ბს-316-250-კ-05 6 ივლისი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ვაჩაძე (თავმჯდომარე),
ნ. ქადაგიძე (მომხსენებელი),
ბ. კობერიძე
დავის საგანი: თნხის დაკისრება.
აღწერილობითი ნაწილი:
2004წ. 17 სექტემბერს სს “ი.-მ” სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საოლქო სასამართლოს მოპასუხე სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს მიმართ შესრულებული სამუშაოების ღირებულებისა და ზიანის ანაზღაურების თაობაზე.
მოსარჩელე სასარჩელო განცხადებაში მიუთითებდა, რომ 2003წ. 11 ივლისს საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროსთან დადო ხელშეკრულება ქ. თბილისში გაზგამანაწილებელი ქსელების სარეაბილიტაციო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვის თაობაზე.
ხელშეკრულებით იკისრეს ვალდებულება, შეესრულებინათ სამუშაოები ხელშეკრულების პირობების შესაბამისა, მოპასუხეს ხელშეკრულების 5.2 მუხლის შესაბამისად, დაეკისრა ვალდებულება, აენაზღაურებინა ხელშეკრულების ფასი ხელშეკრულების სპეციფიკურ პირობებში ასახულ ვადებში და ფორმით. მოსარჩელის განმარტებით, მათ მიერ ნაკისრი ვალდებულებები სრულდებოდა დროულად, სრულად და კეთილსინდისიერად. მოპასუხე კი სისტემატურად არღვევდა მასზე ხელშეკრულებით დაკისრებულ ვალდებულებებს. ვინაიდან მოპასუხე ვერ ასრულებდა თავის ვალდებულებებს, ისინი შეთანხმდნენ ხელშეკრულების ახალ პირობებზე, რომლებიც გათვალისწინებულ იქნა 2003წ. 19 სექტემბრის დამატებით შეთანხმებაში. 2003წ. 19 სექტემბრის დამტებითი შეთანხმების შესაბამისად, სამუშაოთა შესრულების ვადები განისაზღვრა შემდეგნაირად:
2003წ. შესრულებულ სამუშათა ღირებულება განისაზღვრა 1500000 ლარით, ხოლო 2004წ. I კვარტალში შესრულებულ სამუშაოთა ღირებულება _ 2449500 ლარით. ხელშეკრულებით სამუშაოთა მთლიანი ღირებულების დაფინანსება უნდა დამთავრებულიყო 2004წ. I კვარტალში, მიმწოდებლის მიერ 2003 წელს გათვალისწინებული 150000 ლარის შესრულებულ სამუშაოთა ღირებულების ანაზღაურება უნდა მომხდარიყო 2004წ. 15 იანვრამდე ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მიუხედავად დამატებითი შეთანხმებისა, მოპასუხე მხარემ კვლავ დაარღვია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება, რითაც მიადგათ მნიშვნელოვანი ზიანი, რაც ვადაგადაცილებულ თვეზე შეადგენს 3%-ს და სულ _ 293729 ლარს.
მოსარჩელის მითითებით, მოპასუხის მიერ, ასევე, არ იქნა გადარიცხული 2004წ. პირველ კვარტალში ხელშეკრულებით გათვალისწინებული 2443500 ლარი, რისი გადარიცხვის შემთხვევაშიც საზოგადოება მიიღებდა მოგებას _ 12%-ს, რაც შეადგენს 237000 ლარს.
მოსარჩელის განმარტებით, დღევანდელი მდგომარეობით მოპასუხეს შესრულებული სამუშაოებისათვის ასანაზღაურებელი აქვს 800000 ლარი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვდა: 1) შესრულებული სამუშოების ღირებულების 800000 ლარის, 2) თანხის დადგენილ ვადაში გადაუხდელობის გამო 240000 ლარის, 3) ბანკიდან აღებული კრედიტორისთვის პროცენტის სახით გადახდილი თანხის _ 198 185 ლარის; 4) ზიანის ასანაზღაურებელ თანხაზე ყოველ ვადაგადაცილებულ თვეზე გადაწყვეტილების აღსრულებამდე 3%-ის და 5) მიუღებელი შემოსავლის _ 237000 ლარის მოპასუხისთვის დაკისრებას.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2004წ. 8 დეკემბრის განჩინებით ენერგეტიკის სამინისტროს წარმომადგენლის შუამდგომლობით, საქმეში მესამე პირად ჩაება ფინანსთა სამინისტრო, რომელიც შემდგომ გადაყვანილ იქნა მოპასუხედ.
