Facebook Twitter

საქმე # 200100122006209596

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №468აპ-25 ქ. თბილისი

ც. ო. 468აპ-25 13 ნოემბერი, 2025 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

მამუკა ვასაძე, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 26 მარტის განაჩენზე მსჯავრდებულ ო. ც–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ო. ს–ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით ო. ც–ს - პ/ნ ..........., - ბრალად ედებოდა:

1.1. ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, – დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.

ო. ც–ის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2022 წლის 13 აგვისტოს, დაახლოებით 19:00 საათზე, ა–ს რაიონის სოფელ ჯ–ში მდებარე ლ. ა–ის კუთვნილ საცხოვრებელ სახლში, ო. ც–მა ხელი გაარტყა ლ. ა–ს მარჯვენა მხრის არეში, რა დროსაც, ლ. ა–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი. ამის შემდეგ, ლ. ა–ი გამოვიდა საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ, ქუჩაში, სადაც ო. ც–მა ჯოხი დაარტყა ლ. ა–ს ზურგის არეში, რა დროსაც ლ. ა–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

1.2. სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, – დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.

ო. ც–ის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2022 წლის 13 აგვისტოს, დაახლოებით 19:00 საათზე, ა–ს რაიონის სოფელ ჯ–ში მდებარე ლ. ა–ის კუთვნილი საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ, ქუჩაში, ო. ც–ი ლ. ა–ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რა დროსაც, ლ. ა–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

1.3. განზრახი ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარება, – დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით.

ო. ც–ის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

ო. ზ–ს ძე ც–იი, თელავის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 3 მაისის განაჩენით, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მეორე ნაწილით (2017 წელს მოქმედი რედაქცია). ო. ც–ი, იყო რა ნასამართლევი განზრახი ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის, 2021 წლის 31 ივლისს, ა–ს რაიონის სოფელ ჯ–ს ცენტრში და ატარებდა დანას. 2021 წლის 31 ივლისს, ა–ს რაიონის სოფელ ჯ–ში, ო. ც–ი ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული, თავს დაესხა შსს ა–ს რაიონული სამმართველოს თანამშრომელს მ. ბ–ს, რა დროსაც დააკავეს და მისგან ამოიღეს დანა. ცივ იარაღთა ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი დანა არის მჩხვლეტავ-მჭრელი და მიეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას.

1.4. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, იმის მიერ, ვინც ნასამართლევია ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვისათვის – დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

ო. ც–ის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

ო. ზ–ს ძე ც–ი, თელავის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 3 მაისის განაჩენით, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მეორე ნაწილით (2017 წელს მოქმედი რედაქცია). ო. ც–მა, იყო რა ნასამართლევი ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვისათვის, გამოძიებით დაუდგენელ ვითარებაში, მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, რომელსაც ასევე მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა. 2021 წლის 31 ივლისს, ა–ს რაიონის სოფელ ჯ–ში, ო. ც–ი ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული, თავს დაესხა შსს ა–ს რაიონული სამმართველოს თანამშრომელს მ. ბ–ს, რა დროსაც დააკავეს და ამოიღეს ზემოაღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღი, ორი ერთეული ვაზნით. ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილი პისტოლეტი მჭიდით, არის ქარხნული წესით დამზადებული, ,,მაკაროვი"-ს კონსტრუქციის, 9 მმ-კალიბრიანი უნომრო პისტოლეტი, ვარგისია სროლისათვის და მიეკუთვნება ავტომატურ ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას, ასევე, ექსპერტიზაზე წარდგენილი ორი ცალი ვაზნა არის ქარხნული წესით დაამზადებული, 1951 წლის ნიმუშის 9X18 მმ-კალიბრიანი ვაზნა, განკუთვნილი ,,მაკაროვის" კონსტრუქციის პისტოლეტებისათვის, ,,სტეჩკინის" კონსტრუქციის ავტომატური პისტოლეტებისათვის, მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია გამოსაყენებლად.

