Facebook Twitter

საქმე # 330100123008039373

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №406აპ-25 ქ. თბილისი

მ-ი თ, 406აპ-25 31 ოქტომბერი, 2025 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 20 თებერვლის განაჩენზე თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ მარიკა ტყაბლაძის, მსჯავრდებულ თ. მ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ს-ისა და მსჯავრდებულ ი. გ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ხ-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. თ. მ-ს, - დაბადებულს ... წლის .... თებერვალს, - ბრალად ედება განზრახ მკვლელობის მცდელობა ჯგუფურად; ი. გ-ეს, - დაბადებულს ... წლის ... დეკემბერს, - განზრახ მკვლელობის მცდელობა ჯგუფურად; ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით; ი. ი-ს, - დაბადებულს ... წლის ... აგვისტოს, - განზრახ მკვლელობის მცდელობა ჯგუფურად, რაც გამოიხატა შემდეგში:

· 2023 წლის 29 ივლისს, ღამის საათებში, თ-ში, გ-ში, ნ. კ-ის ქუჩის N....-ის მიმდებარედ, განზრახ მკვლელობის მიზნით, თ. მ-ი, ი. გ-სა და ი. ი-ან ერთად შეხვდა ლ-ს ი-ას, რა დროსაც სამივე მათგანმა, რამდენჯერმე, ცეცხლსასროლი იარაღის მსგავსი საგნების გამოყენებით, გაისროლეს. სროლის შედეგად ლ-ას იოსავამ მიიღო მარჯვენა ფეხის ბარძაყის არეში სიცოცხლისთვის სახიფათო, გამჭოლი ჭრილობა, რის შემდგომაც თ. მ-მა, ი. გ-მ და ი. ი-მ ცეცხლსასროლი იარაღის მსგავსი საგნები მიმართეს ლ-ს ი-ას მიმართულებით, რა დროსაც ი. გ-მ ცეცხლსასროლი იარაღის მსგავსი საგნიდან გასროლით ლ-ას ი-ას მუცლის ღრუში მიაყენა სიცოცხლისთვის სახიფათო, გამჭოლი ჭრილობა. აღნიშნული ქმედებების შემდგომ, თ. მ-ი, ი. გ-სა და ი. ი-ან ერთად მიიმალა შემთხვევის ადგილიდან, ხოლო ლ-ას ი-ას სიკვდილი თავიდან იქნა აცილებული დროული სამედიცინო დახმარების გაწევის შედეგად.

· 2023 წლის 29 ივლისს, ღამის საათებში, თ-სი, გ-ანი, ნ. კ-ის ქუჩა N..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ი. გ-მ ცეცხლსასროლი იარაღის მსგავსი საგნის გამოყენებით თავს დაესხა ლ-ს ი-ას, ზემოაღნიშნული იარაღიდან გასროლით სხეულის არეში მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო ჭრილობა და მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა მის კუთვნილ „აიფონ 14-ის“ ფირმის მობილურ ტელეფონს, ღირებულს 2000 ლარად.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 29 აპრილის განაჩენით:

2.1. თ. მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 17 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2023 წლის 30 ივლისიდან.

2.2. ი. გ-ძე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

2.3. ი. გ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 17 წლით თავისუფლების აღკვეთა.

2.4. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა ი. გ-ის მიმართ ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 24 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული პირობითი მსჯავრი. სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილით თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 24 ნოემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ი. გ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 17 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2023 წლის 2 აგვისტოდან.

2.5. ი. ი-ძე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის ,,ი“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

2.6. ი. ი-ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

2.7. ი. ი-ს განემარტა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.

3. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი:

3.1. 2023 წლის 29 ივლისს, ღამის საათებში, თ-ში, გ-ში, ნ. კ-ის ქუჩა N..-ის მიმდებარედ, განზრახ მკვლელობის მიზნით, თ. მ-ი, ი. გ-ნ ერთად, შეხვდა ლ-ას ი-ას, რა დროსაც ორივე მათგანმა რამდენჯერმე, ცეცხლსასროლი იარაღის მსგავსი საგნების გამოყენებით, გაისროლა. სროლის შედეგად ლ-ას ი-მ მიიღო მარჯვენა ფეხის ბარძაყის არეში სიცოცხლისთვის სახიფათო, გამჭოლი ჭრილობა, რის შემდგომაც თ. მ-მა და ი. გ-მ ცეცხლსასროლი იარაღის მსგავსი საგნები მიმართეს ლ-ას ი-ს მიმართულებით. შედეგად, ლ-ას ი-ას მუცლის ღრუში მიაყენეს სიცოცხლისათვის სახიფათო, გამჭოლი ჭრილობა. შემდეგ კი, თ. მ-ი ი. გ-ან ერთად მიიმალა შემთხვევის ადგილიდან, ხოლო ლ-ს ი-ს სიკვდილი თავიდან იქნა აცილებული დროული სამედიცინო დახმარების გაწევის შედეგად.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 20 თებერვლის განაჩენით:

