Facebook Twitter

¹3კ/1018 19 ოქტომბერი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. წიქვაძე (თავმჯდომარე),

რ. ნადირიანი, ლ. გოჩელაშვილი

სარჩელის საგანი: საიჯარო ხელშეკრულების გაგრძელება, ხელშეკრულების ბათილად ცნობა და სადავო ფართიდან გასახლება.

აღწერილობითი ნაწილი:

2000 წლის 17 იანვარს ბაღდათის რაიონის ....... კოოპერატივმა ბაღდათის სახლმმართველობის, ა. გ-ძისა და ა. ფ-იანის წინააღმდეგ სარჩელით მიმართა ბაღდათის რაიონულ სასამართლოს.

მოსარჩელემ მიუთითა, რომ 1998 წლის იანვარში ბაღდათის სახლმმართველობასა და ბაღდათის რაიონის ....... კოოპერატივს (შემდეგში “რ-ი”) შორის გაფორმდა იჯარის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელეს ერთი წლის ვადით გადაეცა ბაღდათის სახლმმართველობის ბალანსზე რიცხული სხვადასხვა ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი სახლების პირველ სართულებზე მდებარე 310 კვ.მ. არასაცხოვრებელი ფართი, ყოველთვიურად 139 ლარისა და 50 თეთრის გადახდის პირობით.

ხელშეკრულების ვადა გავიდა 1999 წლის იანვარში, მაგრამ მიუხედავად ამისა, საიჯარო ურთიერთობები მხარეებს შორის ფაქტობრივად არ შეწყვეტილა, რის გამოც ხელშეკრულება განუსაზღვრელი ვადით დადებულ ხელშეკრულებად ჩაითვალა.

1999 წლის აპრილში სახლმმართველობამ ამავე ფართზე იჯარის ხელშეკრულება გაუფორმა ა. გ-ძეს, ხოლო ამ უკანასკნელმა გამოყოფილი ფართი დაუთმო ა. ფ-იანს.

მისი შეხედულებით, მოპასუხეს უფლება არ ჰქონდა, სადავო ფართი იჯარით გაეცა სხვა პირზე.

მოსარჩელემ მოითხოვა მას და მოპასუხეს შორის 1998 წლის იანვარში დადებული საიჯარო ხელშეკრულების გაგრძელებულად ცნობა; 1999 წლის აპრილის თვეში ბაღდათის სახლმმართველობასა და ა. გ-ძეს შორის დადებული ხელშეკრულების ბათილად ცნობა და ა. ფ-იანის დაკავებულ ფართიდან გასახლება.

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს: მოპასუხე _ ბაღდათის რაიონის სახლმმართველობამ მიუთითა, რომ მოსარჩელესთან მის მიერ დადებული საიჯარო ხელშეკრულებას ვადა გაუვიდა 1999 წლის იანვარში. მიუხედავად მათი არაერთი მიმართვისა, მოსარჩელემ საიჯარო ხელშეკრულება არ გააგრძელა და საიჯარო ქირის გადახდაზე უარი განაცხადა, რის გამოც ხელშეკრულება გაფორმდა ა. გ-ძესთან და იმ სხვა პირებთან, რომლებიც ფიზიკურად ფლობდნენ ამ ფართს და შესაძლებლობა ჰქონდათ ქირის გადახდისა, რისი უფლებაც მას გააჩნდა.

მოპასუხე გ-ძემ მიუთითა, რომ სადავო ფართი კანონის დაცვით იჯარით ჰქონდა მიღებული სახლმმართველობისაგან, ამიტომ მიიჩნია, რომ არარსებობდა არავითარი საფუძველი ხელშეკრულების ბათილად ცნობისა.

მოპასუხე ფ-იანმა განმარტა, რომ იგი სადავო ფართში მუშაობს ამ ფართის კანონიერი დამქირავებლის ა. გ-ძის თანხმობით და არ არსებობს მისი ამ ფართიდან გამოსახლების კანონიერი საფუძველი ფართის მესაკუთრის ან მისი დამქირავებლის ნების საწინააღმდეგოდ.

2000 წლის 24 იანვარს ბაღდათის რაიონული სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

2000 წლის 20 მარტის განჩინებით მოსარჩელის საჩივარი, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ, მიღებულ იქნა წარმოებაში და დაინიშნა საქმის განხილვა.

მოცემული საქმე აცილების წესით, შემდგომი განხილვის მიზნით გაეგზავნა ვანის რაიონულ სასამართლოს.

ვანის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ; გაუქმდა ამ საქმეზე მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება და სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

რაიონულმა სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, რაც მის წინააღმდეგ მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს წარმოადგენდა, მაგრამ არანაირი საფუძველი არ არსებობდა მხარეებს შორის 1998 წელს დადებული საიჯარო ხელშეკრულების გაგრძელების, 1999 წლის ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და მოპასუხე ფ-იანის გამოსახლების შესახებ.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001 წლის 1 აგვისტოს განჩინებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ბაღდათის რაიოკოოპერატივის სააპელაციო საჩივარი. გაუქმდა ვანის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა რაიონულ სასამართლოს.

სააპელაციო სასამართლომ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 240-ე მუხლის დარღვევა მიიჩნია. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ვანის რაიონულმა სასამართლომ საქმე არსებითად განიხილა ისე, რომ არ გაუუქმებია დაუსწრებელი გადაწყვეტილება და იგი გააუქმა ამ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების ერთ-ერთ პუნქტით.

