საქმე # 190100124008783369
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №480აპ-25 ქ. თბილისი
ა-ი ნ, 480აპ-25 5 ნოემბერი, 2025 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 11 აპრილის განაჩენზე ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსი პროკურორის - გიორგი ღონღაძისა და მსჯავრდებულ ნ. ა-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. ბ-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 16 ივლისის განაჩენით:
1.1. დ. რ-ი, - დაბადებული ... წლის .. ივლისს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით და მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე, 2 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება. დ. რ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2024 წლის 10 იანვრიდან.
1.2. ნ. ა-ი, - დაბადებული .. წლის ... ივლისს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით და მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე, 2 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება. ნ. ა-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2024 წლის 9 იანვრიდან.
2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დ. რ-მა და ნ. ა-მა ჩაიდინეს ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ორი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:
2.1. 2024 წლის 8 იანვარს, დაახლოებით 16:15 საათზე, ფ-ა-მ-ი-გ-ის საავტომობილო გზის 42-ე კილომეტრზე, დაახლოებით 100 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობდა „მერსედეს ბენცის“ მარკის ავტომობილი, სახ.ნომრით ... , რომელსაც მართავდა ნ. ა-ი. მძღოლმა ვერ უზრუნველყო ავტომანქანის უსაფრთხოდ მართვა, დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების მოთხოვნები და შეეჯახა მის წინ მარცხნივ შეხვევის მანევრის ასევე კანონდარღვევით შესრულების პროცესში მყოფ „ოპელ ვექტრას“ მარკის ავტომობილს, სახ.ნომრით .... ავტომობილს მართავდა დ. რ-ი, რომელმაც, თავის მხრივ, დაარღვია „საგაზო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნები. ავტოავარიის შემდეგ ნ. ა-ის „მერსედეს ბენცის“ მარკის ავტომობილი გადაადგილდა სავალი ნაწილიდან და შეეჯახა გზის მიღმა მყოფ ქვეითებს - ე. მ-სა და ნ. ა-ს. ავტოავარიის შედეგად მიღებული ჯანმრთელობის დაზიანების გამო ე. მ-ი და ნ. ა-ი შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალნენ.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 11 აპრილის განაჩენით:
3.1. ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსი პროკურორის - გიორგი ღონღაძის შუამდგომლობა საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის შესახებ დაკმაყოფილდა.
3.2. დამტკიცდა პროკურორსა და მსჯავრდებულ დ. რ-ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება.
3.3. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 16 ივლისის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ:
3.4. დ. რ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით და მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 3 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 2 წელი და 4 თვე, სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით.
3.5. მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლების შესაბამისად, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა - 5000 ლარი; ასევე, 2 წლით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.
3.6. „ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი ნაწილისა და მე-9 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, დ. რ-ს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი შეუმცირდა 1/6-ით და პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად განესაზღვრა 3 წლითა და 20 დღით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დარჩენილი 1 წელი, 11 თვე და 10 დღე, სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით.
3.7. მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 5000 ლარი; ასევე, 2 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, რაც „ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, შეუმცირდა 1/6-ით და 1 წლითა და 8 თვით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება. დ. რ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2024 წლის 10 იანვრიდან.
3.8. მსჯავრდებულ ნ. ა-ის ინტერესების დამცველი ადვოკატების - ლ. ბ-ის, რ. მ-ისა და ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 16 ივლისის განაჩენი მსჯავრდებულ ნ. ა-ის მიმართ დარჩა უცვლელად.
4. კასატორმა - ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსმა პროკურორმა გიორგი ღონღაძემ საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 11 აპრილის განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულ ნ. ა-ის დანიშნული სასჯელის დამძიმება.
4.1. მსჯავრდებულ ნ. ა-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ლ. ბ-მ საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 11 აპრილის განაჩენში ცვლილების შეტანა და საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით ნ. ა-ის შეფარდებული სასჯელის შემსუბუქება.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.
