საქმე # 330100124009645946
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №525აპ-25 ქ. თბილისი
მ-ი ლ, 525აპ-25 24 ოქტომბერი, 2025 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 2 მაისის განაჩენზე თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნათია ჩუბინიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. ლ. მ-ს, - დაბადებულს ... წლის ... აგვისტოს, - ბრალად ედება ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობისა და ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სხვისი ნივთის განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:
· 2024 წლის 18 ივნისს, დაახლოებით 13:00 საათზე, თ-ში, წ-ის ქ.N..-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ეზოში, შელაპარაკებისას, ლ. მ-მა მარჯვენა გაშლილი ხელი ერთხელ დაარტყა მარცხენა ყურის არეში მამას - გ. მ-ს, რითაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
· 2024 წლის 18 ივნისს, დაახლოებით 13:00 საათზე, თ-ში, წ-ის ქ.N..-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ეზოში, შელაპარაკებისას, ლ. მ-ი მამას - გ. მ-ს დაემუქრა მოკვლითა და ავტომობილის დაწვით, რაც დაზარალებულმა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის აღსრულების საფუძვლიანი შიში.
· 2024 წლის 17 ივნისს, დაახლოებით 16:00 საათზე, თ-ში, წ-ის ქ.N..-ში ყოფნისას, ლ. მ-მა დედას - ფ. ჭ-ს კედელზე რამდენჯერმე დარტყმის გზით გაუნადგურა მისი კუთვნილი „სოკანის“ ფირმის ორთქლის უთო და ასევე ძირს ძლიერად დაგდების გზით - მისი კუთვნილი ,,ჰონორ იქს 7 ეი“ ს (honor x7a) მობილური, რითაც დაზარალებულს მიაყენა ჯამურად 310 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 19 დეკემბრის განაჩენით:
2.1. ლ. მ-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და 111,187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში.
2.2. ლ. მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 10 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2024 წლის 18 ივნისიდან.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 2 მაისის განაჩენით:
3.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 19 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. კასატორმა - თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნათია ჩუბინიძემ საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 2 მაისის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ: ლ. მ-ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 111,187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სამართლიანი სასჯელის შეფარდება.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.
6. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სახელმწიფო ბრალმდებლის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას, ვინაიდან მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და ამომწურავად დაასაბუთა მიღებული გადაწყვეტილება, რასაც საკასაციო სასამართლოც სრულად ეთანხმება. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება, რომ ლ. მ-მა ფიზიკურად იძალადა მამაზე - გ. მ-ზე, რითაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და არ მოჰყვა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, რასაც სადავოდ არც მხარეები ხდიან, განსხვავებით სიცოცხლის მოსპობისა/ქონების განადგურების მუქარისა და სხვისი ნივთის განადგურების ბრალდების ეპიზოდებისა, ვინაიდან ამ ნაწილში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადგენილ მტკიცებულებით სტანდარტს, რადგან არ არის საკმარისი ლ. მ-ის საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და 111,187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში დამნაშავედ ცნობისათვის.
7. პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას დაზარალებულებმა - გ. მ-მა (მამა) და ფ. ჭ-მა (დედა) ისარგებლეს კანონით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადეს შვილის - ლ. მ-ის მამხილებელი ჩვენების მიცემაზე.
8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მტკიცებულებები, რომლებზე ბრალდების მხარე აპელირებს, არ წარმოადგენს საკმარისს ბრალდების შესახებ დადგენილებაში ასახული ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად, რომლის მიხედვითაც, ლ. მ-ი მამას - გ. მ-ს, 2024 წლის 18 ივნისს, დაემუქრა მოკვლითა და ავტომობილის დაწვით, რაც დაზარალებულმა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის აღსრულების საფუძვლიანი შიში.
9. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილია გ. მ-ის მიერ 112-ში დაფიქსირებული შეტყობინების აუდიოჩანაწერის დათვალიერების ოქმი, სადაც ასახულია გ. მ-სა და 112-ის ოპერატორს შორის არსებული დიალოგი, რომლის მიმდინარეობისას დაზარალებული საერთოდ არ ახსენებს მუქარას და შვილის მხრიდან ფიზიკური ძალადობის გამო ითხოვს პოლიციის დახმარებას. აპელირება საფრთხის შესახებ, ყოველგვარი კონკრეტიზაციის გარეშე, უპირობოდ ვერ გახდება მუქარის ფაქტის დადასტურების საფუძველი. დასახელებული მტკიცებულებით ცალსახად დასტურდება, რომ გ. მ-მა შეტყობინების გაკეთების დროს მიუთითა შვილის მხრიდან ფიზიკური ძალადობის ფაქტზე, თუმცა სრულიად ბუნდოვანი რჩება საკითხი ლ. მ-ის მიერ 2024 წლის 18 ივნისს, მამის მიმართ სიცოცხლის მოსპობისა და ქონების განადგურების მუქარის თაობაზე.
10. 2024 წლის 18 ივნისს, ლ. მ-ის მიმართ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტზე გამოცემულ N.. შემაკავებელი ორდერთან მიმართებით საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მიუხედავად იმისა, რომ შემაკავებელი ორდერის ოქმში მითითებული ინფორმაცია ეხება მტკიცების საგანში შემავალ გარემოებას, მხოლოდ შემაკავებელი ორდერი, როდესაც არ არის წარმოდგენილი სხვა უტყუარი მტკიცებულება მასში აღწერილი გარემოებების დასადასტურებლად, მათ შორის, ვერც თავად დაზარალებულის ჩვენება იქნება მიჩნეული ლ. მ-ის ბრალის დამადასტურებლად გ. მ-ის მიმართ 2024 წლის 18 ივნისს მუქარის ეპიზოდში.