2001 წლის 31 აგვისტოს ბაღდათის რაიონის ....... კოოპერატივმა საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

კასატორმა მოითხოვა ამ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინების გაუქმება და საქმის საოლქო სასამართლოსათვის დაბრუნება შემდეგი საფუძვლით:

1. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს უფლება არ ჰქონდა ამ საქმეზე რაიონული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების შემდეგ საქმე ხელახალი განხილვისათვის იმავე სასამართლოსათვის დაებრუნებინა, რადგან მან საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება გააუქმა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 240-ე მუხლის დარღვევის მოტივით, ხოლო საქმის ხელახალა განხილვისათვის რაიონულ სასამართლოში დაბრუნება შესაძლებელია მხოლოდ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლში მითითებული საფუძვლით. მისი მოსაზრებით, ამ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად თვითინ უნდა მიეღო გადაწყვეტილება.

2. კასატორს ასევე უსაფუძვლოდ მიაჩნია სააპელაციო სასამართლოს მითითება რაიონული სასამართლოს მიერ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 240-ე მუხლის დარღვევის შესახებ.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის ზეპირი განხილვის გარეშე საკასაციო საჩივრის ფარგლებში გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ საქმის სასამართლო სხდომაზე განხილვის შედეგად აღმოჩნდება, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს, სასამართლოს გამოაქვს ახალი გადაწყვეტილება.

ამავე კოდექსის 241-ე მუხლის შესაბამისად დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები ან, თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.

მოცემულ შემთხვევაში რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის შესაბამისად არსებობდა ამ საქმეზე მიღებული პირველი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ახალი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი და ამიტომ თავისი 2001 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილებით გააუქმა რა ამ საქმეზე მიღებული პირველი დაუსწრებელი გადაწყვეტილება, ამავე გადაწყვეტილებით არ დააკმაყოფილა სარჩელი.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არასწორია სააპელაციო სასამართლოს მითითება იმის შესახებ, რომ თითქოს ვანის რაიონულმა სასამართლომ 2001 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილების მიღების დროს დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 240-ე მუხლის მოთხოვნა, რაც იმაში მდგომარეობდა, რომ რაიონულმა სასამართლომ საქმე არსებითად განიხილა ამ საქმეზე მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების გარეშე.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 241-ე მუხლის შესაბამისად, თუ საქმის სასამართლო სხდომაზე განხილვის შედეგად აღმოჩნდება, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს, სასამართლოს შეუძლოა მიიღოს ახალი გადაწყვეტილება. დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გაადწყვეტილების მიღების შესახებ გადაწყვეტილება შეიძლება გამოტანილ იქნეს როგორც ერთ სასამართლო სხდომაზე, ისე სხვადასხვა სასამართლო სხდომაზე, როგორც ერთი გადაწყვეტილებით, ისე ორი დამოუკიდებელი გადაწყვეტილებით.

თუ მხარეები წინააღმდეგნი არ არიან, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და სარჩელის განხილვის საკითხი ერთ სასამართლო სხდომაზე მოხდეს (სასამართლო თუ მივა დასკვნამდე, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს), მაშინ სასამართლოს შეუძლია მიიღოს ახალი გადაწყვეტილება და ყოველივე ეს ერთ გადაწყვეტილებაში ჩამოაყალიბოს.

საკასაციო პალატა ასევე განმარტავს, რომ იმ ვითარებაში, როცა პირველი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ საჩივრის განხილვა მიმდინარეობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 240-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლო უფლებამოსილია, ერთ სასამართლო სხდომაზე მიიღოს განჩინება პირველი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ და გააგრძელებს რა საქმის არსებითად განხილვას, ამის შემდეგ მიიღებს ახალ გადაწყვეტილებას სარჩელთან დაკავშირებით, მაგრამ ამ წესის დაუცველობა არ წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 240-ე მუხლის დარღვევას და თავისთავად არ წარმოადგენს ამ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს. თუ მხარეები დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ საჩივრისა და საქმის არსებითად ერთად განხილვის წინააღმდეგნი არიან, მაშინ სასამართლოს (იმ შემთხვევაში, თუკი არსებობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლით გათვალისწინებული პირობები) შეუძლია მიიღოს განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ და საქმის არსებითად განხილვა დანიშნოს სხვა დროისათვის. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ზემოხსენებულ არც ერთ შემთხვევაში არ დაირღვევა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 241-ე მუხლის მოთხოვნები.

საკასაციო პალატას ასევე სწორად მიაჩნია კასატორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ მოცემულ შემთხვევაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად ამ საქმეზე საოლქო სასამართლოს თვითონ უნდა მიეღო გადაწყვეტილება რაიონული სასამართლოსათვის საქმის დაბრუნების გარეშე, რადგან ამ საქმეზე რაიონული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოს არ გაუუქმებია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლების პირველ ნაწილში მითითებული გარემოებების საფუძველზე.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ბაღდათის რაიონის ....... კოოპერატივის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს ამ საქმეზე ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001 წლის 1 აგვისტოს განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შესაბამის პალატას.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.