პირველმა მოპასუხემ _ სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებით სს “ი.-ს” უნდა ეწარმოებინა ქ. თბილისში გაზგამანაწილებელი ქსელების სარეაბილიტაციო სამუშაოები. სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს მისთვის უნდა გადაეხადა 3949500 ლარი. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის კორექტირების შედეგად ენერგოსისტემის სუბსიდების ასიგნებები შემცირდა და ენერგოსისტემის რეაბილიტაციისთვის გამოიყო 1,5 მილიონი ლარი, იმის გათვალისწინებით, რომ 2449 მილიონი ლარი 2004წ. პირველ კვარტალში ანაზღაურებულ იქნა სათბობ-ენერგეტიკის სამინისტრომ მიმწოდებლის მიერ შესრულებული სამუშაოებისთვის იკისრა 1.5 მილიონი ლარის გადახდა.
2004წ. 25 თებერვლის მდგომარეობით, სს “ი.-მ” შეასრულა 1,3 მილიონი ლარის ღირებულების სამუშაოები, ენერგეტიკის სამინისტრომ მას აუნაზღაურა მხოლოდ 500000 ლარი, მაგრამ თანხის გადაუხდელობა არ იყო გამოწვეული მისი ბრალით, რადგანაც აღნიშნული თანხა მას არ ჩაურიცხა ფინანსთა სამინისტრომ
მოპასუხის მოსაზრებით, ენერგეტიკის სამინისტროს არ უნდა გადახდეს სს “ი.-ის” სასარგებლოდ ვალის გადაუხდელობის გამო საურავი ყოველ ვადაგადაცილებულ თვეზე 3 %-ის ოდენობით, ანუ 240000 ლარი და ბანკიდან აღებული კრედიტით სარგებლობისათვის მის მიერ ბანკისათვის გადახდილი საპროცენტო თანხა 198.185 ლარი. არ უნდა დაეკისროს, ასევე, ზიანის ანაზღაურება ამ თანხისათვის ყოველ ვადაგადაცილებულ თვეზე სამი პროცენტი, ასევე, მიუღებელი შემოსავალი 237000 ლარის ოდენობით, ვინაიდან, სკ-ის 417-ე და 418-ე მუხლების შესაბამისად, პირგასამტეხლო წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ თანხას და შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებით, სახელმწიფო შესყიდვის შესახებ არ არის გათვალისწინებული პირგასამტეხლო.
მოსარჩელის მოთხოვნა მიუღებელ შემოსავალზე ასევე უსაფუძვლოა, ვინაიდან “სახელმწიფო შესყიდვის შესახებ” კანონის 241-ე მუხლის შესაბამისად, ზარალი, რომელიც სასამართლო წესით საქმის განხილვის შედეგად შეიძლება გადახდილ იქნეს მომჩივანისათვის, უნდა შემოიფარგლოს შესყიდვის შესახებ პროცედურებში მონაწილეობასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურებით და არ უნდა ითვალისწინებდეს სავარაუდო მოგების ანაზღაურებას.
ენერგეტიკის სამინისტროს არ უნდა დაეკისროს ასევე მოსარჩელის მიერ ბანკიდან აღებული კრედიტით სარგებლობისათვის პროცენტის სახით გადახდილი 198.185 ლარი, რაც გულისხმობს ხელშეკრულების ფასის გაზრდას, 2003წ. 11 ივლისის ხელშეკრულების მე-9 მუხლის მიხედვით, გარიგებაში მითითებული ფასების შეცვლა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ასეთი რამ გათვალისწინებულია ხელშეკრულების სპეციფიკური პირობებით. ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების მე-9 მუხლით განსაზღვრულია ხელშეკრულების ფასების გაზრდის შემთხვევები, მაგრამ მასში არ არის გათვალისწინებული ფასების გაზრდა კრედიტის აღებით.
