Facebook Twitter

საქმე # 330100124010037811

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №749აპ-25 ქ. თბილისი

მ. ე. 749აპ-25 18 ნოემბერი, 2025 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

მამუკა ვასაძე, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 18 ივნისის განაჩენზე თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ მიხეილ კუპრაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით, ე. მ–ს, – პირადი ნომერი: ............, – ბრალად ედებოდა:

1.1. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, – დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

ე. მ–ის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2024 წლის 17 აგვისტოს, დაახლოებით 21:30 საათზე, ქ.თ–ში, გ–ში, ხ–ს ქუჩა N..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ე. მ–მა გერს ხ. კ–ს, რომელთან ერთადაც ეწევა ერთიან საოჯახო მეურნეობას, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ყელში მოუჭირა ხელი, შემდგომ კი ხელებზე მოუჭირა ორივე ხელი, რა დროსაც დაზარალებულმა თითოეული ქმედებისას განიცადა ფიზიკური ტკივილი.

1.2. სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, – დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით.

ე. მ–ის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2024 წლის 17 აგვისტოს, დაახლოებით 21:30 საათზე, ქ.თ–ში, გ–ში, ხ–ს ქუჩა N..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ე. მ–ი გერს - ხ. კ–ს, რომელთან ერთადაც ეწევა ერთიან საოჯახო მეურნეობას, დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, უთხრა, რომ „მოკლავდა“, რაც დაზარალებულმა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების შიში.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 11 მარტის განაჩენით:

2.1. ე. მ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ელი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში;

2.2. ე. მ– ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში;

2.3. გამართლებულ ე. მ–ს განემარტა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების უფლების შესახებ.

3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თამთა გახარიამ. აპელანტმა მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და ე. მ–ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და მისთვის მკაცრი სასჯელის – თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 18 ივნისის განაჩენით, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 11 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორი მიხეილ კუპრაშვილი საკასაციო საჩივრით ითხოვს ე. მ–ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მისთვის მკაცრი სასჯელის – თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრას.

6. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, par.30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, par. 31, ECtHR,11/11/2011) და ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No.2) no. 12686/03, paras. 37, 41, ECtHR, 20/03/2009).

7. საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრა ბრალდების მხარემ, რომელიც ითხოვს გამართლებულ ე. მ–ის დამნაშავედ ცნობას ბრალადწარდგენილი დანაშაულების ჩადენაში.

8. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დაზარალებულ ხ. კ–ის ჩვენება (რომელმაც მოწმის სახით ჩვენების მიცემისას აღწერა 2024 წლის 17 აგვისტოს განვითარებული მოვლენები და დაადასტურა ე. მ–ის მხრიდან მის მიმართ ფიზიკური ძალადობის და მუქარის განხორციელება, რომელთა შედეგად მან განიცადა ფიზიკური ტკივილი და გაუჩნდა მუქარის განხორციელების რეალური შიშიც) ეწინააღმდეგება სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილ მოწმეთა: მ. მ–ისა და ნ. ს–ის ჩვენებას. კერძოდ,

8.1. დაზარალებულმა ხ. კ–მა მოწმის სახით ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ ე. მ–ი არის დედამისის - მ. მ–ის მეუღლე. 2024 წლის 17 აგვისტოს, დაახლოებით 20:00 საათის შემდეგ, იმყოფებოდა ქ. თ–ში, გ–ში, ე. მ–ის ნათესავებთან - ი. კ–თან და ნ. ს–სთან. მ. მ–ი და ე. მ–ი ერთმანეთთან შეკამათდნენ, რის გამოც გაღიზიანდა და თავადაც შეეკამათა ე–ს, რომელმაც გარეთ გამოსვლის შემდეგ, მასზე ფიზიკურად იძალადა. დაზარალებულის განმარტებით, ე. მ–ი მიუახლოვდა და მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, შეაგინა, თან ყელში მოულოდნელად წაუჭირა ხელი და 2-3 წამის განმავლობაში უჭერდა, რა დროსაც გადაეკეტა სუნთქვა, ასევე უთხრა, მოგკლავო, რაც აღიქვა რეალურად. მას ძალიან ეტკინა და შეეშინდა, მართლა არ მოეკლა. ძალადობის დროს, ე. მ–ის გარდა არავინ ყოფილა, მარტონი იყვნენ.

8.2. მოწმე მ. მ–მა განმარტა, რომ ე. მ–ი არის მისი მეუღლე, რომელთანაც ქორწინებაშია 2005 წლის 5 ივლისიდან. ხ. კ–ი არის მისი შვილი, რომელიც ჰყავს პირველი ქორწინებიდან და მასთან აქვს კარგი ურთიერთობა. 2024 წლის 17 აგვისტოს, ხ. კ–თან, ე. მ–თან და ნ. ს–სთან ერთად იმყოფებოდა ნ. ს–ის სახლში. ნ-ს დედა - ი. კ. იმყოფებოდა აბაზანაში. მას ე. მ–თან მოუვიდა შელაპარაკება საყოფაცხოვრებო საკითხზე, რის გამოც გამოესარჩლა და დაიცვა ხ. კ–მა. ე–მა ხ–ს უთხრა „ნორმალურად მელაპარაკე“, თორემ რომ შემეძლოს, ენას ამოგაწიწკნიდიო, ხოლო ხ–მ ე–ს უთხრა „ფეხები არ მომაჭამო-ო“. ასევე, ე–მა გაუმეორა „გაჩერდი-ო“. ხ–ამ უთხრა „არაკაცი ხარ-ო“ და იკამათეს. ხ–ა გავიდა გარეთ, რომელსაც ის და ნ. ს–ეც გაყვნენ. ხ–ა ჩაჯდა მანქანაში და უთხრა, რომ მანქანით გაივლიდა და დაწყნარდებოდა, თავად კი, კორპუსის წინ სკამზე დაჯდა და ელოდებოდა. ე. მ–ი სახლში დარჩა და მანამ ის სახლში არ ავიდა, სახლიდან არ გამოსულა. ცოტა ხანში დაუკავშირდნენ პოლიციიდან და შეატყობინეს, რომ ხ–ას კამათი მოსვლია მის მეუღლესთან და ე–ისთვის უნდა გამოეწერათ შემაკავებელი ორდერი, რის შესახებაც უთხრა ე–ს. ის, ე. მ–ი და ნ. ს–ე წავიდნენ განყოფილებაში. მოწმის განმარტებით, ე. მ–ის მხრიდან მუქარას ადგილი არ ჰქონია. ხ–ა ძალიან გაღიზიანებული იყო იმ პერიოდში, ვინაიდან ოჯახი დაენგრა და იყო სტრესულ მდგომარეობაში. ხ–ას და ე–ს ჰქონდათ ძალიან კარგი ურთიერთობა, ხ–ა მასთან არ არის იმდენად კარგად და გახსნილად, როგორც ე. მ–თან იყო.

