Facebook Twitter

საქმე # 190100124009859037

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №746აპ-25 ქ. თბილისი

კ. თ. 746აპ-25 12 ნოემბერი, 2025 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

მამუკა ვასაძე, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 17 ივნისის განაჩენზე რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ სალომე ქემაშვილისა და თ. კ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის – ვ. კ–ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით თ. კ–ის, – პირადი ნომერი: ............, – მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

1.1. 2024 წლის 27 ივნისს, დაახლოებით 23:50 საათზე, გ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ მ–ში მდებარე მათ სახლში, თ. კ–ი, სიცოცხლის მოსპობით უმიზეზოდ დაემუქრა დედას – მ. კ–ს. კერძოდ, უთხრა, რომ მოკლავდა. თ. კ–ის აღნიშნული მუქარა მ. კ–მა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;

1.1.1. აღნიშნული ქმედებით თ. კ–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ, ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, –დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით.

1.2. 2024 წლის 3 ივლისს, დაახლოებით 17:00 საათზე, გ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ მ–ში მდებარე მათ სახლში, თ. კ–მა, უმიზეზოდ, ჯერ ფიზიკურად იძალადა დედის – მ. კ–ის – მიმართ, შემდეგ კი დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, – უთხრა, რომ მოკლავდა. თ. კ–ის აღნიშნული მუქარა მ. კ–მა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;

1.2.1. აღნიშნული ქმედებით თ. კ–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ, ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, –დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით.

1.3. 2024 წლის 3 ივლისს, დაახლოებით 17:00 საათზე, გ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ მ–ში მდებარე მათ სახლში, თ. კ–მა, უმიზეზოდ, ყელში ხელის მოჭერის, თავის კედელზე დარტყმისა და მუშტების თავისა და სახის არეში, რამდენჯერმე დარტყმით, ფიზიკურად იძალადა დედის – მ. კ–ის მიმართ. თ. კ–ის ძალადობრივი ქმედებებით, მ. კ–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი;

1.3.1. აღნიშნული ქმედებით თ. კ–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

1.4. თ. კ–მა, გ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ მ–ში, თავის მფლობელობაში არსებული სახლის ეზოში, უკანონოდ დათესა და ასევე უკანონოდ მოჰყავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე კანაფი – საერთო წონით 1598,5 გრამი, რაც 2024 წლის 3 ივლისს, 21:35-22:35 საათის შუალედში, ამოიღეს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებმა თ. კ–ის სახლის ეზოში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად;

1.4.1. აღნიშნული ქმედებით თ. კ–მა ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა და მოყვანა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით.

2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 30 იანვრის განაჩენით:

2.1. თ. კ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2024 წლის 27 ივნისის და 2024 წლის 3 ივლისის ეპიზოდები) ორ ეპიზოდში და საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში წარდგენილ ბრალდებებში და გამართლდა;

2.2. თ. კ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2024 წლის 3 ივლისის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 3 თვით;

2.3. თ. კ–ს სასჯელის ვადა აეთვალა დაკავების მომენტიდან – 2024 წლის 4 ივლისიდან.

3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა, კერძოდ:

3.1. რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა სალომე ქემაშვილმა მოითხოვა თ. კ–ის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2024 წლის 27 ივნისის და 2024 წლის 3 ივლისის ეპიზოდები), საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დამნაშავედ ცნობა და მკაცრი სასჯელის განსაზღვრა;

3.2. თ. კ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა – ვ. კ–მა მოითხოვა თ. კ–ის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრდების ნაწილში უდანაშაულოდ ცნობა.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 17 ივნისის განაჩენით რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 30 იანვრის განაჩენი თ. კ–ის მიმართ დარჩა უცვლელად.

5. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა, კერძოდ:

5.1. რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორი სალომე ქემაშვილი ითხოვს თ. კ–ის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2024 წლის 27 ივნისის და 2024 წლის 3 ივლისის ეპიზოდები), საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დამნაშავედ ცნობასა და მკაცრი სასჯელის განსაზღვრას;

5.2. თ. კ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატი ვ. კ–ი ითხოვს თ. კ–ის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრდების ნაწილში უდანაშაულოდ ცნობას;

5.2.1. პროკურორის საკასაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოადგინა თ. კ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ვ. კ–მა და მოითხოვა ბრალდების მხარის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა.

6. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლს, ასევე – ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, par. 30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, par. 31, ECtHR,11/11/2011) და ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No.2) no. 12686/03, paras. 37, 41, ECtHR, 20/03/2009).

7. საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, კასატორი ბრალდების მხარე ითხოვს თ. კ–ის, მათ შორის, საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2024 წლის 27 ივნისის და 2024 წლის 3 ივლისის ეპიზოდები), საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში დამნაშავედ ცნობას. ასევე – მკაცრი სასჯელის განსაზღვრას, ხოლო დაცვის მხარე – თ. კ–ის სრულად გამართლებას.

8. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ უტყუარობის კონსტიტუციური პრინციპი მოითხოვს არა მხოლოდ იმას, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უტყუარ (სანდო, გაუყალბებელ) მტკიცებულებებს ეფუძნებოდეს, არამედ იმასაც, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ეჭვგარეშე დასტურდებოდეს პირის ბრალეულობა დანაშაულის ჩადენაში (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის N2/2/1276 გადაწყვეტილება „გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-77). ამასთან, მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით უნდა დასტურდებოდეს დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-41-43).

9. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მტკიცებას, რომ იმ პირობებში, როდესაც სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას დაზარალებულმა – მ. კ–მა (მსჯავრდებულის დედა) – უარი განაცხადა შვილის – თ. კ–ის – წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, ხოლო ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია სხვა არცერთი დამოუკიდებელი, პირდაპირი მამხილებელი მტკიცებულება, – საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლიობა საკმარისია, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, თ. კ–ის სადავო ეპიზოდებში – საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2024 წლის 27 ივნისის და 2024 წლის 3 ივლისის ეპიზოდები), საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – დამნაშავედ ცნობისათვის, ვინაიდან ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია მამხილებელი მტკიცებულება/ები, რომელიც საკმარისი იქნებოდა, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად.

9.1. საკასაციო სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, რომ კასატორი ბრალდების მხარის მიერ საკასაციო საჩივარში მითითებული მტკიცებულება –საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ ,,112-ში” შესული შეტყობინება – რომელიც ბრალდების მხარის პოზიციით უთითებს თ. კ–ის მიერ სადავო დანაშაულების, მათ შორის, საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2024 წლის 27 ივნისის და 2024 წლის 3 ივლისის ეპიზოდები) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაზე, შეეხება მხოლოდ 2024 წლის 3 ივლისის ფიზიკური ძალადობის ეპიზოდს (ინციდენტის ტიპი: ოჯახში ძალადობა/კონფლიქტი; კონფლიქტის სახე (სიტყვიერი თუ ფიზიკური): ფიზიკური). შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი შეტყობინებით არ დასტურდება თ. კ–ის მიერ მ. კ–ის მიმართ შესაძლო მუქარის (2 ეპიზოდი) ჩადენა და უთითებს მხოლოდ ფიზიკურ კონფლიქტზე.

9.1.1. იმავდროულად, სასამართლო ითვალისწინებს, რომ შეტყობინება, თუ მხარეთა მიერ უდავოდ არ არის ცნობილი და იმავდროულად, შეტყობინების ინიციატორმა ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-50-ე მუხლებით გათვალისწინებული უფლებით და უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე (ექსპერტიზის დასკვნის არსებობის შემთხვევაშიც) არ წარმოადგენს გამამტყუნებელი განაჩენის საკმარის მტკიცებულებას, როდესაც სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებით არ დასტურდება, მათ შორის, შეტყობინებაში მითითებული ინფორმაციის სისწორე/რეალურობა, არ დასტურდება შეტყობინების იმ პირის მიერ განხორციელება, ვინც არის ასეთად დასახელებული შეტყობინებაში.

9.1.2. ასევე, შეტყობინება დანაშაულის შესახებ, რომელზეც საკასაციო საჩივარში ასევე აღნიშნავს პროკურორი, უთითებს გამართლებულზე, როგორც დანაშაულის შესაძლო ჩამდენ პირზე, თუმცა აღნიშნული მტკიცებულებების პირველწყარო არის მხოლოდ ერთი პირი – დაზარალებული, რომლის დაკითხვის, მისი სანდოობის და მის მიერ სხვადასხვა საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების ფარგლებში მიწოდებული ინფორმაციის სარწმუნოობის გამოკვლევის შესაძლებლობა არსებითი განხილვის ფარგლებში დაცვის მხარეს (დაზარალებულმა ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლით მინიჭებული უფლებით) არ მიეცა (მაგალითისთვის, იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებები: №1098აპ-24, №1099აპ-24).

