საქმე №180100124009348344
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №589აპ-25 ქ. თბილისი
დ. დ. 589აპ-25 6 ნოემბერი, 2025 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
მამუკა ვასაძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 14 მაისის განაჩენზე მსჯავრდებულ დ. დ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ზ. თ–ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით:
1.1. დ. დ–ეს, – პირადი ნომრით ..........., – ბრალად ედებოდა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა, სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღდმეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის საშიში ძალადობით, ჯგუფურად, – დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
დ. დ–ის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2023 წლის დეკემბერში, დ. ბ–მა და დ. დ–ემ გამოძიებით დაუდგენელ ორ პირთან ერთად, დაგეგმა მ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ჯ–ში მცხოვრები ყ–ს მოქალაქე - მ. კ–იზე ყაჩაღური თავდასხმა, რისი სისრულეში მოყვანის მიზნითაც შეიძინა „აუდის“ მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით ......... შეისწავლეს მ. კ–ის გადაადგილება, საცხოვრებელი სახლი და 2024 წლის იანვრის დასაწყისში, აღნიშნული ავტომანქანით, დ. ბ–ი და დ. დ–ე სხვა დაუდგენელ თანმხლებ პირებთან ერთად მივიდნენ მ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ჯ–ში მდებარე მ. კ–ის საცხოვრებელ სახლთან და დენის ამომრთველი სისტემიდან გაუთიშა მ. კ–ს საცხოვრებელ სახლში დენის მიწოდება, რათა მ. კ–ი დაეყაჩაღებინათ, თუმცა განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანეს, ვინაიდან მ. კ–ი სახლიდან არ გავიდა გარეთ და მათ დატოვეს შემთხვევის ადგილი.
დასახული მიზნის განსახორციელებლად, დ. ბ–ი და დ. დ–ე, დაუდგენელ ორ პირთან ერთად 2024 წლის 26 თებერვალს, ღამის საათებში, ისევ მივიდნენ მ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ჯ–ში მდებარე მ. კ–ის საცხოვრებელ სახლთან „აუდის“ მარკის ავტომანქანით, სახელმწიფო ნომრით ........, რომელიც გააჩერეს მ. კ–ის საცხოვრებელ სახლთან, ხოლო დ. დ–ე სხვა ავტომანქანით გააჩერეს მოშორებულ ადგილას, რათა ყურადღება მიექცია მთელი პერიმეტრისთვის და თუ რაიმე საეჭვო მოხდებოდა, შეეტყობინებინა დ. ბ–ისთვის და სხვა პირებისთვის. დ. ბ–მა და მისმა თანმხლებმა პირებმა მ. კ–ს ისევ გამოურთეს დენის მიწოდება დენის წყაროდან, რის შემდგომაც მ. კ–ი გავიდა მისი საცხოვრებელი სახლის ეზოს გარეთ, რა დროსაც დ. ბ–ი, იარაღის დემონსტრირებით, თავს დაესხა მ. კ–ს, რომელსაც წაართვა ფანარი და სთხოვდა მობილური ტელეფონიდან კოდის მოხსნას, რათა უკანონოდ შეეღწია მის კრიპტოვალუტაში და მოეხდინა კრიპტოვალუტის გადარიცხვა მისთვის სასურველ ანგარიშზე, თუმცა მ. კ–ის მიერ გამოძახებული დაცვის გამო, მათ თავიანთი გეგმა სისრულეში ვერ მოიყვანეს და მიიმალნენ შემთხვევის ადგილიდან.
1.2. დ. ბ–ს, – პირადი ნომრით …………, – ბრალად ედებოდა:
1.2.1. ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა, სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღდმეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის საშიში ძალადობით, ჯგუფურად, – დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
დ. ბ–ის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2023 წლის დეკემბერში, დ. ბ–მა და დ. დ–ემ გამოძიებით დაუდგენელ ორ პირთან ერთად, დაგეგმა მ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ჯ–ში მცხოვრები ყ–ს მოქალაქე - მ. კ–იზე ყაჩაღური თავდასხმა, რისი სისრულეში მოყვანის მიზნითაც შეიძინა „აუდის“ მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით ......... შეისწავლეს მ. კ–ის გადაადგილება, საცხოვრებელი სახლი და 2024 წლის იანვრის დასაწყისში, აღნიშნული ავტომანქანით, დ. ბ–ი და დ. დ–ე სხვა დაუდგენელ თანმხლებ პირებთან ერთად მივიდნენ მ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ჯ–ში მდებარე მ. კ–ის საცხოვრებელ სახლთან და დენის ამომრთველი სისტემიდან გაუთიშა მ. კ–ს საცხოვრებელ სახლში დენის მიწოდება, რათა მ. კ–ი დაეყაჩაღებინათ, თუმცა განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანეს, ვინაიდან მ. კ–ი სახლიდან არ გავიდა გარეთ და მათ დატოვეს შემთხვევის ადგილი.