8.3. ნ. ს–ემ, სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ 2024 წლის 17 აგვისტოს, მის სახლში იმყოფებოდნენ ე. მ–ი, ე–ის მეუღლე - მ. მ–ი და ხ. კ–ი. სახლში იმყოფებოდა დედამისი ი. კ-ც, რომელიც აბაზანაში იყო. ე. მ–ს მეუღლესთან მოუვიდა უთანხმოება, ჩაერია ხ–ა და ე–ს მიმართა უხეშად. ე–მა უთხრა „დიდი და პატარა იცოდე, შენთან არ მაქვს გასარკვევი არაფერი, მე დედაშენს ველაპარაკები-ო“. ხ–ამ უთხრა ე–ს, „დიდიც ვიცი და პატარაც და ფეხებს ვერ მომჭამ-ო“. ე–მა კი, უპასუხა, „ენას ამოგაგლიჯავ, ასე ნუ მესაუბრები-ო“. შემდეგ ხ–ა გარეთ გავიდა, რომელსაც თავადაც გაჰყვა და უთხრა, თუ სად მიდიოდა, რაზეც ხ–ამ უპასუხა, რომ დამშვიდდებოდა და დაბრუნდებოდა. ისინი სახლში იყვნენ და ხ–ას ელოდებოდნენ, მაგრამ არ დაბრუნდა. ხ–ას მ. მ–იც გაჰყვა გარეთ, რომელიც რამდენიმე ხანში აბრუნდა და თქვა განყოფილებიდან დარეკეს და ე–ი დაიბარეს, შემაკავებელი უნდა გამოსცენო. ის ე. მ–თან ერთად იმყოფებოდა მთელი დღის განმავლობაში და განყოფილებაში მთელი ღამის განმავლობაში, არსად ე–ი არ წასულა და არ შეხვედრია ხ–ას. ასევე, ე–ი იმყოფებოდა მასთან ოჯახში, მომხდარი შელაპარაკების შემდეგ. ხ. კ–ს ჰქონდა რაღაც პრობლემები და ყველა გვერდში ედგა ამ სტრესის დასაძლევად.

9. სასამართლო ითვალისწინებს, რომ 2024 წლის 17 აგვისტოს განცხადებასა და საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმში მითითებული ინფორმაცია შეესაბამება დაზარალებულის მიერ სასამართლოში მიცემულ ჩვენებას, თუმცა მასში მითითებული ინფორმაციის წყარო არის თავად დაზარალებული, რომლის ჩვენებაც ეწინააღმდეგება მოწმეთა: მ. მ–ისა და ნ. ს–ის ჩვენებებს, სხვა პირდაპირი ან/და გარემოებითი მტკიცებულება კი აღნიშნულ ეპიზოდებში ე. მ–ის მიერ დანაშაულის ჩადენის მტკიცებისთვის, ბრალდების მხარეს არ წამოუდგენია.

10. იმავდროულად, სასამართლო ითვალისწინებს მოწმეთა: მ. მ–ისა და ნ. ს–ის ჩვენების იმ ნაწილს, რომელშიც მოწმეებმა მიუთითეს, რომ ე. მ–მა ხ. კ–ს უთხრა: „ენას ამოგაწიწკნიდი“ / ,,ენას ამოგაგლიჯავ“ და კვალავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პირის ბრალდება მხოლოდ პროკურორის უფლებამოსილებაა, ხოლო მე-12 და 166-ე მუხლების თანახმად – სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება და განხორციელება მხოლოდ პროკურორის დისკრეციული უფლებამოსილებაა. სასამართლო საქმეს განიხილავს წარდგენილი ბრალდების ფარგლებში (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 24 ივნისის განჩინება №230აპ-13) და შეზღუდულია ბრალის ფორმულირებით. ბრალდების მხარე კი ე. მ–ს არ ედავება ნ. ს–ის სახლში ხ. კ–ის მიმართ ჯანმრთელობის დაზიანების მუქარას.

11. შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, ვერ დასტურდება ე. მ–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.

12. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიულ დანაწესის, საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის, მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნების გათვალისწინებით, „ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში... დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-41-43).

13. „როდესაც სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, par.175, ECtHR, 14/05/2020).

14. მოცემულ შემთხვევაში, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, ასევე არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა. შესაბამისად, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

15. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ მიხეილ კუპრაშვილის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 18 ივნისის განაჩენზე ე. მ–ის მიმართ;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. ვასაძე

ლ. თევზაძე