Facebook Twitter

საქმე # 020100123008164743

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №471აპ-25 ქ. თბილისი

შ-ა ნ, 471აპ-25 5 ნოემბერი, 2025 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 5 მარტის განაჩენზე ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ მარიამ ქორიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. ნ. შ-ს, - დაბადებულს .. წლის ... სექტემბერს, - ბრალად ედება განზრახ მკვლელობის მცდელობა, რაც გამოიხატა შემდეგში:

1.2. 2023 წლის 3 ოქტომბერს, დაახლოებით 13:40 საათზე, ქ. ზ-ში, კ-ას ქუჩის №..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, შურისძიების ნიადაგზე, სიცოცხლის მოსპობის განზრახვით, დანის გამოყენებით ნ. შ-ამ თ. ბ-ას მიაყენა დაზიანება მარცხენა მკლავისა და წელის არეში, რის შედეგად თ. ბ-ია დაეცა. ამის შემდგომ ნ. შ-ა კვლავ ცდილობდა მისთვის დანის დარტყმას, თუმცა მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ვერ შეძლო განზრახვის აღსრულება და თ. ბ-ია გადარჩა.

2. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 30 აპრილის განაჩენით:

2.1. ნ. შ-ია ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში.

2.2. გაუქმდა ნ. შ-ას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა და იგი გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

2.3. გამართლებულს განემარტა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 5 მარტის განაჩენით:

3.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 30 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. კასატორმა - ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მარიამ ქორიძემ საკასაციო საჩივრით მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 5 მარტის განაჩენის გაუქმება, ნ. შ-ას დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სამართლიანი სასჯელის შეფარდება.

4.1. გამართლებულ ნ. შ-ს ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა - ჯ. გ-ამ და ე. რ-ამ შესაგებლით მოითხოვეს ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ მარიამ ქორიძის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 5 მარტის განაჩენის ძალაში დატოვება.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.

6. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა, მტკიცებულებათა სათანადო და ობიექტური შეფასების შედეგად, სამართლიანად გადაწყვიტეს გონივრული ეჭვი ბრალდებულის სასიკეთოდ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

7. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის პოზიციას, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება ნ. შ-ს ბრალეულობა და სრულად ეთანხმება სააპელაციო პალატის არგუმენტებს, რომელთა თანახმად, ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს, რის გამოც შეუძლებელია წარდგენილი ბრალდებით ნ. შ-ას მსჯავრდება, კერძოდ:

8. თ. ბ-ამ 1-ლი ინსტანციის სასამართლოში ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ 2023 წლის 3 ოქტომბერს, რ. ღ-ან ერთად აპირებდა გასვენებაში წასვლას. გასვენებაში უნდა წაეყვანა ლ. ლ-იც, რომლის სახლის სიახლოვესაც გააჩერა მანქანა, ჩავიდა ავტომანქანიდან. როდესაც მიემართებოდა ლ-ის სახლისკენ, დაინახა ნ. შ-ია, რომელმაც მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, შეაგინა დედა და მისკენ გამოემართა.

9. განსხვავებული ჩვენება მისცა ნ. შ-ამ. მან აჩვენა, რომ 2023 წლის 3 ოქტომბერს იმყოფებოდა ქ. ზ-ში გ. წ-ან ერთად, როდესაც მობილურ ტელეფონზე მიიღო შეტყობინება: „ფრთხილად იყავი, გიზიან“. მისწერა თუ ვინ უთვალთვალებდა, რაზეც პასუხად მიიღო, რომ ეს იყო ბ-ია. ამის შემდგომ გამოემშვიდობა მეგობარს და წავიდა ავტომანქანისკენ, თითქმის ავტომანქანასთან მისულს უკნიდან შემოესმა ხმა, „მოდი, შე ასეთო, შე ისეთოო“.

10. ვიდეოჩანაწერის დათვალიერებით დადგენილია, რომ ნ. შ-ია ესაუბრება ორ პირს, დაემშვიდობა მათ და მიემართება თავის ავტომანქანისკენ. ამ დროსაც საკუთარი ავტომანქანიდან გადმოდის თ. ბ-აც. თანადროულად ავტომანქანიდან გადმოდის რ. ღ-ია. თ. ბ-ია სწრაფი ნაბიჯით გაივლის ლ. ლ-ის სახლისკენ მიმავალ ჩიხს და მიდის ნ. შ-ას მიმართულებით.

11. თ. ბ-ამ ჩვენების მიცემისას ასევე აღნიშნა, რომ ნ. შ-მ ორჯერ მოუქნია დანა, რომელიც ხელში ეჭირა. როგორღაც შეძლო და აიცილა. შემდეგ კი ხელსა და წელზე მოხვდა დანა. დარტყმა იმდენად ძლიერი იყო, რომ ეგონა, ხელი მოსძვრა და წაიქცა.

12. ნ. შ-ამ, პირიქით, არ დაადასტურა მოვლენების ამგვარი განვითარება და ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ მას შემდეგ, რაც გაიგონა თ. ბ-ას ხმა და შემოტრიალდა, მოულოდნელად იგრძნო ძლიერი ტკივილი საფეთქლის არეში, შემდეგ კი გრძნობდა სხვა დარტყმებსაც. ტკივილისგან თვალთ დაუბნელდა და ძირს დაეცა. თვალი რომ გაახილა დაინახა ბ-ია, რომელივ მისკენ იწევდა და ხელში კასტეტი ეკავა. იქ მყოფი ხალხი კი არ აძლევდა მისკენ წასვლის საშუალებას. დაინახა აგრეთვე მამაკაცი დანით ხელში, რომელიც მისკენ იწევდა.

