საქმე # 330100123008422865
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
№340აპ-25 9 ოქტომბერი, 2025 წელი
ჭ-ა ა, 340აპ-25 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე)
მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორ ნინო კოდანაშვილის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 7 მარტის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 9 სექტემბრის განაჩენით:
ა. ჭ-ა, დაბადებული --- წლის .. იანვარს, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა – 10 000 ლარი.
2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ა. ჭ-ამ ჩაიდინა თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, დიდი ოდენობით, რაც გამოიხატა შემდეგით:
2.1. ზ. თ-მ, 2022 წლის 4 დეკემბერს შეიტყო, რომ მისი ძმა, რ. თ, სისხლის სამართლის დანაშაულის, კერძოდ, მკვლელობის ბრალდებით დააკავეს ა-ში, შ-ს საამიროში, ხოლო, 2023 წლის ივლისში რ. თ--ნ სატელეფონო კომუნიკაციისას შეიტყო, რომ მას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა სიკვდილით დასჯა. ზ. თ-მ, ვინაიდან სურდა ძმის დახმარება, 2023 წლის აგვისტოში, თ-ი, წ-ს გზატკეცილის, N---ში, ბინა N---ში, საერთო მეგობრებისგან გაიცნო ა. ჭ--ა, რომელმაც უთხრა, რომ იყო ჰააგის მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს ექსპერტი და აღუთქვა დახმარება, რომ მისი სამსახურეობრივი პოზიციიდან გამომდინარე, მოახერხებდა რ. თ-სთვის მისჯილი სიკვდილით დასჯის უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლას, ხოლო შემდგომ – მის საქართველოში ექსტრადიციას. ა. ჭ-ა, რომელსაც განზრახული ჰქონდა ზ. თ-ს მოტყუება, პერიოდულად უგზავნიდა მას სხვადასხვა დოკუმენტს, რომელიც, თითქოს გადმოგზავნილი იყო მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოდან, რის შედეგადაც, მოიპოვა ზ. თ-ს ნდობა და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით, დაეუფლა ზ. თ--ს კუთვნილ, 46 972 ლარს.
2.2. ა. ჭ-ას მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად, ზ. თ-ს მიადგა დიდი ოდენობით ქონებრივი სახის ზიანი, 46 972 ლარის ოდენობით.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 7 მარტის განაჩენით:
თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ თამარ კაპანაძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 9 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. კასატორი – პროკურორი ნინო კოდანაშვილი – ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენში ცვლილებასა და ა. ჭ-ას მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის, 9 წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრას.
4.1. საკასაციო საჩივრის მიხედვით, ა. ჭ-ას დაზარალებულისათვის ზიანი არ აუნაზღაურებია. ამისათვის მას საკმარისი დრო ჰქონდა. მსჯავრდებულისათვის ჯარიმის სახით შეფარდებული სასჯელი ბევრად მცირეა, ვიდრე – მის მიერ ჩადენილი ქმედება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო პალატამ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები და მიაჩნია, რომ პროკურორის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 7 მარტის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
2. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში წარმოდგენილია მხოლოდ პროკურორის საჩივარი და მხოლოდ სასჯელის ნაწილში, შესაბამისად, პალატა იმსჯელებს ა. ჭ-ას მიმართ შეფარდებული სასჯელის სამართლიანობაზე.
3. ა. ჭ-ას მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რომელიც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს, როგორც საპატიმრო, ისე – არასაპატიმრო სახის სასჯელს; კერძოდ, თაღლითობა, ჩადენილი დიდი ოდენობით, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით, ვადით – ექვსიდან ცხრა წლამდე.
4. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ ა. ჭ-ას სასჯელის სახედ და ზომად შეუფარდა ჯარიმა – 10 000 ლარი.
5. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ზოგადად, როდესაც კონკრეტული მუხლის სანქცია მოიცავს ალტერნატიული სახის სასჯელებს, მათგან ყველაზე მკაცრის გამოყენება, საჭიროებს განსაკუთრებულ დასაბუთებას. საკონსტიტუციო სასამართლოს ერთ-ერთი გადაწყვეტილების მიხედვით, ,,...როდესაც სასჯელის სიმკაცრე აშკარად აჭარბებს ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხს, ეჭვქვეშ დგება დაწესებული სასჯელისა და მისი ლეგიტიმური მიზნების პროპორციული დამოკიდებულება. აშკარად მკაცრი და არაგონივრული სასჯელი ზედმეტად შორდება სასჯელის ლეგიტიმურ მიზნებს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს გადაწყვეტილება N1/6/770 საქმეზე: ,,საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“). ამასთან, სასჯელის კონკრეტული სახის შერჩევა ეყრდნობა მის მიზნებს.
6. შესაბამისად, საკასაციო პალატა საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის ფარგლებში, ზედმიწევნით შეაფასებს წარმოდგენილი საქმის ყველა გარემოებას, მათ შორის ფაქტს, თუ რამდენად არის შესაძლებელი, რომ ამ შემთხვევაში, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელმა გარემოებებმა გადაწონოს საპატიმრო სასჯელის გამოყენების რელევანტურობა.
7. პროკურორის უმთავრეს არგუმენტს საკასაციო საჩივარში, ფაქტობრივად, წარმოადგენს ის, რომ ა. ჭ-ას დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანი არ აუნაზღაურებია, მიუხედავად იმისა, რომ მას აღნიშნულისათვის საკმარისი დრო ჰქონდა მიცემული.
8. წარმოდგენილი საქმის მასალების მიხედვით, ა. ჭ-ამ აღიარა ჩადენილი დანაშაული და მტკიცებულებები ცნო უდავოდ; იგი წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა. საკასაციო სასამართლოში დაცვის მხარემ წარმოადგინა ა. ჭ-ას განცხადება, რომელსაც თან ერთვის მისი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველი ვრცელი მასალა, რომლიდანაც ირკვევა, რომ მას (შვილს) აქვს ბიპოლარული აშლილობა, მკურნალობს ფსიქიატრის დანიშნულებით; იგი გარკვეული პერიოდის განმავლობაში ამბულატორიულად მკურნალობდა.
9. ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მყარად დადგენილი პრაქტიკის თანახმად, ზიანის ანაზღაურება/დაზარალებულთან შერიგება წარმოადგენს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებას და სასჯელზე გავლენას ახდენს შემსუბუქების თვალსაზრისით, ხოლო საწინააღმდეგო მოცემულობა არ შეიძლება შეფასდეს პასუხისმგებლობის დამამაძიმებელ გარემოებად (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 28 ივნისის №449აპ-22 განაჩენი).
10. საკასაციო სასამართლო ერთობლივად ითვალისწინებს როგორც პროკურორის არგუმენტებს, ისე – ზემოაღნიშნულ გარემოებებს და მიაჩნია, რომ ამ კონკრეტული საქმის შემთხვევაში, ზიანის ანაზღაურებაზე აპელირება ვერ ქმნის საპატიმრო სასჯელის გამოყენების საფუძველს და მიაჩნია, რომ ა. ჭ-ასათვის განსაზღვრული სასჯელი – 10 000 ლარის ჯარიმა, შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილ ქმედებას.
11. საკასაციო სასამართლოს ხსენებული გადაწყვეტილება გამომდინარეობს საქართველოს სსსკ-ის მე-300 მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტიდან, რომლის თანახმადაც, განაჩენი მაშინ მიიჩნევა უკანონოდ, როდესაც გამოყენებულია სასჯელის ისეთი სახე ან ზომა, რომელიც აშკარად არ შეესაბამება მსჯავრდებულის ქმედების ხასიათსა და ამავდროულად – მის პიროვნებას.
12. ამდენად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 7 მარტის განაჩენით დანიშნული სასჯელი სამართლიანია და იგი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ელი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორ ნინო კოდანაშვილის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 7 მარტის განაჩენი დარჩეს უცვლელად:
2.1. ა. ჭ-ა --- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – ჯარიმა 10 000 (ათი ათასი) ლარი.
3. ცნობად იქნეს მიღებული, რომ აღკვეთის ღონისძიება – გირაო, გაუქმებულია;
4. ნივთიერი მტკიცებულება – დისკი, დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს, მისი შენახვის ვადით;
5. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
ნ. სანდოძე