საქმე # 330802225011868943
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
№113I-25 ქ. თბილისი
მ. ჰ. 113I-25 4 ნოემბერი, 2025 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ჰ. მ–ს (H. M.) ინტერესების დამცველი ადვოკატის - მ. ჟ–ის საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 17 ოქტომბრის განჩინებაზე.
I. ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თურქეთის რესპუბლიკაში ჰ. მ–ს (H. M.) მიმართ განხორციელებული სისხლისსამართლებრივი პროცედურები:
1.1. 2021 წლის 25 ივნისს თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ იზმირის სისხლის სამართლის მძიმე დანაშაულთა მე-6 სასამართლოს N 2016/361-2021/264 განაჩენით, ჰ. მ– (H. M.) დამნაშავედ იქნა ცნობილი თურქეთის რესპუბლიკის N 5237 სისხლის სამართლის კოდექსის 79-ე მუხლით (მიგრანტების უკანონო გადაყვანა) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა – 4 წლისა და ორი თვის ვადით (5 ეპიზოდი). აღნიშნული განაჩენი იზმირის რეგიონული სასამართლოს მე-10 სისხლის სამართლის პალატის N 2022/313-2022/216 გადაწყვეტილებით დარჩა უცვლელად და კანონიერ ძალაში შევიდა 2022 წლის 4 თებერვალს.
1.2. 2022 წლის 19 დეკემბერს თურქეთის რესპუბლიკის მენდერესის სისხლის სამართლის პირველი ინსტანციის მე-2 სასამართლოს N 2022/453-2022/725 განაჩენით, ჰ. მ. (H. M.) დამნაშავედ იქნა ცნობილი თურქეთის რესპუბლიკის N 5237 სისხლის სამართლის კოდექსის 136-ე და 137-ე მუხლებით (პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა – 1 წლითა და 3 თვით. აღნიშნული განაჩენი იზმირის რეგიონული სასამართლოს მე-14 სისხლის სამართლის პალატის N 2023/87-2023/30 გადაწყვეტილებით დარჩა უცვლელად და კანონიერ ძალაში შევიდა 2023 წლის 25 იანვარს.
1.3. 2023 წლის 27 მარტს თურქეთის რესპუბლიკის იზმირის 1-ელი აღმასრულებელი სასამართლოს N 2023/4806-2023/4836 გადაწყვეტილებით შეიკრიბა ზემოთ აღნიშნული სასჯელები და ჰ. მ–ს (H. M.) სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა – 21 წლისა და 13 თვით;
1.4. 2024 წლის 20 სექტემბერს ქალაქ იზმირის მთავარმა საჯარო პროკურატურამ გასცა ჰ. მ–ს (H. M.) დაპატიმრების ბრძანება იზმირის 1-ელი აღმასრულებელი სასამართლოს N2023/4806-2023/4836 გადაწყვეტილებით შეკრებილი სასჯელების მოხდის მიზნით;
1.5. 2024 წლის 27 დეკემბრიდან ჰ. მ– (H. M.) თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ იძებნება ინტერპოლის წითელი ცირკულარით.
2. საქართველოში ჰ. მ–ს (H. M.) მიმართ განხორციელებული საექსტრადიციო პროცედურები:
2.1. 2025 წლის 15 ივლისს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მიღებულ იქნა ჰ. მ–ს (H. M.) ექსტრადიციის თაობაზე თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების შუამდგომლობა და შესაბამისი თანდართული დოკუმენტები.
2.2. 2025 წლის 31 ივლისს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ჰ. მ– (H. M.).
2.3. 2025 წლის 31 ივლისის მცხეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლის განჩინებით, ჰ. მ–ს (H. M.) შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა 3 თვით.