მეორე მოპასუხემ _ ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელმაც სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ფინანსთა სამინისტროს არავითარი ხელშეკრულება არ დაუდია მოსარჩელესთან და მას არავითარი ვალდებულება არ ეკისრება მის წინაშე.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2005წ. 6 იანვრის გადაწყვეტილებით სს “ი.-ის” სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:
ა) საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსა და ფინანსთა სამინისტროს სოლიდარულად დაეკისრათ 800000 ლარის გადახდა, რაც წარმოადგენს შესრულებული სამუშაოების ღირებულებას;
ბ) ენერგეტიკის სამინისტროსა და ფინანსთა სამინისტროს სოლიდარულად სს “ი.-ის” სასარგებლოდ დაეკისრათ ვადის გადაცილებით გამოწვეული ზიანის ყოველ ვადაგადაცილებულ თვეზე 3%-ის გადახდა, რაც 2004წ. 15 ნოემბრის ჩათვლით შეადგენს _ 293723 ლარს.
გ) ენერგეტიკის სამინისტროსა და ფინანსთა სამინისტროს სოლიდარულად სს “ი.-ის” სასარგებლოდ დაეკისრათ ბანკიდან აღებული კრედიტის სარგებლობისათვის დამატებით გადახდილი პროცენტის _ 198185 ლარის ოდენობით გადახდა, ხოლო დანარჩენ ნაწილში სს “ი.-ის” სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა.
სასასამართლო კოლეგია გადაწყვეტილებაში მიუთითებდა, რომ “სახელმწიფო შესყიდვის შესახებ” კანონით სათბობ-ენერგეტიკის სამინისტრო ვალდებული იყო, განეხორციელებინა სახელმწფო შესყიდვა ფინანსთა სამინისტროს მიერ მისთვის გამოყოფილი თანხით. საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან ჩანს, რომ ფინანსთა სამინისტროს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროდან გამოეყო თანხა 1.5 მილიონი ლარის ოდენობით თბილისში გაზგამანაწილებელი ქსელების სარეაბილიტაციოდ, მაგრამ ამ თანხიდან ფაქტობრივად ჩაერიცხა მას 500000 ლარი. აღნიშნული წარმოადგენს საფუძველს იმისა, რომ მოსარჩელის წინაშე ორივე მოპასუხემ სოლიდარულად უნდა აგოს პასუხი როგორც ხელშეკრულების შეუსრულებლობაში ბრალეულმა პირებმა.
სკ-ის 390-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ ვალდებულების შესასრულებლად საჭიროა კრედიტორის ესა თუ ის მოქმედება, ვადის გადაცილებად ჩაითვლება, თუ იგი ამ მოქმედებას არ შეასრულებს. ენერგეტიკის სამინისტროს კი შესრულებული სამუშაოებისათვის ყოველი თვის 15 რიცხვში თანხა უნდა ჩაერიცხა სს “ი.-სათვის”. რაც მას არ განუხორციელებია და რითაც გადააცილა გადახდის ვადას. ამავე კოდექსის 391-ე მუხლით კრედიტორმა უნდა აანაზღაუროს ის ზიანი, რომელიც მიადგა მოვალეს შესრულებული ვალდებულების მიღების ვადის ბრალეული გადაცილების გამო. სასამართლო კოლეგიის მოსაზრებით, მოპასუხეებმა ვადა გადააცილეს თავიანთი ბრალეული მოქმედებით.
რაც შეეხება მოთხოვნას ბანკიდან კრედიტის სახით გამოტანილი თანხის სარგებლობისათვის დარიცხული პროცნტის (198.158 ლარი) მოპასუხეთათვის დაკისრების თაობაზე, სასამართლო კოლეგიის მოსაზრებით, სს “ი.-მ” ბანკიდან სესხი გამოიტანა იმის გამო, რომ მას მოპასუხეებმა შესრულებული სამუშაოებისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა არ ჩაურიცხეს. კრედიტის გამოტანის შესახებ მოპასუხეები ინფორმირებულები იყვნენ და ისინი კომერციულ ბანკებთან რეკომენდაციას უწევდნენ სს “ი.-ს”. კრედიტის გამოტანის დროს სს “ი.-ი” მოქმედებდა საჯარო ინტერესებისა და მოპასუხეთა სასარგებლოდ.
სკ-ის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილით ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას, რაც მოპასუხეებმა დაარღვიეს, ამიტომ მათ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ სს “ი.-ის” სასარგებლოდ ბანკიდან აღებული კრედიტის სარგებლობისათვის დამატებით გადახდილი პროცენტი 198.185 ლარის ოდენობით.