1.5. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება, იმის მიერ ვინც ნასამართლევია ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის, მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვისათვის – დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

ო. ც–ის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

ო. ზ–ს ძე ც–იი, თელავის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 3 მაისის განაჩენით, ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მეორე ნაწილით (2017 წელს მოქმედი რედაქცია). ო. ც–ი, იყო რა ნასამართლევი ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვისათვის, 2021 წლის 31 ივლისს, ა–ს რაიონის სოფელ ჯ–ს ცენტრში, მართლსაწინაააღმდეგოდ ატარებდა ცეცხლსასროლ იარაღსა და საბრძოლო ვაზნებს. 2021 წლის 31 ივლისს, ა–ს რაიონის სოფელ ჯ–ში, ო. ც–ი ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული, თავს დაესხა შსს ა–ს რაიონული სამმართველოს თანამშრომელს მ. ბ–ს, რა დროსაც დააკავეს და ამოიღეს ზემოაღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღი, ორი ერთეული ვაზნით, რომელსაც ის მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა. ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილი პისტოლეტი მჭიდით, არის ქარხნული წესით დამზადებული, ,,მაკაროვის" კონსტრუქციის, 9 მმ-კალიბრიანი უნომრო პისტოლეტი, ვარგისია სროლისათვის და მიეკუთვნება ავტომატურ ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას, ასევე, ექსპერტიზაზე წარდგენილი ორი ცალი ვაზნა არის ქარხნული წესით დამზადებული, 1951 წლის ნიმუშის 9X18 მმ-კალიბრიანი ვაზნა, განკუთვნილი ,,მაკაროვის" კონსტრუქციის პისტოლეტებისათვის, ,,სტეჩკინის" კონსტრუქციის ავტომატური პისტოლეტებისათვის, მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია გამოსაყენებლად.

1.6. პოლიციელზე თავდასხმა, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით – დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის პირველი ნაწილით.

ო. ც–ის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2021 წლის 31 ივლისს, ა–ს რაიონის სოფელ ჯ–ს ცენტრში, შსს ა–ს რაიონული სამმართველოს ბ–ის პოლიციის თანამშრომლებმა - მ. ბ–მა, ი. უ–მა და მ. ხ–მა – შემოვლა-პატრულირებისას, მ. მ–ის სასურსათო მაღაზიის მიმდებარედ დაინახეს ო. ც–ი, მარჯვენა ხელში ცეცხლსასროლი იარაღის მსგავსი ნივთით. მას წელზე (ქამარსა და შარვალს შორის), ჩადებული ჰქონდა დიდი ზომის დანა. ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ო. ც–მა, როდესაც დაინახა პოლიციის სამსახურებრივ უნიფორმაში გამოწყობილი მ. ბ–ი, რომელმაც მოუწოდა, რომ არ ემოძრავა, მის მიმართ გაუჩნდა აგრესია და თავს დაესხა მას, სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით. კერძოდ, თანნაქონი ,,მაკაროვი"-ს კონსტრუქციის პისტოლეტი მიმართა მ. ბ–ის გულმკერდის მიმათულებით, რა დროსაც, მ. ბ–მა სწრაფად მოჰკიდა ხელი მარჯვენა ხელში ო. ც–ს, იარაღი დააწევინა დაბლა, რა დროსაც, ო. ც–ი მ. ბ–ს უწევდა წინააააღმდეგობას და ცდილობდა, პისტოლეტი მიემართა მ. ბ–ისკენ, რა დროსაც განახორციელა ერთი გასროლა და ტყვია მოხვდა მიწის ზედაპირს, რის შემდეგაც, მ. ბ–მა მოახერხა მისი განიარაღება. ამ დროს მათთან მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები – ი. უ–ი და მ. ხ–ი, რომელთა დახმარებითაც მოხდა ო. ც–ის დაკავება.

