Facebook Twitter

საქმე # 340100124009023315

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №519აპ-25 ქ. თბილისი

ბ-ი ო, 519აპ-25 24 ოქტომბერი, 2025 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 29 აპრილის განაჩენზე გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნატო ტორიაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. ო. ბ-ს, - დაბადებულს .. წლის .. აგვისტოს, - ბრალად ედება ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ (ორი ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგში:

· 2024 წლის 13 მარტს, დაახლოებით 01:00 საათზე, გ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ კ-ში მდებარე თავისივე საცხოვრებელ სახლში, ალკოჰოლური სასმლით მთვრალი ო. ბ-ი ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა მამას - დ. ბ-ს, რომელსაც გაუჩნდა მუქარის აღსრულების საფუძვლიანი შიში.

· 2024 წლის 15 მარტს, დაახლოებით 17:00 საათზე, გ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ კ-ში მდებარე თავისივე საცხოვრებელ სახლში, ალკოჰოლური სასმლით მთვრალი ო. ბ-ი ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა მამას - დ. ბ-ს, რომელსაც გაუჩნდა მუქარის აღსრულების საფუძვლიანი შიში.

2. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 7 მარტის განაჩენით:

2.1. ო. ბ-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111,1511-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში.

2.2. ო. ბ-ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა და განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან 1 თვის ვადაში, გირაოს შემტანს - მაია გელაშვილს (პ/ნ ...) უნდა დაუბრუნდეს ო. ბ-ის გირაოს უზრუნველსაყოფად შეტანილი ფულადი თანხა - 1000 ლარი.

2.3. ო. ბ-ს განემარტა, რომ მას უფლება აქვს, მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 29 აპრილის განაჩენით:

3.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 7 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. კასატორმა - გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნატო ტორიაშვილმა საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 29 აპრილის განაჩენის გაუქმება, ო. ბ-ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და შესაბამისი სასჯელის შეფარდება.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.

6. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ქმედების საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით დაკვალიფიცირებისათვის კუმულაციურად უნდა დადგინდეს, როგორც სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარის, ისე მისი განხორციელების საფუძვლიანი შიშის არსებობის ფაქტები. მუქარის შემადგენლობის ერთ-ერთი მთავარი ელემენტი - საფუძვლიანი შიშის გაჩენა - მნიშვნელოვანწილად თავად დაზარალებულის ჩვენებას ეყრდნობა. მოცემულმა პირმა უნდა მიუთითოს, თუ როგორ აღიქვა მუქარის შინაარსი, გაუჩნდა თუ არა მისი აღსრულების საფუძვლიანი შიში. სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარა, ცალკე აღებული, ვერ გამოიწვევს პირის დასჯას, აღწერილი უკანონო ქმედებების მიმართ დაზარალებულის სუბიექტური დამოკიდებულების გამჟღავნების გარეშე. შიშის ფაქტორის შეფასებისას აუცილებელია, გათვალისწინებული იყოს არა მხოლოდ სუბიექტური, არამედ - სხვა ობიექტური კრიტერიუმებიც.

7. ამდენად, საფუძვლიანი შიშის რეალურობის შეფასებისას ერთ-ერთ მთავარ დასაყრდენს დაზარალებულის ჩვენება წარმოადგენს.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად (N140აპ-21, N65აპ-20 განაჩენები), მუქარის ნაწილში გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენები დარჩა უცვლელად, ვინაიდან დაზარალებულებმა სასამართლოს არ მისცეს ბრალდებულის საწინააღმდეგო ჩვენებები, ხოლო სისხლის სამართლის საქმის მასალებში არ მოიპოვება სხვა, უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა პირისათვის ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენას.

9. პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას დაზარალებულმა დ. ბ-მა, მოწმეებმა თ. ს-მა და მ. გ-მა ისარგებლეს მათთვის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადეს ო. ბ-ის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, მუქარის შემთხვევაში დაზარალებულის ჩვენება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მტკიცებულებაა, რომლის გარეშეც რთულდება პირის საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით დამნაშავედ ცნობა, მითუფრო, როცა საქმეში არ არსებობს სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა დაზარალებულის მიერ განცდილი შიშის დასადასტურებლად.

10. ო. ბ-მა წარდგენილ ბრალდებაში თავი არ იცნო დამნაშავედ.

11. სახელმწიფო ბრალმდებელმა საკასაციო საჩივარში ო. ბ-ის მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულის დამადასტურებელ მტკიცებულებად მოიშველია გამოთხოვილი შეტყობინება, დათვალიერების ოქმი, მოწმეების - მ. ა-ის, ჯ. ვ-ის გამოკითხვის ოქმები. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას და მიუთითებს შემდეგს: მიუხედავად ირიბი ხასიათის მოწმეების - მ. ა-ისა და ჯ. ვ-ის გამოკითხვის ოქმში, მართალია, მოიპოვება პირდაპირი ინფორმაციაც (2024 წლის 15 მარტის ეპიზოდი), რაც ობიექტური ტესტით შესაძლებელს გახდიდა, სასამართლოს შეეფასებინა მუქარისა და შედეგად საფუძვლიანი შიშის განცდის ფაქტი, თუმცა მოწმეთა გამოკითხვისას მიწოდებული ინფორმაცია ეწინააღმდეგება საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს. მოწმე მ. ა-მა განმარტა, რომ დ. ბ-ან ინფორმაციის მიღების შემდეგ, ვინაიდან იკვეთებოდა დანაშაულის ნიშნები, მან და მისმა თანამშრომელმა ო. ბ-ი გადაიყვანეს შსს გ-ის რაიონულ სამმართველოში. ანალოგიურად მოწმე ჯ. ვ-მა განაცხადა, რომ დანაშაულის თაობაზე ინფორმაციას მოჰყვა მათი სამართლებრივი რეაგირება მაშინ, როდესაც დაკავების ოქმის თანახმად, ო. ბ-ი დააკავეს საკუთარ საცხოვრებელ სახლში სულ სხვა პირებმა (ი. დ-მ, ვ. გ-მა). მოწმეები ასევე განმარტავენ, რომ 2024 წლის 15 მარტს მუქარას ადგილი ჰქონდა 17:00 საათზე და აღნიშნული დრო იქნა მიჩნეული დანაშაულის დროდ პირის ბრალდების შესახებ დადგენილებითაც. თუმცა ბრალდების მხარის მიერ გამოთხოვილი სსიპ 112-ში დ. ბ-ის შეტყობინების აუდიოჩანაწერის თანახმად, შეტყობინება განხორციელებულია 2024 წლის 15 მარტს 15:51:29 საათზე - ,,დანაშაულის დრომდე“ 1 საათი და 8 წუთზე მეტით ადრე.