2.4. 2025 წლის 15 აგვისტოს საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოებისგან გამოთხოვილ იქნა დამატებითი ინფორმაცია, რაც მიღებულ იქნა 2025 წლის 18 სექტემბერს;
2.5. ამჟამად ჰ. მ– (H. M.) მოთავსებულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის №.. პენიტენციურ დაწესებულებაში.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. 2021 წლის 25 ივნისის ქალაქ იზმირის სისხლის სამართლის მძიმე დანაშაულთა მე-6 სასამართლოს განაჩენის თანახმად:
3.1.1. 2015 წლის 14 დეკემბერს, დაახლოებით 05:25 საათზე, თ–ს რესპუბლიკის ტერიტორიაზე, დ–ს სახელობის ნავზე დააკავეს 62 მიგრანტი. გამოძიებით დადგინდა, რომ ჰ. მ– (H. M.), რომელიც დანაშაულის ჩადენის დროისთვის მუშაობდა პოლიციის ჟანდარმერიაში, ფინანსური ანაზღაურების სანაცვლოდ, თანამონაწილეებთან წინასწარი შეთანხმების საფუძველზე ახორციელებდა აღნიშნული მიგრანტების უკანონოდ გადაყვანას.
3.1.2. 2016 წლის 17 თებერვალს, დაახლოებით 02:30 საათზე, თ–ს რესპუბლიკის ტერიტორიაზე, ზღვის პირას, დააკავეს 121 მიგრანტი. გამოძიებით დადგინდა, რომ ჰ. მ. (H. M.) რომელიც დანაშაულის ჩადენის დროისთვის მუშაობდა პოლიციის ჟანდარმერიაში, ფინანსური ანაზღაურების სანაცვლოდ, თანამონაწილეებთან წინასწარი შეთანხმების საფუძველზე ახორციელებდა აღნიშნული მიგრანტების უკანონოდ გადაყვანას.
3.1.3. 2016 წლის 23 თებერვალს, დაახლოებით 05:30 საათზე, თ–ს რესპუბლიკის სამართალდამცავმა ორგანოებმა დააკავეს 32 მიგრანტი. გამოძიებით დადგინდა, რომ ჰ. მ– (H. M.), რომელიც დანაშაულის ჩადენის დროისთვის მუშაობდა პოლიციის ჟანდარმერიაში, ფინანსური ანაზღაურების სანაცვლოდ, თანამონაწილეებთან წინასწარი შეთანხმების საფუძველზე ახორციელებდა აღნიშნული მიგრანტების უკანონოდ გადაყვანას საბერძნეთის მიმართულებით;
3.1.4. 2016 წლის 28 თებერვალს, თ–ს რესპუბლიკის ტერიტორიაზე, ზღვაში, R.... ....-ის სახელწოდების ნავში დააკავეს 55 მიგრანტი. გამოძიებით დადგინდა, რომ ჰ. მ– (H. M.), რომელიც დანაშაულის ჩადენის დროისთვის მუშაობდა პოლიციის ჟანდარმერიაში, ფინანსური ანაზღაურების სანაცვლოდ, თანამონაწილეებთან წინასწარი შეთანხმების საფუძველზე ახორციელებდა აღნიშნული მიგრანტების უკანონოდ გადაყვანას.
3.1.5. 2016 წლის 31 მაისს, თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, პოლიციის თანამშრომლებმა შეაჩერეს ავტომობილი, რომელსაც მართავდა ჰ. მ–ს (H. M.) თანამზრახველი. აღნიშნულ ავტომობილში ასევე იმყოფებოდნენ მიგრანტები. გამოძიებით დადგინდა, რომ ჰ. მ–ს (H. M.) ფინანსური ანაზღაურების სანაცვლოდ, თანამონაწილეებთან წინასწარი შეთანხმების საფუძველზე ახორციელებდა აღნიშნული მიგრანტების უკანონოდ გადაყვანას.
