¹ 3კ/1045–01 21 დეკემბერი, 2001 წ. , ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. წიქვაძე (თავმჯდომარე),
მ. გოგიშვილი,რ. ნადირიანი
დავის საგანი: სანოტარო მოქმედების კანონიერება.
აღწერილობითი ნაწილი:
მ. წ-ძემ სარჩელით მიმართა სასამართლოს და აღნიშნა, რომ 1997 წლის 13 ოქტომბერს სს ბანკი “კ.-ისაგან” სესხად აიღო 27000 აშშ დოლარი, რაზედაც გააფორმა საკრედიტო ხელშეკრულება. სესხის უზრუნველყოფის მიზნით მოსარჩელემ გირავნობის ხელშეკრულება გააფორმა სს ბანკ “კ.-სთან”, რომლის თანახმად დააგირავა მისი კუთვნილი ბინა.
მოსარჩელის მიერ არ იქნა დროულად დაფარული სესხი, რის გამოც სს ბანკმა “კ.-მ” მიმართა ნოტარიუს ც. ბ-ძეს, რომ გაეცა სააღსრულებო წარწერა სესხის გადახდევინების შესახებ. მ. წ-ძის განმარტებით, ნოტარიუსის მიერ 1998 წლის 4 დეკემბერს გაცემული იქნა სააღსრულებო წარწერა სესხის გადახდევინების შესახებ ისე, რომ არ ყოფილა სასამართლო გადაწყვეტილება იპოთეკით დატვირთული ბინის რეალიზაციის შესახებ.
აღნიშნულიდან გამომდინარე მ. წ-ძემ მოითხოვა მოპასუხის მიერ გაცემული სააღსრულებო წარწერის გაუქმება.
რაიონული სასამართლოს 2001 წლის 7 მაისის გადაწყვეტილებით მ. წ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის სანოტარო ბიუროს ნოტარიუს ც. ბ-ძის მიერ 1998 წლის 4 დეკემბერს შესრულებული სააღსრულებო წარწერა. სასამართლომ მიუთითა, რომ სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის თანახმად იძულებით გაყიდვა აუქციონზე ხდება სასამართლოს მიერ კრედიტორის განცხადების საფუძველზე. ვინაიდან სასამართლო გადაწყვეტილება არ იყო სახეზე, ამდენად ნოტარიუსი არ იყო უფლებამოსილი გაეცა სააღსრულებო წარწერა ბინის რეალიზაციის შესახებ.
ნოტარიუსმა ც. ბ-ძემ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება მიიჩნია უკანონოდ და სააპელაციო საჩივრით მიმართა თბილისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატას.
აპელანტმა აღნიშნა, რომ იმ დროს მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის თანახმად იპოთეკით დატვირთული ნივთის რეალიზაციას არ სჭირდებოდა ამჟამად სავალდებულო სასამართლო გადაწყვეტილება, ამდენად, მისი მოქმედება კანონის სრული დაცვით განხორციელდა.
აღნიშნულიდან გამომდინარე აპელანტმა მოითხოვა რაიონული სასამართლოს 2001 წლის 7 მაისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მისი მოთხოვნების დაკმაყოფილება.
თბილისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის 2001 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ნოტარიუს ც. ბ-ძის სააპელაციო საჩივარი, გაუქმდა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ აპელანტი მოქმედებდა კანონით მინიჭებული უფლების ფარგლებში, კერძოდ, “ნოტარიატის შესახებ” კანონის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის “ე” პუნქტი ნოტარიუსს უფლებას აძლევდა შეესრულებინა სააღსრულებო წარწერა, Aამავე უფლებას აძლევდა ნოტარიუსს იმ დროს მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.
საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის 2001 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. წ-ძემ.
კასატორმა აღნიშნა, რომ საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოა, ვინაიდან ის ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 21-ე და სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლებს.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლითა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენით მივიდა დასკვნამდე, რომ მ. წ-ძის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1507-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად სამოქალაქო კოდექსის ამოქმედების გამო ძალადაკარგული ნორმატიული აქტების საფუძველზე წარმოშობილი ურთიერთობების მიმართ გამოიყენება ეს ნორმატიული აქტები, გარდა იმ შემთხვევისა, თუ სამოქალაქო კოდექსი უძრავი ნივთების შესახებ ახალ წესებს ითვალისწინებს.
უძრავი ნივთების შესახებ ახალ წესებში იგულისხმება ის წესები, რომელიც დადგენილია სამოქალაქო კოდექსის მეორე წიგნით. Mმათ შორისაა იპოთეკის შესახებ ნორმებიც.
სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის თანახმად ნივთის იძულებით გაყიდვა აუქციონზე ხდება კრედიტორის განცხადების საფუძველზე სასამართლოს მიერ. Kკანონმდებლის მიერ ერთმნიშვნელოვნად არის განსაზღვრული, რომ უძრავი ნივთის იძულებითი რეალიზაცია უნდა მოხდეს სასამართლოს მეშვეობით.
სამოქალაქო კოდექსის მე-300 მუხლის თანახმად ნივთის რეალიზაცია ხორციელდება ამ თავში მოცემული წესებისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმების მიხედვით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმები გამოიყენება, როგორც სპეციალური ნორმები. Aაღნიშნული ნორმა არ ეწინააღმდეგება სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლს. 301-ე მუხლი ადგენს სათანადო იურისდიქციის მქონე ორგანოს, რომლის მეშვეობით უნდა მოხდეს ნივთის იძულებითი რეალიზაცია. Eეს ნორმა სასამართლოს გარდა სხვა ორგანოს გადაწყვეტილებას არ ცნობს და არც სხვა საკანონმდებლო აქტებზე მიუთითებს. Mმე-300 მუხლი მიუთითებს სათანადო იურისდიქციის მქონე ორგანოს გადაწყვეტილების რეალიზაციის წესზე, რომელიც გამოიყენება სასამართლოს მიერ ნივთის რეალიზაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ. სწორედ ამ შემთხვევაში მიუთითებს კანონმდებელი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმებზე, როგორც სპეციალურ ნორმებზე. A
აღნიშნულის დადასტურებაა ისიც, რომ სააღსრულებო წარმოებათა შესახებ კანონის მიღების შემდეგ სამოქალაქო კოდექსის მე-300 მუხლში სიტყვები ,,სამოქალაქო საპროცესო კოდექსი” შეიცვალა ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ კანონით”.
მოცემულ შემთხვევაში, ნოტარიუსის მიერ სააღსრულებო წარწერის შესრულებისას სამოქალაქო კოდექსი იყო უფრო ახალი კანონი, რომელიც იპოთეკით დატვირთული ნივთის იძულებით რეალიზაციაზე სათანადო იურისდიქციის მქონე ორგანოს განსაზღვრავდა. Aაღნიშნულის გამო ნოტარიუსს არ ჰქონდა უფლება იპოთეკით დატვირთული ნივთის რეალიზაციაზე შეესრულებინა სააღსრულებო წარწერა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის განჩინებას საფუძვლად უდევს კანონის დარღვევა და ამდენად, მიღებულ უნდა იყოს ახალი გადაწყვეტილება.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
მ. წ-ძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს. მოცემულ საქმეზე გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილება.
მ. წ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდეს. გაუქმდეს თბილისის სანოტარო ბიუროს ნოტარიუს ც. ბ-ძის მიერ 1998 წლის 4 დეკემბერს შესრულებული სააღსრულებო წარწერა იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის საჯარო წესით გაყიდვის შესახებ.
გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.