დასახული მიზნის განსახორციელებლად, დ. ბ–ი და დ. დ–ე, დაუდგენელ ორ პირთან ერთად 2024 წლის 26 თებერვალს, ღამის საათებში, ისევ მივიდნენ მ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ჯ–ში მდებარე მ. კ–ის საცხოვრებელ სახლთან „აუდის“ მარკის ავტომანქანით, სახელმწიფო ნომრით ........, რომელიც გააჩერეს მ. კ–ის საცხოვრებელ სახლთან, ხოლო დ. დ–ე სხვა ავტომანქანით გააჩერეს მოშორებულ ადგილას, რათა ყურადღება მიექცია მთელი პერიმეტრისთვის და თუ რაიმე საეჭვო მოხდებოდა, შეეტყობინებინა დ. ბ–ისთვის და სხვა პირებისთვის. დ. ბ–მა და მისმა თანმხლებმა პირებმა მ. კ–ს ისევ გამოურთეს დენის მიწოდება დენის წყაროდან, რის შემდგომაც მ. კ–ი გავიდა მისი საცხოვრებელი სახლის ეზოს გარეთ, რა დროსაც დ. ბ–ი, იარაღის დემონსტრირებით, თავს დაესხა მ. კ–ს, რომელსაც წაართვა ფანარი და სთხოვდა მობილური ტელეფონიდან კოდის მოხსნას, რათა უკანონოდ შეეღწია მის კრიპტოვალუტაში და მოეხდინა კრიპტოვალუტის გადარიცხვა მისთვის სასურველ ანგარიშზე, თუმცა მ. კ–ის მიერ გამოძახებული დაცვის გამო, მათ თავიანთი გეგმა სისრულეში ვერ მოიყვანეს და მიიმალნენ შემთხვევის ადგილიდან.
1.2.2. საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, – დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით.
დ. ბ–ის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
დ. ბ–მა მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და 2024 წლის 27 თებერვლამდე, ქ. თ–ში, ა–ს ქუჩა N..-ში, ბინა N..-ში მდებარე თავის საცხოვრებელ ბინაში მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა 449 ცალ ქარხნული წესით დამზადებულ, 1974 წლის ნიმუშის,5,45 მმ კალიბრის, სამხედრო დანიშნულების 5,45 მმ კალიბრის კალაშნიკოვის კონსტრუქციის ავტომატებისათვის და ტყვიამფრქვევებისათვის განკუთვნილ ვაზნას, რომელთაგან 184 ცალი ვაზნა არის სპეციალური (ჯავშანმხვრეტი) დანიშნულების. 449 ცალი ვაზნა ვარგისია დანიშნულებით გამოსაყენებლად და მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას, რაც ამოღებულ იქნა სახლის ჩხრეკის შედეგად.
2. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 12 ნოემბრის განაჩენით:
2.1. დ. ბ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით დანიშნული სასჯელის 2/3 ანუ თავისუფლების აღკვეთა 4 წლით განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დანიშნული სასჯელის 1/3 ანუ – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით მსჯავრად და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის გამოყენებით გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა – 2 წელი;
2.2. მასვე საქართველოს სსკ-ის 521-ე მუხლის გამოყენებით დამატებით სასჯელად განესაზღვრა – 2 წლით იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა -იარაღის დამზადების, შეძენის ან/და იარაღის (მათ შორის, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის) შენახვის, ტარების ან/და გამოყენების აკრძალვა;
2.3. დ. ბ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა – 3 წლით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით დანიშნული სასჯელის 2/3 – თავისუფლების აღკვეთა 2 წლით განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დანიშნული სასჯელის 1/3 – 1 წლით დავისუფლების აღკვეთა საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით მსჯავრად და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის გამოყენებით გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა – 2 წელი;
2.4. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დ. ბ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 6 წლით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით დანიშნული სასჯელის 2/3 – თავისუფლების აღკვეთას 4 წლით განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დანიშნული სასჯელის 1/3-ი – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა – საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით მსჯავრად და ამავე კოდექსის 64-ე მუხლით გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა – 2 წელი;
2.5. მასვე საქართველოს სსკ-ის 521-ე მუხლის გამოყენებით დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა 2 წლით იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა - იარაღის დამზადების, შეძენის ან/და იარაღის (მათ შორის, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის) შენახვის, ტარების ან/და გამოყენების აკრძალვა.
2.6. დ. ბ–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის ვადა აეთვალა დაკავებიდან – 2024 წლის 27 თებერვლის 12:40 საათიდან.
2.7. დ. დ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 6 წლით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით დანიშნული სასჯელის 2/3 – თავისუფლების აღკვეთას 4 წლით განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დანიშნული სასჯელის 1/3 – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით მსჯავრად და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის გამოყენებით გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა – 2 წელი;
2.8. მასვე საქართველოს სსკ-ის 521-ე მუხლის გამოყენებით დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა – 2 წლით იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა - იარაღის დამზადების, შეძენის ან/და იარაღის (მათ შორის, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის) შენახვის, ტარების ან/და გამოყენების აკრძალვა.
2.9. დ. დ–ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელი აეთვალა დაკავებიდან – 2024 წლის 27 თებერვლის 09:15 საათიდან.
3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა:
3.1. მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორი მარიკა ბარამია ითხოვდა სასჯელის დამძიმებას და თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრას, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენების გარეშე;
3.2. დ. დ–ისა და დ. ბ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატი ზ. თ–ა ითხოვდა მსჯავრდებულთა ქმედების საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლზე გადაკვალიფიცირებას და შემდეგ მათ მიმართ საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენებას.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 14 მაისის განაჩენით:
4.1. მსჯავრდებულების დ. ბ–ის და დ. დ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ზ. თ–ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა;
4.2. მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ მარიკა ბარამიას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა;
4.3. ცვლილება შევიდა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 12 ნოემბრის განაჩენში:
4.3.1. დ. ბ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე საქართველოს სსკ-ის 521-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა – 2 წლით იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა - იარაღის დამზადების, შეძენის ან/და იარაღის (მათ შორის, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის) შენახვის, ტარების ან/და გამოყენების აკრძალვა;
4.3.2. დ. ბ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა;
4.3.3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, დ. ბ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა;
4.3.4. მასვე საქართველოს სსკ-ის 521 მუხლის თანახმად, დამატებით სასჯელად განესაზღვრა – 2 წლით იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა - იარაღის დამზადების, შეძენის ან/და იარაღის (მათ შორის, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის) შენახვის, ტარების ან/და გამოყენების აკრძალვა;
4.3.5. დ. ბ–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის ვადა აეთვალა დაკავებიდან - 2024 წლის 27 თებერვლიდან;
4.3.6. დ. დ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა;
4.3.7. მასვე საქართველოს სსკ-ის 521 მუხლის თანახმად, დამატებით სასჯელად განესაზღვრა – 2 წლით იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა - იარაღის დამზადების, შეძენის ან/და იარაღის (მათ შორის, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის) შენახვის, ტარების ან/და გამოყენების აკრძალვა.
4.3.8. დ. დ–ეს სასჯელის ვადაში ჩაეთვალა დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელი აეთვალა დაკავებიდან -2024 წლის 27 თებერვლიდან.
5. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ დ. დ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ზ. თ–ამ, რომელიც ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გაუქმებას და დ. დ–ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენებას.
5.1. დაცვის მხარის საკასაციო საჩივარზე შესაგებელი წარადგინა მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გვანცა ტაბატაძემ. ბრალდების მხარე შესაგებლით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 14 მაისის განაჩენის უცვლელად დატოვებას.
6. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, par. 30, ECtHR, 25/12/2001). დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, par. 31, ECtHR,11/11/2011).
7. საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრა დაცვის მხარემ მხოლოდ დ. დ–ის სასჯელის ნაწილში და ითხოვს დ. დ–ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენებას.
8. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობა კი უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით, იყოს მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის თანაზომიერი.
9. საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს: თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე. დ. დ–ეს განსაზღვრული აქვს მინიმალური ხანგრძლივობით – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.
10. რაც შეეხება კასატორის მოთხოვნას მსჯავრდებულის მიმართ საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენების თაობაზე, სასამართლო მხედველობაში იღებს, რომ:
10.1. საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენება დაიშვება ამავე ნაწილით იმპერატიულად განსაზღვრული ყველა წინაპირობის ერთდროულად/კუმულაციურად არსებობის შემთხვევაში. კერძოდ, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) მიერ დანაშაულის აღიარების (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეების დასახელების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და გამოძიებასთან თანამშრომლობის დროს.
10.2. მოცემულ შემთხვევაში დ. დ–ეს არ უთანამშრომლია გამოძიებასთან და არ დაუსახელებია დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეები. იმავდროულად, მართალია დ. დ–ემ გამოძიების ეტაპზე და პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას აღიარა ბრალად წარდგენილი დანაშაულის ჩადენა, თუმცა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი დაცვის მხარემ გაასაჩივრა დ. დ–ისთვის მსჯავრადშერაცხული დანაშაულის კვალიფიკაციის ნაწილში, რაც ვერ შეფასდება დანაშაულის აღიარებად.
10.3. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენების სამართლებრივი საფუძველი.
11. საქართველოს სსსკ-ის მე-300 მუხლის თანახმად, საკასაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მიერ გამოტანილი განაჩენი, რომელიც კასატორის აზრით უკანონოა. ამავე ნაწილით მკაფიოდ არის განსაზღვრული განაჩენის უკანონოდ მიჩნევის საფუძვლები და სასჯელის ნაწილში განაჩენის უკანონობის გადასინჯვის წინაპირობად დადგენილია ისეთი სახის ან ზომის სასჯელის გამოყენება, რომელიც აშკარად არ შეესაბამება მსჯავრდებულის ქმედების ხასიათსა და პიროვნებას ,,გ)” ქვეპუნქტი.
12. სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულის აღიარებასთან და მტკიცებულებათა უდავოდ ცნობასთან ერთად გაითვალისწინა მისი ინდივიდუალური მახასიათებლები, ჩადენილი ქმედების ხასიათი და ფაქტობრივი გარემოებები, რის საფუძველზეც დ. დ–ეს განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა მინიმალური ხანგრძლივობით, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს, სასჯელის მიზნებს.
13. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში არ დგინდება, რომ გასაჩივრებული განაჩენით განსაზღვრული სასჯელის სახე ან/და ზომა „აშკარად არ შეესაბამება მსჯავრდებულის ქმედების ხასიათსა და პიროვნებას“. შესაბამისად, საქართველოს სსსკ-ის მე-300 მუხლის პირველი ნაწილის და 303-ე მუხლის გათვალისწინებით, არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2025 წლის 26 სექტემბრის N411აპ-25 განჩინება).
14. სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო, საკასაციო სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში ,,მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (იხ. Jaczkó v. Hungary, no. 40109/03, par. 29, ECtHR 18/07/2006; Kuparadze v. Georgia, no. 30743/09, par. 76, ECtHR, 21/09/2017).
15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
16. „საკასაციო ინსტანციის სასამართლოების მიერ დასაშვებობის კრიტერიუმის გამოყენება ემსახურება მართლმსაჯულების ჯეროვნად განხორციელების კანონიერ მიზანს (იხ.: Tchaghiashvili v. Georgia, no. 19312/07, par. 34, ECtHR, 2/09/2014; Borisenko and Yerevanyan Bazalt Ltd v. Armenia, no. 18297/08, ECtHR, 14/04/2009; Kuparadze v. Georgia, no.30743/09, par. 76 ECtHR, 21/09/2017).
17. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3,მე-32,მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ დ. დ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ზ. თ–ას საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 14 მაისის განაჩენზე;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. ვასაძე
ლ. თევზაძე