საქმე # 340100124009617485
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №655აპ-25 ქ. თბილისი
მ. ბ. 655აპ-25 10 ნოემბერი, 2025 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
მამუკა ვასაძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 5 ივნისის განაჩენზე გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნატო ტორიაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ბ. მ–ის, – პირადი ნომერი: ........., – მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
1.1. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 20 აგვისტოს განაჩენით, ოჯახში ძალადობისათვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით ნასამართლევმა, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბ. მ–მა, 2024 წლის 2 ივნისს, ლ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ გ–ში მდებარე, თავის საცხოვრებელ ბინაში, ურთიერთშელაპარაკებისას ზურგში ხელი დაარტყა დედას – ა. ი–ს, რომელმაც განიცადა ფიზიკური ტკივილი;
1.1.1. აღნიშნული ქმედებით ბ. მ–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით;
1.2. 2024 წლის 2 ივნისს, შსს ლ–ს რაიონული სამმართველოს ინსპექტორმა – დ. პ–მა, გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 8 აგვისტოს განაჩენით, შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის, საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით ნასამართლევი ბ. მ–ის მიმართ გამოსცა შემაკავებელი ორდერი №......, რომლის მიხედვითაც, მას აეკრძალა დედასთან – ა. ი–სთან და მის საცხოვრებელ სახლთან მიახლოვება, მასთან ყოფელგვარი კომუნიკაცია და თანასაკუთრებით ერთპიროვნულად სარგებლობა. მიუხედავად ამისა, 2024 წლის 3 ივნისს, დაახლოებით 03:30 საათზე, ბ. მ–მა არაერთგზის დაარღვია შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები, მივიდა ლ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ გ–ში მდებარე, ა. ი–ს საცხოვრებელ ბინაში და მიაყენა მას სიტყვიერი შეურაცხყოფა;
1.2.1. აღნიშნული ქმედებით ბ. მ–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა, ჩადენილი არაერთგზის, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის მე-3 ნაწილით.
2. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 9 დეკემბრის განაჩენით:
2.1. ბ. მ–ი გამართლდა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და ამ ნაწილში, იგი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ;
2.2. ბ. მ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის მე-3 ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 2 წლით;
2.3. ბ. მ–ის სასჯელის ვადა აეთვალა ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან – 2024 წლის 3 ივნისიდან.
3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა;
3.1. მსჯავრდებულ ბ. მ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა – ლ. ჯ–მა მოითხოვა უფრო მსუბუქი სასჯელის განსაზღვრა, შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში.
3.2. გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნატო ტორიაშვილმა მოითხოვა ბ. მ–ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მისთვის პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა;
3.3. პროკურორის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარადგინა მსჯავრდებულ ბ. მ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა – ლ. ჯ–მა და მოითხოვა, რომ არ დაკმაყოფილდეს პროკურორის სააპელაციო საჩივარი.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 5 ივნისის განაჩენით:
4.1. გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორის ნატო ტორიაშვილის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა;
4.2. მსჯავრდებულ ბ. მ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ლ. ჯ–ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ცვლილებით;
4.3. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 9 დეკემბრის განაჩენში შევიდა ცვლილება:
4.4. ბ. მ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში;
4.5. ბ. მ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 2 წლით;
4.6. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ბ. მ–ს დანიშნული სასჯელი შეუმცირდა 1/6-ით და განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 8 თვით;
4.7. ბ. მ–ს სასჯელის ვადა აეთვალა ფაქტობრივი დაკავებიდან – 2024 წლის 3 ივნისიდან;
4.8. ასევე გამოიცა დამცავი ორდერი შემდეგი პირობებით: ა) აეკრძალა ბ. მ–ს დაზარალებულთან – ა. ი–სთან, მათ შორის, მის საცხოვრებელთან, სამსახურთან და სხვა ადგილებთან მიახლოება, სადაც შეიძლება ა. ი. იმყოფებოდეს; ბ) აეკრძალა ბ. მ–ს დაზარალებულთან – ა. ი–სთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით;
4.9. დამცავი ორდერი გამოიცა შემცირებული სასჯელის ვადით – 4 თვით.
5. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნატო ტორიაშვილმა. კასატორი ითხოვს ბ. მ–ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მისთვის პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრას.
5.1. პროკურორის საკასაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოადგინა მსჯავრდებულ ბ. მ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა – ლ. ჯ–მა. ადვოკატი ითხოვს ბრალდების მხარის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობას/გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვებას.
6. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, par.30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, par. 31, ECtHR,11/11/2011) და ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No.2) no. 12686/03, paras.37,41, ECtHR, 20/03/2009).
7. საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, კასატორი ბრალდების მხარე ითხოვს ბ. მ–ის, მათ შორის, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით დამნაშავედ ცნობას, ხოლო დაცვის მხარე შესაგებლით – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობას/გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვებას.