3.2. დანაშაულის ფაქტობრივი გარემოებები 2022 წლის 19 დეკემბრის მენდერესის სისხლის სამართლის პირველი ინსტანციის მე-2 სასამართლოს განაჩენის თანახმად:
3.2.1. 2013 წლის 10 მარტს, თ–ს რესპუბლიკის ტერიტორიაზე, ქალაქ ი–ში, პოლიციის ჟანდარმერიაში მუშაობისას, ჰ. მ–მ (H. M.), სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მოიპოვა დაზარალებულის ტელეფონის ნომერი და მრავალჯერადი მოკლეტექსტური შეტყობინებები გაუგზავნა დაზარალებულს, მეგობრობის მიზნით.
4. 2025 წლის 17 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა თემურ ცინდელიანმა და მოითხოვა, დასაშვებად იქნეს ცნობილი ჰ. მ–ს (H. M.) თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია თურქეთის რესპუბლიკის 2023 წლის 27 მარტის იზმირის პირველი აღმასრულებელი სასამართლოს N2023/4806-2023/4836 გადაწყვეტილებით შეკრებილი სასჯელების მოუხდელი ნაწილის მოხდის მიზნით.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით დასაშვებად იქნა ცნობილი ჰ. მ–ს (H. M.) თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია თურქეთის რესპუბლიკის 2023 წლის 27 მარტის იზმირის პირველი აღმასრულებელი სასამართლოს N2023/4806-2023/4836 გადაწყვეტილებით შეკრებილი სასჯელების მოუხდელი ნაწილის მოხდის მიზნით.
6. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ჰ. მ–ს (H. M.) ადვოკატი მ. ჟ–ი საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 17 ოქტომბრის განჩინების გაუქმებასა და ჰ. მ–ს (H. M.) თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დაუშვებლად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
6.1. დაცვის მხარის მიერ მოპოვებული და წარდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირი - ჰ. მ– (H. M.) იყო თ–ში საჯარო მოხელე (სასაზღვრო ჟანდარმი) და კეთილსინდისიერად ასრულებდა მის მოვალეობებს. მისი ხელმძღვანელობის მიერ უკანონო დავალებების შეუსრულებლობისათვის მას დააბრალეს სხვადასხვა დანაშაულები და იგი უკანონოდ და უსამართლოდ გაასამართლეს;
6.2. დანაშაული, რომელსაც ჰ. მ–ს (H. M.) ედავება თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოები, მას არ ჩაუდენია. რაც დასტურდება ასევე იმ გარემოებით, რომ თურქეთის რესპუბლიკიდან გამოგზავნილ ყველა წერილებში არის განსხვავებები, შეუთავსებელი და ურთიერთგამომრიცხავი ფაქტების აღწერა და მოცემულობები ჰ. მ–ს (H. M.) საერთოდ დანაშაულში მონაწილეობის შესახებ;
6.3. არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ჰ. მ–ს ექსტრადიცია მოითხოვება იმ მიზნით, რომ იგი შემდგომ პასუხისგებაში იქნეს მიცემული ან დაისაჯოს მისი გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების და პოლიტიკური შეხედულების ან სხვა მსგავს გარემოებათა გამო. ჰ. მ– (H. M.) დაექვემდებარება სასტიკ და არაადამიანურ მოპყრობას.
6.4. ექსტრადიციის მასალებში აღწერილია და დეტალურადაა სხვადასხვა დროს მომხდარი დანაშაულების შესახებ ინფორმაცია, თუმცა ძალიან მშრალად არის ნახსენები, რომ თითქოს კონკრეტული დანაშაული ჰ. მ–მ (H. M.) ჩაიდინა. სასამართლოს თხოვნით უნდა მიემართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ან საქართველოს პროკურატურისათვის დამატებითი ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ და მხოლოდ ამის შემდეგ მიეღო გადაწყვეტილება.
7. დაცვის მხარის საკასაციო საჩივარზე საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა ნანიკო ზაზუნაშვილმა წარმოადგინა გენერალური პროკურატურის პოზიცია და ითხოვა ჰ. მ–ს (H. M.) მიმართ გამოტანილი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 17 ოქტომბრის განჩინების უცვლელად დატოვება.
II. ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no.49684/99, par. 30, ECtHR, 25/12/2001).
2. სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
3. მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ: დაცულია ორმაგი დანაშაულებრიობის, პარალელური წარმოების აკრძალვისა და ორმაგი დასჯის აკრძალვის პრინციპები, ხანდაზმულობის ვადა, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.
4. თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ჰ. მ– (H. M.) 2025 წლის 31 ივლისს დააკავეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე. წარმოდგენილი საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ როგორც დაკავებისას, ისე საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის პერიოდში მის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებები არ დარღვეულა.
5. „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტით, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან ინდივიდუალური შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, პირის უცხო სახელმწიფოში ექსტრადირება განხორციელდება ისეთი დანაშაულების ჩადენისათვის, რომლებიც როგორც საქართველოს, ისე შესაბამისი უცხო სახელმწიფოს კანონმდებლობით ისჯება სულ მცირე ერთი წლით თავისუფლების აღკვეთით ან უფრო მკაცრი სასჯელით. მსჯავრდებულის შემთხვევაში ასევე აუცილებელია, რომ მას მისჯილი ჰქონდეს სულ მცირე ოთხი თვით თავისუფლების აღკვეთა.
5.1. სასამართლო ითვალისწინებს, რომ შუამდგომლობაში აღწერილი ქმედებები დასჯადია, როგორც საქართველოს, ისე თურქეთის რესპუბლიკის კანონმდებლობით და ორივე შემთხვევაში სასჯელის სახით გათვალისწინებულია, სულ მცირე, ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა. ამასთან, ჰ. მ–ს (H. M.) მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენით დადგენილი სასჯელი ითვალისწინებს 4 თვეზე მეტი ვადით თავისუფლების აღკვეთას, კერძოდ:
5.1.1. შუამდგომლობაში აღწერილი ქმედებები დასჯადია თურქეთის რესპუბლიკის N5237 სისხლის სამართლის კოდექსის 79-ე მუხლით (მიგრანტების უკანონო გადაყვანა) - რისთვისაც სასჯელის სახით გათვალისწინებულია – მათ შორის სამიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთა; თურქეთის რესპუბლიკის N5237 სისხლის სამართლის კოდექსის 136-ე და 137-ე მუხლებით (პერსონალური მონაცემების უკანონო მოპოვება), რისთვისაც სასჯელის სახით გათვალისწინებულია – ორიდან ოთხ წლამდე თავისუფლების აღკვეთა (რომელიც ჰ. მ–ს (H. M.) შემთვევაში ორმაგდება). მოცემულ შემთხვევაში ჰ. მ–ს (H. M.) 2023 წლის 27 მარტს თურქეთის რესპუბლიკის იზმირის 1-ელი აღმასრულებელი სასამართლოს N 2023/4806-2023/4836 სასჯელთა შეკრების გადაწყვეტილებით სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა – 21 წლითა და 13 თვით.
5.1.2. მითითებული ქმედებები, საქართველოს იურისდიქციის ქვეშ ჩადენის შემთხვევაში, ერთ შემთხვევაში დასჯადი იქნებოდა, სულ მცირე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3441-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტების უკანონოდ გადაყვანა ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ), რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრულია თავისუფლების აღკვეთა ხუთიდან რვა წლამდე, ხოლო, მეორე შემთხვევაში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლის მე-4 ნაწილით (პერსონალური მონაცემების ხელყოფა, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით), რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრულია თავისუფლების აღკვეთა ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით.