2. თელავის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 3 მაისის განაჩენით:

2.1. ო. ც–ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველ ნაწილზე;

2.2. ო. ც–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა;

2.3. ო. ც–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, იმის მიერ, ვინც ნასამართლევია ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვისათვის) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა;

2.4. ო. ც–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2381 -ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (2021 წლის 31 ივლისს მოქმედი რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა;

2.5. ო. ც–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა;

2.6. ო. ც–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა;

2.7. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა (რომელზედაც ვრცელდება 2022 წლის 12 აპრილის ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონი) შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, ო. ც–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა;

2.8.,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონის საფუძველზე, ო. ც–ს დანიშნული საბოლოო სასჯელი შეუმცირდა 75 დღით;

2.9. ო. ც–ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა დაკავებიდან – 2022 წლის 13 აგვისტოდან;

2.10. ო. ც–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2021 წლის 31 ივლისიდან 2021 წლის 2 სექტემბრის ჩათვლით.

3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა:

3.1. თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა შოთა სარიამ მოითხოვა ო. ც–ის დამნაშავედ ცნობა ყველა ბრალადწარდგენილი ქმედების ჩადენაში (კერძოდ, საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით დაკვალიფიცირებული ქმედების საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის პირველ ნაწილზე გადაკვალიფიცირება) და შესაბამისი სამართლიანი სასჯელის განსაზღვრა;

3.2. მსჯავრდებულ ო. ც–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ლ. ჩ–მა მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება, ო. ც–ის უდანაშაულოდ ცნობა და გამართლება;

3.3. მსჯავრდებულმა ო. ც–მა მოითხოვა თელავის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 3 მაისის განაჩენის გაუქმება.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 26 მარტის განაჩენით:

4.1. მსჯავრდებულ ო. ც–ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ლ. ჩ–ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა;

4.2. თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორ შოთა სარიას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა;

4.3. თელავის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 3 მაისის განაჩენში შევიდა ცვლილება:

4.3.1. ო. ც–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა;

4.3.2. ო. ც–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (2021 წლის 31 ივლისს მოქმედი რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა;

4.3.3. ო. ც–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის საფუძველზე ო. ც–ს შეუმცირდა 1/6-ით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 10 თვით თავისუფლების აღკვეთა;

4.3.4. ო. ც–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის საფუძველზე შეუმცირდა 1/6-ით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 10 თვით თავისუფლების აღკვეთა;

4.3.5. ო. ც–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 9 წლით თავისუფლების აღკვეთა;

4.3.6. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა (რომელზედაც ვრცელდება,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონი) შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, ო. ც–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 9 წლით თავისუფლების აღკვეთა;

4.3.7.,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონის საფუძველზე, ო. ც–ს დანიშნული საბოლოო სასჯელი შეუმცირდა 75 დღით;

4.3.8. ო. ც–ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა დაკავებიდან – 2022 წლის 13 აგვისტოდან;

4.3.9. ო. ც–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო – 2021 წლის 31 ივლისიდან 2021 წლის 2 სექტემბრის ჩათვლით.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 26 მარტის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ. მსჯავრდებულ ო. ც–ის ინტერესების დამცველი ადვოკატი ო. ს–ი საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებას ო. ც–ის მიმართ და გამამართლებელი განაჩენის დადგენას.

6. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, par. 30, ECtHR, 25/12/2001).

7. საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო საჩივრით დაცვის მხარე ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებას, ო. ც–ის უდანაშაულოდ ცნობას და გამართლებას.

7.1. კასატორი დაცვის მხარე ითხოვს ო. ც–ის უდანაშაულოდ ცნობას და გამართლებას, თუმცა საკასაციო საჩივარში კასატორი მსჯელობს ო. ც–ისათვის მხოლოდ საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მსჯავრადშერაცხილ დანაშაულებზე, ხოლო საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მსჯავრდების ფარგლებში თავისი მოთხოვნის დასაბუთებისათვის არ უთითებს არც ერთ არგუმენტს, სისხლის სამართლის საქმეში არსებულ არცერთ მტკიცებულებაზე.

