¹ 3კ/1069-01 21 დეკემბერი, 2001 წ., ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. წიქვაძე (თავმჯდომარე),
მ. გოგიშვილი, რ. ნადირიანი
დავის საგანი: ვალდებულების შესრულება.
აღწერილობითი ნაწილი:
სააქციო საზოგადოება “ჰ.-მ” სასარჩელო განცხადებით მიმართა სასამართლოს და მიუთითა, რომ 1997 წლის 16 მაისის ¹51 ხელშეკრულების საფუძველზე სს “რ.-ს” 1997 წლის ბოლომდე მოსარჩელისათვის უნდა გადაეხადა მიწოდებული ბუნებრივი აირის ღირებულება 68 000 ლარი. 1997 წლის 25 ივნისს გადახდილი იქნა აღნიშნული თანხის ნაწილი – 34250 ლარი, ხოლო 1998 წლის 20 ივნისს კი 1932 ლარი. მოპასუხეს გადასახდელი დარჩა 31818 ლარი. Mმოსარჩელემ, ამასთან, განმარტა, რომ ¹51 ხელშეკრულების მერვე პუნქტის საფუძველზე გადაუხდელ თანხას ერიცხებოდა საურავი ყოველ გადაცილებულ დღეზე 0,1%-ის ოდენობით, რამაც 1998 წლის 31 აგვისტოს მდგომარეობით შეადგინა 14200 ლარი.
მოსარჩელემ აქვე მიუთითა, რომ 1998 წლის 31 აგვისტოს მხარეებს შორის ხელი მოეწერა ¹110 შეთანხმებას, რომლის თანახმადაც, თუ მოპასუხე 1998 წლის 15 ნოემბრამდე დაფარავდა ვალის ძირითად თანხას, მაშინ იგი თავისუფლდებოდა საურავის გადახდისაგან. სს “რ.-მ” ძირითადი თანხა გადაიხადა 1999 წლის ნოემბერში, რითაც უხეშად დაირღვა ¹110 ხელშეკრულება და მოსარჩელემ მიიღო მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა სს “რ.-ისათვის” მათ სასარგებლოდ საურავის თანხის დაკისრება 10518 აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარებში.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2001 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილებით სს “ჰ.-ის” სარჩელი დაკმაყოფილდა. სს “რ.-ს” მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 10518 აშშ დოლარის გადახდა ეროვნულ ვალუტაში გადახდის დროისათვის არსებული კურსით. სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ მის მიერ საურავზე უარის თქმა ამოქმედდებოდა მხოლოდ მაშინ, თუკი სს “რ.-ი” ¹110 ხელშეკრულების საფუძველზე დროულად შეასრულებდა ნაკისრ ვალდებულებას, ხოლო რეალურად სს “რ.-მ” ვალი დაფარა 1999 წლის ნოემბერში. ამდენად, სასამართლომ კანონიერად მიიჩნია მოსარჩელის მოთხოვნა საურავის დაკისრების თაობაზე.
სს “რ.-მ” რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა სააპელაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სს “ჰ.-ის” სარჩელზე უარის თქმა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2001 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მართალია 1997 წლის 31 აგვისტოს შეთანხმების მე-3 პუნქტის მიხედვით მევალემ უარი თქვა 1997 წლის 16 მაისის ¹51 ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირგასამტეხლოს (საურავის) გადახდევინებაზე, მაგრამ ხელშეკრულებისა და შეთანხმების პირობიდან გამომდინარე, აღნიშნული უარი ძალაში იყო მხოლოდ ძირითადი დავალიანების დათქმულ ვადაში დაფარვის შემთხვევაში, რაც მოვალე მხარის მიერ არ იქნა ჯეროვნად შესრულებული.
სს “რ.-მ” საოლქო სასამართლოს განჩინება გაასაჩივრა საკასაციო წესით. კასატორმა მიუთითა, რომ არ იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ საურავზე უარი ძალაში შევიდოდა მხოლოდ მის მიერ ნაკისრი ვალდებულების დროულად შესრულების შემთხვევაში, ვინაიდან 1998 წლის 31 აგვისტოს ¹110 შეთანხმება, რომლის მიხედვითაც მოწინააღმდეგე მხარემ გაითვალისწინა კასატორის მძიმე ფინანსური მდგომარეობა და უარი განაცხადა 1997 წლის 16 მაისის ¹51 ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საურავზე, წარმოადგენს ახალ ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც სს “რ.-ის” ერთადერთი და უპირობო ვალდებულებაა დარჩენილი ძირითადი თანხის დაფარვა, ამასთან, ამ ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად გაუქმებული საურავის დაკისრების შესაძლებლობის შესახებ დასახელებულ შეთანხმებაში არსად არ არის მითითებული.
კასატორმა მიიჩნია, რომ 2001 წლის 11 მაისის განჩინება არ არის იურიდიულად საკმაოდ დასაბუთებული, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სს “ჰ.-ის” სარჩელზე უარის თქმა.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობითა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენით მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 448-ე მუხლის თანახმად ვალის პატიება მხარეთა შორის შეთანხმებით იწვევს ვალდებულების შეწყვეტას. ვალის პატიება ხდება მხარეთა შორის შეთანხმებით. Aამ შემთხვევაში არ ხდება კრედიტორის დაკმაყოფილება, მაგრამ კრედიტორი უარს ამბობს თავის მოთხოვნაზე.
მოცემულ საქმეში მხარეებმა 1998 წლის 31 აგვისტოს დაადეს ¹110 შეთანხმება, რომლის მე-3 პუნქტის თანახმად, ითვალისწინებს რა მოვალის მძიმე ფინანსურ მდგომარეობას, მევალე თანახმაა უარი თქვას 1997 წლის 16 მაისის ¹51 ხელშეკრულების მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ საურავზე და დაკმაყოფილდეს მხოლოდ ძირითადი თანხით – 31 818 ლარით.
საკასაციო პალატა იზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ შეთანხმების აღნიშნული პუნქტი წარმოადგენს სამოქალაქო კოდექსის 448-ე მუხლით გათვალისწინებულ ვალის პატიებას, რომელიც იწვევს ვალდებულების შეწყვეტას. Mმოსარჩელემ სათანადოდ გაფორმებული ხელშეკრულებით უარი თქვა საურავების მოთხოვნაზე. Aამასთან, საურავებზე უარის თქმა ხელშეკრულების მიხედვით რაიმე პირობას არ უკავშირდება.
აღნიშულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო პალატის 2001 წლის 11 მაისის განჩინებას საფუძვლად უდევს კანონის დარღვევა, რის გამოც მისი შეცვლით მიღებული უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
სს “რ.-ის” საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს. მოცემულ საქმეზე გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 11 მაისის განჩინება.
სს “ჰ.-ის” სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
სს “ჰ.-ს” დაეკისროს სს “რ.-ის” სასარგებლოდ მის მიერ გადახდილი სახელმწიო ბაჟის 881 ლარის გადახდა.
გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.