სასამართლო კოლეგია სკ-ის 456-ე მუხლის საფუძველზე მიიჩნევს, რომ ენერგეტიკისა და ფინანსთა სამინისტროებმა მათთვის დაკისრებული თანხა უნდა გადაიხადონ სოლიდარულად, ვინაიდან სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით. 2003წ. 11 ივლისს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსა და სს “ი.-ს” შორის დადებული ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ძალაში შევიდა (ამ ხელშეკრულების მე-11 მუხლის 11.1 პუნქტით) მისი მხარეთა მიერ ხელმოწერიდან და ფინანსთა სამინისტროში რეგისტრაციის დროიდან. ეს ხელშეკრულება გაფორმდა ტენდერის საფუძველზე, რომლის პირობებითაც ტენდერში გამარჯვებული უნდა დაფინანსებულიყო სახელმწიფო ხაზინის სახსრებით. ასეთ შემთხვევაში ფინანსთა და ენერგეტიკის სამინისტროებისათვის მოსარჩელის თანხის გადახდის ვალდებულება ფაქტობრივად განუყოფელი იყო.
არ დაეთანხმნენ რა მითითებულ გადაწყვეტილებას, იგი საკასაციო წესით გაასაჩივრეს ფინანსთა სამინისტრომ და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ.
კასატორი – ფინანსთა სამინისტრო საკასაციო საჩივარში მიუთითებდა, რომ იგი არ ეთანხმება სასამართლო კოლეგიის გადაწყვეტილბას იმ ნაწილში, რომლითაც ფინანსთა სამინისტროს ენერგეტიკის სამინისტროსთან ერთად სოლიდარულად დაეკისრა 800000 ლარის, 293 723 ლარისა და 198185 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ, ვინაიდან 2003წ. 11 ივლისს და 19 სექტემბერს დადებული სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებები გაფორმდა სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროსა და სს “ი.-ს” შორის, ხოლო ფინანსთა სამინისტრო ზემოხსენებული ხელშეკრულების მხარე არ არის და შესაბამისად, კასატორის განმარტებით, ამ ხელშეკრულებით მას არანაირი ვალდებულება შეიძლებოდა დაკისრებოდა. რაც შეეხება იმას, რომ ფინანსთა სამინისტრომ სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს გამოყოფილი 1500000 ლარის ნაცვლად რეალურად გადაურიცხა 500000 ლარი, კასატორის მითითებით, სს “ი.-სა” და სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს შორის გაფორმებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურში წარდგენილ იქნა ვალდებულება მხოლოდ 500000 ლარის გადარიცხვის მოთხოვნით და სხვა თანხის გადარიცხვაზე სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს სახაზინო სამსახურში მოთხოვნა არ წარმოუდგენია, შესაბამისად თანხის გადარიცხვაც ვერ განხორციელდებოდა, ამასთან, კასატორის მითითებით, აღნიშნული საკითხი მიეკუთვნება ორ სამინისტროს შორის სამართლებრივი ურთიერთობის სფეროს და მოცემულ საქმესთან არანაირი კავშირი არა აქვს.
ასევე არა მართებული სასამართლო კოლეგიის მითითება სკ-ის 390-ე მუხლის მეორე ნაწილსა და 391-ე მუხლზე, ვინაიდან მითითებული ნორმა ვრცელდება იმ შემთხვევებზე, როდესაც კრედიტორი არ იღებს მისთვის შეთავაზებულ შესრულებას, რომლის ვადაც დამდგარია, ხოლო სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს შესრულების მიღების ვადა არ გადაუცილებია, გარდა ამისა კრედიტორს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება წარმოეშობა უშუალოდ იმ მოვალის მიმართ, რომელმაც დაარღვია მის წინაშე ნაკსირი ვალდებულება, ხოლო ამ შემთხვევაში, კასატორის განმარტებით, ფინანსთა სამინისტრო არ წარმოდეგნს მოვალეს და შესაბამისად, არც ვალდებულება დაურღვევია. ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ სკ-ის 405-ე მუხლის შესაბამისად, სს “ი.-ს” უფლება ჰქონდა მოეთხოვა ხელშეკრულების შეწყვეტა, რაც მას არ განუხორციელებია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვდა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2005წ. 6 იანვრის გადაწყვეტილების იმ ნაწილში გაუქმებას, რომლითაც ფინანსთა სამინისტროს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროსთან ერთად სოლიდარულად დაეკისრა 800000 ლარის, 293 723 ლარისა და 198 185 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის ფინანსთა სამინისტროს მიმართ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
მეორე კასატორი – ენერგეტიკის სამინისტრო საკასაციო საჩივარში მიუთითებდა, რომ ენერგეტიკის სამინისტროს მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა გამოწვეული იყო სახელმწიფო ბიუჯეტში ენერგოსისტემისათვის გამოყოფილი ასიგნებების ოდენობის შემცირებით და იმ გარემოებით, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის სამინისტროსათვის გამოყოფა არ განხორციელდა, თუმცა “საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილების შესახებ” კანონის მე-4 მუხლის შესაბამისად, ფინანსთა სამინისტრო არის უფლებამოსილი, შეიმუშავოს ბიუჯეტის პროექტი, განახორციელოს სეკვესტრი და სხვა. ამავე კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტით სახელმწიფო ხელისუფლების აღმასრულებელ ორგანოებს ეკრძალებათ ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც ამცირებს ბიუჯეტის შემოსავალს ან ადიდებს მის ხარჯებს, რაც საბოლოო ჯამში იწვევს ბიუჯეტის დეფიციტის ზღვრული ოდენობის გაზრდას.