6. ,,ექსტრადიციის შესახებ” 1957 წლის ევროპული კონვენციის მე-10 მუხლის თანახმად, ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიერ ჩადენილი დანაშაული ან მის მიმართ გამოტანილი განაჩენი ხანდაზმულია ექსტრადიციის შესახებ თხოვნის გამგზავნი ან თხოვნის მიმღები ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით. ,,სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ” საქართველოს კანონის 24-ე მუხლის შესაბამისად, ექსტრადიცია არ დაიშვება, თუ გასულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა, რომელიც პირს ათავისუფლებს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან ან სასჯელის მოხდისგან. მოცემულ შემთხვევაში:
6.1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-12 მუხლის თანახმად, დანაშაულებრივი ქმედებები, რომელთა ჩადენაც ბრალად ედება ჰ. მ–ს (H. M.), განეკუთვნება მძიმე დანაშაულთა კატეგორიას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, მსჯავრდებული თავისუფლდება სასჯელის მოხდისაგან, თუ კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი არ აღსრულებულა 10 წელში მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდების დროს. ხანდაზმულობის ვადის დინება შეჩერდება, თუ მსჯავრდებულმა თავი აარიდა სასჯელის მოხდას. ხანდაზმულობის ვადაში ჩაითვლება სასჯელის მოხდისაგან თავის არიდებამდე გასული დრო. შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა არ არის გასული.
6.2. თურქეთის რესპუბლიკის N5237 სისხლის სამართლის კოდექსის 68-ე მუხლის თანახმად, ჰ. მ–სათვის (H. M.) მსჯავრადშერაცხილი დანაშაულებისათვის ხანდაზმულობის ვადა არის 10 წელი და გადის 2034 წელს.
7. დანაშაულებრივი ქმედება, რომლისთვისაც მოითხოვება ჰ. მ–ს (H. M.) ექსტრადიცია, არ ექცევა საქართველოს იურისდიქციის ფარგლებში. ჰ. მ–ს (H. M.) მიმართ ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებული დანაშაულისათვის არ მიმდინარეობდა და არ მიმდინარეობს სისხლის სამართლის პროცესი საქართველოში. ამდენად, ექსტრადიციის შემთხვევაში არ დაირღვევა პარალელური წარმოების აკრძალვისა და Non bis in idem პრინციპები.
8. საქართველოს კონსტიტუციის 32-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და ,,სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის თანახმად, საქართველოს მოქალაქის უცხო სახელმწიფოსათვის გადაცემა დაუშვებელია, გარდა საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამასთან, ,,ექსტრადიციის შესახებ“ 1957 წლის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მონაწილე სახელმწიფოს უფლება აქვს, უარი განაცხადოს საკუთარი მოქალაქის ექსტრადიციაზე.
8.1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოქალაქეობისა და მიგრაციის სამსახურიდან 2025 წლის 8 აგვისტოს მიღებული მონაცემებით დასტურდება, რომ ჰ. მ– (H. M.) არ ითვლება საქართველოს მოქალაქედ. ჰ. მ– (H. M.) არის თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე.
8.2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის მიერ 2025 წლის 7 აგვისტოს მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს შსს მიგრაციის დეპარტამენტში, დასრულებულია თ–ს რესპუბლიკის მოქალაქე – ჰ. მ–ს (H. M.) საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვა. 2025 წლის 31 იანვარს ჰ. მ–ს (H. M.) უარი ეთქვა, როგორც ლტოლვილის, ისე – ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე. 2025 წლის 3 თებერვალს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2022 წლის 30 დეკემბრის N... ბრძანების შესაბამისად, გადაწყვეტილება განთავსდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ გვერდზე (გადაწყვეტილება ჩაბარებულად მიიჩნევა შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე განთავსების მეორე დღიდან). განმცხადებლის მიერ აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია მიგრაციის დეპარტამენტისთვის ცნობილი არ არის.
9. კასატორის მტკიცებასთან დაკავშირებით, რომ ჰ. მ–ს (H. M.) დანაშაული არ ჩაუდენია, საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ექსტრადიციის დასაშვებობის საკითხის განხილვისას საკასაციო სასამართლო არ იხილავს პირის ბრალეულობის საკითხს მისთვის შერაცხილი დანაშაულის ჩადენაში, არამედ ამოწმებს საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობას (მაგ.: იხ.: საქმე №21-17, №21-20, №4021-21, 91-23).
10. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო იხილავს ჰ. მ–ს (H. M.) ექსტრადიციის დასაშვებობის საკითხს თურქეთის რესპუბლიკის მიერ მოთხოვნილი კონკრეტული დანაშაულებისათვის მიღებული განაჩენების აღსრულების მიზნით. ყველა შესაბამის დოკუმენტში მითითებულია, რომ ჰ. მ–ს (H. M.) მსჯავრად აქვს შერაცხილი თურქეთის რესპუბლიკის N 5237 სისხლის სამართლის კოდექსის 79-ე მუხლით (მიგრანტების უკანონო გადაყვანა) გათვალისწინებული დანაშაულისა (სასჯელის სახედ და ზომად თითოეული ეპიზოდისათვის განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა – 4 წლისა და ორი თვის ვადით (5 ეპიზოდი)) და თურქეთის რესპუბლიკის N 5237 სისხლის სამართლის კოდექსის 136-ე და 137-ე მუხლებით (პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა (სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა – 1 წლისა და 3 თვის ვადით), რომლისთვისაც საბოლოო სასჯელი განსაზღვრული აქვს თურქეთის რესპუბლიკის იზმირის 1-ლი აღმასრულებელი სასამართლოს 2023 წლის 27 მარტს N 2023/4806-2023/4836 გადაწყვეტილებით (თავისუფლების აღკვეთა – 21 წლისა და 13 თვით).
10.1. შესაბამისად, უსაფუძვლოა დაცვის მხარის პოზიცია, რომ ამ ნაწილში, თურქეთის რესპუბლიკიდან გამოგზავნილ წერილებში არის განსხვავებული ინფორმაცია, შეუთავსებელი და ურთიერთგამომრიცხავი ფაქტების აღწერა და მოცემულობები ჰ. მ–ს (H. M.) დანაშაულში მონაწილეობის შესახებ. თურქეთის რესპუბლიკიდან გამოგზავნილ მასალებში ჰ. მ–სათვის (H. M.) შუამდგომლობაში მითითებულ მსჯავრადშერაცხილ დანაშაულებთან მიმართებით ინფორმაცია იდენტურია.
11. კასატორი გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და ჰ. მ–ს (H. M.) თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დაუშვებლად ცნობას ითხოვს ჰ. მ–ს (H. M.) მიმართ თურქეთის რესპუბლიკაში წამების, არაადამიანური მოპყრობისა და დასჯის საფრთხიდან გამომდინარე. დაცვის მხარის მითითებით, ჰ. მ–ს (H. M.) ექსტრადიცია მოითხოვება იმ საფუძვლით, რომ შემდგომ პასუხისგებაში იქნეს მიცემული ან დაისაჯოს მისი გარკვეული სოციალური კუთვნილების და პოლიტიკური შეხედულების ან მსგავს გარემოებათა გამო.
12. სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, ვინაიდან კასატორი თავისი მოთხოვნის დასაბუთებისთვის უთითებს მხოლოდ ჰიპოთეტური ხასიათის მოსაზრებებსა და ინფორმაციაზე, საექსტრადიციო მასალებში არ მოიპოვება მტკიცებულება/ინფორმაცია, რომელიც მიუთითებდა ჰ. მ–ს (H. M.) თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში მისი უფლებების დარღვევის საფრთხეზე. აღნიშნულთან მიმართებით ინფორმაცია ან/და მტკიცებულებები ვერც გენერალურმა პროკურატურამ მოიძია.