4.1. ბრალდებისა და დაცვის მხარეების სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 29 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. კასატორმა - თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მარიკა ტყაბლაძემ საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 20 თებერვლის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ: ი. ი-ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტით და შესაბამისი სასჯელის შეფარდება; ი. გ-ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და შესაბამისი სასჯელის შეფარდება; თ. მ-ის შეფარდებული სასჯელის დამძიმება.

5.1. კასატორმა - მსჯავრდებულ თ. მ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ. ს-მ საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 20 თებერვლის განაჩენის გაუქმება და თ. მ-ის გამართლება.

5.2. კასატორმა - მსჯავრდებულ ი. გ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ი. ხ-მა საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 20 თებერვლის განაჩენის გაუქმება და ი. გ-ის გამართლება.

5.3. გამართლებულ ი. ი-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ზ. გ-მა შესაგებლით მოითხოვა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ მარიკა ტყაბლაძის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 20 თებერვლის განაჩენის ძალაში დატოვება.

6. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

6.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.

7. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას მსჯავრდებულების - თ. მ-ისა და ი. გ-ის საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის მსჯავრდების შესახებ.

8. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი ეფუძნება კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას (დაზარალებულ ლ-ას ი-ასა და მოწმეების - ზ. კ-ის, ზ. ნ-ის, თ. მ-ის, ნ. ბ-ს, გ. ჯ-ის, ს. ძ-სა და სხვათა ჩვენებებს, დანაშაულის შესახებ შეტყობინებებს, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმებს, ამოღების ოქმებს, ადგილმდებარეობის დათვალიერების ოქმს, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს, ავტომანქანის დათვალიერების ოქმს, ფოტოსურათით ამოცნობის ოქმებს, დაკავების ოქმებს, საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს ბალისტიკური ექსპერტიზის №.. დასკვნას, ოდოროლოგიური ექსპერტიზის №.. დასკვნას, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის №... დასკვნას, ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმს, ასევე სასამართლოს სხდომაზე გამოკვლეული ვიდეოჩანაწერებს), რომლებითაც გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება თ. მ-ისა და ი. გ-ის მიერ მათთვის მსჯავრადშერაცხული ქმედების ჩადენა.

9. უსაფუძვლოა დაცვის მხარის წარმომადგენელ მომჩივანთა პოზიცია იმის თაობაზე, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება შემთხვევის ადგილზე მსჯავრდებულთა ყოფნის ფაქტი. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი ვიდეოჩანაწერები იძლევა ავტომანქანის მარკის, მოდელისა და ფერის, ხოლო გადაღებული კადრები - წვერიანი მამაკაცის იდენტიფიცირების საშუალებას; ასევე, თუ როგორ სხდება სამი პიროვნება ავტომანქანაში და ტოვებს შემთხვევის ადგილას; ვიდეოჩანაწერებში ჩანს, რომ ერთ-ერთ პირს აქვს ზურგჩანთა. ოდოროლოგიური ექსპერტიზის დაკსვნით კი, უტყუარად დასტურდება უშუალოდ მსჯავრდებულთა ყოფნა ავტომანქანაში.

