საქმე # 140100124010422452
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №737აპ-25 ქ. თბილისი
ს ა. 737აპ-25 12 ნოემბერი, 2025 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
მამუკა ვასაძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 4 ივნისის განაჩენზე მსჯავრდებულ ა. ს–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის – თ. თ–ისა და გორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანნა ცაგურიას საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ა. ს–ის, – პირადი ნომერი: .........., – მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
1.1. ა. მ–ი ქორწინებაში იმყოფებოდა ა. ს–თან. თანაცხოვრების პერიოდში ა. ს–ი ხშირად მოიხმარდა ნარკოტიკულ საშუალებას და იმყოფებოდა არაფხიზელ მდგომარეობაში, რაც მიუღებელი იყო ა. მ–ისთვის. აღნიშნულის გამო, მეუღლეები ხშირად კამათობდნენ, რა დროსაც ა. ს–ი გენდერის ნიშნით (ვინაიდან ა. ს–ს მიაჩნდა, რომ მას მის მეუღლესთან, როგორც ქალთან მიმართებით ეკავა უპირატესი მდგომარეობა, შესაბამისად ა. მ–ს, როგორც ქალს არ ჰქონდა უფლება უკმაყოფილება გამოეთქვა ა. ს–ის ქცევის თაობაზე და მის მიერ არაფხიზელ მდგომარეობაში ყოფნასთან დაკავშირებით მიეცა შენიშვნა) სისტემატურად შეურაცხყოფდა და ამცირებდა მეუღლის – ა. მ–ის პატივსა და ღირსებას, კერძოდ სისტემატურად უყვიროდა და აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ასევე, 2024 წლის 2 ოქტომბერს, დილის საათებში, ქ. გ–ში, ხ–ს ქ №.... მდებარე მათსავე საცხოვრებელ სახლში, ა. ს–ის მხრიდან განხორციელებული მორიგი სიტყვიერი შეურაცხყოფის შემდგომ, ა. მ–მა სცადა სახლიდან წასვლა, რა დროსაც ა. ს–მა იგი ძალის გამოყენებით დააბრუნა სახლში, შემდეგ ხელი ჩასჭიდა მკლავის არეში, მიანარცხა კედელს. აღნიშნული ქმედებებით ა. ს–მა ა. მ–ი მიიყვანა თვითმკვლელობის ცდამდე, კერძოდ 2024 წლის 2 ოქტომბერს, დილის საათებში, ა. მ–ი, თვითმკვლელობის მიზნით გადახტა ზემოაღნიშნული საცხოვრებელი სახლის მეოთხე სართულის ფანჯრიდან. დროული სამედიცინო დახმარების აღმოჩენის შედეგად შესაძლებელი გახდა მისი სიცოცხლის შენარჩუნება.
1.1.1. აღნიშნული ქმედებებით ა. ს–მა ჩაიდინა – თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანა მსხვერპლის პატივის და ღირსების სისტემატური დამცირებით, ჩადენილი გენდერის ნიშნით, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 111,115-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით.
2. გორის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 24 მარტის განაჩენით ა. ს–ი საქართველოს სსკ-ის 111,115-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა;
2.1. საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლის თანახმად, ა. ს–ს განემარტა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.
3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა ანნა ცაგურიამ. აპელანტმა მოითხოვა ა. ს–ის საქართველოს სსკ-ის 111,115-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობა და სამართლიანი სასჯელის განსაზღვრა.
3.1. პროკურორის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარადგინა გამართლებულ ა. ს–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა თ. თ–მა და მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 4 ივნისის განაჩენით გორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანნა ცაგურიას სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;
4.1. გაუქმდა გორის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 24 მარტის განაჩენი;
4.2. ა. ს–ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 111,115-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცრდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილზე;
4.3. ა. ს–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – საზოგადოებისათვის სასარგებლო შორმა 150 საათი;
4.4. საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის თანახმად ა. ს–ს პატიმრობაში ყოფნის (2024წლის 4 ოქტომბრიდან 2025 წლის 24 მარტის ჩათვლით) გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი ჩაეთვალა მოხდილად.
5. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა, კერძოდ:
5.1. პროკურორი ანნა ცაგურია ითხოვს ა. ს–ის დამნაშავედ ცნობას ბრალადწარდგენილი (საქართველოს სსკ-ის 111,115-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით) კვალიფიკაციით და მისთვის სამართლიანი სასჯელის შეფარდებას;
5.2. მსჯავრდებულ ა. ს–ის ინტერესების დამცველი ადვოკატი – თ. თ–ი ითხოვს მსჯავრდებულ ა. ს–ის უდანაშაულოდ ცნობას.
6. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, par.30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, par. 31, ECtHR,11/11/2011) და ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No.2) no. 12686/03, paras. 37, 41, ECtHR, 20/03/2009).
7. საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრეს დაცვისა და ბრალდების მხარეებმა. კასატორი ბრალდების მხარე ითხოვს ა. ს–ის დამნაშავედ ცნობას ბრალაწარდგენილი – საქართველოს სსკ-ის 111,115-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული – დანაშაულის ჩადენაში და მისთვის სამართლიანი სასჯელის შეფარდებას, ნაცვლად მსჯავრადშერაცხილი – საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული – დანაშაულის ჩადენისა, ხოლო დაცვის მხარე ითხოვს ა. ს–ის უდანაშაულოდ ცნობას.
8. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში (საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილი), საჩივარში კი აღნიშნული უნდა იყოს მომჩივნის აზრით, რომელი სამართლებრივი საკითხი გადაწყდა უკანონოდ და რა ადასტურებს აღნიშნულს (საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ” ქვეპუქტი), რაც გულისხმობს, რომ კასატორმა მხარემ სწორედ საკასაციო საჩივარში უნდა მიუთითოს კონკრეტული მოთხოვნაც და მისი სამართლებრივი და ფაქტობრივი არგუმენატაცია. ამდენად, კასატორმა უშუალოდ საკასაციო საჩივარში მოთხოვნის მკაფიოდ ფორმულირებასთან ერთად უნდა მიუთითოს ის არგუმენტებიც, რომლებიც ადასტურებენ კასატორის პოზიციას და შესაბამისად – გასაჩივრებული განაჩენის უკანონობას (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2025 წლის 25 სექტემბრის №493აპ-25 განჩინება).
9. მოცემულ შემთხვევაში, კასატორები – როგორც ბრალდების, ისე – დაცვის მხარე – საკასაციო საჩივარში უთითებენ მხოლოდ საბოლოო მოთხოვნას, კერძოდ:
9.1. გორის რაიონული პროკურატურის პროკურორი ანნა ცაგურია საკასაციო საჩივარში, ყოველგვარი არგუმენტაციის/სამართლებრივი დასაბუთების და ფაქტობრივი ანალიზის გარეშე, მხოლოდ ერთ აბზაცად, ზოგადად უთითებს, მტკიცებულებათა ჩამონათვალსა და პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ინკრიმინირებული ქმედების აღწერას (იმ მოქმედების აღწერას, რაც ასახულია პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში), რის შემდეგაც ასკვნის, რომ გასაჩივრებული განაჩენი უნდა გაუქმდეს და ა. ს–ს მსჯავრი უნდა დაედოს ბრალადწარდგენილი დანაშაულის ჩადენაში. აღნიშნული ფორმით პროკურორი არ უზრუნველყოფს საკასაციო საჩივრის კანონით დადგენილ სტანდარტს და პროცესუალურ მოთხოვნებს: საჩივარში არ არის წარმოდგენილი არცერთი სამართლებრივი არგუმენტი, ფაქტობრივი გარემოებების კრიტიკული შეფასება და მითითება იმაზე, რა არგუმენტებზე/კონკრეტულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განაჩენი უკანონოა და უნდა გაუქმდეს. აღნიშნული კი ეწინააღმდეგება როგორც კანონით დადგენილ ფორმალურ კრიტერიუმებს, ისე – სამართლიანი სასამართლოს პრინციპებს.
9.2. ანალოგიურად, კასატორი დაცვის მხარე საკასაციო საჩივარში უთითებს პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ინკრიმინირებული ქმედების აღწერას, პირველი და სააპელაციო ინსტანციების სასამართლოების განაჩენებით მიღებულ გადაწყვეტილებას (მიმოხილვის გარეშე, მხოლოდ შედეგს) და ყოველგვარი სამართლებრივი დასაბუთების/მოტივაციის გარეშე მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განაჩენი უსაფუძვლო/უკანონო/დაუსაბუთებელია, უნდა გაუქმდეს და მსჯავრდებული სრულად გამართლდეს. აღნიშნულ საჩივარში არ მოიძებნება არც ერთი სამართლებრივი საფუძველი, რომელიც გაამყარებდა მოთხოვნას განაჩენის გაუქმებასა და ა. ს–ის უდანაშაულოდ ცნობის შესახებ.
9.2.1. კასატორი დაცვის მხარე ასევე უთითებს დამატებითი დასაბუთებული საკასაციო საჩივარის მოგვიანებით (საკასაციო საჩივრის შემოტანის შემდგომ) წარმოდგენაზე. იმავდროულად, სასამართლო ითვალისწინებს, რომ საკასაციო საჩივრის შემოტანის შემდეგ არც გასაჩივრების ვადის გასვლამდე და არც წინამდებარე განჩინების მიღების მომენტისათვის, დაცვის მხარის მიერ არ არის წარმოდგენილი რაიმე დამატებითი სამართლებრივი დასაბუთება.
10. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კასატორი დაასაბუთებს ამავე ნაწილით ამომწურავად განსაზღვრული, რომელიმე წინაპირობის/ების არსებობას. ამავე მუხლის მე-31 ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლოს ევალება, შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილ მოთხოვნათა შესაბამისად და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საკასაციო საჩივარი აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, იგი ცნობილ უნდა იქნეს დასაშვებად.
10.1. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
10.2. მოცემულ შემთხვევაში, წარმოდგენილი მასალებით არ დგინდება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ზემოაღნიშნული რომელიმე წინაპირობის არსებობა, რის გამოც, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
11. „საკასაციო ინსტანციის სასამართლოების მიერ დასაშვებობის კრიტერიუმის გამოყენება ემსახურება მართლმსაჯულების ჯეროვნად განხორციელების კანონიერ მიზანს (იხ. Tchaghiashvili v. Georgia, no. 19312/07, par. 34, ECtHR, 2/09/2014; Borisenko and Yerevanyan Bazalt Ltd v. Armenia, no. 18297/08, ECtHR, 14/04/2009; Kuparadze v. Georgia, no.30743/09, par. 76 ECtHR, 21/09/2017).
12. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ა. ს–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის – თ. თ–ისა და გორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანნა ცაგურიას საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 4 ივნისის განაჩენზე;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. ვასაძე
ლ. თევზაძე