საქმე N 240100124010033190
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
საქმე №526აპ-25 ქ. თბილისი
ჭ-ა რ., 526აპ-25 31 ოქტომბერი, 2025 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
მამუკა ვასაძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სამეგრელო ზემო-სვანეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ანა არონიას საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 27 თებერვლის განაჩენზე.
I. ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით: რ. ჭ–იას – პირადი ნომრით ........., – ბრალად ედებოდა:
1.1. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, – დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
რ. ჭ–იას მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2024 წლის 14 აგვისტოს, შუადღის საათებში, ს.... მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ეზოში რ. ჭ–იამ ფიზიკურად იძალადა შვილის მეუღლის (სიძის) – გ. კ–ს მიმართ, კერძოდ, თანნაქონი ,,Xiaomi’’ ფირმის მობილური ტელეფონი ჩაარტყა თავში, რის შედეგადაც გ. კ–მ განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.
1.2. ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, – დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.
რ. ჭ–იას მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
რ. ჭ–იამ გადაწყვიტა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაუფლებოდა ხ.... მუნიციპალიტეტის ს...ს ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე „.... ბანკ–ის” საკუთრებაში არსებული ორსართულიანი სახლის დაშლის შედეგად მიღებულ სამშენებლო მასალას. ამ მიზნით მან დაარწმუნა თ. ჩ–ია და გ. ფ–ია, რომ საცხოვრებელი სახლი იყო მისი საკუთრება და სურდა მისი დაშლა და მასალის სახით გაყიდვა. 2022 წლის სექტემბრის დასაწყისში, რ. ჭ–სთან შეთანხმებისამებრ, თ. ჩ–იამ და გ. ფ–იამ დაიქირავეს პირები, რომელთა დახმარებით დაშალეს ხ.... მუნიციპალიტეტის ს...ს ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე მიწის ნაკვეთზე ს/კ ......... განთავსებული „ .... ბანკ–ის" საკუთრებაში არსებული ორსართულიანი სახლი, რის შემდეგაც რ. ჭ–ა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა დაშლილ ქონებას სამშენებლო მასალების სახით და ის გაასხვისა სხვა პირებზე, რითაც სს .... ბანკ–ს’’ მიაყენა 4400 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
1.3. სხვისი ნივთის განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, – დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით.
რ. ჭ–იას მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2022 წლის სექტემბრის დასაწყისში, რ. ჭ–მ დაქირავებული პირების მეშვეობით დაშალა/გაანადგურა ხ.... მუნიციპალიტეტის ს...ს ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე მიწის ნაკვეთზე ს/კ ....... განთავსებული „ .... ბანკ–ის’’ საკუთრებაში არსებული ორსართულიანი სახლი. სახლს სრულად მოანგრიეს მეორე სართული, ასევე პირველი სართულის გარკვეული ნაწილი, რის გამოც საცხოვრებელი სახლი გახდა დანიშნულისამებრ გამოსაყენებლად უვარგისი. აღნიშნულის შედეგად „ .... ბანკ–ს’’ მიადგა 22628.8 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.
2. სენაკის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 20 დეკემბრის განაჩენით:
2.1. რ. ჭ–ია ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში:
2.1.1. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის საფუძველზე გაუნახევრდა და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით;
2.1.2. საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით;
2.1.3. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, ხოლო დამატებით სასჯელად – ჯარიმა 3000 ლარი;
2.2. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ რ. ჭ–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით, ხოლო დამატებით სასჯელად – ჯარიმა 3000 ლარი;
2.3. რ. ჭ–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო 2024 წლის 14 აგვისტოდან 2024 წლის 27 აგვისტომდე;
2.4. საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლებისა და ,,დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად, პირობითი მსჯავრის მოხდის პერიოდში რ. ჭ–ს ყოფაქცევაზე კონტროლისა და დახმარების გაწევა დაევალა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის პრობაციის ბიუროს;
2.5. მსჯავრდებულ რ. ჭ–იას დაევალა ქვემო ქართლის პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი.