13. გამოკვლეული ვიდეოჩანაწერით დასტურდება, რომ თ. ბ-ია და რ. ღ-ია თითქმის ერთდროულად გადმოდიან მანქანიდან და მიემართებიან ნ. შ-ას მიმართულებით. შემდეგ მათ ეფარება ხე და ჩანს უკვე ძირს დაგდებული ნ. შ-ია, რომელსაც ფეხს ურტყამს რ. ღ-ია თან ხელში უჭირავს დანისმაგვარი საგანი.

14. ამდენად, საკასაციო სასამართლო, გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის მსგავსად, მიიჩნევს, რომ უტყუარად არ დასტურდება თ. ბ-ას ჩვენება იმის შესახებ, რომ ნ. შ-მ დაარტა დანა; აღნიშნულს მხოლოდ თ. ბ-ია უთითებს. ნ. შ-იას ხელში დანის არსებობა არ დასტურდება არც ვიდეოჩანაწერით და ამას არც თ. ბ-ას თანმხლები პირები ადასტურებენ თავიანთ ჩვენებებში. ისინი აღნიშნავენ რომ არ დაუნახავთ, ვინ დაჭრა ბ-ია.

15. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, ასევე დაუდასტურებელია თ. ბ-ას ჩვენებაში აღწერილი ის გარემოება, რომ ნ. შ-ია მიიწევდა დანის დასარტყმელად, თუმცა არ მიეცა ამის შესაძლებლობა, სავარაუდოდ რ. ღ-ამ ჰკრა ხელი და დანა დაუვარდა. საგულისხმოა, რომ ეს გარემოება არ დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა თავად რ. ღ-მაც. აქვე ყურადსარებია ის გარემოება, რომ 1-ლი ინსტანციის სასამართლოში ვიდეოჩანაწერის გამოკვლევისას, კადრში ასახული პიროვნებების იდენტიფიცირება სადაოდ მხარეებს არ გაუხდიათ.

16. საკასაციო სასამართლო, ისევე როგორც სააპელაციო სასამართლო, უდავოდ დადასტურებულად მიიჩნევს, რომ თ. ბ-ას სხეულზე არსებული დაზიანებები, ჭრილობების სახით (ორი დაზიანება) განვითარებულნი არიან რაიმე მჭრელი თვისებების საგნის ზემოქმედების შედეგად, იზოლირებულად აღებული, მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის ნიშნით, თუმცა უტყუარად არ დასტურდება, რომ ეს დაზიანებები მას ნ. შ-მ მიაყენა. რაც შეეხება მხრის ძვლის მოტეხილობას, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის N.. დასკვნის თანახმად, იგი არ არის განვითარებული მჭრელი ზედაპირის მქონე საგნის ზემოქმედების შედეგად.

17. გასათვალისწინებელია, რომ შემთხვევა მოხდა ხალხმრავალ ადგილას, რაც ჩანს კიდეც ვიდეოჩანაწერში, ნ. შ-ს ხელში დანის არსებობას კი არ ადასტურებს შემთხვევის ადგილზე მყოფი არცერთი პირი, მათ შორის არც ვიდეოჩანაწერში ჩანს მსგავსი რამ, დაჭრისას გამოყენებული იარაღი ბრალდების მხარემ ვერ მოიძია და არც ამოუღია.

18. ამდენად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ერთადერთი პირდაპირი მტკიცებულება - დაზარალებულ თ. ბ-ას ჩვენება არ შეესაბამება არც საქმეში არსებულ ვიდეოჩანაწერს, საქმეზე მოწმის სახით დაკითხულ პირთა ჩვენებებს, სამედიცინო ექსპერტიზის N... დასკვნა კი ადასტურებს მხოლოდ დაზიანების ფაქტს, ხარისხს, სიმძიმეს, ლოკალიზაციას, მაგრამ ვერ გამოდგება მათი მიმყენებლი პირის ვინაობის დადგენის თვალსაზრისით.

19. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიულ დანაწესს, რომლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს; საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის, სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, იმ გარემოებას, რომ „უტყუარობის კონსტიტუციური პრინციპი მოითხოვს არა მხოლოდ იმას, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უტყუარ (სანდო, გაუყალბებელ) მტკიცებულებებს ეფუძნებოდეს, არამედ იმასაც, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით ეჭვგარეშე დასტურდებოდეს პირის ბრალეულობა დანაშაულის ჩადენაში“(საქართველოს საკნსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება N 2/2/1276 საქმეზე „გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-77).

20. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, ძალიან მწირი დასაბუთებაც საკმარისია კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის“ (Kuparadze v Georgia, no. 30743/09, §76, ECtHR, 21/09/2017; Tchaghiashvili v Georgia, no. 19312/07, §34, ECtHR, 02/09/2014; Marini v. Albania, no. 3738/02, §106, ECtHR, 18/12/2007; Jaczkó v. Hungary, no. 40109/03, § 29, ECtHR ,18/07/2006).

21. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

22. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ მარიამ ქორიძის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 5 მარტის განაჩენზე;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

ნ. სანდოძე