Facebook Twitter

საქმე # 170100124010247769

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №567აპ-25 ქ. თბილისი

ვ-ი ვ, 567აპ-25 24 ოქტომბერი, 2025 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 5 მაისის განაჩენზე მსჯავრდებულ ვ. ვ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ შ. ბ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2025 წლის 11 თებერვლის განაჩენით:

1.1. ვ. ვ-ი, - დაბადებული ... წლის ... აპრილს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2025 წლის 13 იანვრიდან.

2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ვ. ვ-მა ჩაიდინა ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი, რაც გამოიხატა შემდეგში:

2.1. 2024 წლის აგვისტოს დასაწყისში, დღის დროს, თ-ოს მუნიციპალიტეტის დაბა მ-სში მდებარე ი. ბ-ის კუთვნილი სახლიდან, რომელში შესვლის უფლებაც ჰქონდა სარემონტო სამუშაოების საწარმოებლად, ვ. ვ-ი ფარულად, მართლსაწინააღდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ი. ბ-ის კუთვნილ ელშედუღების აპარატსა და კუთხსახეხს, რის შედეგადაც დაზარალებულს მიადგა 900 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 5 მაისის განაჩენით:

3.1. დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2025 წლის 11 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. კასატორმა - მსჯავრდებულ ვ. ვ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა შ. ბ-მა საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 5 მაისის განაჩენის გაუქმება და ვ. ვ-ის გამართლება.

4.1. მარნეულის რაიონული პროკურატურის სტაჟიორმა - გიორგი გელანტიამ შესაგებლით მოითხოვა მსჯავრდებულ ვ. ვ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ შ. ბ-ის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 5 მაისის განაჩენის უცვლელად დატოვება.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.

6. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კასატორის პოზიციას, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არის უკანონო და დაუსაბუთებელი, ვინაიდან, ერთი მხრივ, გადაწყვეტილება გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, ხოლო, მეორე მხრივ, განაჩენში ნათლად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სარწმუნოდ დადგინდა ვ. ვ-ის მიერ მისთვის მსჯავრად შერაცხული დანაშაულის ჩადენა, რომლის საპირისპიროს მტკიცება არ გამომდინარეობს კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებული და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობიდან.

7. პირველი ინსტანციის სასამართლოში ჩვენების მიცემისას დაზარალებულმა ი. ბ-მა განმარტა, რომ ეზოს ჭიშკრის გაკეთებასთან დაკავშირებით შეუთანხმდა ვ. ვ-ს, მოილაპარაკეს ფასზე. ვ-ს უნდა ემუშავა მ-ში მდებარე მის საცხოვრებელ სახლში, თუმცა როცა ადგილზე ჩავიდა, ნახა, რომ არც ჭიშკარი იყო დამზადებული და არც მის მიერ შეძენილი ნივთები დახვდა ადგილზე, კერძოდ, წაღებული იყო 800 ლარად შეძენილი ელშედუღების აპარატი და 100 ლარად შეძენილი კუთხსახეხი. დაზარალებულმა ასევე განმარტა, რომ ვ-ს სხვა საქმე აუღია და მუშაობისათვის მის ხელსაწყოებს იყენებდა. მოგვიანებით ამოიცნო თავისი კუთვნილი ელშედუღების აპარატი და კუთხსახეხი, რომლებიც ამოღებული იქნა ვ. ვ-ის საცხოვრებელი სახლიდან.

8. დაზარალებულ ი. ბ-ის ჩვენება სრულად შეესაბამება ი. ბ-ის სახლის ჩხრეკისა და ნივთების ამოცნობის ოქმებს. აღსანიშნავია, რომ დაზარალებულ ი. ბ-ის სახლიდან ნივთების წამოღების ფაქტს არ უარყოფს თავად მსჯავრდებული, თუმცა განმარტავს, რომ ვინაიდან ი. ბ-მა ჩამოართვა პასპორტი და აღარ უბრუნებდა, სწორედ ამიტომ წამოიღო აღნიშნული ხელსაწყოები, თუმცა მისი მისაკუთრების მიზანი არ ჰქონია. პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის აღნიშნულ არგუმენტაციას და აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ფაქტი, რომ ვ. ვ-ი ფარულად დაეუფლა აღნიშნულ ნივთებს, რამდენიმე კვირის განმავლობაში ფლობდა მათ, აღნიშნულის თაობაზე კი არც შეუტყობინებია ი. ბ-ის და არც დაბრუნება უცდია მისთვის. ამდენად, ფაქტია, რომ შედუღების აპარატისა და კუთხსახეხის ფარულად დაუფლების შემდეგ ვ. ვ-ი ფლობდა მათ და შეეძლო თავისი შეხედულებისამებრ განეკარგა ისინი. შესაბამისად, სახეზეა ნივთების მისაკუთრების მიზანიც.

9. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვ. ვ-ის ქმედებაში გამოკვეთილია მისთვის მსჯავრად შერაცხული დანაშაულის - ქურდობის - ყველა სავალდებულო ნიშანი, რისი მხედველობაში მიღებითაც, მისი მსჯავრდება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - კანონიერია.

10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

11. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ვ. ვ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ შ. ბ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 5 მაისის განაჩენზე;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

ნ. სანდოძე