12.1. დაცვის მხარეს ასევე არ წარმოუდგენია რაიმე კონკრეტული არგუმენტი ან/და რელევანტური მტკიცებულება, რაც მიუთითებდა, რომ წარსულში თურქეთის რესპუბლიკაში ჰ. მ–ს (H. M.) მიმართ ადგილი ჰქონდა მუქარას ან სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებას; არ დგინდება, რომ ჰ. მ–ს (H. M.) კონკრეტული პირების მხრიდან მომდინარე საფრთხის ან/და მის მიმართ განხორციელებული არამართლზომიერი ქმედებების თაობაზე მიემართა თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოებისთვის, რომელთა მხრიდან ადგილი ჰქონდა არაეფექტურ რეაგირებას. დაცვის მხარეს სამართალწარმოების არცერთ ეტაპზე არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება ანდა სარწმუნო ინფორმაცია, რაც დაადასტურებდა, რომ ჰ. მ– (H. M.) რაიმე ნიშნით იდევნება თურქეთის რესპუბლიკაში ან, ექსტრადიციის შემთხვევაში, არსებობს მისი უფლებების დარღვევის, არასათანადო მოპყრობის ან/და წამების საფრთხე, არ არის წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება ან სარწმუნო ინფორმაცია რაც შექმნიდა „არსებით საფუძვლებს ვარაუდისათვის“, რომ, ექსტრადიციის შემთხვევაში, არსებობს ჰ. მ–ს (H. M.) უფლებების დარღვევის, მის მიმართ არასათანადო მოპყრობის ან წამების საფრთხე.
13. ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის თანახმად, ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ უფლებების დარღვევის საფრთხე დადასტურებული უნდა იყოს კონკრეტული მტკიცებულებებით (იხ.Mamatkulov and Askarov v. Turkey, no46827/99, 46951/99,par.72-73, ECtHR, 04/02/2005, K. v. Russia, no 69235/11, par.58, ECtHR, 23/05/2013), რომლებიც ადასტურებს, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირთან დაკავშირებული კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე, პირს ექსტრადიციის შემთხვევაში ემუქრება კონვენციით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის საფრთხე (იხ. Shamayev and Others v. Georgia and Russia, no36378/02, par. 52, ECtHR, 12/04/2005).
14. სასამართლო ითვალისწინებს თურქეთის რესპუბლიკის მიერ ადამიანის უფლებების სფეროში ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს ინდივიდუალური საჩივრისა და მონიტორინგის მექანიზმებში თურქეთის რესპუბლიკის მონაწილეობის შესახებ. აღნიშნულ მექანიზმებს შორისაა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, წამების პრევენციის ევროპული კომიტეტი, წამების წინააღმდეგ გაეროს კომიტეტი და პრევენციის ეროვნული მექანიზმი. ამასთან, თურქეთის რესპუბლიკის მიერ წარმოდგენილია გარანტია იმის თაობაზე, რომ ჰ. მ–ს (H. M.) ექსტრადიცია არ მოითხოვება პოლიტიკური ან სამხედრო დანაშაულისათვის. აგრეთვე, წარმოდგენილი გარანტიის თანახმად, ექსტრადიციის შემთხვევაში ჰ. მ–ს (H. M.) უფლებები და უსაფრთხოება უზრუნველყოფილი იქნება. გარანტიები გაცემულია სახელმწიფოს ცენტრალური ორგანოს მიერ (Chahal v.The United Kingdom, no 22414/93, paras 105-107, ECHR, 15/10/1996; Shamayev and Others v. Georgia and Russia, no. 36378/02, par. 344, ECHR, 12/10/2005).
15. იმავდროულად, მართალია პირველ რიგში უნდა შეფასდეს მიმღებ სახელმწიფოში არსებული ზოგადი სიტუაცია და შესაბამისად, ყურადღება გამახვილდეს მიმღებ სახელმწიფოში ზოგადი ძალადობრივი გარემოს არსებობაზე (იხ: Sufi and Elmi v. the United Kingdom, nos. 8319/07 და 11449/07, ECtHR, par.216, 28/06/2011), თუმცა ზოგადი ძალადობრივი გარემოს არსებობა იმთავითვე არ იწვევს, მათ შორის, მე-3 მუხლის დარღვევას. მომთხოვნი სახელმწიფოსთვის პირის გადაცემა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევას იწვევს მხოლოდ „იმ გამონაკლის შემთხვევებში, როდესაც არასათანადო მოპყრობის რეალური საფრთხე მხოლოდ იმ პირთან მიმართებით არსებობს, რომელიც მიმღებ სახელმწიფოში დაბრუნების შემთხვევაში დაექვემდებარება ამგვარ ძალადობას“ (NA. v. the United Kingdom, no. 25904/07, ECtHR, par. 115, 17/07/ 2008; Khasanov and Rakhmanov v. Russia, nos. 28492/15 and 49975/15, ECtHR, 29/04/2022).