3. სენაკის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 20 დეკემბრის განჩინებით გასწორდა სენაკის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 20 დეკემბრის განაჩენში დაშვებული უზუსტობა და განაჩენის სარეზოლუციო ნაწილის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით:
3.1 რ. ჭ–ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში.
3.2. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა.
3.3. საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობითად;
3.4. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობითად, ხოლო დამატებით სასჯელად – ჯარიმა 3000 ლარი;
3.5. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ რ. ჭ–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით, ხოლო დამატებით სასჯელად - ჯარიმა 3000 ლარი.
3.6. სენაკის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 20 დეკემბრის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელი.
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა ანა არონიამ, რომელიც ითხოვს ცვლილებას ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 20 დეკემბრის განაჩენში სასჯელის დამძიმების კუთხით, კერძოდ, რ. ჭ–სათვის მსჯავრადშერაცხილი დანაშაულებისათვის ყველაზე მკაცრი სასჯელის – თავისუფლების აღკვეთის – განსაზღვრას, პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 27 თებერვლის განაჩენით სენაკის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 20 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა ანა არონიამ, რომელიც ითხოვს ცვლილებას გასაჩივრებულ განაჩენში სასჯელის დამძიმების კუთხით, კერძოდ რ. ჭ–სათვის მსჯავრადშერაცხილი დანაშაულების ჩადენაში მკაცრი სასჯელის – თავისუფლების აღკვეთის – განსაზღვრას პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით.
II. ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე – ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, par. 30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, par. 31, ECtHR,11/11/2011) და ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ. Gorou v. Greece (No.2) no. 12686/03, paras. 37, 41, ECtHR, 20/03/2009).
2. საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრა ბრალდების მხარემ, რომელიც ითხოვს რ. ჭ–ს მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრებას, კერძოდ სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრას პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით.
3. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ პროკურორ ანა არონიას საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 27 თებერვლის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება, შემდეგ გარემოებათა გამო:
4. ბრალდების მხარის საკასაციო მოთხოვნისა და დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის არარსებობის პირობებში, მხარეთა შორის დავის საგანს არ წარმოადგენს რ. ჭ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა. შესაბამისად, არ არსებობს აღნიშნულ ნაწილში (მსჯავრდების ნაწილში) ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განაჩენის გადასინჯვის საფუძველი. მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანია მსჯავრდებულის მიმართ დანიშნული სასჯელის სამართლიანობა.
5. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობა კი უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. „სასჯელი არ უნდა იყოს არც ზედმეტად მკაცრი და არც ზედმეტად ლმობიერი იმისათვის, რომ მიღწეული იქნეს სასჯელის მიზნები“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 11 ივლისის N 1/7/851 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე იმედა ხახუტაიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II- 7). ამიტომ „სასჯელი, ერთი მხრივ, უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხეებთან გონივრულ პროპორციაში, ხოლო, მეორე მხრივ ....ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის დაკისრება უნდა მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38), უნდა ეფუძნებოდეს საქმის სირთულეს, ქმედებიდან მომდინარე საფრთხეებს, ქმედების ჩადენის წინაპირობებს, მოტივებს, შედეგებს, დამნაშავის პიროვნების თავისებურებებს, სასჯელის ზემოქმედებას დამნაშავის მომავალ ცხოვრებაზე (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 11 ივლისის N1/7/851 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე იმედა ხახუტაიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-10).
6. რესოციალიზაციის მიზანი გულისხმობს სასჯელის მეშვეობით საზოგადოებაში საყოველთაოდ აღიარებული თანაცხოვრების წესებისადმი დამნაშავის შეგუებას, ამისათვის შესაბამისი პირობების შექმნის გზით, როგორც საპატიმრო დაწესებულებაში, ასევე, არასაპატიმრო სასჯელის შეფარდებისას, თავისუფლებაში ყოფნის პირობებში; ახალი დანაშაულის თავიდან აცილება კი ხორციელდება სპეციალური და ზოგადი პრევენციის ფარგლებში (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
7. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქცია სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ; საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილი – შინაპატიმრობას ვადით ერთიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან ხუთ წლამდე; ხოლო, საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილი – ჯარიმას, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ასიდან ას ოთხმოც საათამდე, გამასწორებელ სამუშაოს ვადით ერთ წლამდე, შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთიდან ხუთ წლამდე.
