Facebook Twitter

საქმე N 330100123007095079

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №683აპ-25 ქ. თბილისი

ი–ი ვ., 683აპ-25 24 ოქტომბერი, 2025 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

ლევან თევზაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 11 ივნისის განაჩენზე თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილე, დავით ხვედელიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ვ. ი–ს ბრალად ედება: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით; სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგით:

ü 2023 წლის 18 თებერვალს, დაახლოებით 20:00 საათზე, ქ. თ–ში, გ–ს მე-.. მ/რ-ის, №.. კორპუსის ბინა №..-ში, ასევე, ამავე კორპუსის სადარბაზოში, ვ. ი–მა იძალადა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი – ნ. უ–ის მიმართ, კერძოდ, ხელი დაარტყა სახის არეში, ასევე, შუბლის არეში, რის შედეგადაც, ის დაეცა. აღნიშნულის შემდეგ, დაცემულს ფეხი დაარტყა ფეხში. ზემოაღნიშნული ფიზიკური ძალადობის შედეგად, ნ. უ–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

ü 2023 წლის 18 თებერვალს, დაახლოებით 20:00 საათზე, ქ. თ–ში, გ–ს მე-.. მ/რ-ის, №.. კორპუსის სადარბაზოში, ვ. ი–ი, ურთიერთშელაპარაკებისას, სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, ბენზინით დაწვით დაემუქრა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ნ. უ–ს, რაც მან აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 24 მარტის განაჩენით ვ. ი–ი, – დაბადებულის 1981 წელს, – ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

ვ. ი–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) თვის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ვ. ი–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 11 აპრილის განაჩენით დანიშნული და პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით მოხდილი სასჯელი (2023 წლის 11 აპრილიდან – 2023 წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდი), მასვე, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი 2023 წლის 19 თებერვლიდან – 2023 წლის 2 აგვისტოს ჩათვლით.

ვ. ი–ს, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი ჩაეთვალა მოხდილად.

გაუქმდა ვ. ი–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 24 მარტის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ანა კაპანაძემ. სახელმწიფო ბრალმდებელმა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, ვ. ი–ის დამნაშავედ ცნობა მისთვის ბრალად წარდგენილი ყველა დანაშაულებრივი ქმედების ჩადენისათვის და მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 11 ივნისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 24 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 11 ივნისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილემ, დავით ხვედელიძემ. კასატორი საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ, ვ. ი–ის დამნაშავედ ცნობას მისთვის ბრალად წარდგენილი ყველა დანაშაულებრივი ქმედების ჩადენისათვის და უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრას, შემდეგ გარემოებათა გამო: გასაჩივრებული განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია გამამართლებელ ნაწილში, ვინაიდან სასამართლოში წარდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს ვ. ი–ის მიერ მუქარის ჩადენის ფაქტსაც; ამასთან, მსჯავრდებულისათვის შეფარდებული სასჯელიც ზედმეტად ლმობიერია, რის გამოც, ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილე, დავით ხვედელიძის მოსაზრებას, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განაჩენი დაუსაბუთებელი, უკანონოა და არ გამომდინარეობს სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებიდან, ვ. ი–ის მიმართ წარდგენილი ბრალდების გამამართლებელ ეპიზოდში. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების შეფასებას, რომ მუქარის ეპიზოდში ბრალდების მხარეს არ აქვს წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა საკმარისი ერთობლიობა, რომელიც, გონივრულ ეჭვს მიღმა, დაადასტურებდა, რომ ვ. ი–მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული, კერძოდ:

9. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტებით კრიმინალიზებულია სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ. ქმედების საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით დაკვალიფიცირებისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება, დაზარალებულმა რეალურად აღიქვა თუ არა მუქარა. შიშის განცდა სუბიექტური აღქმაა, თუმცა, შესაძლებელია, იგი დასტურდებოდეს სხვა ობიექტური გარემოებებით, ასევე – მოწმეთა ჩვენებებითაც, რომლებიც მკაფიოდ მიუთითებენ დაზარალებულის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე. მუქარის შემადგენლობის ერთ-ერთი მთავარი ელემენტი – საფუძვლიანი შიშის გაჩენა – მნიშვნელოვანწილად თავად დაზარალებულის ჩვენებას ეყრდნობა. პირმა უნდა მიუთითოს, თუ როგორ აღიქვა მუქარის შინაარსი, გაუჩნდა თუ არა მისი აღსრულების საფუძვლიანი შიში. სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარა, ცალკე აღებული, ვერ გამოიწვევს პირის მსჯავრდებას, აღწერილი უკანონო ქმედებების მიმართ დაზარალებულის სუბიექტური დამოკიდებულების გამჟღავნების გარეშე. შიშის ფაქტორის შეფასებისას აუცილებელია არა მხოლოდ სუბიექტური, არამედ – ობიექტური კრიტერიუმების გათვალისწინებაც.

10. საკასაციო სასამართლო კვლავ იმეორებს, რომ საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად ყველა კატეგორიის საქმეზე, მათ შორის – ოჯახური დანაშაულის საქმეებზე, დადგენილია ერთი სტანდარტი – ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლიდანაც გამონაკლისი არ არის დასაშვები. საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებების გარეშე პირის მსჯავრდება დაუშვებელია და არსებითად ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, ასევე – ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებით დადგენილ სტანდარტებს.

11. ბრალდების მხარის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში საქმეში არსებული მტკიცებულებები, კერძოდ, დაზარალებულ ნ. უ–ის ჩვენება, შემთხვევის თვითმხილველი მოწმის – ფრიდონ ნასარიძის ჩვენება, დანაშაულის შესახებ შეტყობინება, მითითებული შეტყობინების აუდიოჩანაწერის დათვალიერების ოქმი და დაზარალებულის მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი სრულიად საკმარისია გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, განსხვავებით საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით – მუქარის ბრალდების ეპიზოდისა.

12. 2023 წლის 18 თებერვალს მუქარის ფაქტზე მიუთითებს მხოლოდ დაზარალებული, თუმცა სხვა რაიმე მტკიცებულება, რაც ამ ფაქტს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა, საქმის მასალებში არ მოიპოვება. დანაშაულის უშუალო თვითმხილველი პირი – ფ. ნ–ც არ ადასტურებს დამუქრების ფაქტს, რასაც ასევე უარყოფს მსჯავრდებულიც. დანაშაულის შესახებ შეტყობინებასა და მის აუდიოჩანაწერში მითითებულია მხოლოდ მეუღლის მხრიდან დაზარალებულზე ფიზიკური ძალადობის შესახებ და მასში არაფერია ნახსენები მუქარის თაობაზე. დაზარალებულის მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი და სხვა წერილობითი მტკიცებულებები შედგენილია ერთი და იმავე წყაროს – დაზარალებულის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, და, ამდენად, არ წარმოადგენს ცალკე, დამოუკიდებელ პირდაპირ მტკიცებულებას.

13. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების დასკვნას, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დასტურდება ვ. ი–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა.

14. რაც შეეხება მსჯავრდებულ ვ. ი–ისათვის შეფარდებულ სასჯელს, საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნისას გასათვალისწინებელი გარემოებები, ჩადენილი ქმედების ხასიათი და სიმძიმე, მსჯავრდებულის ინდივიდუალური მახასიათებლები, სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და საქართველოს სსკ-ის 39-ე, 53-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, მსჯავრდებულს კანონიერი და სამართლიანი სასჯელი მიუსაჯა. მოცემულ შემთხვევაში, მსჯავრდებულის მიმართ განსაზღვრული სასჯელი, საქართველოს სსკ-ის შესაბამისი მუხლის სანქციის ფარგლებშია და სრულად შეესაბამება ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და მსჯავრდებულის პიროვნულ მახასიათებლებს.

15. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

16. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილე, დავით ხვედელიძის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. თევზაძე

ლ. ფაფიაშვილი