საქმე # 010100123007579772
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №753აპ-25 ქ. თბილისი
ჯ. ა.753აპ-25 18 ნოემბერი, 2025 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
მამუკა ვასაძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 29 მაისის განაჩენზე ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლაშა ლოლუას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით, – ა. ჯ–ეს, პირადი ნომერი: .............., – ბრალად ედებოდა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ და არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ, ორი პირის მიმართ – დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით.
ა. ჯ–ის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2023 წლის 24 ივნისს, დაახლოებით 17:40 საათზე, ქ. ბ–ი, ........ .... შესახვევი N...-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტის დროს, ა. ჯ–ემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა არასრულწლოვან შვილს ლ. ჯ–ეს, კერძოდ, დაარტყა ხელი თავში, შემდეგ დააგდო იატაკზე და ხელი დაარტყა სახეში, ხოლო შემდეგ, დედას, მ. ც–ეს არასრულწლოვნის თანდასწრებით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, რამდენჯერმე ძლიერად დაარტყა ხელი სახისა და თავის არეში. ა. ჯ–ის მხრიდან განხორციელებული ფიზიკური ძალადობის შედეგად, ლ. ჯ–ემ და მ. ც–ემ განიცადეს ფიზიკური ტკივილი.
2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 20 მარტის განაჩენით:
2.1. ა. ჯ–ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში;
2.2. გამართლებულ ა. ჯ–ეს განემარტა, მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლება.
3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ლაშა ლოლუამ. აპელანტმა მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და ა. ჯ–ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით და მისთვის მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.
3.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარადგინა გამართლებულ ა. ჯ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ი. ა–მ, რომელმაც მოითხოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 20 მარტის განაჩენის უცვლელად დატოვება.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 29 მაისის განაჩენით, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 20 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორი ლაშა ლოლუა საკასაციო საჩივრით ითხოვს ა. ჯ–ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებითა და მისთვის მკაცრი სასჯელის განსაზღვრას.
5.1. ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოადგინა გამართლებულ ა. ჯ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ი. ა–მ, რომელიც ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 29 მაისის განაჩენის უცვლელად დატოვებას.
6. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, par.30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, par. 31, ECtHR,11/11/2011) და ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No.2) no. 12686/03, paras. 37, 41, ECtHR, 20/03/2009).
7. საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრა ბრალდების მხარემ, რომელიც ითხოვს გამართლებულ ა. ჯ–ის დამნაშავედ ცნობას ბრალადწარდგენილი დანაშაულის ჩადენაში.
8. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ვინაიდან სასამართლოში საქმის განხილვისას დაზარალებულებმა – ლ. ჯ–ემ და მ. ც–ემ ისარგებლეს საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადეს ახლო ნათესავის – ა. ჯ–ის – წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობა არ არის საკმარისი, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად.
9. უტყუარობის კონსტიტუციური პრინციპი მოითხოვს არა მხოლოდ იმას, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უტყუარ (სანდო, გაუყალბებელ) მტკიცებულებებს ეფუძნებოდეს, არამედ იმასაც, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ეჭვგარეშე დასტურდებოდეს პირის ბრალეულობა დანაშაულის ჩადენაში (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის N 2/2/1276 გადაწყვეტილება „გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-77). ამასთან, მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით უნდა დასტურდებოდეს დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-41-43).
10. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მტკიცებას, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის: დაზარალებულთა მიერ გამოკითხვისას მიწოდებული ინფორმაცია, მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი – სსიპ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ის შეტყობინება, შემაკავებელი ორდერები, დ. ტ-სა და დ. დ-ს გამოკითხვის ოქმები, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა) საკმარისია ა. ჯ–ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად. ვინაიდან,
11. დაზარალებულებმა ისარგებლეს საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადეს ჩვენების მიცემაზე.
11.1. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ ბრალდებულს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა/“შეეძლოს მოწმეთა მიერ მიცემული ჩვენებების ჭეშმარიტებისა და სანდოობის შემოწმება, მისი თანდასწრებით მათი ზეპირი გამოკითხვის გზით, მოწმის მიერ ჩვენების მიცემის დროს ან საქმის წარმოების რომელიმე შემდგომ ეტაპზე“ (mutatis mutandis Okropiridze v. Georgia, nos. 43627/16, 71667/16, par. 81 (iv) ECtHR, 7/09/2023).
12. სსიპ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ის N ........ შეტყობინებაში მხოლოდ ზოგადადაა მითითებული, რომ ინციდენტი მოიცავს ფიზიკური ხასიათის არეულობას ოჯახში არაპარტნიორ წევრებს შორის და განმცხადებელი არის მ. ც–ე (იხ.: ტ.1, ს.ფ. 2).
13. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ,,სასამართლომ ინდივიდუალურად უნდა შეაფასოს ყველა მტკიცებულება და ერთმანეთისგან გამიჯნოს, რომელი ჩვენება, ან ჩვენების ნაწილი წარმოადგენს ირიბს და შემდეგ გადაწყვიტოს, რამდენად შესაძლებელია ამ ჩვენების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად“ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 14 ივლისის განაჩენი N97აპ-20).
13.1. მოწმეთა დ. ტ-სა და დ. დ-ს გამოკითხვის ოქმების ის ნაწილი (მხარეთა მიერ ცნობილია უდავოდ), რომელიც ეხება მათ მიერ უშუალოდ ნანახს, წარმოადგენს პირდაპირ მტკიცებულებას. კერძოდ, დ. ტ-სა და დ. დ-დანის გამოკითხვის ოქმში მითითებული ინფორმაცია პირდაპირია იმ ნაწილში, რომელიც ეხება დაზარალებულ მ. ც–ის მდგომარეობას შემთხვევიდან მალევე მათთან შეხვედრისას – მათ პირადად ნახეს, რომ დაზარალებული იყო აღელვებული და ტიროდა, თუმცა მოწმეთა გამოკითხვის ოქმში მითითებული ინფორმაცია ლ. ჯ–ისა და მ. ც–ის მიმართ ფიზიკური ძალადობის ჩამდენი პირის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ნაწილში ირიბია, ვინაიდან ისინი არ შესწრებიან ძალადობის ფაქტს და ამის შესახებ იციან მხოლოდ დაზარალებულ მ. ც–ის გადმოცემით. შესაბამისად, მათ მიერ გამოძიებისათვის მიწოდებული ინფორმაციის გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის „შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-52).
14. მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი სამედიცინო ექსპერტიზის N.......... დასკვნის თანახმად, მ. ც–ეს სამედიცინო შემოწმებისას გარეგნულად სხეულზე, ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში მექანიკური დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშნები არ აღენიშნებოდა.
15. დაზარალებულ მ. ც–ის მიმართ გამოცემულ, მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილ N........ შემაკავებელ ორდერსა და მის ოქმში მხოლოდ ზოგადადაა მითითებული, რომ 2023 წლის 24 ივნისს ა. ჯ–ემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თავის დედას – მ. ც–ეს და არაფერია ნათქვამი დაზარალებულის მიერ ფიზიკური ტკივილის განცდაზე (იხ.: ტ.1, ს.ფ. 50-55).
16. ლ. ჯ–ის მიმართ გამოცემულ, მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილ N......... შემაკავებელ ორდერსა და მის ოქმთან (ოქმის თანახმად, 2023 წლის 24 ივლისს, ა. ჯ–ემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა შვილს – ლ. ჯ–ეს, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. შემაკავებელი ორდერი ხელმოწერილია მხოლოდ დაზარალებულისა და მისი კანონიერი წარმომადგენლის მიერ (იხ.: ტ.1, ს.ფ. 14-18)) მიმართებით სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ იმ პირობებში, როდესაც დაზარალებულმა უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე, სხვა მტკიცებულების არარსებობისას, მხოლოდ შემაკავებელ ორდერში მითითებული ინფორმაცია ვერ გახდება ა. ჯ–ის მსჯავრდების საფუძველი.
17. შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, ვერ დასტურდება ა. ჯ–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
18. მტკიცებულებების შეგროვება წარმოადგენს გამოწვევას საქმეებზე, სადაც ძალადობას ადგილი აქვს კერძო გარემოში, მოწმეების გარეშე და ზოგჯერ არ რჩება რაიმე ხელშესახები ნიშანი (Volodina v. Russia, no.41261/170, par.82, ECtHR, 9/07/2019). აღნიშნულის მიუხედავად, მოქმედი კანონმდებლობა ადგენს ერთნაირ მტკიცებით სტანდარტს გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად დანაშაულის კატეგორიის და საქართველოს სსკ-ით დაცული ობიექტის მიუხედავად.
19. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიულ დანაწესის, საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის, მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნების გათვალისწინებით, „ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში... დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-41-43). მტკიცებულებათა ერთობლიობა კი საქმეში უნდა არსებობდეს თითოეულ ეპიზოდთან/მაკვალიფიცირებელ გარემოებასთან მიმართებით.
20. მოცემულ შემთხვევაში, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, ასევე არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა. შესაბამისად, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
21. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლაშა ლოლუას საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 29 მაისის განაჩენზე ა. ჯ–ის მიმართ;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. ვასაძე
ლ. თევზაძე