8. მოცემულ შემთხვევაში კასატორი სასჯელის გამკაცრების დასაბუთებისათვის უთითებს, რომ რ. ჭ–იას ბრალი დანაშაულთა ერთობლიობით აქვს წარდგენილი, მათ შორის ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ფიზიკური ძალადობისთვის; დაზარალებულს ბრალდებულის მიმართ გააჩნია პრეტენზია, რადგან მსჯავდებულს არ აუნაზღაურებია ქონებრივი ზიანი; რ. ჭ–იამ, შემაკავებელი ორდერის მიუხედავად, იძალადა ოჯახის წევრზე, მსჯავრადშერაცხილი ქმედებების ჩადენისას რ. ჭ–ა იყო პოლიციის თანამშრომელი.
9. დაზარალებულ გ. კ–იას მსჯავრდებულის მიმართ არ აქვს პრეტენზია (საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ეპიზოდი), ხოლო დაზარალებულ მ. ნ– პრეტენზია აქვს მსჯავრდებულის მიმართ, ვინაიდან რ. ჭ–ს არ აუნაზღაურებია მიყენებული ზიანი.
9.1. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ზიანის ანაზღაურება წარმოადგენს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებას და სასჯელზე გავლენას ახდენს შემსუბუქების თვალსაზრისით, ხოლო საწინააღმდეგო მოცემულობა არ შეიძლება შეფასდეს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად ან/და სასჯელის გამკაცრების საფუძვლად (მაგალითისთვის იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 28 ივნისის №449აპ-22 განაჩენი; 2022 წლის 3 ივნისის №388აპ-22 განჩინება; 2024 წლის 10 ივლისის 36აპ-24 განჩინება, 2024 წლის 17 ივლისის N500აპ-22 განჩინება). ამასთან, დაზარალებულს უფლება აქვს, ზიანის ანაზღაურება მოითხოვოს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 25 მა-ს №51აპ-19 განჩინება; 2021 წლის 12 ოქტომბრის №389აპ-21 განჩინება; 2024 წლის 16 ივლისის 504აპ-24 განჩინება; 2024 წლის 1 აგვისტოს 854აპ-24 განჩინება; 2024 წლის 14 ნოემბრის 845აპ-24 განაჩენი).
9.2. იმავდროულად, სასამართლო ითვალისწინებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ საქართველოს 2025 წლის 3 სექტემბრის კანონს, რომელიც აწესრიგებს დაზარალებულისათვის მიყენებული ქონებრივი ზიანის ანაზღაურების საკითხს, მათ შორის, საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში. ამავე კანონის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის მესამე ინსტანციის სასამართლოს აქვს გადაცემული, საქართველოს სსსკ-ის 1655 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ პირებს საქართველოს სსსკ-ით დადგენილი წესით დაზარალებულის კომპენსაციის გადახდის ვალდებულება არ ეკისრებათ და მისი გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიება არ ეფარდებათ.
10. სააპელაციო სასამართლომ რ. ჭ–ს ძირითად სასჯელად განუსაზღვრა ყველაზე მკაცრი სახის სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა. იმავდროულად, სააპელაციო სასამართლომ გაითვალისწინა, რომ რ. ჭ–მ ჩაიდინა ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულები, რაც აღიარა, უდავო გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითიც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, არ არის ნასამართლევი.
10.1. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ სასჯელის პირობითად ჩათვლისა და გამოსაცდელი ვადის დაწესების მიზანი არ არის დანაშაულის ჩამდენი პირის სისხლისსამართლებრივი ზემოქმედებისგან გათავისუფლება. გამოსაცდელი ვადა ის პირობაა, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული და უნდა შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობა.
