Facebook Twitter

ბს-317-301(კ-06) 27 სექტემბერი, 2006 წ.‚ ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნ. ქადაგიძე,

ნ. სხირტლაძე

სარჩელის საგანი: სამუშაოზე აღდგენა.

აღწერილობითი ნაწილი:

2004წ. 2 ნოემბერს შ. მ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის მიმართ და სამუშაოზე აღდგენა მოითხოვა.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 1991 წლიდან აჭარის ა/რ საბაჟო სამმართველოს .......... განყოფილების უფროსი ინსპექტორის თანამდებობაზე მუშაობდა. სამსახურის დაწყების შემდგომ, კერძოდ, 1991წ. მაისში იგი გაგზავნილ იქნა კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებზე ქ. პეტერბურგში. მოსარჩელის განმარტებით, მუშაობის განმავლობაში იგი მოვალეობებს კეთილსინდისიერად ასრულებდა და ადმინისტრაციის მხრიდან მისთვის შენიშვნის ან საყვედურის მიცემის არც ერთი ფაქტი არ ყოფილა. 2004წ. 24 ივლისს ჯანმრთელობის გაუარესების გამო, იგი ბიულეტენზე გავიდა, იმავეწ. 10 აგვისტოს კი სასწრაფო ოპერაცია გაუკეთდა და კვლავ ბიულეტენზე გავიდა. შ. მ-ის თქმით, მან სრულიად მოულოდნელად შეიტყო, რომ ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის 2004წ. 2 აგვისტოს ¹466-კს ბრძანებით სამსახურიდან იყო გათავისუფლებული. მან სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ამონაწერი ოფიციალურად 2004წ. 30 სექტემბერს მიიღო.

მოსარჩელის მითითებით, მისი გათავისუფლება კანონდარღვევით მოხდა, რადგან «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის თანახმად, არ შეიძლება პირის შემცირება, თუ იგი დროებითი შრომისუუნარობის გამო, საავადმყოფო ფურცელზეა აყვანილი. აღნიშნულის თაობაზე მოსარჩელემ საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარეს მიმართა, თუმცა პასუხი არ მიუღია.

თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2004წ. 9 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2004წ. 2 აგვისტოს ¹466-კს ბრძანება შ. მ-ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ და იგი აღდგენილ იქნა აჭარის ა/რ საბაჟო სამმართველოს ............ განყოფილების უფროსი ინსპექტორის თანამდებობაზე; გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიექცა.

რაიონულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ შ. მ-ის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბაჟო სამმართველოს ......... განყოფილების უფროსი ინსპექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძვლად სადავო ბრძანებაში რეგიონული საბაჟო «დასავლეთის» უფროსის წარდგინება, მოხელეთა გაფრთხილებები და მოქალაქეთა პირადი განცხადებებია მითითებული, ასევე აღნიშნულია, რომ შ. მ-ი თანამდებობიდან ფინანსთა მინისტრის 2004წ. 23 ივნისის ¹426, 2004წ. 8 ივლისის ¹469 ბრძანებებისა და «საჯარო სამსახურის» შესახებ კანონის 97-ე მუხლის თანახმად გათავისუფლდა.

სასამართლომ მიუთითა, რომ «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 97-ე მუხლი ითვალისწინებს მოხელის გათავისუფლებას რეორგანიზაციისა და შტატების შემცირების შემთხვევაში, მოცემულ შემთხვევაში კი, წარდგენილი საშტატო განრიგის მიხედვით, შტატების შემცირება არ დასტურდებოდა. ამასთან, შ. მ-თვის ადმინისტრაციას სხვა თანამდებობა არ შეუთავაზებია, რასაც «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 97-ე მუხლის მე-2 პუნქტი ითვალისწინებდა.