9.1.3. იმავდროულად, არ შეიძლება, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს, თუ საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს პრაქტიკულად ადგილზე შემოწმდა დაზარალებულის ჩვენება. მოცემულ შემთხვევაში, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი შინაარსობრივად არის დაზარალებულის (მოწმის) გამოკითხვის ოქმში მოწოდებული ინფორმაციის შემოწმება. მოწმის/დაზარალებულის ჩვენება და საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, მართალია, ორი სხვადასხვა მტკიცებულებაა, მაგრამ ცალსახაა, რომ, ორივე შემთხვევაში, ინფორმაციის მომწოდებელი წყარო არის ერთი და იგივე პირი (მაგალითისთვის, იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებები: №315აპ-20; №49აპ-20; №679აპ-20; №442აპ-21).

9.1.4. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ქმედების საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით კვალიფიკაციისათვის, სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებით უნდა დასტურდებოდეს – დაზარალებულის მიერ მუქარის რეალურობის აღქმა და მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. დაზარალებულის მიერ საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის საფუძველზე, ჩვენების მიცემაზე უარის თქმის პირობებში, წინამდებარე სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, არ დასტურდება მითითებული დანაშაულების აუცილებელი კომპონენტი – დაზარალებულის მიერ შიშის განცდა, არც ობიექტური და არც სუბიექტური ტესტით.

9.1.5. ამდენად, სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, ვერ დასტურდება თ. კ–ის მიერ, მათ შორის, საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2024 წლის 27 ივნისის და 2024 წლის 3 ივლისის ეპიზოდები) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.

9.2. საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს კასატორი ბრალდების მხარის მოთხოვნას თ. კ–ის საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მსჯავრდებასთან დაკავშირებით, მსჯავრდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმსა და ქიმიური ექსპერტიზის დასკვნაზე მითითებით და ითვალისწინებს, რომ აღნიშნული მტკიცებულებები არ უთითებს/ადასტურებს თ. კ–ის მიერ აღნიშნული დანაშაულის ჩადენაზე (თ. კ–ისმიერ ამოღებული კანაფის ძირების დათესვა/მოყვანა), სისხლის სამართლის საქმეში კი არ არის წარმოდგენილი მამხილებელი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა თ. კ–ის მიერ სადავო მცენარე – კანაფის – დათესვა/მოყვანას.

9.3. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ „ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში... დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-41-43).

10. რაც შეეხება კასატორი დაცვის მხარის მოთხოვნას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2024 წლის 3 ივლისის ეპიზოდი) მსჯავრდების ნაწილში თ. კ–ის უდანაშაულოდ ცნობის თაობაზე, იმაზე მითითებით, რომ დაზარალებულის მიერ საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლით მინიჭებული უფლებით სარგებლობის პირობებში სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულებები, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებს თ. კ–ის მიერ დანაშაულის ჩადენას, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ:

10.1. სასამართლო განხილვისას ჩვენების მიცემაზე უარის თქმა შეიძლება მრავალი მიზეზით იყოს განპირობებული. მათ შორის, მოწმე ან/და დაზარალებული შეიძლება თავისი ოჯახის წევრისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას ცდილობდეს, რის გამოც, მის მიერ გამოკითხვის დროს მიწოდებული ინფორმაციის უტყუარობა საქმეში არსებული ყველა ფაქტობრივი გარემოებისა და მტკიცებულების დეტალური ანალიზის საფუძველზე უნდა შეფასდეს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 20 თებერვლის განაჩენი №527აპ-17). მოწმის/დაზარალებულის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმა, მით უმეტეს, არ გულისხმობს ბრალდებულის გამართლებას წარდგენილ ბრალდებაში. 10.1.1. ოჯახური დანაშაულის ხასიათის სპეციფიკიდან გამომდინარე, დაზარალებულის ჩვენების არარსებობის ან საქმის მასალებში ბრალდებულის მიმართ დაზარალებულის პრეტენზიის არარსებობის დამადასტურებელი დოკუმენტის არსებობის შემთხვევაშიც, ბრალდებულის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა გადაწყდეს საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების საფუძველზე, რომელთა ერთობლიობა აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ით გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის საჭირო მტკიცებულებით სტანდარტს. სასამართლო კვლავაც ყურადღებას ამახვილებს სახელმწიფოს ვალდებულებაზე, უზრუნველყოს აღნიშნული კატეგორიის დანაშაულთა სწრაფი და სრულყოფილი გამოძიება, მართლმსაჯულების განხორციელება და ძალადობის აღსაკვეთად ადეკვატური რეაგირება (მაგალითად, იხ.: X and Y v. Georgia, No. 24/2009; U.N. Doc. CEDAW/C/61/D/24/2009, 2015, paras. 9.7; 9.6).

10.1.2. „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის 55-ე მუხლი საქართველოს ავალდებულებს, ამ კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე, სისხლის სამართლის დანაშაულებზე უზრუნველყოფილი იყოს ex officio სასამართლო პროცესები, რომელიც არ უნდა იყოს „მთლიანად დამოკიდებული“ მსხვერპლის მიერ შეტანილ განცხადებაზე ან საჩივარზე.