11. „თავისუფლების აღკვეთა წარმოადგენს რა ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ზოგადად, სახელმწიფოს პოლიტიკა უნდა იყოს მის უკიდურეს შემთხვევაში გამოყენებაზე ორიენტირებული.… ამა თუ იმ ქმედებისთვის სასჯელის სახით პატიმრობის მხოლოდ იმ შემთხვევაში გათვალისწინება, როდესაც ეს ობიექტურად აუცილებელია ქმედების სიმძიმის, გამოწვევადი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნების და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, როდესაც, თუ არა საზოგადოებისგან პირის იზოლირება, შეუძლებელი იქნება მისგან პოტენციურად მომდინარე სხვა საფრთხეების განეიტრალება და სასჯელის მიზნების მიღწევა. ამასთან, მაშინაც კი, როდესაც პირის ქმედების რეგულირება აუცილებელია, თუ პასუხისმგებლობის სხვა ზომები/სახეები ობიექტურად საკმარისია კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის მიზნების მისაღწევად, კანონი უნდა უბიძგებდეს სამართალშემფარდებელს, სწორედ არასაპატიმრო ალტერნატივების გამოყენებისკენ“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-96).
11.1. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბრალდების მხარეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა დანიშნული სასჯელის სახის უსამართლობას, პრევენციის ან რესოციალიზაციის მიზნებთან შეუსაბამობას. შესაბამისად, საქართველოს სსკ-ის 39-ე და 53-ე მუხლების დებულებათა, ასევე პატიმრობის ultima racio ხასიათის გათვალისწინებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
12. საქართველოს სსსკ-ის მე-300 მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, განაჩენი იმ შემთხვევაში მიიჩნევა უკანონოდ, როდესაც გამოყენებულია სასჯელის ისეთი სახე ან ზომა, რომელიც აშკარად არ შეესაბამება მსჯავრდებულის ქმედების ხასიათსა და ამავდროულად, მის პიროვნებას. ,,აუცილებელია, სასჯელი ადეკვატურად შეესატყვისებოდეს საზოგადოებრივი საშიშროების შემცველი ქმედების სიმძიმეს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს გადაწყვეტილება N1/6/770 ,,საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ II-13).
13. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები, წარმოდგენილი მტკიცებულებები და მსჯავრდებულის ინდივიდუალური მახასიათებლები სამართლებრივად სწორად შეაფასა, რის შედეგადაც, რ. ჭ–ს განუსაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს, სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია) და შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია.
14. იმავდროულად, სასამართლო ითვალისწინებს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ სასჯელის განსაზღვრისას რ. ჭ–სათვის საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებისათვის სასჯელის განსაზღვრისას გათვალისწინებული არ იყო „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მოთხოვნები, კერძოდ,
15. ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის პირველი-მე-4 მუხლების, მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-6 მუხლის მოქმედება ვრცელდება იმ პირზე, რომელმაც შესაბამისი დანაშაული 2024 წლის 1 ივლისამდე ჩაიდინა, ხოლო მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მსჯავრდებულის (მათ შორის, ძებნილი მსჯავრდებულის) მიმართ ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის აღსრულების მიზნით გადაწყვეტილებას სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვის სტადიაზე იღებს შესაბამისი სასამართლო.
16. მსჯავრდებულ რ. ჭ–ს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრადშერაცხილი დანაშაული ჩადენილი აქვს 2024 წლის 14 აგვისტოს, შესაბამისად, მასზე ვერ გავრცელდება „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონი.
17. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით სასჯელისგან უნდა გათავისუფლდეს პირი, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული, რომელიც გათვალისწინებულია, მათ შორის, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 187-ე მუხლის პირველი ნაწილით, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია.
17.1. დაზარალებულმა მ. ნ–მ უარი განაცხადა რ. ჭ–ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის გამოყენებაზე (იხ.: სენაკის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 20 დეკემბრის სხდომის ოქმი 15:35:20-15:36:05)
18. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით ერთი მეექვსედით უნდა შეუმცირდეს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის პირველი−მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია და რომელსაც ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული დანაშაული არ ჩაუდენია.
18.1. დაზარალებულ მ. ნ. პოზიციიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ რ. ჭ–ზე ვერ გავრცელდება „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული შეღავათი, იმავდროულად, მას არ ჩაუდენია ამავე კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული დანაშაული, შესაბამისად, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე 1/6-ით უნდა შეუმცირდეს როგორც საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ძირითადი სასჯელი), ასევე საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრადშერაცხილი დანაშაულებისათვის განსაზღვრული სასჯელები.
19. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტით, ამ კანონის მე-4 მუხლით (გარდა მე-4 მუხლის მე-4 ან მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) გათვალისწინებული სასჯელის შემცირება ვრცელდება ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე, აგრეთვე სხვა სასჯელზე (გარდა ჯარიმისა, ქონების ჩამორთმევისა, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვისა და სამხედრო წოდების ჩამორთმევისა).
19.1. საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის განსაზღვრული სასჯელი – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა (რაც ჩაეთვალა პირობითად) უნდა შემცირდეს 1/6-ით და სასჯელის ზომად განესაზღვროს – 1 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც უნდა ჩაეთვალოს პირობითად.
19.2. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის განსაზღვრული ძირითადი სასჯელი – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა (რაც ჩაეთვალა პირობითად) უნდა შემცირდეს 1/6-ით და სასჯელის ზომად განისაზღვროს 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც უნდა ჩაეთვალოს პირობითად. დამატებითი სასჯელზე – ჯარიმა 3000 ლარი – „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მოქმედება არ ვრცელდება.
20. იმავდროულად, რ. ჭ–სათვის განსაზღვრულ სასჯელებზე ვერ გავრცელდება „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეღავათი ამავე კანონის მე-9 მუხლის მე-4 პუნქტის დანაწესიდან გამომდინარე, ვინაიდან რ. ჭ–ია 2024 წლის 1 ივლისის მდგომარეობით არ იყო პირობით მსჯავრდებული (რ. ჭ–ს მსჯავრდება მოხდა სენაკის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 20 დეკემბრის განაჩენით).
21. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 27 თებერვლის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება და რ. ჭ–ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებისათვის განსაზღვრულ სასჯელებზე (საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული დამატებითი სასჯელის – ჯარიმა 3000 ლარი - გარდა) უნდა გავრცელდეს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონი.
22. სენაკის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 20 დეკემბრის უზუსტობის აღმოფხვრის განჩინებაში რ. ჭ–სათვის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით სასჯელის განსაზღვრისას დაშვებულია უზუსტობა და არ არის მითითებული დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლაზე, რაც მითითებულია როგორც სენაკის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 20 დეკემბრის განაჩენში, ასევე – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 27 თებერვლის განაჩენში, რომლითაც უცვლელად დარჩა სენაკის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 20 დეკემბრის განაჩენი.
22.1. სასამართლო ითვალისწინებს, რომ წინამდებარე განაჩენის მიღების მომენტისთვის, არ არის წარმოდგენილი განჩინება სენაკის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 20 დეკემბრის განაჩენში (საბოლოო რედაქცია) დაშვებული ხარვეზის აღმოფხვრის შესახებ.
III. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სამეგრელო ზემო-სვანეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ანა არონიას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 27 თებერვლის განაჩენში შევიდეს ცვლილება:
2.1. რ. ჭ–ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად;
2.2. რ. ჭ–ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით შეუმცირდეს 1/6-ით და განესაზღვროს 1 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად;
2.3. რ. ჭ–ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით შეუმცირდეს 1/6-ით და განესაზღვროს – 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად;
2.3.1. მასვე, დამატებით სასჯელად დაენიშნოს – ჯარიმა 3000 ლარი. დამატებით სასჯელზე – ჯარიმა 3000 ლარი – „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მოქმედება არ ვრცელდება;
2.4. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობისას სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრმა, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით შემცირებულმა, სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, რ. ჭ–იას ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, 2 წლისა და 6 თვის გამოსაცდელი ვადით. მასვე, დამატებით სასჯელად დაენიშნოს – ჯარიმა 3000 ლარი;
2.5. საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, პირობითი მსჯავრის მოხდის პერიოდში რ. ჭ–იას ყოფაქცევაზე კონტროლისა და დახმარების გაწევა დაევალოს დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის საფუძველზე მსჯავრდებულ რ. ჭ–ს დაევალოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი;
3. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად;
4. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. ვასაძე
ლ. თევზაძე