Facebook Twitter

საქმე # 190100124009400811

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №622აპ-25 ქ. თბილისი

გ-ი ფ., 622აპ-25 16 ოქტომბერი, 2025 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 21 მაისის განაჩენზე რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ სალომე ქემაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით:

ფ. გ–იმ ჩაიდინა:

გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი, წინასწარი შეცნობით, ორსული ქალის მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით.

გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი).

გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ოჯახის ერთი წევრის მიერ, ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი).

გენდერის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური სიტყვიერი შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2024 წლის 24 აპრილის ეპიზოდი).

აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგით:

ü 2018 წლის დეკემბერში, დაახლოებით 11:00 საათიდან – 12:00 საათამდე დროის შუალედში, გ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ა–ში, ფ. გ–იმ გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, მესაკუთრული დამოკიდებულებიდან გამომდინარე, ეჭვიანობის ნიადაგზე, წინასწარი შეცნობით, ორსულ, ე. გ–აზე ფიზიკურად იძალადა მარჯვენა ფეხის მუცლის არეში დარტყმით. აღნიშნულის შედეგად, დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

ü 2022 წლის ივნისში, დღის საათებში, გ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ა–ში, ფ. გ–იმ გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, მესაკუთრული დამოკიდებულებიდან გამომდინარე, რომელიც მიიჩნევდა, რომ ქალის მოვალეობაა მხოლოდ სახლის საქმეები და იმის გამო, რომ სახლი არ ჰქონდა დალაგებული, მოჰქაჩა თმა და სახლის კართან, თავი კაფელზე დაარტყმევინა ე. გ–ას. აღნიშნულის შედეგად, დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

ü 2023 წლის 15 ნოემბერს, დღის საათებში, გ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ა–ში, ფ. გ–იმ გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, მესაკუთრული დამოკიდებულებიდან გამომდინარე, მარცხენა ხელის მუშტის ორივე ხელის არეში დარტყმის და ფეხებზე ჩქმეტით, ფიზიკურად იძალადა ე. გ–აზე, რის შედეგადაც, მან განიცადა ფიზიკური ტკივილი.

ü 2022 წლის ივნისში, დღის საათებში, გ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ა–ში, ფ. გ–იმ, რომელიც ქალის მოვალეობად მიიჩნევდა სახლის საქმეებს, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, მესაკუთრული დამოკიდებულებიდან გამომდინარე, იმის გამო, რომ სახლი არ ჰქონდა დალაგებული, ჯერ ფიზიკურად იძალადა მეუღლეზე – ე. გ–აზე, შემდეგ კი, დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, უთხრა, რომ მოკლავდა. ფ. გ–ის მუქარა ე. გ–ამ აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.

ü 2023 წლის 15 ნოემბერს, დღის საათებში, გ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ა–ში, ფ. გ–იმ, რომელიც მეუღლეს მიიჩნევდა ნივთად, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, მესაკუთრული დამოკიდებულებიდან გამომდინარე, ჯერ ფიზიკურად იძალადა მეუღლეზე – ე. გ–აზე, შემდეგ კი, დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, უთხრა, რომ მოკლავდა. ფ. გ–ის მუქარა ე. გ–ამ აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.

ü 2024 წლის 24 აპრილს, დაახლოებით 23:30 საათზე, გ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ა–ში, ფ. გ–იმ, რომელსაც მიაჩნდა, რომ ცოლი ვალდებული იყო, მომსახურებოდა ოჯახს და უსიტყვოდ შეესრულებინა მისი ნათქვამი, ჯერ ფიზიკურად იძალადა მეუღლეზე – ე. გ–აზე მათ სახლში, შემდეგ კი, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, კერძოდ უთხრა, რომ მოკლავდა. ფ. გ–ის მუქარა ე. გ–ამ აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.

ü 2022 წლის 24 აპრილიდან – 2024 წლის 24 აპრილამდე, გ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ა–ში, მათ სახლში, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ფ. გ–ი, სისტემატური, ყოველდღიური სიტყვიერი შეუარცხყოფის მიყენებით, ფსიქოლოგიურად ძალადობდა მეუღლეზე – ე. გ–აზე. ეჭვიანობის გამო, აგინებდა, უწოდებდა მსუბუქი ყოფაქცევის ქალს, სულელს, უნამუსოს, ცუდ ქალს, მიაჩნდა, რომ მას აზრის დაფიქსირების უფლება არ ჰქონდა, უკრძალავდა მშობლებთან წასვლას და უკონტროლებდა გადაადგილებას. 2024 წლის 24 აპრილს, დაახლოებით 23:30 საათზე კი, მათსავე სახლში, იმავე მოტივით, მიაჩნდა, რომ ცოლი ვალდებული იყო მომსახურებოდა ოჯახს და უსიტყვოდ შეესრულებინა მისი ნათქვამი, თმით თრევით, კისერში ხელის მოჭერით, მარჯვენა მკლავზე ხელის მოჭერითა და სახეში მარჯვენა მხარეს ხელის გარტყმით, ფიზიკურად იძალადა ე. გ–აზე, რის შედეგადაც, დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა.