12. ანალოგიურად, დანაშაულის დროსთან დაკავშირებით, მოწმეთა ხელთარსებული ინფორმაცია წინააღმდეგობაშია შემაკავებელი ორდერის ოქმში მითითებულ დროსთან. მოწმეთა გამოკითხვისას მიღებული ინფორმაციით, ისინი დ. ბ-ის საცხოვრებელ სახლში გამოცხადდნენ 17:00 საათის შემდეგ (შეტყობინებაში - რეზოლუცია 2024 წლის 15 მარტს 17:13 საათზე), შემაკავებელი ორდერის ოქმის თანახმად, კი სავარაუდო ძალადობის ადგილზე სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლების მისვლის დროა 2024 წლის 15 მარტი 16:05 საათი, სავარაუდო ძალადობის დრო კი - 15:45 საათი. შესაბამისად, შემაკავებელი ორდერის ოქმისა და შეტყობინების თანახმად, სავარაუდო დანაშაულის დრო არის უფრო ადრე, ვიდრე 17:00 საათი. აღნიშნული მოწმეების გამოკითხვისას მიწოდებული ინფორმაციის სანდოობის შეფასებისას, გარდა იმისა, რომ მათ ო. ბ-ის პოლიციაში გადაყვანასთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს გამოძიებას, მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, თუ რამდენად უტყუარი ინფორმაცია მიიღეს დაზარალებულად ცნობილი დ. ბ-ან. მათ შორის, როგორც ზემოთ აღინიშნა, მუქარის დროსთან დაკავშირებით ინფორმაცია არასწორია, 17 საათის შემდეგ მას არაფერი შეუტყობინებია, იმ დღეს მომხდარ სხვა ფაქტზე კი, ინფორმაცია არ არსებობს.

13. დაზარალებულად ცნობილმა პირმა, მუქარის შინაარსზე სრულიად განსხვავებული ინფორმაცია მიაწოდა სამართალდამცავი ორგანოს სხვადასხვა წარმომადგენელს. მოწმეებს - მ. ა-სა და ჯ. ვ-ს განუმარტა, რომ ო. ბ-ი ემუქრებოდა ჯანმრთელობის დაზიანებით, სსიპ 112-ის ოპერტორს და შემაკავებელი ორდერის შემდგენ პირს (ა. შ-ს) კი მიაწოდა ინფორმაცია, რომ ო. ბ-ი დასდევდა მოსაკლავად. არანაკლებ მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ დაზარალებული, მოწმეთა ჩვენებებით, აშკარად წუხდა ბოლო კვირაში შვილის ალკოჰოლურ სასმელზე დამოკიდებულებით, რაც დაზარალებულის ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაციასთან ერთობლიობით, წარმოშობს ეჭვს, ხომ არ ამოძრავებდა მას რაიმე სხვა მოტივი. საკასაციო სასამართლოს გასაჩივრებული განაჩენის მსგავსად, შეუძლებლად მიაჩნია მოწმეების - მ. ა-ის, ჯ. ვ-ის გამოკითხვისას მიწოდებული ინფორმაცია და შეტყობინება მიიჩნიოს ისეთ სანდო და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობად, რაც სავალდებულოა გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად.

14. 2024 წლის 13 მარტის ეპიზოდთან მიმართებით საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ არ არსებობს არათუ პირდაპირი, არამედ ირიბ მტკიცებულებათა ერთობლიობაც კი, რომ დ. ბ-მა აღნიშნულ დღეს განიცადა საფუძვლიანი შიში.

15. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს ბრალდების მხარის მითითებას, რომ სასამართლომ უგულებელყო დადგენილი გარემოებები და ბრალდებულის დანაშაულში მამხილებელი მტკიცებულებები. სასამართლო სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივ შეფასებას, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ ადასტურებს ო. ბ-ის ბრალეულობას საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენაში და დამატებით აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტი განამტკიცებს in dubio pro reo საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს, რაც ავალდებულებს სასამართლოს, სათანადოდ შეაფასოს მტკიცებულებები, სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული წინააღმდეგობები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

16. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, ძალიან მწირი დასაბუთებაც საკმარისია კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის“ (Tchaghiashvili v. Georgia, ECtHR, no. 19312/07, §34, 02/09/2014).

17. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

18. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნატო ტორიაშვილის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 29 აპრილის განაჩენზე ო. ბ-ის მიმართ;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

ნ. სანდოძე