7.1. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანი არ არის ბ. მ–ის საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის მე-3 ნაწილით მსჯავრდება და სასჯელის კანონიერება. დავის საგანია – ბ. მ–მა ჩაიდინა თუ არა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული (რომლის ჩადენაშიც, გასაჩივრებული განაჩენით, უდანაშაულოდ არის ცნობილი).
8. სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი ბ. მ–ის, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, სადავო ეპიზოდში დამნაშავედ ცნობისათვის და ითვალისწინებს, რომ ბრალდების მხარემ გურჯაანის რაიონული სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა იმავე (იდენტურ) არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული. სააპელაციო სასამართლოს განაჩენში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც ბ. მ–ის წარდგენილ ბრალდებაში (ამ ნაწილში) გამართლება განაპირობა.
9. კასატორი თავისი პოზიციის დასაბუთებისათვის უთითებს მოწმეების – დ. პ–ის (ინსპექტორი), ზ. ხ–ს (დეტექტივი) და ფ. ა–ს (მეზობელი) უდავოდ ცნობილ გამოკითხვის ოქმებზე, მოწმე ა. ა–ის (მსჯავრდებულის ცოლის მშობელი) ჩვენებაზე, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაზე, შემაკავებელ ორდერსა და ნასამართლობის ცნობაზე და პოზიციის დასაბუთებისათვის ყურადღებას ამახვილებს აღნიშნული მტკიცებულებების შინაარსობრივ მხარეზე, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული მტკიცებულებებით დგინდება, რომ არც ერთი ზემოაღნიშნული მოწმე/მტკიცებულება არ შეიცავს ბ. მ–ისთვის ბრალადწარდგენილი ძალადობის შესახებ ინფორმაციას, არ წარმოადგენს პირდაპირ ანდა გარემოებით მამხილებელ მტკიცებულებას.
10. უტყუარობის კონსტიტუციური პრინციპი მოითხოვს არა მხოლოდ იმას, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უტყუარ (სანდო, გაუყალბებელ) მტკიცებულებებს ეფუძნებოდეს, არამედ იმასაც, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ეჭვგარეშე დასტურდებოდეს პირის ბრალეულობა დანაშაულის ჩადენაში (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება N 2/2/1276 „გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-77). ამასთან, მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით უნდა დასტურდებოდეს დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა პირის ქმედებაში (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-41-43).
11. ქმედების საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით კვალიფიკაციისათვის, სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებით უნდა დასტურდებოდეს პირის მიერ დაზარალებულის მიმართ, როგორც ძალადობა, ასევე – აღნიშნულით ფიზიკური ტკივილის გამოწვევა.
12. სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას დაზარალებულმა ა. ი–მ ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა ახლო ნათესავის (შვილის) – ბ. მ–ის – წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.
13. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნასთან მიმართებით, საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ შეუძლებელია ექსპერტიზის დასკვნით ობიექტურად განისაზღვროს დაზიანების მიმყენებელი პირის ვინაობა, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
14. შესაბამისად, წინამდებარე სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, არ დასტურდება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ( მოცემულ შემთხვევაში - ფიზიკური ძალადობის) აუცილებელი კომპონენტი – დაზარალებულის მიერ ტკივილის განცდა.
15. ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია არცერთი დამოუკიდებელი, პირდაპირი მამხილებელი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ბ. მ–ის მიერ ა. ი–ს მიმართ ფიზიკურ ძალადობას (ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებულ დროსა და ვითარებაში), რის გამოც, საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დგინდება ბ. მ–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
16. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ „ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში... დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-41-43).
17. „საქართველოს უზენაესი სასამართლოს განხილვის ფარგლები შეზღუდულია კონკრეტული სამართლებრივი საკითხებით“ (იხ. Kuparadze v. Georgia, no. 30743/09, paras. 41, 76, ECtHR, 21/09/2017) და „როდესაც სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, par.175, ECtHR, 14/05/2020).
18. მოცემულ შემთხვევაში, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც რომელიმე სხვა საფუძვლის არსებობა. შესაბამისად, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
19. „საკასაციო საჩივრების დასაშვებობის კრიტერიუმების შემოღება და გამოყენება ემსახურება მართლმსაჯულების სათანადოდ განხორციელების ლეგიტიმურ მიზანს“ (იხ. Tchaghiashvili v. Georgia, no. 19312/07, par. 34, ECtHR, 2/09/2014; Nersesyan v. Armenia, no. 15371/07, par. 22, ECtHR, 19/01/2010; Borisenko and Yerevanyan Bazalt Ltd v. Armenia, no. 18297/08, ECtHR, 14/04/2009).
20. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნატო ტორიაშვილის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 5 ივნისის განაჩენზე, ბ. მ–ის მიმართ;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. ვასაძე
ლ. თევზაძე