11. ლ. მ-ის მიერ მამის - გ. მ-ის მიმართ მუქარის დადასტურების კონტექსტში, გამოყენებული ვერ იქნება ვერც შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, ვინაიდან დაზარალებულ გ. მ-ის ნაამბობის გარდა, არ შეიცავს ახალ ფაქტობრივ გარემოებას, რაც, რაიმე ფორმით, უფრო ნათლად წარმოაჩენდა ლ. მ-ის მიერ ჩადენილ ქმედებას. გარდა ამისა, საგულისხმოა, რომ მასში არ არის მითითებული განსახილველი დანაშაულის ობიექტური შემადგენლობის ისეთ ნიშანზე, როგორიც არის მუქარის შედეგად განცდილი შიში.
12. ლ. მ-ის ბრალეულობას ასევე ვერ ადასტურებს გამომძიებლისა და პატრულ-ინსპექტორების ჩვენებები მათ მიერ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებულ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებათა სისწორესა და ავთენტურობასთან დაკავშირებით. არცერთი მათგანი მუქარის უშუალო თვითმხილველი არ ყოფილა, სხვა მტკიცებულება კი, რომელიც პალატას მისცემდა შესაძლებლობას, დაედგინა ჯერ ფაქტობრივი გარემოებები, ხოლო შემდეგ - დანაშაულის ობიექტური ნიშნები, ბრალდების მხარეს არ წამოუდგენია.
13. საკასაციო სასამართლო ასევე ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის შეფასებას, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადასტურდა ლ. მ-ის მიერ დედის - ფ. ჭ-ის კუთვნილი ნივთის განადგურების ფაქტი, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
14. მოცემულ შემთხვევაში, 2024 წლის 17 ივნისს, ლ. მ-ის მიერ ფ. ჭ-ის კუთვნილი მობილური ტელეფონის, ასევე უთოს განადგურების ფაქტთან დაკავშირებით ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში არ არის წარმოდგენილი არცერთი პირდაპირი ან ირიბი მტკიცებულება. ლ. მ-ის მიერ ამ პერიოდში ჩადენილ ქმედებაზე გამოძიების მიმდინარეობის დროს საუბრობდა მხოლოდ დაზარალებული ფ. ჭ-ი, რომელმაც ისარგებლა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გარანტირებული უფლებით და უარი განაცხადა შვილის მამხილებელი ჩვენების მიცემაზე.
15. 2025 წლის 17 ივნისს, ლ. მ-ის მიერ ოჯახის წევრის კუთვნილი ნივთის დაზიანების დამადასტურებელ ერთ-ერთ მტკიცებულებად სახელმწიფო ბრალმდებელი მიიჩნევს შეტყობინებას, რომლის ინიციატორი - გ. მ-ი 112-ის ოპერატორს ატყობინებს, რომ მისმა შვილმა წინა დღეს დალეწა ტელეფონები და უთოები. საკასაციო სასამართლო, სააპელაციო პალატის მსგავსად, აღნიშნავს, რომ შეტყობინებაზე აპელირება სრულიად დაუსაბუთებელია ბრალდების მხარის მხრიდან, ვინაიდან ნათელია, რომ გ. მ-ი გადმოსცემს ძალიან ზედაპირულ ინფორმაციას, ყოველგვარი კონკრეტიზაციისა და სხვა ფაქტობრივი გარემოებების აღწერის გარეშე, რითაც შეუძლებელია პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად დადასტურება.
16. მოცემულ შემთხვევაში, უდავოა, რომ მობილური ტელეფონი და უთო დაზიანებულია, რაც დადასტურებულია სასაქონლო ექსპერტიზის №.. დასკვნითაც, მაგრამ შეუძლებელია უტყუარად იმის მტკიცება, რომ სწორედ ლ. მ-ის განზრახი ქმედებების შედეგად დაზიანდა ისინი. იმის დადასტურებულად მიჩნევისათვის, თუ რა ვითარებაში დაზიანდა დაზარალებულის კუთვნილი ნივთები, საჭირო იყო სხვა დამატებითი, აშკარა და დამაჯერებელი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულებების წარმოდგენა, რაც ამ შემთხვევაში ვერ უზრუნველყო ბრალდების მხარემ.
17. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდების მხარის მიერ მითითებული საქმის მასალები არ ქმნის ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ლ. მ-ის საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და 111,187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დამნაშავედ ცნობისათვის, რის გამოც საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ პროკურორ ნათია ჩუბინიძის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იყოს ცნობილი, რადგან ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა საყოველთაოდ აღიარებული პრინციპის - „in dubio pro reo-ს“ გათვალისწინებით, ეჭვი სწორად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ და ლ. მ-ი გაამართლეს საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და 111,187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
18. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მომჩივნების მიერ წარმოდგენილ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, §31, ECtHR,11/11/2011). იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განიხილა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლომ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia; no.42371/08, §77, ECtHR, 18/03/2021).
19. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
20. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნათია ჩუბინიძის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 2 მაისის განაჩენზე;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
ნ. სანდოძე