10. მსჯავრდებულთა შემთხვევის ადგილზე ყოფნის ფაქტი ასევე დადასტურებულია მოწმე ს. ძ-ის ჩვენებით. მართალია, მან სასამართლოში უარყო გამოძიების წინაშე მიცემული ინფორმაცია, თუმცა ის განმარტებები, რაც მან ჩვენების მიცემისას დაადასტურა, სრულად შეესაბამება საქმეზე გამოკვლეულ ვიდეოჩანაწერებსა და ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნას. კერძოდ, ს. ძ-მა პირველი ინსტანციის სასამართლოში ჩვენების მიცემისას განცხადა შემდეგი: თ. მ-ი არის მისი მეგობარი. 2023 წლის 29 ივლისს მისი კუთვნილი „ნისან ფუგას“ მარკისა და მოდელის ავტომანქანით თ. მ-სა და მის მეგობარ გოგონასთან და ერთად იმყოფებოდა ქ. თ-ში, გ-ის ტერიტორიაზე საშაურმეებთან. იქიდან თ-მა სთხოვა თავის მეგობრებთან წაყვანა გ-ის ტერიტორიაზე. თ-ი შეხვდა ორ მეგობარს, რომლებიც დატოვეს გ-ის ტერიტორიაზე, ხოლო თავად თ-ან ერთად წავიდა ლ-ოს დასახლებაში. მანამდე გ-ის ციხეების ტერიტორიაზე მის ავტომანქანაში იმყოფებოდნენ თვითონ და თ. მ-ი, რომელიც იჯდა მის გვერდით და თამაშობდნენ ე.წ. „სლოტებს“. თ-ზი ვის შეხვდა, არ იცის, თ-ს ის ორი პიროვნება მისთვის არ გაუცვნია და არც მათი აღწერა შეუძლია.

11. საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ოდოროლოგიური ექსპერტიზის №... დასკვნით, ს. ძ-ის მფლობელობაში არსებული ავტომანქანა „NISSAN FUGA-ს“ სახ.ნომრით ..... -დან ამოღებული სუნის კვლის ნიმუშები იდენტურია თ. მ-ის, ს. ძ-ისა და ი. გ-ან აღებული სუნის ნიმუშებისა.

12. საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს კასატორების პოზიციას მსჯავრდებულების უდანაშაულობის შესახებ, კერძოდ:

13. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ ქ. თ-ში, გ-ში, ნ. კ-ის ქუჩის №.., ..., ... და ..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე 2023 წლის 29 ივლისის 23:30 საათიდან 30 ივლისის 02:40 საათამდე პერიოდში ჩატარდა შემთხვევის ადგილის დათვალიერება, რა დროსაც სხვა ნივთებთან ერთად ამოღებულ იქნა ერთი ცალი ჩანთა. აღნიშნულ ჩანთაზე ჩატარდა ბიოლოგიური (სეროლოგიური, გენეტიკური) ექსპერტიზა და დადგინა, რომ პაკეტში, წარწერით: „...1 ჩანთა ამოღებული ნ. კ-ის N6 ის მიმდებარედ ბალახიანი ნიადაგის ზედაპირიდან..." მოთავსებული ზურგჩანთის უკანა ზედაპირზე, შუა მესამედში, მონაცრისფრო ლაქაზე არსებული ბიომასალის (ობ. N1) გენეტიკური პროფილი განსხვავდება ლ. ი-ას (ობ. N48; პაკეტი, წარწერით „...ნერწყვის ნიმუში აღებული... ლ. ი-ას პირის ღრუდან...“), თ. მ-ის (ობ. N49; პაკეტი, წარწერით „...თ. ზ-ას ძე მ-ის... ნერწყვის ნიმუში...) ი. გ-ისა (ობ. N50; პაკეტი, წარწერით „...ნერწყვის ნიმუში... აღებული ბრალდებულ ი. ნ-ის ძე გ-ის... პირის ღრუდან...“) და ს. ძ-ის (ობ. N51; პაკეტი, წარწერით „...ს. ა-ის ძე ძ-ის... ნერწყვის ნიმუში...") გენეტიკური პროფილებისაგან და ეკუთვნის მამრობითი სქესის სხვა პირს - უცნობს NI, რომელიც შესაძლოა წარმოადგენდეს ი. გ-ის (ობ. N50) ბიოლოგიურ ნათესავს. ამავე ჩანთის შესაკრავებზე, ხელსაკიდსა და სამხრეებზე და მთლიან ზედაპირზე არსებული ბიომასალის (ობ. N2 4) გენეტიკური პროფილები შერეულია. მაჟორული წილი ეკუთვნის ი. გ-ს (ობ. N50), მინორული წილი იდენტიფიკაციისათვის არაინფორმატიულია. ამდენად, შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ ჩანთაზე დადასტურდა ი. გ-ის გენეტიკური პროფილის არსებობა.