კასატორის განმარტებით, ენერგეტიკის სამინისტრო მოქმედებდა მისთვის “სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, რაც ითვალისწინებდა სამინისტროს ვალდებულებას, განახორციელოს სახელმწიფო შესყიდვა მისთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში (“სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის “ა” ქვეპუნქტი). გამომდინარე აქედან, სამინისტრომ ფინანსთა სამინისტროს მიერ მისთვის გამოყოფილი თანხა (500000 ლარი) ასევე სს “ი.-ს” გადარიცხვა. ამასთან, ენერგეტიკის სამინისტრო არის საბიუჯეტო დაწესებულება და იგი ხელმძღვანელობს “ბიუჯეტის შესახებ” კანონით, რომელიც მკაცრად აკონკრეტებს გამოყოფილი ასიგნებების ხარჯვის მიზნობრიობას. სკ-ის 24-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საჯარო სამართლის იურიდიული პირები სამოქალაქო სამართლებრივ ურთიერთობებში მონაწილეობენ ისევე, როგორც კერძო სამართლის იურიდიული პირები. ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი, კასატორის მითითებით, ენერგეტიკისა და ფინანსთა სამინისტროები წარმოდგენენ სახელმწიფოს. შესაბამისად, ფინანსთა სამინისტრო ვალდებული იყო, ეწარმოებინა ასიგნებით გათვალისწინებული თანხების გადარიცხვა.
რაც შეეხება სამინისტროსათვის სს “ი.-ის” სასარგებლოდ ვადის გადაცილებით გამოწვეული ზიანის ყოველ ვადაგადაცილებულ თვეზე 3%-ის ოდენობით დაკისრებას, კასატორის განმარტებით, მოკლებულია ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს, ვინაიდან პირგასამტეხლო შეიძლება დადგინდეს განსაზღვრული ფულადი თანხით, რომელიც უნდა გადაიხადოს იმ მხარემ, რომელმაც არ შეასრულა ან არაჯეროვნად შეასრულა ვალდებულება. ასეთ პირგასამტეხლოს ჯარიმა ეწოდება, ხოლო პირგასამტეხლოს, რომელიც ითვალისწინებს გადახდევინების ვალდებულების შესრულებას ყოველი გადაცდენილი დღისათვის, საურავი ეწოდება. აღსანიშნავია, რომ სკ-ის 417-ე და 418-ე მუხლების შესაბამისად, პირგასამტეხლო წარმოადგენს მხრეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას და შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. ამ შემთხვევაში სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებაში არ არის გათვალიწინებული შეთანხმება პირგასამტეხლოს თაობაზე და აქედან გამომდინარე, სამინისტროს აღნიშნული თანხის გადახდის ვალდებულება არ გააჩნია.