10.1.3. „ხელისუფლების ორგანოებმა უნდა გადადგან ყველა გონივრული ნაბიჯი, რათა უზრუნველყონ ინციდენტთან დაკავშირებული მტკიცებულებები...ოჯახში ძალადობის საქმეების განხილვა საჭიროებს განსაკუთრებულ გულისხმიერებას და ეროვნული სამართალწარმოების დროს მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ოჯახში ძალადობის სპეციფიკური ბუნება“ (Volodina v. Russia, no. 41261/17, par. 92, ECtHR, 09/07/2019); ,,ოჯახში ძალადობის ინციდენტის საპასუხოდ მტკიცებულებების შეგროვებაში ხარვეზებმა შეიძლება გამოიწვიოს რეალურად განხორციელებული ძალადობის ხარისხის არასათანადოდ შეფასება. აგრეთვე ამან შეიძლება მავნე ზეგავლენა იქონიოს სისხლისსამართლებრივი გამოძიების დაწყების პერსპექტივაზე და მომავალში ოჯახში ძალადობის მსხვერპლებს გული აუცრუოს ხელისუფლებისთვის მოძალადე ოჯახის წევრების თაობაზე ინფორმაციის მიწოდებაზე, რომლებიც ხშირად საზოგადოების მხრიდან ისედაც წნეხის ქვეშ არიან” (Tkhelidze v. Georgia, no. 33056/17, par. 54, ECtHR, 8/07/2021).

10.2. იმავდროულად, მოქმედი კანონმდებლობა არ განსაზღვრავს, რომელი სახის და რა რაოდენობის მტკიცებულებების არსებობის შემთხვევაში, დაიშვება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა, მით უფრო არ ადგენს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ პირდაპირი ხასიათის გამამტყუნებელ მტკიცებულებებს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022წლის 21 ივლისის N594აპ-22 განჩინება).

10.2.1. შესაბამისად, საკითხი იმის შესახებ, თუ რა სახის და რა რაოდენობის მამხილებელი მტკიცებულების ერთობლიობაა საკმარისი გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად, წყდება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით.

10.3. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ დაზარალებულის შეტყობინება უთითებს მსჯავრდებულზე, როგორც დანაშაულის შესაძლო ჩამდენ პირზე, თუმცა აღნიშნული მტკიცებულებების პირველწყარო არის მხოლოდ ერთი პირი – დაზარალებული, რომლის დაკითხვის, მისი სანდოობის და მის მიერ სხვადასხვა საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების ფარგლებში მიწოდებული ინფორმაციის სარწმუნოობის გამოკვლევის შესაძლებლობა არსებითი განხილვის ფარგლებში დაცვის მხარეს (დაზარალებულმა ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლით მინიჭებული უფლებით) არ მიეცა (მაგალითისთვის, იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებები: №1098აპ-24, №1099აპ-24), შესაბამისად, იგი ვერ დაედება საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს.

10.3.1. გამომძიებელმა, დაზარალებულის გამოკითხვის შემდგომ, ვიზუალურად დაათვალიერა მ. კ–ი და შეადგინა ვიზუალური დათვალიერების შესახებ ოქმი, რომლის თანახმად, დაზარალებულს ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოში აღენიშნებოდა დაზიანებები (ტ. N1; ს.ფ. 11);

10.3.2. სამედიცინო ექსპერტიზის 2025 წლის 1 იანვრის N.......... დასკვნის თანახმად, მ. კ–ს 2024 წლის 4 ივლისს ობიექტური შემოწმებით აღენიშნებოდა: სისხლნაჟღენთი კისრის მიდამოში და ნაჭდევი მარცხენა ზედა კიდურზე, რაც მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებებში მითითებულ შემთხვევის თარიღს და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად.