14. საგულისხმოა, რომ მოწმე თ. მ-მა ჩვენების მიცემისას ასევე დაადასტურა, რომ 2023 წლის 29 ივლისს, როდესაც საღამოს საათებში მეგობრებსა და ნაცნობებთან - ნ-ნ, გ-სა და ზ-ან ერთად იმყოფებოდა ნ. კ-ის ქუჩაზე, შემთხვევის ადგილთან ახლოს; დაინახა, რომ მათკენ მირბოდა ერთი მამაკაცი, რომელსაც უკან მოსდევდა რამდენიმე პირი. ასევე გაიგონა სროლის ხმაც. როგორც მოწმეს ახსოვს, ერთ თავდამსხმელს ჰქონდა ჩანთა.

15. საკასაციო სასამართლო ერთ-ერთი მთავარი მოწმის - ზ. კ-ის ჩვენებასთან მიმართებით ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას და მასზე დამატებით აღარ იმსჯელებს.

16. თ. მ-ის საცხოვრებელი კორპუსის მეორე სადარბაზოს დათვალიერების ოქმთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ამ მტკიცებულებით დგინდება, რომ 2023 წლის 30 ივლისს 05:40 საათიდან 06:50 საათამდე პერიოდში საქართველოს შსს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს მე-2 სამმართველოს გამომძიებელმა მ. ჯ-მა, მოწმე ბ. ხ-ასა და ექსპერტ-კრიმინალისტების მეშვეობით, ქ. თ-ში, ლ-ოს დასახლებაში, ყოფილი პროფესიული სასწავლებლის შენობაში დაათვალიერა თ. მ-ის საცხოვრებელი კორპუსის მეორე სადარბაზო, რა დროსაც სარდაფის ჩასასვლელი კიბეებიდან ამოღებულ იქნა მამაკაცის ლურჯი ფერის შარვალი. მეორე სართულზე ასასვლელ ბაქანზე, ელექტრო ენერგიის მრიცხველების რკინის კარადის ქვემოდან ამოღებულ იქნა მოყავისფრო ფერის დასაკეც მექანიზმიანი დანა. მე-2 და მე-3 სართულებს შორის კიბის ბაქანზე ნანახი და ამოღებულ იქნა ლურჯი ფერის მოკლე მკლავიანი მაისური და სპორტული ფეხსაცმელი მოწითალო მოშავო ფერის ორნამენტებით, 39 ზომით და წარწერით „PUMA“. ფეხსაცმელს ძირსა და გვერდებზე აღენიშნებოდა მოწითალო ფერის ლაქები. საგულისხმოა, რომ აღნიშნული ადგილმდებარეობის დათვალიერების შედეგად ამოღებულ ნივთიერ მტკიცებულებებზე ჩატარდა ბიოლოგიური (სეროლოგიური, გენეტიკური) ექსპერტიზა.

17. საკასაციო სასამართლო კვლავ მიუთითებს, რომ სტანდარტი, რომელიც არის სისხლის სამართლის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად აუცილებელი, რომლის მიხედვითაც საქმეზე უნდა დადგინდეს პირმა ჩაიდინა თუ არა დანაშაული, ეს არის გონივრულ ეჭვს მიღმა. ამასთან, გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი არ არის სავალდებულო, იყოს აბსოლუტურად სარწმუნო და არ მოითხოვს პირის ბრალეულობის ყოველგვარი ეჭვის გარეშე დამტკიცებას, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობისთვის (მაგალითისათვის იხილეთ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 1 აგვისტოს განჩინება N572აპ-22).

18. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულების - თ. მ-ისა და ი. გ-ის მიმართ ბრალდების მხარემ დაძლია მტკიცების ტვირთი და წარმოადგინა ისეთი მტკიცებულებები, როგორიცაა - ვიდეოჩანაწერები, ნივთიერი მტკიცებულებები, ამოცნობის ოქმები, მოწმეთა ჩვენებები, ექსპერტიზის დასკვნები, რომლებიც ერთობლივად ობიექტურ დამკვირვებელს, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, დაარწმუნებს მათ მიერ ჯგუფურად, ლ. ი-ას განზრახ მკვლელობის მცდელობის ჩადენას, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის ,,ი“ ქვეპუნქტით.