ამასთან, სასამართლო კოლეგიამ გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ სკ-ის 391-ე მუხლის შესაბამისად, კრედიტორმა უნდა აანაზღაუროს ის ზიანი, რომელიც მიადგა მოვალეს შესრულებული ვალდებულების მიღების ვადის ბრალეული გადაცილების გამო, კასატორის მოსაზრებით, აღნიშნულ მუხლზე მითითება არამართებულია, ვინაიდან აქ საუბარია ბრალეულობაზე, ხოლო საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო თავის ბრალს გამორიცხავს, რამდენადაც, მის მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევა გამოწვეული იყო მისთვის შესაბამისი თანხების გადარიცხვის განუხორციელებლობით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვდა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2005წ. 6 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმებას იმ ნაწილში, რომლითაც ნაწილობრივ დაკმაყოფილდა სს “ი.-ის” სასარჩელო განცხადება და ფინანსთა და ენერგეტიკის სამინისტროებს სოლიდარულად დაეკისრათ 1 291 908 ლარის სს “ი.-ისათვის” გადახდა და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრების საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2005წ. 6 იანვრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება რომლითაც ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდება, ხოლო, რაც შეეხება საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს საკასაციო საჩივარს, დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
2003წ. 11 ივლისს ტენდერში გამარჯვებულ სს “ი.-სა” და საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს შორის გაფორმდა ¹1 ხელშეკრულება თბილისში გაზგამანაწილებელი ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვის თაობაზე, რომლის ფასი განისაზღვრა 3 949 500 ლარით.
2003წ. 27 სექტემბერს შეტანილ იქნა ცვლილებები საქართველოს 2003წ. სახელმწიფო ბიუჯეტში გათვალისწინებული ენერგეტიკის სექტორის ასიგნებების განაწილებაში, რომლის მიხედვითაც, გაზგმანაწილებელი ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების პროგრამა დაფინანსდა 1.5 მილიონი ლარით, იმის გათვალისწინებით, რომ 2449 მილიონი ლარი ანაზღაურებული იქნებოდა 2004წ. I კვარტალში.
ასიგნებათა შემცირებასთან დაკავშირებით, სს “ი.-სა” და საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს შორის 2003წ. 19 სექტემბერს გაფორმდა დამატებითი შეთანხმება, რომლის მიხედვით, სათბობ-ენერგეტიკის სამინისტრომ აიღო ვალდებულება, რომ სს “ი.-ს” დააფინანსებდა 1.5 მილიონი ლარით.
2004წ. 25 თებერვლის მდგომარეობით, გაზგამანაწილებელი ქსელის რეაბილიტაციის პროექტი დაფინანსდება 500000 ლარით. ამ დროისათვის სააქციო საზოგადოებას შესრულებული ჰქონდა 1.3 მილიონი ლარის ღირებულების სამუშაო.დადგენილია და აღნიშნულს ადასტურებს თავად კასატორი საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტრო, რომ მისი ვალი მიმწოდებლის _ სააქციო საზოგადოებისადმი შეადგენს 80000 ლარს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროსთვის 80000 ლარის დაკისრების ნაწილში მოთხოვნა საფუძვლიანია და მითითებულ ნაწილში საოლქო სასამართლოს მხრიდან მართებულადაა გამოყენებული სკ-ის შესაბამისი ნორმები.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სასამართლო კოლეგიის მსჯელობას და ადასტურებს, რომ ფინანსთა სამინისტროსგან თანხის მიუღებლობა სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს არ ათავისუფლებს შესრულებული სამუშაოების ღირებულების ანაზღაურებისგან, კერძოდ, სკ-ის 397-ე მუხლის შესაბამისად, მოვალე პასუხისმგებელია შესრულებისათვის მაშინაც, როცა შესრულების საგანი სხვა პირისგან უნდა მიეღო და ვერ მიიღო, თუკი ხელშეკრულებიდან ან სხვა გარემოებებიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს.
კასატორი სათბობ-ენერგეტიკის სამინისტრო ვერ უთითებს ვერც ერთ სახელშეკრულებო თუ კანონისმიერ საფუძველზე, რომელიც მას, როგორც მოვალეს, გაათავისუფლებდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებისგან.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ურთიერთშორის დადებული ხელშკრულება სს “ი.-ს”, როგორც კრედიტორს, სკ-ის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, აძლევს უფლებას მოითხოვოს შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურება, რის გამოც მისი მოთხოვნა 80000 ლარის ანაზღაურების ნაწილში საფუძვლიანია და ექვემდებარება დაკმაყოფილებას.
რაც შეეხება ფინანსთა სამინისტროსთვის მითითებული თანხის სოლიდარულად დაისრებას, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არც სასამართლოს და არც სააქციო საზოგადოების მხრიდან წარმოდგენილი არ არის ის მოტივი, რაც შექმნიდა ფინანსთა სამინისტროსთვის ვალდებულების სოლიდარულად დაკისრების სამართლებრივ საფუძველს.
სკ-ის 464-ე მუხლის შესაბამისად, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.