რაიონული სასამართლოს განმარტებით, ადმინისტრაციას, შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლის შესაბამისად, თანამდებობაზე მოხელეთა უპირატესი დარჩენის თაობაზე არ უმსჯელია. სასამართლომ ამასთან მიუთითა, რომ ადმინისტრაციას შ. მ-ის სამუშაოდან გათავისუფლების საფუძველიც რომ ჰქონოდა, აღნიშნული 2004წ. 2 აგვისტოს არ უნდა განეხორციელებინა, რადგან იგი ამ დროს დროებითი შრომისუუნარო იყო, ავად იყო და 2004წ. 24 ივლისიდან 2004წ. 14 სექტემბრის ჩათვლით, ავადმყოფობის გამო, გახსნილი ჰქონდა შრომისუუნარობის ფურცელი. საქმეში წარმოდგენილი ავადმყოფობის ისტორიის ამონაწერის მიხედვით, მოსარჩელეს 2004წ. 10 აგვისტოს თავის არეში გაუკეთდა ოპერაცია. აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ აღნიშნა, რომ შრომის კანონთა კოდექსის 34-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, შვებულების ან დროებითი შრომისუუნარობის დროს მუშაკის სამუშაოდან დათხოვნა არ დაიშვებოდა, რაც სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს იძლეოდა.

რაიონულმა სასამართლომ სარჩელის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით მოპასუხის მოსაზრება არ გაიზიარა და მიუთითა, რომ მოსარჩელის გათავისუფლება 2004წ. 2 აგვისტოს მოხდა, შრომის კანონთა კოდექსის 204-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად კი, მუშებსა და მოსამსახურეებს დათხოვნის საქმეთა გამო სასამართლოში მიმართვა შეეძლოთ დათხოვნის ბრძანების ჩაბარებიდან 1 თვის ვადაში. სასამართლომ ჩათვალა, რომ მოსარჩელეს ბრძანება 2004წ. 30 სექტემბერს ჩაჰბარდა, ხოლო მან ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 6 ოქტომბერს მიმართა.

რაიონულმა სასამართლომ გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ გათავისუფლების ბრძანების მოსარჩელისათვის უფრო ადრე ჩაბარება საქმის მასალებით არ მტკიცდებოდა. გარდა ამისა, ვინაიდან მოსარჩელე გათავისუფლების მომენტისათვის შრომისუუნარობის ფურცელზე იმყოფებოდა, სავარაუდოდ, იგი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ვერ შეიტყობდა.

თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2004წ. 9 დეკემბრის გადაწყვეტილება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტმა სააპელაციო წესით გაასაჩივრა, მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

