Facebook Twitter

¹ 3კ/1094-01 7 დეკემბერი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. წიქვაძე (თავმჯდომარე),

რ. ნადირიანი,მ. გოგიშვილი

სარჩელის საგანი: ფულადი ვალდებულება.

აღწერილობითი ნაწილი:

2000 წლის 6 იანვარს მხარეებს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მოსარჩელემ მოპასუხეს ასესხა 4500 აშშ დოლარი 6 თვის ვადით, ყოველთვიურად 12%-ის დარიცხვით. სესხის უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დაიტთირვა მოპასუხის ბინა მდებარე ... თბილისში. მოპასუხემ დადგენილ ვადაში არ გადაიხადა ვალი და დარიცხული პროცენტი, რის გამოც მოსარჩელემ სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხის მიმართ და მოითხოვა ძირითადი ვალის და დარიცხული პროცენტის – 12600 აშშ დოლარის და ვალდებულების შეუსრულებლობით მიყენებული ზიანის – 3840 ლარის გადახდევინება, იპოთეკით დატვირთული ბინის რეალიზაცია.

მოპასუხემ შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა სესხის ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა იმ საფუძვლით, რომ სკ-ის 625-ე მუხლის თანახმად პროცენტის შესახებ შეთანხმება ბათილია, თუ პროცენტის განაკვეთი ბანკთაშორის საკრედიტო აუქციონის მიერ დადგენილ ზღვრულ ოდენობასთან არ არის შესაბამისობაში. მოპასუხემ თანხმობა განაცხადა გადაეხადა ყოველთვიურად 3%.

ქ.თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 12500 აშშ დოლარის გადახდა, ხოლო მიყენებული ზიანის _ 3840 ლარის ნაწილში მოსარჩელეს უარი ეთქვა. მოსარჩელეს უარი ეთქვა ასევე მოპასუხის ბინის რეალიზაციის ნაწილში იმ საფუძვლით, რომ მხარეთა შეთანხმებით გაუქმებული იყო იპოთეკის ხელშეკრულება.

სასამართლოს მოსაზრებით სესხის ხელშეკრულების გაფორმების პერიოდში, 2000 წლის 4 იანვრიდან 11 იანვრამდე, ეროვნული ბანკისა და ბანკთაშორისი აუქციონით დადგენილი პროცენტის ზღვრული ოდენობა შეადგენდა 2.7%-ს, რის გამოც სასამართლომ პროცენტის შესახებ მხარეთა შეთანხმების ბათილად ცნობის შესახებ მოპასუხეს შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი უთხრა.

ეს გადაწყვეტილება სააპელაციო წესი გაასაჩივრა მოპასუხემ.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ ეროვნული ბანკისა და ბანკთაშორისი აუქციონით დადგენილი პროცენტის ზღვრული ოდენობა შეადგენდა ყოველთვიურად 2.25%-ს, ამასთან მოპასუხე თანახმა იყო გადაეხადა 3%. სასამართლომ მიუთითა, რომ ძირითადი თანხის – 4500 აშშ დოლარის 3% შეადგენს თვეში 135 აშშ დოლარს, 15 თვის პროცენტი კი – 2025 აშშ დოლარს, ძირითად თანხასთან ერთად სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხეს უნდა გადახდეს 6525 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი. ამდენად, სააპელაციო პალატამ 2001 წლის 19 სექტემბრის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ გააუქმა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით ზ. ვ-ენის სარჩელი დააკმაყოფილა ნაწილობრივ, მოპასუხეს დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ 6525 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი. დანარჩენ ნაწილში მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე. დაკმაყოფილდა მოპასუხის შეგებებული სარჩელი. ბათილად იქნა ცნობილი მხარეებს შორის დადებული სესხის ხელშეკრულება ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთის 12%-ის ნაწილში და იგი განისაზღვრა 3%-ით. დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

კასატორი მიუთითებს, რომ რაიონულმა სასამართლომ გაუქმებულად ჩათვალა იპოთეკის ხელშეკრულება და არ დააკმაყოფილა მისი მოთხოვნა მოპასუხის ბინის რეალიზაციის ნაწილში, რითაც უხეშად დაარღვია კანონი. რაიონულმა სასამართლომ ასევე დაუსაბუთებლად უარი უთხრა მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე. ვინაიდან მხარეებს შორის არსებობდა შეთანხმება სესხისათვის თვეში 12%-ის დარიცხვის თაობაზე და მოპასუხემ ორი თვის პროცენტი ნებაყოფლობით გადაიხადა, კასატორის აზრით სააპელაციო სასამართლოში ეს საკითხი სადავო არ უნდა გამხდარიყო. სააპელაციო სასამართლომ ასევე არასწორად გადაიანგარიშა თანხა, მოპასუხეს დააკისრა 15 თვის პროცენტი, როცა იგი მოითხოვდა პროცენტის გადაანგარიშებას ვალის გადახდამდე. აღნიშნული საფუძვლებით კასატორი მოითხოვს სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების გაუქმებას და მისი სასარჩელო მოთხოვნების მთლიანად დაკმაყოფილებას.

საამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა განმარტებები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ საქმის გარემოებები საოლქო სასამართლოს პალატის მიერ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშეა დადგენილი და საჭირო არ არის მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა. დადგენილია, რომ დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილებით ზ. ვ-ენის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. კერძოდ, ზ. ვ-ენის სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა მოპასუხის ბინის რეალიზაციის და ზიანის ანაზღაურების ნაწილში. ეს გადაწყვეტილება მითითებულ ნაწილში არ გაუსაჩივრებია არცერთ მხარეს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264-ე მუხლის I ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გამოცხადებისთანავე შედის კანონიერ ძალაში სააპელაციო წესით გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ, როდესაც დასაშვებია გადაწყვეტილების სააპელაციო გასაჩივრება, თუ იგი არ იყო ამ წესით გასაჩივრებული. ვინაიდან მოცემულ საქმეზე რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელზე უარის თქმის ნაწილში არ გასაჩივრებულა სააპელაციო წესით და გადაწყვეტილება მითითებულ ნაწილში შესულია კანონიერ ძალაში, საკასაციო სასამართლო ვერ იმსჯელებს კასატორის მიერ მითითებულ დარღვევებზე, რადგან კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გადასინჯვა დაუშვებელია.

პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სასამართლომ არასწორად ცნო ბათილად მხარეთა შეთანხმება 12 პროცენტის შესახებ. დადგენილია, რომ მხარეებმა სესხისათვის გაითვალისწინეს თვეში 12%, რაც გონივრულ შესაბამისობაში არ იყო ეროვნული ბანკის ან ბანკთაშორისი საკრედიტო აუქციონის მიერ დადგენილ ზღვრულ ოდენობასთან. ამ წესის დარღვევით პროცენტის შესახებ დადებული შეთანხმება, სკ-ის 625-ე მუხლის თანახმად ბათილია. აღნიშნულიდან გამომდინარე პალატა თვლის, რომ სააპელაციო პალატამ მართებულად გამოიყენა სკ-ის 625-ე მუხლი და ბათილად ცნო მხარეთა შეთანხმება 12%-ის შესახებ და ფულადი ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი განსაზღვრა 3%-ით, რაც შეადგენს თვეში 135 აშშ დოლარს.

პალატა ეთანხმება კასატორის მოსაზრებას იმ ნაწილში, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად გადაიანგარიშა მოპასუხისათვის დაკისრებული თანხა. დადგენილია, რომ მხარეთა შორის სესხის ხელშეკრულება დაიდო 2000 წლის 6 იანვარს. მოპასუხეს გადახდილი აქვს ორი თვის პროცენტი. 2000 წლის მარტიდან სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე გასულია 18 თვე. დადგენილია, რომ მოსარჩელე მოითხოვდა პროცენტის დაკისრებას ვალის გადახდამდე. პალატას მიაჩნია სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება 6525 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში უნდა გაუქმდეს და ამ ნაწილში მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება. დადგენილია, რომ ძირითადი ვალის – 4500 აშშ დოლარის 3% შედგენს თვეში 135 აშშ დოლარს. სააპელაციო სასამართლომ მოპასუხეს დააკისრა 15 თვის პროცენტი ნაცვლად 18 თვისა. გარდა ამისა, მოპასუხეს პროცენტი უნდა გადახდეს საკასაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე პერიოდისათვის, რაც საბოლოოდ შეადგენს 7335 აშშ დოლარს. პალატას მიაჩნია, რომ მოპასუხეს ასევე უნდა გადახდეს ყოველთვიურად ძირითადი ვალის 3%, ვალის სრულ დაფარვამდე.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

ზ. ვ-ენის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

გაუქმდეს ამ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001 წლის 19 სექტემბრის გადაწყვეტილება 6525 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება.

ნ. გ-ძეს ზ. ვ-ენის სასარგებლოდ დაეკისროს 7335 აშშ დოლარის გადახდა, ხოლო 2001 წლის 7 დეკემბრიდან ყოველთვიურად გადახდეს ძირითადი ვალის 3%, ვალის სრულ დაფარვამდე.

დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი.

გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.