საქმე # 330100124008810582
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №632აპ-25 ქ. თბილისი
ბ. ა. 632აპ-25 11 ნოემბერი, 2025 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
მამუკა ვასაძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 30 მაისის განაჩენზე თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ მარინე ლომიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით: ა. ბ–ს - პ/ნ .........., - ბრალად ედებოდა ცივი იარაღის ტარება, განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლევი პირის მიერ, – დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით.
ა. ბ–ის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 21 ივლისისა და 2023 წლის 3 მაისის განაჩენებით ა. ბ–ი გასამართლებულია განზრახი დანაშაულებისათვის. ა. ბ–ი იყო რა თბილისის საქალაქოს სასამართლოს 2022 წლის 21 ივლისისა და 2023 წლის 3 მაისის განაჩენებით განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირი, 2023 წლის 5 ოქტომბერს 17:18 საათზე ქ. თ–ში, ც. ....ის ქუჩის N..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ატარებდა ცივ იარაღს – დანას, კერძოდ დამაგრებული ჰქონდა შარვლის წინა მარჯვენა ჯიბესთან.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 10 აპრილის განაჩენით:
2.1. ა. ბ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა – ჯარიმა 7000 ლარი;
2.2. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 3 მაისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - ჯარიმა 6000 ლარიდან, სასჯელის ნაწილი - ჯარიმა 1000 ლარი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით ა. ბ–ს სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა – ჯარიმა 8000 ლარი.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 10 აპრილის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა მარინე ლომიძემ, რომელმაც მოითხოვა განაჩენში ცვლილების შეტანა, მსჯავრდებულ ა. ბ–ისათვის განსაზღვრული სასჯელის დამძიმების კუთხით, კერძოდ, ა. ბ–ისათვის საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით მსჯავრადშერაცხილი დანაშაულისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა.
4. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარადგინა მსჯავრდებულ ა. ბ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა თ. ა–მ და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 10 აპრილის განაჩენის უცვლელად დატოვება.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 30 მაისის განაჩენით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 10 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორი მარინე ლომიძე ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენში ცვლილებას და ა. ბ–სათვის საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით მსჯავრადშერაცხილი დანაშაულისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრას.
7. სასამართლო ითვალისწინებს, ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, par.30, ECtHR, 25/12/2001).
8. საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო საჩივრით ბრალდების მხარე ითხოვს მსჯავრდებულ ა. ბ–ისათვის განსაზღვრული სასჯელის გამკაცრებას, კერძოდ, სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენებას.
8.1. მხარეთა შორის დავის საგანს არ წარმოადგენს ა. ბ–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. შესაბამისად, არ არსებობს აღნიშნულ ნაწილში (მსჯავრდების ნაწილში) თბილისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განაჩენის გადასინჯვის საფუძველი.
9. კასატორის მოთხოვნაზე, მსჯავრდებულის მიმართ მკაცრი სასჯელის შეფარდების შესახებ, სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობა კი უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. „სასჯელი არ უნდა იყოს არც ზედმეტად მკაცრი და არც ზედმეტად ლმობიერი იმისათვის, რომ მიღწეული იქნეს სასჯელის მიზნები“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 11 ივლისის N 1/7/851 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე იმედა ხახუტაიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II- 7). ამიტომ „სასჯელი, ერთი მხრივ, უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხეებთან გონივრულ პროპორციაში, ხოლო, მეორე მხრივ ....ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის დაკისრება უნდა მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38), უნდა ეფუძნებოდეს საქმის სირთულეს, ქმედებიდან მომდინარე საფრთხეებს, ქმედების ჩადენის წინაპირობებს, მოტივებს, შედეგებს, დამნაშავის პიროვნების თავისებურებებს, სასჯელის ზემოქმედებას დამნაშავის მომავალ ცხოვრებაზე (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 11 ივლისის N1/7/851 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე იმედა ხახუტაიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“,II-10).
10. საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილი სასჯელად ითვალისწინებს - ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხ წლამდე.
11. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ „თავისუფლების აღკვეთა წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ზოგადად, სახელმწიფოს პოლიტიკა უნდა იყოს მის უკიდურეს შემთხვევაში გამოყენებაზე ორიენტირებული. ..... თუ პასუხისმგებლობის სხვა ზომები/სახეები ობიექტურად საკმარისია კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის მიზნების მისაღწევად, კანონი უნდა უბიძგებდეს სამართალშემფარდებელს, სწორედ არასაპატიმრო ალტერნატივების გამოყენებისკენ“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-96). ამდენად, პატიმრობის ultima racio ხასიათიდან გამომდინარე სასჯელის სახით პატიმრობა მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა იქნეს გამოყენებული, როდესაც ეს ობიექტურად აუცილებელია ქმედების სიმძიმის, გამოწვევადი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნების და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, როდესაც, თუ არა საზოგადოებისგან პირის იზოლირება, შეუძლებელი იქნება მისგან პოტენციურად მომდინარე სხვა საფრთხეების განეიტრალება და სასჯელის მიზნების მიღწევა (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023წლის 20 ნოემბრის განჩინება N 886აპ-23).
11.1. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო ითვალისწინებს, რომ ა. ბ–მა საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მტკიცებულებები ცნო უდავოდ, რითიც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას. ამასთან, ა. ბ–ის მიერ ჩადენილია განზრახი ნაკლებად მძიმე დანაშაული.
12. შესაბამისად, ჩადენილი ქმედების ხასიათის, შედეგების, დანაშაულის ჩადენის მოტივის და მიზნის, ხერხის, მოვალეობათა დარღვევის ხასიათის და ზომის გათვალისწინებით, სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენით განსაზღვრულ როგორც სასჯელის სახეს, ასევე - ოდენობას.
13. იმავდროულად, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტიდან (ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია არ ვრცელდება იმ დანაშაულზე, რომელიც გათვალისწინებულია მათ შორის საქართველოს სსკ-ის 2381 მუხლით (გარდა ნარკოტიკების მოხმარებისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ ცივი იარაღის ტარებისა)) და ამავე კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტიდან (ამნისტია არ ვრცელდება სასჯელის სახით განსაზღვრულ ჯარიმაზე) გამომდინარე ა. ბ–ისათვის სასჯელის სახით განსაზღვრულ – ჯარიმა 7000 ლარზე, ამნისტია ვერ გავრცელდება.
13.1. იმავდროულად, სასამართლო ითვალისწინებს, რომ ა. ბ–ს სასჯელი განსაზღვრული აქვს განაჩენთა ერთობლიობის წესით.
13.1.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 3 მაისის განაჩენით ა. ბ–ი მსჯავრდებულია საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახით განსაზღვრული აქვს – ჯარიმა 1000 ლარი, რომელზეც ასევე ვერ გავრცელდება „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონი ამავე კანონის მე-9 მუხლის პირვველი პუნქტიდან გამომდინარე.
13.1.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 3 მაისის განაჩენით ა. ბ–ს სასჯელი განსაზღვრული აქვს განაჩენთა ერთობლიობის წესით – ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 21 ივლისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – ჯარიმა 5000 ლარი. სასამართლო ითვალისწინებს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 21 ივლისის განაჩენით ა. ბ–ს სასჯელის სახით – 5000 ლარი ჯარიმა შეეფარდა საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, რომელზეც ასევე ვერ გავრცელდება „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონი ამავე კანონის მე-9 მუხლის პირვველი პუნქტიდან გამომდინარე.
14. მოცემულ შემთხვევაში, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
15. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
16. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, par. 175, ECtHR, 14/05/2020).
17. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
18. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ მარინე ლომიძის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 28 მაისის განაჩენზე.
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. ვასაძე
ლ. თევზაძე