2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 13 თებერვლის განაჩენით ფ. გ–ი, – დაბადებული ....წელს, – ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2018 წლის დეკემბრის ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2022 წლის ივნისის და 2023 წლის 15 ნოემბრის ეპიზოდები) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (2022 წლის ივნისის, 2023 წლის 15 ნოემბრის და 2024 წლის 24 აპრილის ეპიზოდები) წარდგენილ ბრალდებებში.

ფ. გ–ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2024 წლის 24 აპრილის ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდებიდან ამოერიცხა მითითება – გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივზე.

ფ. გ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2024 წლის 24 აპრილის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალა პირობითად და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 (ერთი) წელი და 6 (ექვსი) თვე.

გაუქმდა ფ. გ–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – გირაო და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში, კანონით დადგენილი წესის შესაბამისად, გირაოს უზრუნველსაყოფად შეტანილი ფულადი თანხა, უნდა დაუბრუნდეს მის შემტან პირს.

მსჯავრდებულ ფ. გ–ის სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი – 2024 წლის 25 აპრილიდან, 2024 წლის 4 ნოემბრის ჩათვლით.

საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლების საფუძველზე, მსჯავრდებულ ფ. გ–ის დაეკისრა მოვალეობა – დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე, არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი. მსჯავრდებულის ქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალა დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა სალომე ქემაშვილმა. პროკურორმა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, ფ. გ–ის დამნაშავედ ცნობა მის მიმართ წარდგენილ ყველა ბრალდებაში და უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდება.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 21 მაისის განაჩენით რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 13 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 21 მაისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – სალომე ქემაშვილმა. პროკურორი საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ, ფ. გ–ის დამნაშავედ ცნობას მის მიმართ წარდგენილ ყველა ბრალდებაში და უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდებას.

6. ფ. გ–ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ფ. მ–ი საკასაციო საჩივრის შესაგებლით ითხოვს პროკურორის საკასაციო საჩივრის არდაკმაყოფილებას, ვინაიდან იგი უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია.

7. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება რომელიმე ზემოაღნიშნული საფუძველი.

9. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ სალომე ქემაშვილის – შეფასებას, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განაჩენი დაუსაბუთებელი, უკანონოა და არ გამომდინარეობს სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებიდან. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ სისხლის სამართლის საქმის მასალებში არ მოიპოვება ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც, გონივრულ ეჭვს მიღმა, დაადასტურებდა ფ. გ–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2018 წლის დეკემბრის ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2022 წლის ივნისის და 2023 წლის 15 ნოემბრის ეპიზოდები) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (2022 წლის ივნისის, 2023 წლის 15 ნოემბრის და 2024 წლის 24 აპრილის ეპიზოდები) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენას.

10. საკასაციო სასამართლო კვლავ იმეორებს, რომ საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად ყველა კატეგორიის საქმეზე, მათ შორის – ოჯახური დანაშაულის საქმეებზე, დადგენილია ერთი სტანდარტი – ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლიდანაც გამონაკლისი არ არის დასაშვები. საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებების გარეშე პირის მსჯავრდება დაუშვებელია და არსებითად ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, ასევე – ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებით დადგენილ სტანდარტებს. ამასთან, „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ (ე.წ. „სტამბოლის კონვენცია“) კონვენციის მოთხოვნებიდან გამომდინარე, დამნაშავემ პასუხისმგებლობა არ უნდა აირიდოს მარტოოდენ მსხვერპლის მიერ საჩივრის არქონის გამო. ასეთივეა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო, მიუხედავად დაზარალებულის პოზიციისა, ითვალისწინებს სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას (დაიცვას ოჯახური ძალადობის მსხვერპლი და ადეკვატური სანქცია დააკისროს მოძალადეს) და მსჯელობს, საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებები საკმარისია თუ არა გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად.

11. სასამართლო კვლავ აღნიშნავს, რომ მოცემული კატეგორიის საქმეთა წარმოების სპეციფიკის გათვალისწინებით, ბრალდების მხარეს ეკისრება ვალდებულება, უფრო მეტი ძალისხმევით მოიპოვოს და შეკრიბოს მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ წარდგენილ ბრალდებას, რათა, ერთი მხრივ, წარდგენილი ბრალდების დასაბუთებულობა არ იყოს დამოკიდებული პროცესის მონაწილეების მიერ საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლით მათთვის მინიჭებული უფლებით სარგებლობაზე, მეორე მხრივ კი, – არ გამოიწვიოს დაზარალებულთა მეორეული ვიქტიმიზაცია და უნდობლობა არსებული სამართლებრივი მექანიზმების ეფექტიანობისადმი, იმავდროულად არ იწვევდეს დაუსჯელობის განცდას.

12. საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2018 წლის დეკემბრის ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2022 წლის ივნისის და 2023 წლის 15 ნოემბრის ეპიზოდები) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (2022 წლის ივნისის, 2023 წლის 15 ნოემბრის და 2024 წლის 24 აპრილის ეპიზოდები) წარდგენილ ბრალდებებში, განსხვავებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილის (2024 წლის 24 აპრილის ეპიზოდი) ბრალდების ეპიზოდისა, არ არის საკმარისი გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, შემდეგ გარემოებათა გამო:

13. საქმის მასალებით დგინდება, რომ დაზარალებულმა ე. გ–ამ (მსჯავრდებულის მეუღლე) პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე გამოიყენა მისთვის საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (მოწმეს უფლება აქვს, არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს) მინიჭებული უფლება და ჩვენება არ მისცა თავისი ახლო ნათესავის – ფ. გ–ის წინააღმდეგ. ამდენად, შეუძლებელია დაზარალებულის მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას, მიწოდებული ინფორმაციის გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. ამასთან, არ იკვეთება, რომ დაზარალებულმა ამ უფლებით ისარგებლა მნიშვნელოვანი მიზეზის არსებობის, გამართლებულის მხრიდან დაშინების ან სხვაგვარი გავლენის გამო. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. პირის გამოკითხვის ოქმს არ აქვს სამართლებრივი ძალა, ვერ მიენიჭება მტკიცებულების სტატუსი და ვერ იქნება სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანისას გამოყენებული, თუ არ იქნა გამოკვლეული საქმის არსებითად განხილვისას, რაც გულისხმობს გამოკითხული პირის უშუალო დაკითხვას სასამართლო სხდომაზე. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ გამოკვეთილი არ არის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევაც, შეუძლებელია, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს დაზარალებულის (მოწმის) მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას, მიწოდებული ინფორმაცია, რომლის სისწორეც დაზარალებულმა სასამართლოში არ დაადასტურა.

14. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო დაზარალებულის მიერ ფ. გ–ის მამხილებელი ჩვენების მიცემაზე უარის თქმის პირობებში, მიმოიხილავს საქმეში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებს, კერძოდ:

15. დაზარალებულ ე. გ–ას მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, შინაარსობრივად არის დაზარალებულის ჩვენების, მის მიერ გამოკითხვის ოქმში მოწოდებული ინფორმაციის შემოწმება, ხოლო იმ მოცემულობის გათვალისწინებით, რომ სასამართლოში დაზარალებულმა უარი განაცხადა ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, აღნიშნული ოქმი არ წარმოადგენს ცალკე დამოუკიდებელ პირდაპირ მტკიცებულებას, რის გამოც, საფუძვლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს.

16. დანაშაულის შესახებ შეტყობინებაში, დაზარალებულის ვიზუალური დათვალიერების ოქმსა და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში (რომლის თანახმად, ე. გ–ას 2024 წლის 25 აპრილს ობიექტური შემოწმებით აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთები და ნაჭდევები, ზედა კიდურების, კისრის, სახის და თავის მიდამოებში), მოწმეების – ზ. შ-სა და ა. გ–ას ჩვენებები ადასტურებს და უკავშირდება, მხოლოდ 2024 წლის 24 აპრილს ფ. გ–ის მიერ ე. გ–ას მიმართ ფიზიკური ძალადობის ეპიზოდს. მითითებული მტკიცებულებები არ შეიცავს არანაირ ინფორმაციას ბრალდების სხვა ეპიზოდებთან, დანაშაულის სისტემატურობასთან და მისი გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენასთან მიმართებით. შემაკავებელი ორდერის ოქმში კი, მითითებულია მწირი ინფორმაცია ძალადობის და მუქარის ფაქტებზე, რაც არ არის საკმარისი, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, ფ. გ–ის გამამართლებელ ეპიზოდებში.

17. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს – „In dubio pro reo-ს“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-2).

18. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატამ სამართლებრივად სწორად და ობიექტურად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, წარმოდგენილი მტკიცებულებები ბრალდების ყველა ეპიზოდთან მიმართებით და მსჯავრდებულს განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რის გამოც, არ არსებობს გასაჩივრებული განაჩენის შეცვლის სამართლებრივი საფუძველი.

19. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

20. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ სალომე ქემაშვილის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

ლ. ფაფიაშვილი