მოცემული საქმე არაერთხელ განიხილა სხვადასხვა ინსტანციის სასამართლომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006წ. 14 თებერვლის გადაწყვეტილებით ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2004წ. 9 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც შ. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საქმის მასალებით დასტურდებოდა, რომ შ. მ-ი აჭარის ა/რ საბაჟო სამმართველოს ......... განყოფილების უფროს ინსპექტორად მუშაობდა. «საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის დებულებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის რეგიონული საბაჟო ორგანოების ტიპიური დებულების შესახებ» ფინანსთა მინისტრის 2004წ. 23 ივნისის ¹426 ბრძანებით დამტკიცებული საბაჟო დეპარტამენტის დებულების 4.4 მუხლის «ე» ქვეპუნქტის, «საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის ცენტრალური აპარატისა და რეგიონული საბაჟოების საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ» საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004წ. 8 ივლისის ¹469 ბრძანებისა და «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 97-ე მუხლის თანახმად, შ. მ-ი _ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბაჟო სამმართველოს ........ განყოფილების უფროსი ინსპექტორი _ გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმის მასალებით დასტურდებოდა აჭარის ა/რ საბაჟო სამმართველოში რეორგანიზაციამდე 190 საშტატო ერთეულის არსებობა, მათ შორის, ........ განყოფილება 28 საშტატო ერთეულით. საბაჟო სისტემის რეორგანიზაციის შემდეგ რეგიონული საბაჟო «დასავლეთის» რეორგანიზაციაც განხორციელდა, რომელმაც აჭარის ტერიტორიაზე მოქმედი საბაჟო ორგანოები მოიცვა და მისი საშტატო ნუსხა 390 საშტატო ერთეულით დამტკიცდა, მათ შორის, საბაჟო გაფორმების ბათუმის განყოფილება 23 საშტატო ერთეულით, საბაჟო საგუშაგო «ბათუმის პორტი» 71 საშტატო ერთეულით, საბაჟო-გამშვები პუნქტი « ........ « 7 საშტატო ერთეულით, საბაჟო-გამშვები პუნქტი « ........ « 66 საშტატო ერთეულით, ანუ მოხდა საშტატო რიცხოვნობის შემცირება, ამასთან, ახალ სტრუქტურებში ........... განყოფილება გათვალისწინებული აღარ იყო, რაც «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 97-ე მუხლის პირველი პუნქტის გამოყენების საფუძველს იძლეოდა.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ შ. მ-ის სარჩელი ხანდაზმულობის მოტივით არ უნდა დაკმაყოფილებულიყო. სასამართლოს მითითებით, «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 127-ე მუხლის თანახმად, მოხელეს უფლება ჰქონდა ერთი თვის განმავლობაში გაესაჩივრებინა სასამართლოში სამსახურებრივ საკითხებზე გამოცემული ბრძანება, განკარგულება, გადაწყვეტილება, აგრეთვე‚ მოქმედება. ამავე კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს კანონმდებლობა მოხელეებსა და დამხმარე მოსამსახურეებზე ვრცელდება ამ კანონით გათვალისწინებულ თავისებურებათა გათვალისწინებით. აქედან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ შრომის კანონთა კოდექსის 204-ე მუხლის პირველი ნაწილის გამოყენება არასწორად ჩათვალა, ვინაიდან «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 127-ე მუხლი ხანდაზმულობის ვადის ათვლისათვის ბრძანების ასლის ჩაბარების სავალდებულოობას არ ითვალისწინებდა, ანუ, აღნიშნულ საკითხს «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონი შრომის კანონთა კოდექსის მითითებული ნორმისაგან განსხვავებულად აწესრიგებდა და გადამწყვეტ მნიშვნელობას იმ გარემოებას ანიჭებდა, მოსარჩელისათვის სადავო ბრძანების შესახებ როდის გახდა ცნობილი. დასტურდებოდა, რომ «საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის დებულებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის რეგიონული საბაჟო ორგანოების ტიპიური დებულების დამტკიცების შესახებ» საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2004წ. 23 ივნისის ¹426 ბრძანების შესაბამისად, საბაჟო დეპარტამენტის სტრუქტურული რეორგანიზაციისა და თანამდებობათა შემცირებასთან დაკავშირებით, «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 97-ე მუხლისა და 108-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე შ. მ-ი მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ გაფრთხილებულ იქნა 2004წ. 1 ივლისს. საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2004წ. 2 აგვისტოს ¹466-კს ბრძანებით დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდნენ რეგიონული საბაჟო «დასავლეთისა» და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბაჟო სამმართველოს თანამშრომლები, მათ შორის, მოსარჩელეც, ანუ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბაჟო სამმართველომ, როგორც სტრუქტურამ, ......... განყოფილებასთან ერთად, ამ დღიდან არსებობა შეწყვიტა, რაც შ. მ-თვის იმთავითვე უნდა ყოფილიყო ცნობილი.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელემ სასამართლოს შრომისუუნარობის ფურცელი წარუდგინა, რომელიც 2004წ. 24 ივლისს იყო გახსნილი და იმავეწ. 9 აგვისტოს ჩათვლით გრძელდებოდა, დიაგნოზი იყო კისრის მალების ოსტეოქონდროზი, რეჟიმი კი _ ამბულატორიული. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, აღნიშნული შრომისუუნარობის ფურცელი შ. მ-ს სამსახურში არ წარუდგენია, ხოლო საქმის მასალებით დასტურდებოდა, რომ იგი ივლისში სამსახურში ყოველდღე დადიოდა და ხელფასი სრულად ჰქონდა მიღებული. ამასთან, საგულისხმო იყო ის გარემოებაც, რომ 2004წ. 2 აგვისტოს ¹466-კს ბრძანების საფუძველზე გათავისუფლებულ საჯარო მოხელეთა უმრავლესობა ბრძანების ხელმოწერით გაცნობას შეგნებულად არიდებდა თავს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ შ. მ-თვის სადავო ბრძანების შესახებ ცნობილი იყო მისი გამოცემისთანავე და «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 127-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის სარჩელით უნდა მიემართა ერთი თვის განმავლობაში, მან კი ბათუმის საქალაქო სასამართლოს მხოლოდ 2004წ. 6 ოქტომბერს, ანუ სარჩელით სასამართლოსათვის მიმართვის ერთთვიანი ვადის გასვლის შემდეგ მიმართა. სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლა კი სარჩელზე უარის თქმის დამოუკიდებელ საფუძველს წარმოადგენდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006წ. 14 თებერვლის გადაწყვეტილება შ. მ-ის წარმომადგენელმა დ. გ-მა საკასაციო წესით გაასაჩივრა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორის განმარტებით, შ. მ-ი, მართალია, მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ გაფრთხილებული იყო, მაგრამ მისთვის უშუალოდ გათავისუფლების შესახებ ცნობილი არ იყო, 2004წ. 5 აგვისტოს მან ივლისის ხელფასი მიიღო, მაგრამ გათავისუფლების თაობაზე 2 აგვისტოს ბრძანება მისთვის არავის ჩაუბარებია. ამასთან, აღსანიშნავია, რომ 2004წ. 24 ივლისიდან 9 აგვისტომდე შ. მ-ი ამბულატორიულ მკურნალობას გადიოდა, 10 აგვისტოდან იგი სტაციონარულ მკურნალობაზე გაიგზავნა და გაუკეთდა ოპერაცია. შესაბამისად, 2004წ. 14 სექტემბრამდე მოსარჩელე შრომისუუნარობის ფურცელზე იმყოფებოდა. კასატორის თქმით, მისთვის მხოლოდ 14 სექტემბრის შემდეგ გახდა ცნობილი სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ და იმავეწ. 6 ოქტომბერს _ კანონით დადგენილ ვადაში ბათუმის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა, ხოლო მას შემდეგ, რაც შეიტყო, რომ მისი სარჩელი ბათუმის საქალაქო სასამართლოს განსჯადი არ იყო, მან თბილისის ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოში შეიტანა სარჩელი.

