/01/2010, §29). ამ შემთხვევაში, ო. ფ. ა-ს ხანგრძლივი პერიოდით არ უცხოვრია საქართველოში და მის მიმართ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით გათვალისწინებული უფლების შეზღუდვას არ ექნება ადგილი. გარდა ამისა, არსებობს თანაზომიერების საფუძვლები, კერძოდ, გასათვალისწინებელია იმ დანაშაულის ხასიათი, რომლის ჩადენაშიც მას ედება ბრალი, თურქეთის რესპუბლიკაში ორგანიზებულ ყაჩაღურ თავდასხმებისა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის სახით. აღნიშნული ქმედებების ჩადენისთვის მისჯილი სასჯელის მოხდას ო. ფ. ა-მა თავი აარიდა და, შესაბამისად, მის მიმართ არსებობს სასჯელის აღსრულების ლეგიტიმური ინტერესი, როგორც დანაშაულის პრევენციის, ისე - პირის რესოციალიზაციის პერსპექტივიდან. ამასთან, საქართველოს კანონმდებლობით აღნიშნული დანაშაულები მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა კატეგორიას განეკუთვნება.
13. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2025 წლის 16 ოქტომბრის განჩინება კანონიერია, რის გამოც, მისი შეცვლის რაიმე სახის საფუძველი არ არსებობს და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ო. ფ. ა-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ყ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2025 წლის 16 ოქტომბრის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
ნ. სანდოძე