საქმე # 330100124010525177
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №656აპ-25 ქ. თბილისი
ჩ. პ., 656აპ-25 10 ნოემბერი, 2025 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
მამუკა ვასაძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 3 ივნისის განაჩენზე თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ ოთარ დოხნაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით: პ. ჩ–ს – პირადი ნომერი .........., ბრალად ედებოდა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ – დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
პ. ჩ–ის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2024 წლის 19 ოქტომბერს, ღამის საათებში, ქ.თ–ში, უ–ს ქუჩის №..-ის ბინა №..-ში საყოფაცხოვრებო კონფლიქტის საფუძველზე, პ. ჩ–მა, არასრულწლოვანი შვილების: მ. ჩ–ის (დაბ.: .... წელს), გ. ჩ–ის (დაბ.: ...... წელს) და ი. ჩ-ს (დაბ.: .... წელს) თანდასწრებით მეუღლეს – თ. შ–ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ხელი რამდენჯერმე დაარტყა სახეში, რა დროსაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 26 მარტის განაჩენით:
2.1. პ. ჩ–ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილზე;
2.2. პ. ჩ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ელი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;
2.3. პ. ჩ–ს სასჯელის ვადა აეთვალა დაკავებიდან – 2024 წლის 21 ოქტომბრიდან.
3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორმა ოთარ დოხნაძემ. აპელანტმა მოითხოვა მსჯავრდებულის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მისთვის მკაცრი სასჯელის განსაზღვრა, რაც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 3 ივნისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 26 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორმა ოთარ დოხნაძემ, რომელიც ითხოვს პ. ჩ–ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მისთვის მკაცრი სასჯელის განსაზღვრას, რაც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან.
6. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, par.30, ECtHR, 25/12/2001).
7. საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა მხოლოდ ბრალდების მხარემ, რომელიც ითხოვს პ. ჩ–ის დამნაშავედ ცნობას არასრულწლოვანთა თანდასწრებით ფიზიკური ძალადობის ჩადენაში და სასჯელის გამკაცრებას;
7.1. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მხარეთა შორის დავის საგანი არ არის მსჯავრდებულ პ. ჩ–ის მიერ მეუღლის თ. შ–ს მიმართ ფიზიკური ძალადობის ჩადენა, მხარეთა შორის დავის საგანია პ. ჩ–მა მსჯავრადშერაცხილი დანაშაული ჩაიდინა თუ არა არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით.
8. დაზარალებულ თ. შ–ს განმარტებით, ფიზიკური ძალადობის განხორციელების დროს არასრულწლოვანი შვილები იმყოფებოდნენ სახლში, თუმცა ფიზიკური ძალადობის დროს რომელმა ბავშვმა რა დაინახა მისთვის უცნობია.
9. დაზარალებულმა უარი განაცხადა არასრულწლოვანი შვილების გამოკითხვაზე, ხოლო სოციალურმა მუშაკმა ბავშვებთან გასაუბრების შემდეგ მიზანშეწონილად არ ჩათვალა მათი გამოკითხვა.
10. მოწმის სახით დაკითხვისას დაზარალებულმა არ დაადასტურა შემაკავებელ ორდერში მის მიერ მითითებული ინფორმაცია (რომ 2024 წლის 19 ოქტომბერს, პ. ჩ–მა ყოფით საკითხებზე გამოწვეული კონფლიქტის დროს სამი არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა) და განმარტა, რომ ფიზიკური ძალადობის დროს არასრულწლოვანი შვილების სახლში ყოფნის მიუხედავად, მისთვის უცნობია ფიზიკური ძალადობის დროს რომელმა ბავშვმა რა დაინახა. სასამართლო ითვალისწინებს, რომ არც გამოძიების და არც სასამართლოში საქმის განხილვის ეტაპზე არ დაკითხულან არასრულწლოვნები, ხოლო ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით არ დგინდება პ. ჩ–ის მიერ დანაშაულის არასრულწლოვანთა თანდასწრებით ჩადენა.
11. კასატორის მოთხოვნაზე, მსჯავრდებულის მიმართ მკაცრი სასჯელის შეფარდების შესახებ, სასამართლო ითვალისწინებს, რომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. „სასჯელი არ უნდა იყოს არც ზედმეტად მკაცრი და არც ზედმეტად ლმობიერი იმისათვის, რომ მიღწეული იქნეს სასჯელის მიზნები“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 11 ივლისის N 1/7/851 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე იმედა ხახუტაიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II- 7).
12. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელად ითვალისწინებს: საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
13. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ, იმის გათვალისწინებით, რომ მსჯავრდებულმა პ. ჩ–მა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე დანაშაული, არ არის ნასამართლევი – განუსაზღვრა საქართველოს სსკ-ის შესაბამისი მუხლით განსაზღვრული ყველაზე მკაცრი სახის სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა.
14. საქართველოს სსსკ-ის მე-300 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი, რომელიც კასატორის აზრით უკანონოა. ხოლო, განაჩენი უკანონოდ ითვლება, მათ შორის, იმ შემთხვევაში, თუ „გამოყენებულია სასჯელის ისეთი სახე ან ზომა რომელიც აშკარად არ შეესაბამება მსჯავრდებულის ქმედების ხასიათსა და პიროვნებას“ (საქართველოს სსსკ-ის მე-300 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი). შესაბამისად, კანონმდებელი არ ითვალისწინებს მხოლოდ მიზანშეწონილობის კრიტერიუმიდან გამომდინარე სასჯელის გადასინჯვის უფლებამოსილებას (იხ. მაგ., საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2025 წლის 2 ოქტომბრის განჩინება N 401აპ-25).
15. სააპელაციო სასამართლომ პ. ჩ–ს მსჯავრადშერაცხილი დანაშაულისათვის განუსაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს და სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია).
16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ დგინდება, რომ გასაჩივრებული განაჩენით განსაზღვრული „სასჯელის სახე ან/და ზომა აშკარად არ შეესაბამება მსჯავრდებულის ქმედების ხასიათსა და პიროვნებას“.
17. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020);
18. მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი. შესაბამისად, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
19. „საკასაციო ინსტანციის სასამართლოების მიერ დასაშვებობის კრიტერიუმის გამოყენება ემსახურება მართლმსაჯულების ჯეროვნად განხორციელების კანონიერ მიზანს“ (იხ. Tchaghiashvili v. Georgia, no. 19312/07, par. 34, ECtHR, 2/09/2014; Borisenko and Yerevanyan Bazalt Ltd v. Armenia, no. 18297/08, ECtHR, 14/04/2009).
20. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ ოთარ დოხნაძის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 3 ივნისის განაჩენზე მსჯავრდებულ პ. ჩ–ის მიმართ;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. ვასაძე
ლ. თევზაძე