7.1.1. კასატორი დაცვის მხარის მოთხოვნასთან – საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრადშერაცხილი დანაშაულების ჩადენაში ო. ც–ის გამართლებასთან – მიმართებით, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლის პირველ ნაწილს, რომლის თანახმად, მოთხოვნის მკაფიოდ ფორმულირებასთან ერთად კასატორმა უნდა დაასაბუთოს თავისი მოთხოვნა. ანალოგიურად, საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილიც საკასაციო საჩივრის დასაშვებობას უკავშირებს ამავე ნაწილში მითითებული საფუძვლების დასაბუთებას, რაც გულისხმობს, რომ მკაფიოდ უნდა იყოს იდენტიფიცირებული საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში მითითებული რომელი საფუძვლით ასაჩივრებს და კონკრეტულად რითი ასაბუთებს კასატორი საკუთარ პოზიციას. ამდენად, კასატორმა უნდა განსაზღვროს არა მხოლოდ განაჩენის გასაჩივრების კონკრეტული საფუძველი, არამედ მკაფიოდ მიუთითოს ის არგუმენტებიც, რომლებიც ადასტურებენ კასატორის პოზიციას და შესაბამისად - გასაჩივრებული განაჩენის უკანონობას (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 15 თებერვლის N933აპ-23 განჩინება). შესაბამისად, ამ ნაწილში მოთხოვნა დაუსაბუთებელია.

8. იმავდროულად, დაუსაბუთებლობის გამო არ იზიარებს საკასაციო სასამართლო დაცვის მხარის მსჯელობას ო. ც–ის საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით უდანაშაულოდ ცნობისა და გამართლების შესახებ. სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით (მათ შორის: დაზარალებულ მ. ბ–ის, მოწმეთა: მ. ხ–ის, ი. მ–ს ჩვენებებით, მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი შემთხვევის თვითმხილველი მოწმის ი. უ–ის გამოკითხვის ოქმით, ო. ც–ის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის N........ დასკვნით, მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი – ბალისტიკური ექსპერტიზის N........დასკვნითა და ქიმიური ექსპერტიზის N........დასკვნით და სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით) გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება ო. ც–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (შეძენა, შენახვა, ტარება) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.

9. დაცვის მხარის არგუმენტებზე, რომ გამოძიება არასრულყოფილად ჩატარდა, არ მოხდა შემთხვევის ადგილზე არსებული ვიდეოკამერებიდან ჩანაწერების გამოთხოვა, არ დაკითხულან შემთხვევის თვითმხილველი მოწმეები, სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქმის არსებითი განხილვისას სასამართლოს გადაწყვეტილება გამოაქვს იმ მტკიცებულებების საფუძველზე, რომლებიც მოიპოვეს და წარმოადგინეს მხარეებმა; ერთი მხრივ, სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესიდან გამომდინარე, გამომძიებელი ვალდებულია, გამოძიება აწარმოოს ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად, ხოლო, მეორეს მხრივ კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-9 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე და დაცვის მხარეს ენიჭება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით, როგორც წარმოდგენილი მტკიცებულების გამოკვლევის, ასევე მტკიცებულების დამოუკიდებლად ან სასამართლოს მეშვეობით მოპოვების და წარმოდგენის უფლება (იხ. უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 8 იანვრის N951აპ-20 განჩინება; 2021 წლის 4 იანვრის N925აპ-20 განჩინება; 2020 წლის 17 ივლისის N30აპ-20 განჩინება; 2021 წლის 9 ივლისის განაჩენი N669აპ-20, II-56). მხარეები წყვეტენ, რა მტკიცებულებებს და არგუმენტებს წარუდგენენ სასამართლოს და რა საკითხებზე იდავებენ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება N3/1/608,609 საქართველოს უზენაესი სასამართლოს კონსტიტუციურ წარდგინებაზე, II-15).

