Facebook Twitter

საქმე # 330100124008671732

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №648აპ-25 ქ. თბილისი

მ. ნ. 648აპ-25 11 ნოემბერი, 2025 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

მამუკა ვასაძე, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 13 ივნისის განაჩენზე თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნინო მიქავას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ნ. მ–ის, – პირადი ნომერი: ..........., – მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

1.1. 2023 წლის 27 ნოემბერს, 09:00 საათიდან 09:30 საათამდე დროის შუალედში, თ–ში, ……..ის გამზირის N..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ნ. მ–მა ქვის გამოყენებით დააზიანა შპს ,,თ……… კომპანიის” კუთვნილი ავტობუსი (სახელმწიფო ნომრით: ......), რამაც 2900 ლარის, მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

1.1.1. აღნიშნული ქმედებით ნ. მ–მა ჩაიდინა სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 187-ე მუხლის პირველი ნაწილით.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 12 ნოემბრის განაჩენით:

2.1. ნ. მ–ის მიმართ წარდგენილი ბრალდება – ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით, - დაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 188-ე მუხლის პირველი ნაწილით;

2.2. ნ. მ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 188-ე მუხლის პირველი ნაწილით (2023 წლის 27 ნოემბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა შინაპატიმრობა 8 თვით;

2.3. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის საფუძველზე, ნ. მ–ი გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 188-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელისაგან.

3. სასამართლომ დაადგინა, რომ ნ. მ–ის ქმედება მიმართული იყო დაზრალებულისაკენ და სწორედ მისი მიმართულებით ისროლა ქვა. ამ ქმედებით ნ. მ–მა არ გააცნობიერა სხვისი ნივთის განადგურების/დაზიანების შესაძლებლობა, რისი გათვალისწინებაც ევალებოდა და შეეძლო კიდეც, რითაც შპს ,,………კომპანიას“ მიაყენა მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნინო მიქავამ. აპელანტმა მოითხოვა ნ. მ–ის საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში დამნაშავედ ცნობა და მისთვის ჩადენილი დანაშაულის თანაზომიერი სასჯელის განსაზღვრა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 13 ივნისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 12 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – ნინო მიქავამ. კასატორი ითხოვს ნ. მ–ის საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში დამნაშავედ ცნობასა და შესაბამისი სასჯელის განსაზღვრას;

6.1. პროკურორის საკასაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოადგინა მსჯავრდებულ ნ. მ–ის ინტერესების დამცვლემა ადვოკატმა – გ. ძ–მა, რომელმაც მოითხოვა პროკურორის საკასაციო საჩვრის დაუშვებლად ცნობა, ხოლო დაშვების შემთხვევაში – გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.

7. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, par.30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, par. 31, ECtHR,11/11/2011) და ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No.2) no. 12686/03, paras. 37, 41, ECtHR, 20/03/2009).

8. საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. პროკურორი ითხოვს ნ. მ–ის საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით (ბრალადწარდგენილი კვალიფიკაცია) დამნაშავედ ცნობას, ნაცვლად – საქართველოს სსკ-ის 188-ე მუხლის პირველი ნაწილისა (მსჯავრადშერაცხილი კვალიფიკაცია), ხოლო დაცვის მხარე – შესაგებლით – პროკურორის საკასაციო საჩვრის დაუშვებლად ცნობას/დაშვების შემთხვევაში, გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვებას.

8.1. ამდენად, მხარეებს შორის დავის საგანი არ არის ის გარემოება, რომ 2023 წლის 27 ნოემბერს, თ–ში, ........ გამზირის N..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ნ. მ–მა ქვის გამოყენებით დააზიანა შპს ,,.......... კომპანიის” კუთვნილი ავტობუსი; მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანია იმ საკითხის გარკვევა, ნ. მ–მა ქვის გამოყენებით განზრახ დააზიანა შპს ,,....... კომპანიის” კუთვნილი ავტობუსი (სახელმწიფო ნომრით: ........), რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, თუ – გაუფრთხილებლობით. შესაბამისად, ჩაიდინა – საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით თუ საქართველოს სსკ-ის 188-ე მუხლის პირველი ნაწილის გათვალისწინებული დანაშაული.

9. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება ბრალდების მხარეს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისია ნ. მ–ის ბრალადწარდგენილი ქმედების ჩადენაში დამნაშავედ ცნობისათვის.

10. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ უტყუარობის კონსტიტუციური პრინციპი მოითხოვს არა მხოლოდ იმას, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უტყუარ (სანდო, გაუყალბებელ) მტკიცებულებებს ეფუძნებოდეს, არამედ იმასაც, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ეჭვგარეშე დასტურდებოდეს პირის ბრალეულობა დანაშაულის ჩადენაში (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება N 2/2/1276 „გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-77).

11. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში არსებული მტკიცებულებებით ვერ დასტურდება ნ. მ–ის მიერ ბრალადშერაცხილი დანაშაულის ჩადენა. კერძოდ, არ დასტურდება, რომ ნ. მ–ი ქვის სროლისას მოქმედებდა ავტომანქანის დაზიანების განზრახვით (პირდაპირი/არაპირდაპირი). აღნიშნულის დადასტურებას კასატორი ცდილობს ავტობუსის მძღოლის – ვ. მ–ის ჩვენებით, რომელმაც განმარტა, რომ სიტყვიერი დაპირისპირების შემდგომ მსჯავრდებულმა ქვა ისროლა ავტობუსის მიმართულებით. მან ქვა არა მისი, არამედ ავტობუსის მიმართულებით ისროლა და დააზიანა წინა საქარე მინა. მხოლოდ აღნიშნული მოწმის განმარტება/აღქმა, მსჯავრდებულის ჩვენების გათვალისწინებით (რომლის თანახმად, მძღოლთან კამათის შემდგომ, ვინაიდან ვ. მ–ის მხრიდან კვლავ გაგრძელდა სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება და თითქოს იგი ჩადიოდა ავტობუსიდან და მათი (მსჯავრდებულისა და მისი დის) მიმართლებით უნდოდა წასვლა, თავადაც (მსჯავრდებული) გახდა აგრესიული და ქვა ისროლა მისი (მძღოლის) მიმართულებით, რა დროსაც ავტობუსის მძღოლი დაიხარა და ქვა აირიდა. შემდეგ გაიგონა მძღოლის ხმა – ,,შუშა ჩატყდა“), გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, ვერ ადასტურებს ნ. მ–ი ქმედებაში განზრახვის არსებობას, ვერ დგინდება დანაშაულის სუბიექტური მხარის – განზრახვის – არსებობა, რაც გამორიცხავს მის მსჯავრდებას ბრალადწარდგენილი კვალიფიკაციით.

11.1. ვიდეოჩანაწერით ასევე ვერ დგინდება, რომ მსჯავრდებულს თავისი ქმედებით არ სურდა იმ პირის დაზიანება, ვისთანაც ჰქონდა კონფლიქტი და სურდა შპს .......... კომპანიის” კუთვნილი ავტობუსის დაზიანება ან შეგნებულად უშვებდა/გულგრილად ეკიდებოდა აღნიშნულს.

12. ქმედების საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლით კვალიფიკაციისთვის, სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა უნდა დასტურდებოდეს პირის მიერ სხვისი ნივთის დაზიანების განზრახვა და შედეგი – მნიშვნელოვანი ზიანი. ამასთან, დანაშაულის ჩადენა შესაძლებელია, როგორც პირდაპირი ისე – არაპირდაპირი განზრახვით, რაც, მოცემულ შემთხვევაში, ვერც ერთი მტკიცებულებით ვერ დგინდება. შესაბამისად, ვინაიდან მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით უნდა დასტურდებოდეს დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-41-43), ხოლო, მოცემულ შემთხვევაში, სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დგინდება – საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის სავალდებულო ელემენტის – განზრახვის – არსებობა ნ. მ–ის ქმედებაში, უსაფუძვლობის გამო, არ არსებობს კასატორის მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

13. მოცემულ შემთხვევაში, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

14. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რომლის გამოც, მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად, არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

16. „საკასაციო საჩივრების დასაშვებობის კრიტერიუმების შემოღება და გამოყენება ემსახურება მართლმსაჯულების სათანადოდ განხორციელების ლეგიტიმურ მიზანს“ (იხ. Tchaghiashvili v. Georgia, no. 19312/07, par. 34, ECtHR, 2/09/2014; Nersesyan v. Armenia, no. 15371/07, par. 22, ECtHR, 19/01/2010; Borisenko and Yerevanyan Bazalt Ltd v. Armenia, no. 18297/08, ECtHR, 14/04/2009).

17. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნინო მიქავას საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 13 ივნისის განაჩენზე;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. ვასაძე

ლ. თევზაძე