16. „სასამართლო არ ივიწყებს არც ექსტრადიციის ფუნდამენტური მიზნის მნიშვნელობას, რაც გულისხმობს გაქცეული დამნაშავეების მიერ მართლმსაჯულებისგან თავის არიდების პრევენციას“ (Trabelsi v. Belgium, no.140/10, par.11, ECtHR, 04/09/2014; Soering v. UK, par. 86 ECtHR, 07/07/1989).
17. საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ასევე შეისწავლა და თბილისის საქალაქო სასამართლომ გასაჩივრებული განჩინების მიღებისას შეამოწმა ჰ. მ–ს (H. M.) თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის (სამართლიანი სასამართლოს უფლება) დარღვევის საფრთხის არსებობა (საქმის მასალებში წარმოდგენილი არ არის რაიმე მტკიცებულება რაც დაადასტურებდა/მიუთითებდა ექსტრადიციის შემთხვევაში ჰ. მ–ს (H. M.) მიმართ თურქეთის რესპუბლიკაში სისხლის სამართალწარმოებაში სამართლიანი სასამართლოს უფლების „აშკარა“ დარღვევის საფრთხეზე).
17.1. წარმოდგენილი მასალების თანახმად, N 2016/361-2021/264 საქმესთან მიმართებით, ჰ. მ– (H. M.) მე-4 სხდომამდე იმყოფებოდა პატიმრობაში, ხოლო 2017 წლის 24 თებერვლის მე-4 სხდომაზე დაცვის მხარის სიტყვის განხილვის შემდეგ გათავისუფლდა, ესწრებოდა მე-5, მე-7, მე-8, მე-13, მე-17 სხდომებს, თუმცა გადაწყვეტილება მიღებული იქნა ჰ. მ–ს (H. M.) დაუსწრებლად, ჰ. მ–ს (H. M.) უფლებების დაცვას სასამართლოში (ყველა სხდომაზე/ეტაპზე) ახორციელებდა ადვოკატი, რომელიც ესწრებოდა სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების სხდომასაც, გადაწყვეტილება გასაჩივრებული იქნა როგორც ჰ. მ–ს (H. M.), ასევე მისი ადვოკატის მიერ ცალ-ცალკე; N2022/453-2022/725 საქმეზე 2022 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილების გამოცხადების სხდომას ჰ. მ– (H. M.) დაესწრო, მოსმენილ იქნა მისი დაცვითი სიტყვა და გადაწყვეტილება მიღებულ იქნა მისი მონაწილეობით, ჰ. მ–ს (H. M.) ასევე ეცნობა დასაბუთებული გადაწყვეტილება.
18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 17 ოქტომბრის განჩინება, რომლითაც დასაშვებად იქნა ცნობილი ჰ. მ–ს (H. M.) თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია თურქეთის რესპუბლიკის 2023 წლის 27 მარტის იზმირის პირველი აღმასრულებელი სასამართლოს N2023/4806-2023/4836 გადაწყვეტილებით შეკრებილი სასჯელების მოუხდელი ნაწილის მოხდის მიზნით, უნდა დარჩეს უცვლელად.
III. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ჰ. მ–ს (H. M.) ინტერესების დამცველი ადვოკატის - მ. ჟ–ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 17 ოქტომბრის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
ლ. თევზაძე