6. საკასაციო სასამართლო პირველ რიგში აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეში წარმოდგენილია ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, კერძოდ: თავად მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენება, დაზარალებულების უფლებამონაცვლეებისა და მოწმეების - ა. ბ-ის, მ. ა-ის, ხ. ო-ას, ე. გ-ას, გ. ფ-ის, მ. ხ-ის, დ. ო-ას, დ. რ-ის, ნ. ა-ის, ვ. ქ-ის, კ. ვ-ის, ა. ა-ის, ფ. ბ-ის და ა. მ-ის გამოკითხვის ოქმები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, ადგილმდებარეობის დათვალიერების ოქმი და ფოტოსურათები, საქართველოს სს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ავტოსატრანსპორტო ექსპერტიზების №... და №... დასკვნები, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის №... დასკვნა, ბიოლოგიური (სეროლოგიური, გენეტიკური) ექსპერტიზის №... დასკვნა და სხვა მტკიცებულებები, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს მსჯავრდებულ ნ. ა-ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენას, რასაც არც კასატორები ხდიან სადავოდ.
7.მოცემულ შემთხვევაში პროკურორი გიორგი ღონღაძე ითხოვს მხოლოდ მსჯავრდებულ ნ. ა-ის მიმართ დანიშნული სასჯელის დამძიმებას, ხოლო დაცვის მხარე - მის შემსუბუქებას.
8. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
9. საკასაციო სასამართლო კვლავ მიუთითებს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას, სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე. შესაბამისად, სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, ამასთან, მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნების მისაღწევად.
10. „დანაშაულისთვის გათვალისწინებული სასჯელი, ერთი მხრივ, უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხეებთან გონივრულ პროპორციაში, ხოლო, მეორე მხრივ, უნდა იყოს შესაძლებლობა, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის დაკისრება მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38).
11. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, გაითვალისწინა ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე და ხერხი, პირადი და ეკონომიკური პირობები, კერძოდ: ნ. ა-მა აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, მტკიცებულებები მიიჩნია უდავოდ, რითაც ხელი შეუწყო სწრაფ მართლმსაჯულებას, პირველადაა სამართალში, ყოველივე ზემოაღნიშნულისა და საქართველოს სსკ-ის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, ნ. ა-ს კანონიერი და სამართლიანი სასჯელი განუსაზღვრა, რაც სრულად შეესაბამება საქმის ინდივიდუალურ გარემოებებს (ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და მსჯავრდებულის პიროვნებას). ამასთან, დაზარალებულთა უფლებამონაცვლეების პოზიცია სასჯელის დანიშვნის დროს გასათვალისწინებელი გარემოებაა, თუმცა უპირობოდ ვერ გახდება სასჯელის სიმკაცრის საფუძველი.
12. ამასთან, საქმის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიიჩნია დანიშნული სასჯელის პირობით ჩათვლა ან მსჯავრდებულის მიმართ დანიშნულ სასჯელზე საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენება. დანაშაულის აღიარება და სინანული, მტკიცებულებების მიმართ გამოხატული პოზიცია, სხვა შემამსუბუქებელ გარემოებებთან ერთად, სააპელაციო სასამართლოს მხედველობაში მიიღო სასჯელის დანიშვნისას და გამოხატულია საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილის სანქციის ფარგლებში მინიმალური სასჯელის - 6 წლით თავისუფლების აღკვეთის დანიშვნით (სსკ-ის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ექვსიდან ათ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.). მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ნ. ა-ის წინდახედულობის ნორმით აკრძალული ქმედების ხარისხი და შედეგი - ორი არასრულწლოვნის გარდაცვალება, ასევე, წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებები, ვერ გადაწონის გამოუსწორებელ შედეგს და ვერ გახდება მისთვის დანიშნული მინიმალური ზომის ნაწილის პირობითად ჩათვლის საფუძველი.
13. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no.12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
14. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
15. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსი პროკურორის - გიორგი ღონღაძისა და მსჯავრდებულ ნ. ა-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. ბ-ის საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 11 აპრილის განაჩენზე;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
ნ. სანდოძე