10. მოცემულ შემთხვევაში სისხლის სამართლის საქმის მასალებით არ დგინდება, რომ დაცვის მხარეს არ მიეცა შესაძლებლობა/ხელი შეეშალა დაცვის უფლების განხორციელებაში, მათ შორის, მტკიცებულებების მოპოვებაში, სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებების გამოკვლევაში, დაცვის მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულების პროცესის მწარმოებელი ორგანოსათვის წარდგენაში. აღნიშნულის მიუხედავად, დაცვის მხარის მიერ სამართალწარმოებისას არ იქნა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება/დასაბუთებული არგუმენტი, რაც დაადასტურებდა/მიუთითებდა საკასაციო საჩივარში მითითებული პრეტენზიების/ პოზიციის საფუძვლიანობას და სასამართლოს მისცემდა საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების შესაძლებლობას. მათ შორის, ვერ დგინდება შემთხვევის ადგილზე/ დაკავების ადგილის მიმდებარედ ვიდეოკამერების/თვითმხილველების არსებობა (არ არის წარმოდგენილი პირდაპირი ან/და გარემოებითი მტკიცებულება/ინფორმაცია რაც მიუთითებდა აღნიშნულის არსებობაზე, ასევე არ დგინდება, რომ დაცვის მხარეს შეეზღუდა აღნიშნულის მოპოვების/საკასაციო საჩივარში მითითებული თვითმხილველების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გამოკითხვის და შემდეგ არსებით სასამართლო სხდომაზე დაკითხვის შესაძლებლობა და სხვა),საქმის მასალებიდან ასევე არ იკვეთება ო. ც–ის მიმართ პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან რაიმე დაინტერესება ან/და მიკერძოებული დამოკიდებულება.

11. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ბრალდების მხარე ო. ც–ს ედავებოდა ცეცხლსასროლი იარაღის შეძენას და შენახვას და ასევე – ცალკე ეპიზოდად – აღნიშნული იარაღის ტარებას, ხოლო – თელავის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 3 მაისის განაჩენით აღნიშნული ეპიზოდები გაერთიანდა ერთ ეპიზოდად.

12. სასამართლო ვერ გაიზიარებს თელავის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 3 მაისის განაჩენის მოტივაციას საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილით ბრალადწარდგენილი ქმედებების 2 ეპიზოდის საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილით ერთ ეპიზოდად კვალიფიკაციის შესახებ (რაც უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 26 მარტის განაჩენით).

13. თელავის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 3 მაისის განაჩენის თანახმად (რომელიც უცვლელად დარჩა გასაჩივრებული განაჩენით), საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი ერთ დანაშაულად აერთიანებს მართლსაწინააღმდეგოდ იარაღის/საბრძოლო მასალის შეძენა/შენახვას და იარაღის ან საბრძოლო მასალის ტარებას, რაც აღნიშნული განაჩენის თანახმად, წარმოადგენდა ბრალის დადგენილებით გათვალისწინებული დანაშაულის 2 ეპიზოდის გაერთიანების საფუძველს „ერთ ბრალდებად“.

14. ამდენად, თელავის რაიონულმა სასამართლომ 2023 წლის 3 მაისის განაჩენით, ო. ც–ისთვის საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ბრალადწარდგენილი ქმედებების (2 ეპიზოდის: შეძენა-შენახვა და ტარება) 1 ეპიზოდად გაერთიანება დაუკავშირა საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის სტრუქტურას.

15. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის საკანონმდებლო კონსტრუქციას და განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის/საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვისა და ტარებისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია დიფერენცირებულად – მუხლის სხვადასხვა (მე-3 და მე-4 ნაწილებით) ნაწილებით, აღნიშნულ ქმედებათა საშიშროების გათვალისწინებით. ამდენად, ნათელია კანონმდებლის ნება, რომ ცეცხლსასროლი იარაღის/საბრძოლო მასალის შეძენა, შენახვა და ტარება, მათ ძირითად შემადგენლობაში (დამამძიმებელი გარემოებების გარეშე) არ განიხილება ერთ დანაშაულად ალტერნატიული ქმედებებით. შესაბამისად, პირის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის/საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების შემთხვევაში, ქმედება კვალიფიცირდება დანაშაულთა ერთობლიობით – საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით.

16. ამდენად, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილი, რომელიც ადგენს პასუხისმგებლობას ამ მუხლის მე-3, მე-4 ან მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენისათვის, უნდა განიმარტოს არა განყენებულად, არამედ – საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის სხვა ნაწილების მხედველობაში მიღებითა და მათთან ურთიერთკავშირში, აგრეთვე, ნორმის საერთო სულისკვეთებისა და მიზნობრიობის გათვალისწინებით.

17. საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილი საკანონმდებლო ტექნიკის თვალსაზრისით, მუხლის გადატვირთვის თავიდან აცილებისთვის, ახდენს ერთი მაკვალიფიცირებელი გარემოების ირგვლივ დანაშაულებრივი ქმედებების გაერთიანებას და ამავე მუხლის ზემოაღნიშნული სხვადასხვა ნაწილებით დამოუკიდებელ დანაშაულად დადგენილი ქმედებების (ერთ შემთხვევაში შეძენა-შენახვის, ხოლო მეორე შემთხვევაში – ტარების) სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დამძიმებას ერთიდაიგივე დამამძიმებელი გარემოებების (განსახილველ შემთხვევაში – ნასამართლობის) საფუძველზე.

18. როგორც უკვე აღინიშნა, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის საკანონმდებლო კონსტრუქცია ცეცხლსასროლი იარაღის/საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვისა და ტარებისათვის პასუხისმგებლობას, მათ ძირითად შემადგენლობაში, დიფერენცირებულად – მუხლის სხვადასხვა ნაწილით ადგენს. სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით უნდა განიმარტოს საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილიც, რომელიც ადგენს პასუხისმგებლობას ალტერნალიულად ერთ-ერთი ქმდების (შეძენა, შენახვის ან ტარების ან დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა, გასაღების) ჯგუფურად ან ამ მუხლის მე-3, მე-4 ან მე-5 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის ნასამართლობის პირობებში ჩადენის შემთხვევაში. კერძოდ, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის საკანონმდებლო ტექნიკის გათვალისწინებით, აღნიშნულ ნორმას (236-ე მუხლის მე-6 ნაწილს) ვერ ექნება იმგვარი გაგება, თითქოს, იგი წარმოადგენს ერთიან დანაშაულს ალტერნატიული ქმედებებით, რადგან ხსენებული ქმედებები, მათ ძირითად შემადგენლობაში, ამავე მუხლის ფარგლებში სხვადასხვა ნაწილითაა დასჯადი და თითოეული ქმედება დამოუკიდებელი დანაშაულია; შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ პირი ჩაიდენს ცეცხლსასროლი იარაღის/საბრძოლო მასალის შეძენა, შენახვასა და ტარებას ჯგუფურად (236-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი) ან ამ მუხლის მე-3, მე-4 ან მე-5 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის ნასამართლობის პირობებში (236-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი), მისი ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს დანაშაულთა ერთობლიობით (შეძენა, შენახვისა და ტარებისათვის ცალ-ცალკე) – საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისი დამამძიმებელი გარემოებ(ებ)ით, როგორც ეს მოხდებოდა დამამძიმებელი გარემოებების არსებობის გარეშე. ნორმის საწინააღმდეგო განმარტება ქმნის უსამართლო შედეგების დადგომის რისკებს, კერძოდ, იმ შემთხვევაში, თუ პირი ჩაიდენს ცეცხლსასროლი იარაღის/საბრძოლო მასალის ჯგუფურად შეძენა, შენახვას და შემდგომ ამ იარაღს ერთპიროვნულად ატარებს, მისი ქმედება დაკვალიფიცირდება საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა (ჯგუფურად შეძენა, შენახვის ნაწილში) და ამავე მუხლის მე-4 ნაწილით (ტარების ნაწილში), მაშინ როდესაც, თუ ჯგუფურად შეძენა, შენახვასთან ერთად, ასევე ჯგუფურად ატარებდა ცეცხლსასროლ იარაღს (რაც უფრო მაღალი საზოგადოებრივი საშიშროების შემცველი ქმედებაა), ნორმის საპირისპირო განმარტების პირობებში, მისი ქმედება დაკვალიფიცირდება 236-ე მუხლის მხოლოდ მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც ვერ იქნება სამართლიანი და ნორმის ნამდვილ მიზანთან, მის საკანონმდებლო კონსტრუქციასთან შესაბამისი.