10.3.3. თ. კ–მა ძალადობასთან დაკავშირებით განმარტა, რომ დაკავებამდე ოჯახის წევრებთან ნორმალური ურთიერთობა ჰქონდა. მათთან კამათი ან რაიმე კონფლიქტი არ ჰქონია (16:51:35). დაახლოებით 6 წელი ცხოვრობდა საბერძნეთში. მის ოჯახის წევრებს მისი საქართველოში დაბრუნებით შეექმნათ დისკომფორტი. მისი ავტომანქანა, სახლი და სხვა მისი ქონება არ დაახვედრეს (გააქრეს). უთხრეს, წასულიყო, რაზეც უპასუხა, რომ ჯერ მისი ქონება დაებრუნებინათ. ამის გამო, ოჯახის წევრებმა დაგეგმეს და შეჰპირდნენ, – ,,სადაც საჭირო იყო იქ ამოგაყოფინებთ თავს”. სწორედ აღნიშნულის გამო ჰქონდა ოჯახში კონფლიქტი, კერძოდ, დედასთან კამათი, რა დროსაც დაზარალებულმა მ. კ–მა თავზე დაამტვრია ყველაფერი, რის გამოც ზურგზე შრამები აქვს. თავად მოგერიების მიზნით დედას ხელი ჰკრა, თუმცა არ იცის, ,,ინერციით როგორ ვკარი, რამე იტკინა ან რაღაც”. სადისტურად ცემას მისი მხრიდან ადგილი არ ჰქონია (16:52:53).

10.3.3.1. მსჯავრდებულმა განმარტა, რომ ძალადობის ნაწილში მხოლოდ ნაწილობრივ ცნობს თავს დამნაშავედ, კერძოდ, შემთხვევის დროს მუშტით ცემას ან/და კედელზე თავის მირტყმას, ყელში ხელის მოჭერას და სხვა მსგავს ქმედებას ადგილი არ ჰქონია (16:57:40), იგი მხოლოდ იგერიებდა დედას (16:59:49). მოგერიებისას მ. კ–მა მიიღო თუ არა დაზიანებები, არ უნახავს (17:01:08), შეეჯახა თუ არა რაიმეს, დეტალურად არ ახსოვს, თუმცა არ გამორიცხავს (17:09:05). ყელისა და კისრის არეში ჰქონდა თუ არა დაზარალებულს დაზიანება, არ იცის, მაგრამ ასეთის არსებობის შემთხვევაში, რა ვითარებაში მიიღებდა, ასევე – არ იცის (17:09:30).

10.3.4. ბრალდებულ თ. კ–ის დაკავების 2024 წლის 4 ივლისის ოქმის თანახმად, გრაფაში – დაკავებულის ფიზიკური მდგომარეობა დაკავების მომენტში, აღნიშნულია, რომ დაკავებულს დაკავებისას მარჯვენა მხარისა და მარცხენა მკლავის არეში აღენიშნებოდა ნაწიბურები. ასევე მარჯვენა ხელის არა თითზე მოწითალო ფერის ნაწიბური. დაკავებულის განმარტებით აღნიშნული დაზიანებები მიღებული აქვს სამშენებლო სამუშაოებზე მუშაობისას. აღნიშნული ოქმის თანახმად, დაკავებული გაეცნო ოქმს გამომძიებლის მიერ და გადაეცა დაკავების ოქმის ასლი, რაც დადასტურებული აქვს ხელმოწერით (ტ. N1; ს.ფ. 45-50).

10.3.4.1. დაკავების ოქმის შინაარსის გათვალისწინებით, სასამართლო უსაფუძვლობის გამო ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულის ჩვენებას, რომ მას დაზარალებული დაესხა თავს და მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რა დროსაც მხოლოდ თავდაცვის მიზნით ჰკრა ხელი.

10.3.4.2. სასამართლო ითვალისწინებს, რომ კასატორი დაცვის მხარე ითხოვს თ. კ–ის გამართლება მტკიცებულების არასაკმარისობის საფუძველზე და არა – მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველი გარემოებაზე – აუცილებელი მოგერიებაზე მითითებით.

10.3.4.3. რაც შეეხება მსჯავრდებულის განმარტებას დაზარალებულის მიერ მისი კუთვნილი ქონების არამართლზომიერი განკარგვის შესახებ, სასამართლო ითვალისწინებს, რომ თ. კ–ს უფლება აქვს, შესაბამისი სამართალწარმოების წესით იდავოს/დაიცვას თავისი ინტერესები.

10.4. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მათ შორის, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნისა და მსჯავრდებულის ჩვენების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორი დაცვის მხარის მტკიცებას, თ. კ–ის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2024 წლის 3 ივლისის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში უდანაშაულოდ ცნობის თაობაზე.

11. „საქართველოს უზენაესი სასამართლოს განხილვის ფარგლები შეზღუდულია კონკრეტული სამართლებრივი საკითხებით“ (იხ. Kuparadze v. Georgia, no. 30743/09, paras. 41, 76, ECtHR, 21/09/2017) და „როდესაც სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, par. 175, ECtHR, 14/05/2020).

12. მოცემულ შემთხვევაში, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა. შესაბამისად, საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

13. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 17 ივნისის განაჩენზე რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ სალომე ქემაშვილისა და თ. კ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ვ. კ–ის საკასაციო საჩივრები;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. ვასაძე

ლ. თევზაძე