ამრიგად, კასატორის მოსაზრებით, მისი სარჩელი არ იყო ხანდაზმული და სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, შრომის კანონთა კოდექსის 204-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომელიც ხანდაზმულობის ვადის ათვლას ითვალისწინებდა გათავისუფლების შესახებ ბრძანების ასლის ჩაბარების ან მისი გაცნობის, შეტყობინების დღიდან. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება მიიღო.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006წ. 29 მაისის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული შ. მ-ის საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2006წ. 29 მაისის განჩინების ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით; ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმება განისაზღვრა 2006წ. 12 ივლისამდე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006წ. 12 ივლისის განჩინებით შ. მ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის «ა» ქვეპუნქტით და მისი განხილვა დაინიშნა 2006წ. 27 სექტემბერს მხარეთა დასწრების გარეშე.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ შ. მ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

საკასაციო სასამართლოს დადგენილად მიაჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: შ. მ-ი 1991 წლიდან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბაჟო სამმართველოს ......... განყოფილების უფროსი ინსპექტორის თანამდებობაზე მუშაობდა. 2004წ. 24 ივლისს ჯანმრთელობის გაუარესების გამო, იგი ბიულეტენზე გავიდა, იმავეწ. 10 აგვისტოს კი, სასწრაფო ოპერაცია გაუკეთდა და კვლავ ბიულეტენზე გავიდა. «საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის დებულებისა და ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის რეგიონული საბაჟო ორგანოების ტიპიური დებულების შესახებ» ფინანსთა მინისტრის 2004წ. 23 ივნისის ¹426 ბრძანებით დამტკიცებული საბაჟო დეპარტამენტის დებულების მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის «ვ» ქვეპუნქტის, «საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის ცენტრალური აპარატისა და რეგიონული საბაჟოების საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ» ფინანსთა მინისტრის 2004წ. 8 ივლისის ¹469 ბრძანებით, «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 97-ე მუხლის თანახმად, შ. მ-ი _ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბაჟო სამმართველოს ........ განყოფილების უფროსი ინსპექტორი _ გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.

«საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 127-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოხელეს უფლება აქვს კანონმდებლობით დადგენილი წესით ერთი თვის განმავლობაში გაასაჩივროს სასამართლოში სამსახურებრივ საკითხებზე გამოცემული ბრძანება, განკარგულება, გადაწყვეტილება, აგრეთვე მოქმედება.

საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის (1973 წ.) 204-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მუშებსა და მოსამსახურეებს შეეძლოთ მიემართათ დათხოვნის საქმეთა გამო რაიონული (საქალაქო) სასამართლოსთვის დათხოვნის ბრძანების ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის ნორმები წარმოადგენს სპეციალურ ნორმებს ამავე კანონში მითითებულ სუბიექტებთან მიმართებაში. ხსენებული კანონის მე-14 მუხლის ბლანკეტური ხასიათის ნორმის თანახმად, საქართველოს შრომის კანონმდებლობა მოხელეებსა და დამხმარე მოსამსახურეებზე ვრცელდება ამ კანონით განსაზღვრულ თავისებურებათა გათვალისწინებით. ამდენად, ის საკითხები, რომლებიც არ არის დარეგულირებული «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონით, წესრიგდება შრომის კანონთა კოდექსით, პირველ ყოვლისა კი, შრომის კონსტიტუციური უფლების რეალიზებასა და ამ უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული შრომით-სამართლებრივი ურთიერთობები, კონკრეტული სოციალური საკითხები. შესაბამისად, შრომის კანონთა კოდექსი შინაარსობრივად ავსებს იმ ნორმატიულ ვაკუუმს, რომელიც არსებობს «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონით დარეგულირებულ ზოგიერთ საკითხთან მიმართებაში, ამასთან, იმ სპეციფიკურ თავისებურებათა გათვალისწინებით, რომლებიც ორგანულადაა დაკავშირებული აღნიშნული კანონით მოწესრიგებულ სამართლებრივ ურთიერთობებთან. ამდენად, შრომის კანონთა კოდექსი აკონკრეტებს, განავრცობს და დამატებით ითვალისწინებს ისეთ ნორმებს, რომლებიც გამოიყენება «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის შესაბამის ნორმებთან ერთობლიობაში, ხოლო ხსენებული კანონით ამა თუ იმ საკითხის შესახებ ცალკეული დათქმის გაუთვალისწინებლობა, იურიდიულად, არ აფუძნებს აღნიშნული დათქმის ფაქტობრივ არარსებობას, თუ ასეთი დათქმა რეგლამენტირებულია საქართველოს შრომის კანონთა კოდექსით. უფრო მეტიც, ხსენებული დათქმის გამოუყენებლობა ჩაითვლება შესაბამისი სამართლებრივი ურთიერთობის არასრულყოფილ, არამართლზომიერ დარეგულირებად.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ზემოაღნიშნული უშუალოდ ეხება «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 127-ე მუხლსაც (იმჟამად მოქმედი რედაქცია), რომელიც ბრძანების ასლის ჩაბარების მომენტის დადგენას საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის (1973 წ.) შესაბამისი ნორმისაგან განსხვავებულად კი არ აწესრიგებდა, არამედ განსახილველი დავის წარმოშობის დროს საერთოდ არ განსაზღვრავდა ხსენებულ მომენტს, ხოლო აღნიშნულ მუხლს მე-21 პუნქტი, რომლის თანახმად, ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული სამართლებრივი აქტების გასაჩივრების ხანდაზმულობის ვადა აითვლება კანონმდებლობით დადგენილი წესით აქტის გაცნობიდან, დაემატა «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონში დამატებების შეტანის თაობაზე» 2005წ. 24 ივნისის კანონით.

საქართველოს ზოგადი ადმინსიტრაციული კოდექსის 58-ე მუხლის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, დაინტერესებული მხარისათვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ოფიციალური გაცნობა ნიშნავს მისთვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გადაცემას ან ფოსტის მეშვეობით გაგზავნას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება მხარისათვის გაცნობილად ჩაითვლება და სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის ათვლა უნდა მოხდეს მხარისათვის აღნიშნული ბრძანების პირადად ჩაბარების მომენტიდან ან ხსენებული ბრძანების პირადად ჩაბარებაზე უარის თქმის შესახებ შესაბამისი აქტის შედგენის მომენტიდან. ამასთან, აღნიშნული ფორმალური მოთხოვნის დაცვა აუცილებელია და მას, სამართლებრივად, ვერ შეცვლის შინაგანი რწმენა, რომ მხარისათვის უდავოდ ცნობილი იყო სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ.

ამდენად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველი შრომით-სამართლებრივი ურთიერთობის სრულყოფილი და მართლზომიერი ნორმატიული მოწესრიგებისათვის კომპლექსურად უნდა იქნეს გამოყენებული საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 127-ე მუხლი (იმჟამად მოქმედი რედაქცია) და შრომის კანონთა კოდექსის (1973 წ.) 204-ე მუხლის პირველი ნაწილი.

შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას, რომ მოცემულ შემთხვევაში შრომის კანონთა კოდექსის 204-ე მუხლის პირველი ნაწილის გამოყენება არასწორია, ვინაიდან «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 127-ე მუხლი ხანდაზმულობის ვადის ათვლისათვის ბრძანების ასლის ჩაბარების სავალდებულოობას არ ითვალისწინებს, ანუ, აღნიშნულ საკითხს «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონი შრომის კანონთა კოდექსის მითითებული ნორმისაგან განსხვავებულად აწესრიგებს და გადამწყვეტ მნიშვნელობას იმ გარემოებას ანიჭებს, მოსარჩელისათვის სადავო ბრძანების შესახებ როდის გახდა ცნობილი. ამდენად, უსაფუძვლოა სააპელაციო სასამართლოს მიერ სარჩელის ხანდაზმულობის მოტივზე მითითებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ მისი სარჩელი არ არის ხანდაზმული და სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის (1973 წ.) 204-ე მუხლის პირველი ნაწილი, რის გამოც საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება მიიღო. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემული საქმის მასალებით არ დასტურდება შ. მ-თვის სამუშაოდან გათავისუფლების შესასებ ბრძანების პირადად ჩაბარების, ფოსტის მეშვეობით გაგზავნის ან მის ჩაბარებაზე უარის თქმის შესახებ შესაბამისი აქტის შედგენის ფაქტი, თუმცა აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ მოსარჩელის მითითებით, მან სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ამონაწერი ოფიციალურად 2004წ. 30 სექტემბერს მიიღო.

მართალია, მოცემულ საქმეში წარმოდგენილია ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის რეგიონალური საბაჟო «დასავლეთის» საორგანიზაციო განყოფილების ოქმი იმის თაობაზე, რომ სამუშაოდან გათავისუფლებულ საჯარო მოხელეთა უმრავლესობა შეგნებულად არ ცხადდებოდა საორგანიზაციო განყოფილებაში და უარს აცხადებდა გათავისუფლების შესახებ ბრძანების ხელმოწერით გაცნობაზე, მაგრამ საკასაციო სასამართლო თვლის, რომ აღნიშნული ოქმი ვერ ჩაითვლება შ. მ-ის მიერ გათავისუფლების შესახებ ბრძანების ხელმოწერით გაცნობაზე უარის თქმის დამადასტურებელ მტკიცებულებად, ვინაიდან ჯერ ერთი, დასახელებულ ოქმში პერსონალურად არ არის მოხსენიებული იგი და მასში მხოლოდ ზოგადად არის მითითებული საჯარო მოხელეთა უმრავლესობაზე და მეორეც, ასეთი ოქმში ან აქტში მითითებული უნდა იყოს უარის თქმის კონკრეტული თარიღი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხემ დაარღვია საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის (1973 წ.) 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმად, დაუშვებელი იყო შვებულების ან დროებითი შრომისუუნარობის დროს მუშაკის სამსახურიდან დათხოვნა, გარდა ამ მუხლის «დ» ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა (სამუშაოზე გამოუცხადებლობა დროებითი შრომისუუნარობის გამო ზედიზედ ოთხ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში). საქმეში წარმოდგენილი შესაბამისი მტკიცებულებებით უდავოდ დასტურდება სამსახურიდან გათავისუფლების დროისათვის მოსარჩელის დროებითი შრომისუუნარობის ფაქტი.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ შ. მ-ის სამუშაოდან დათხოვნის დროს ადმინისტრაციის მიერ დაცული არ ყოფილა «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის (სადავო ბრძანების გამოცემის დროს მოქმედი რედაქცია) 97-ე მუხლის მე-2 პუნქტის იმპერატიული მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც, მოხელე არ შეიძლებოდა გაეთავისუფლებინათ სამსახურიდან, თუ იგი თანახმა იყო, დანიშნულიყო სხვა თანამდებობაზე. მოცემული საქმის მასალებით უდავოდ დადგენილია, რომ მოსარჩელისათვის სამსახურიდან გათავისუფლებამდე არ შეუთავაზებიათ სხვა თანამდებობა. «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 96-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დაწესებულების რეორგანიზაცია არ ქმნის საფუძველს მოხელის გასათავისუფლებლად. იმ შემთხვევაში, როდესაც დაწესებულების რეორგანიზაციას თან სდევს შტატების შემცირება, მოხელე შეიძლება გათავისუფლდეს სამსახურიდან «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 97-ე მუხლის საფუძველზე. აღნიშნული მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად (2006წ. 1 იანვრამდე მოქმედი რედაქცია), რომელიც იმპერატიულ დანაწესს წარმოადგენდა, არ დაიშვებოდა მოხელის სამსახურიდან გათავისუფლება, თუ იგი სხვა თანამდებობაზე დანიშვნაზე თანხმობას განაცხადებდა. ამასთან, ის გარემოება, რომ რეორგანიზაციას თან შტატების შემცირებაც ახლდა, ადმინისტრაციას მოხელისათვის აღნიშნული კანონის 97-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სხვა თანამდებობის შეთავაზების ვალდებულებისაგან არ ათავისუფლებდა. ამრიგად, დაწესებულების რეორგანიზაცია, რომელსაც თან შტატების შემცირება სდევდა, მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველს მხოლოდ იმ შემთხვევაში იძლეოდა, თუ მოხელე სხვა შეთავაზებულ თანამდებობაზე თავად იტყოდა უარს. შესაბამისად, სამსახურიდან შ. მ-ის გათავისუფლებისას მოპასუხის მიერ ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ნორმების მოთხოვნების დაუცველობა გასაჩივრებული ბრძანების ბათილად ცნობის საფუძველია.