როგორც ზემოთ აღინიშნა, 2003წ. 11 ივლისისა და 19 სექტემბრის ხელშეკრულება დადებულია სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროსა და სს “ი.-ს” შორის, ფინანსთა სამინისტრო არ წარმოადგენს მითითებული ხელშეკრულების მხარეს, შესაბამისად, მას ვერ დაეკისრება ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულება.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, ის გარემოება, რომ საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტრო უფლებამოსილია, ფინანსთა სამინისტროსგან მოითხოვოს ბიუჯეტით გათვალისწინებული თანხების გამოყოფა, თავისთავად არ ქმნის სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს კრედიტორების მიმართ ფინანსთა სამინისტროს ვალდებულების წარმოშობისა და ამ უკანასკნელის სოლიდარული პასუხისმგებლობის საფუძველს.
რის გამოც, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ფინანსთა სამინისტროს მიმართ მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ ექვემდებარება დაკმაყოფილებას.
რაც შეეხება მოთხოვნას ზიანის ანაზღაურებისა და საბანკო მომსახურების პროცენტის დაკისრების ნაწილში საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმე მითითებულ ნაწილში საჭიროებს დამატებით გამოკვლევას, რის გამოც საქმე ხელახალი განხილვისთვის უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
საოლქო სასამართლომ საფუძვლიანად მიიჩნია მოსარჩელის მოთხოვნა და მოპასუხეებს დააკისრა ვალის გადაცილებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება ყოველ ვადაგადაცილებულ თვეზე 3%-ის ოდენობით, რამაც 2004წ. 15 ნოემბრის ჩათვლით შეადგინა 293723 ლარი. აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძვლად სასამართლომ მიუთითა სკ-ის 390-ე და 391-ე მუხლებზე, რომლებიც თავის მხრივ, არეგულირებს კრედიტორის მიერ ვალის გადაცილებისთვის გამოწვეული ზიანის ანაზღაურების პირობებს და რომელთაც არ გააჩნიათ არანაირი სამართლებრივი შემხებლობა განსაზღვრული მოთხოვნებისადმი.
აღნიშნულიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ გადაწყვეტილება ზიანის მოთხოვნის თაობაზე ფაქტობრივად დაუსაბუთებელია, საკასაციო სასამართლო მოკლებულია ამ ნაწილში შესაბამისი გადაწყვეტილების გამოტანის შესაძლებლობას და თვლის, რომ საქმე მითითებულ ნაწილში უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
საკასაციო სასამართლო ასევე დაუსაბუთებლად მიიჩნევს გადაწყვეტილებას ბანკიდან აღებული კრედიტის სარგებლობისთვის დამატებით გადახდილი პროცენტის მოთხოვნის ნაწილში და თვლის, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები არ გამომდინარეობს საქმეში წარმოდგენილი მასალებიდან, კერძოდ, სასამართლო კოლეგია მიუთითებს, რომ მოპასუხეები (კრედიტორები) კომერციულ ბანკებთან, კრედიტის აღების მიზნით, რეკომენდაციას უწევდნენ სს “ი.-ს”, თუმცა სასამართლო აღნიშნულის დასადასტურებლად არ უთითებს შესაბამის მტკიცებულებებზე.
სასამართლო ასევე არ ასაბუთებს ბანკის პროცენტის დაკისრების სამართლებრივ საფუძველს, რაც გადაწყვეტილებას ამ ნაწილში ხდის იმდენად დაუსაბუთებელს, რომ ფაქტობრივად შეუძლებელია მისი სამართლებრივი საფუძვლების შემოწმება, რაც, თავის მხრივ, ქმნის საქმის მითითებულ ნაწილში იმავე სასამართლოში დაბრუნების საფუძველს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სასკ-ის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 411-ე და 412-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
3. თბილისის საოლქო სასამართლოს 2005წ. 6 იანვრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
4. სს “ი.-ის” სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; ენერგეტიკის სამინისტროს სს “ი.-ის” სასარგებლოდ გადახდეს შესრულებული სამუშაოს ღირებულება 800000 ლარის ოდენობით;
5. სს “ი.-ის” სარჩელი მოპასუხეთათვის ვადის გადაცილებით გამოწვეული ზიანისა და ბანკიდან აღებული კრედიტის სარგებლობისთვის დაკისრების ნაწილში დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახალი განხილვისათვის;
6. მხარეთათვის ბაჟის დაკისრების საკითხი გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.