19. რაც შეეხება სახელმწიფო ბრალმდებლის მოთხოვნას ი. ი-ის საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის ,,ი“ ქვეპუნქტითა და ი. გ-ის - სსკ-ის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში დამნაშავედ ცნობასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს და მიაჩნია, რომ ბრალდებას აღნიშნულ ნაწილში არ წარმოუდგენია გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებათა ერთობლიობა გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. იმედა იობიძესთან მიმართებით საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც პირდაპირ მიუთითებს მის მიერ დანაშაულის ჩადენაზე. დაზარალებულმა ლ. ი-ამ ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ ბრალდებულებს, და მათ შორის - ი. ი-ც არ იცნობს. საქმეზე წარმოდგენილი სხვა მტკიცებულები - საგამოძიებო და საპროცესო მოქმედების ოქმები თუ ექსპერტიზის დასკვნებიც არ მიუთითებენ ბრალადშერაცხულ ქმედებასთან ი. ი-ის კავშირს. საქმეში არსებული ვიდეოჩანაწერის გახსნისა და დათვალიერების ოქმებით, აღნიშნული ვიდეოჩანაწერებით, ბიოლოგიური და ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნებით არ დასტურდება ი. ი-ის კავშირი არც დაზარალებულსა და არც სხვა მსჯავრდებულებთან.

20. ი. გ-ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებასასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო, სააპელაციო სასამართლოს მსგავსად მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში, სისხლის სამართლის საქმეში გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება, რომ ი. გ-მ ძალადობის გამოყენებით წაართვა დაზარალებულ ლ. ი-ას მობილური ტელეფონი. თავად დაზარალებულმა ლ-ს ი-ამ განმარტა, რომ მასზე თავდასხმის დროს ჩაესმა ხმა: ტელეფონი, ტელეფონი, იყო ხალხმრავლობა, იფიქრა რომ ტელეფონის გამო დაესხნენ თავს და ნივთი გადააგდო. შესაბამისად, დაზარალებულის ჩვენებით არ დასტურდება, რომ მან მობილური ტელეფონი სიცოცხლის მოსპობის მუქარის გამო გადასცა თავდამსხმელებს და ი. გ-ძე ან სხვა რომელიმე თავდამსხმელი დაეუფლა მის მობილურ ტელეფონს.

21. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ი. გ-ის მიერ დაზარალებულის მიმართ ცეცხლსასროლი იარაღის მსგავსი საგნიდან გასროლა არ იყო მიმართული ლ-ას ი-ას ქონების ხელყოფისკენ და ემსახურებოდა მხოლოდ დაზარალებულის მიმართ ფიზიკურ ანგარიშსწორებას. შესაბამისად, ი. გ-ის ქმედებაში არ იკვეთება ყაჩაღობის ობიექტური შემადგენლობის სავალდებულო ნიშანი, რის გამოც იგი კანონიერად გამართლდა აღნიშნულ ბრალდებაში.

22. მხარეთა საკასაციო საჩივრების საფუძვლიანი შემოწმებისა და საქმის მასალების გაცნობის შემდეგ, საკასაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ განსახილველ საქმეში არ იკვეთება ისეთი სამართლებრივი პრობლემა, რაც სამართლის განვითარებისათვის ახლებურ გადაწყვეტას საჭიროებს ან აქამდე დადგენილი სასამართლო პრაქტიკისგან განსხვავებულ სამართლებრივ მოცემულობას ქმნის.

23. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მოსამართლე თანაბრად აფასებს როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებელ, ისე შემამსუბუქებელ გარემოებებს. მნიშვნელოვანია, რომ საბოლოოდ დანიშნული სასჯელი ემსახურებოდეს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.

24. საქმეზე არსებული ყველა გარემოების ზედმიწევნით შესწავლის შედეგად საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თ. მ-ისა და ი. გ-ის საქართველოს სსკ-ის საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის ,,ი“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი ვერ ჩაითვლება მისი ქმედების ხასიათსა და პიროვნებასთან აშკარად შეუსაბამოდ, ვინაიდან სასჯელის შეფარდებისას სასამართლოებმა სრულად მიიღეს მხედველობაში მსჯავრდებულების პიროვნული მახასიათებლები, მათ მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმე და ხასიათი, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის დანიშვნის ზოგადი საწყისები და მსჯავრდებულებს განუსაზღვრეს კანონიერი და სამართლიანი სასჯელი.

25. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მომჩივნების მიერ წარმოდგენილ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, §31, ECtHR,11/11/2011). იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განიხილა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლომ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia; no.42371/08, §77, ECtHR, 18/03/2021).

26. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

27. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ მარიკა ტყაბლაძის, მსჯავრდებულ თ. მ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ს-ისა და მსჯავრდებულ ი. გ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ხ-ის საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 20 თებერვლის განაჩენზე;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

ნ. სანდოძე