19. იმავდროულად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მყარად დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, იმ შემთხვევებში, როდესაც პირი ჩაიდენს ცეცხლსასროლი იარაღის/საბრძოლო მასალის შეძენა, შენახვასა და ტარებას ამ მუხლის მე-3, მე-4 ან მე-5 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის ნასამართლობის პირობებში (236-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი), მისი ქმედება კვალიფიცირდება და მსჯავრდება ხდება დანაშაულთა ერთობლიობით – ცეცხლსასროლი იარაღის/საბრძოლო მასალის შეძენა/შენახვისთვის და ტარებისთვის ცალ-ცალკე ეპიზოდებად, კერძოდ: საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილით (შეძენა-შენახვის ნაწილში) და საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილით (ტარების ნაწილში) ((იხ.: მაგალითად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 3 ნოემბრის №753აპ-22 განაჩენი; 2024 წლის 11 ნოემბრის №631აპ-24 განჩინება; 2024 წლის 27 დეკემბრის №787აპ-24 განაჩენი)).

20. შესაბამისად, სასამართლოს მსჯელობა ბრალადწარდგენილი ეპიზოდების გაერთიანების საფუძვლის ნაწილში არასწორია, რადგან ემყარება არა დანაშაულთა ერთობლიობის (იდეალური/რეალური) ან/და დელიქტის სახეს (აბსტრაქტული/ კონკრეტული და მათ შორის ურთიერთმიმართებას), არამედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის სტრუქტურის არასწორ აღქმას.

21. სასამართლო ითვალისწინებს, რომ აღნიშნული საკითხი არ წარმოადგენდა ბრალდების მხარის გასაჩივრების საგანს არც სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში და არ არის გასაჩივრებული არც საკასაციო წესით. შესაბამისად, საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის და 308-ე მუხლების დანაწესებიდან გამომდინარე, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას გაასწოროს დაშვებული შეცდომა.

22. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, par.175, ECtHR, 14/05/2020).

23. „საკასაციო ინსტანციის სასამართლოების მიერ დასაშვებობის კრიტერიუმის გამოყენება ემსახურება მართლმსაჯულების ჯეროვნად განხორციელების კანონიერ მიზანს (იხ. Tchaghiashvili v. Georgia, no. 19312/07, par. 34, ECtHR, 2/09/2014; Borisenko and Yerevanyan Bazalt Ltd v. Armenia, no. 18297/08, ECtHR,14/04/2009, Kuparadze v. Georgia, no.30743/09, par.76, ECtHR, 21/09/2017)).

24. ო. ც–ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის გამოყენების შესახებ ნამსჯელია თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 26 მარტის განაჩენში.

25. მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა. შესაბამისად, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

26. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ო. ც–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ო. ს–ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 26 მარტის განაჩენზე;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ.ვასაძე

ლ. თევზაძე