საქმე # 330100124009566366
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №354აპ-25 თბილისი
ა-ძე ი, 354აპ-25 7 ოქტომბერი, 2025 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 28 თებერვლის განაჩენზე მსჯავრდებულ ი. ა-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. თ-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 10 დეკემბრის განაჩენით:
ი. ა-ე, დაბადებული .. წლის .. ოქტომბერს, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 5 წლით.
„ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის საფუძველზე, 1/5-ით შეუმცირდა დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 4 წლით.
მსჯავრდებულ ი. ა-ს სასჯელის მოხდა აეთვალა – 2024 წლის 10 დეკემბრიდან; მასვე სასჯელის მოხდის ვადად ჩაეთვალა დაკავებაში ყოფნის დრო –2024 წლის 20 მაისიდან 2024 წლის 9 ივლისის ჩათვლით.
2. ი. ა-ს მსჯავრი დაედო იმის გამო, რომ მან ჩაიდინა თაღლითობა ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგით:
2023 წლის დეკემბერში, ა. მ-მ, ც. ჯ-ამ, თ. ს-მ, ი. გ-მ და ს. ს-მ გადაწყვიტეს 2024 წლის 8-13 მარტის პერიოდში, ერთად დაესვენათ ე-ში, ბ-აში. ამ მიზნით, დახმარება სთხოვეს მათ თანამშრომელს: რ. ნ-ს, რომელიც უკეთესად ერკვეოდა მსგავს საკითხებში. რ. ნ-ძე, წინა გამოცდილებიდან გამომდინარე, აღნიშნულის მოგვარების მიზნით, დაუკავშირდა ი. ა-ს. ი. ა-მ, გამოიყენა მისდამი არსებული ნდობა და 2023 წლის დეკემბერში, ზემოაღნიშნულ პირთა კუთვნილი თანხების მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების მიზნით, დაჰპირდა დახმარებას და მოგზაურობის დაგეგმვის მიზნით, შესთავაზა მათ შესაბამისი თანხა; მასში შედიოდა ბილეთების, სასტუმროსა და დაზღვევის თანხა, რომელიც ა. მ-მ, ც. ჯ-ამ, თ. ს-მ, ი. გ-მ და ს. ს-მ, ი-ი-ს-ის ტერიტორიაზე, ნაწილობრივ, ხელზე გადასცეს რ. ნ-ს და ასევე, პერიოდულად გადარიცხეს რ. ნ-ის საბანკო ანგარიშზე, რ. ნ-მ კი, თავის მხრივ, ჯამურად, 5690 ლარი გადარიცხა ი. ა-ის ანგარიშზე. ი. ა-მ, დაარწმუნა ისინი, რომ შეთანხმებულ დროს წავიდოდნენ სამოგზაუროდ, თუმცა, არ შეიძინა ფრენის ბილეთები და არ უზრუნველყო სხვა მომსახურება; მან, წინასწარი განზრახვით არ შეასრულა ზემოაღნიშნული დაპირება და 2023 წლის დეკემბრიდან 2024 წლის მარტამდე, ა. მ-ის, ც. ჯ-ას, თ. ს-ის, ი. გ-ისა და ს. ს-ის კუთვნილ თანხებს მართლსაწინააღმდეგოდ, მოტყუებით დაეუფლა. აღნიშნული ქმედების შედეგად ა. მ-ს მიადგა – 750 ლარის, ც. ჯ-ას – 750 ლარის, თ. ს-ს – 1130 ლარის, ი. გ-ს – 1560 ლარის, ხოლო ს. ს-ეს – 1500 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 28 თებერვლის განაჩენით:
დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 10 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. კასატორები – მსჯავრდებული ი. ა-ძე და მისი ინტერესების დამცველი, ადვოკატი ი. თ-ა – ითხოვენ სააპელაციო სასამართლოს განაჩენით დანიშნული სასჯელის შემცირებას, ი. ა-ის თავისუფლების აღკვეთის 4 წლის ვადით დანიშნვას და მის 1/5-ით შემცირებას („ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის საფუძველზე). საკასაციო საჩივრის თანახმად, ი. ა-ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია. იგი აღიარებს ჩადენილ დანაშაულს და მტკიცებულებები გახადა უდავოდ.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-300 მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, განაჩენი იმ შემთხვევაში მიიჩნევა უკანონოდ, როდესაც გამოყენებულია სასჯელის ისეთი სახე ან ზომა, რომელიც აშკარად არ შეესაბამება მსჯავრდებულის ქმედების ხასიათსა და ამავდროულად, მის პიროვნებას. სასჯელის დანიშვნის სტადიაზე მოსამართლე, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, თანაბრად აფასებს, როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებელ, ისე – შემამსუბუქებელ გარემოებებს.
7. საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას, ვადით – ოთხიდან შვიდ წლამდე.
8. განსახილველ შემთხვევაში, ი. ა-ს დანიშნული აქვს თავისუფლების აღკვეთის მინიმუმთან მიახლოებული ზომა (5 წელი), რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის საფუძველზე შემცირებულია 1/5-ით და საბოლოოდ მოსახდელად დარჩენილი აქვს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. კასატორი კი ითხოვს აღნიშნული სასჯელის მინიმალურ ზომამდე შემსუბუქებას.
9. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს მსჯავრდებულ ი. ა-ის ინდივიდუალურ მახასიათებლებს, მის პირად და ოჯახურ მდგომარეობას, ჩადენილი ქმედების აღიარებას, მტკიცებულებების უდავოდ ცნობის ფაქტს, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, მაგრამ აღნიშნული გარემოებების პარალელურად, სასამართლო აგრეთვე აფასებს ი. ა-ის მიერ ჩადენილი ქმედების ხერხს, ხასიათს, დაზარალებულთა რაოდენობას, დამდგარი მართლსაწინააღმდეგო შედეგის მოცულობას და მიაჩნია, რომ მსჯავრდებულის მიმართ თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემცირების საფუძველი არ არსებობს; ამასთან, არც დაცვის მხარეს მიუთითებია ისეთი ახალი სახის გარემოებაზე, რომელიც საკასაციო სასამართლოს წარმოდგენილი საჩივრის დასაშვებობის რომელიმე სამართლებრივ საფუძველს შეუქმნიდა.
10. ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის შესაბამისად, ,,როდესაც საკასაციო სასამართლო უარს აცხადებს საქმის განხილვაზე იმ საფუძვლით, რომ არ არსებობს საქმის განხილვის სამართლებრივი საფუძვლები, კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები შეიძლება დაკმაყოფილდეს მცირე დასაბუთებით“ (,,ყუფარაძე საქართველოს წინააღმდეგ“ (Kuparadze v. Georgia), N30743/09, 21/09/2017, §76).
11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ი. ა-ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. თ-ას საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 28 თებერვლის განაჩენზე;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე – ლ. თევზაძე
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
ნ. სანდოძე