საკასაციო სასამართლო ასევე განმარტავს, რომ, მართალია, 2005წ. 23 დეკემბრის კანონით «საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 97-ე მუხლის მე-2 პუნქტი (სხვა თანამდებობის შეთავაზების ვალდებულება) გაუქმდა, მაგრამ აღნიშნული მოცემულ სამართალურთიერთობაზე ვერ გავრცელდება, ვინაიდან სადავო ურთიერთობები წარმოიშვა 2005წ. 23 დეკემბრის კანონის ძალაში შესვლამდე, ანუ 2006წ. 1 იანვრამდე. «ნორმატიული აქტების შესახებ» კანონის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ნორმატიულ აქტს უკუძალა აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის დადგენილი ამ ნორმატიული აქტით. ასეთ მითითებას 2005წ. 23 დეკემბრის კანონი არ შეიცავს. ამასთან, არ დაიშვება კანონისთვის უკუძალის მინიჭება, თუ იგი ზიანის მომტანია ან აუარესებს პირის მდგომარეობას.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სადავო ბრძანების კანონიერება ბრძანების გამოცემის დროს მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე უნდა დადგინდეს. ამასთან, მოცემული საკითხის სირთულე გამომდინარეობს იმ ფაქტობრივი მდგომარეობიდან, რომ მოსარჩელის მიერ დაკავებული საშტატო ერთეული (წინანდელი თანამდებობა) ამჟამად აღარ არსებობს, რაც დასტურდება მოცემული საქმის მასალებით, კერძოდ, ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის რეგიონალური საბაჟო «დასავლეთის» საშტატო ნუსხით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წინანდელი თანამდებობის არარსებობის გამო, მოსარჩელის შრომითი მოწყობის საკითხი თვით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტმა უნდა გადაწყვიტოს, რადგან აღნიშნული საკითხის განხილვა-გადაწყვეტა მის დისკრეციულ უფლებამოსილებას წარმოადგენს. შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტმა უნდა გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შ. მ-ის შრომითი მოწყობის თაობაზე, რომლის გამოცემის დროს მან უნდა გამოარკვიოს, რა საშტატო ერთეულებია გათვალისწინებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის სისტემაში რეორგანიზაციის შედეგად და ხომ არ არის სხვა სამსახური, რომელზეც თანხმობას განაცხადებს მოსარჩელე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ შ. მ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მისი სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტს დაევალოს, საკასაციო სასამართლოს მოცემული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შ. მ-ის შრომითი მოწყობის თაობაზე.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. შ. მ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006წ. 14 თებერვლის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. შ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტს დაევალოს, საკასაციო სასამართლოს მოცემული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შ. მ-ის შრომითი მოწყობის თაობაზე;

4. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.