საქმე N 330100124009517110
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№643აპ-25 ქ. თბილისი
მ. ა., 643აპ-25 7 ოქტომბერი, 2025 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
ლევან თევზაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 29 მაისის განაჩენზე მსჯავრდებულ ა. მ–სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ტ–ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 16 იანვრის განაჩენით ა. მ., – დაბადებული 19.. წლის 22 მარტს, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (2025 წლის 1 მაისამდე მოქმედი რედაქცია) 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მიესაჯა – 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-3 მუხლის 1-ელი პუნქტის საფუძველზე, შეუმცირდა ერთი მეოთხედით და განესაზღვრა – 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მასვე, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, შესაბამისი ვადით ჩამოერთვა ამავე კანონით გათვალისწინებული უფლებები.
2. სასამართლომ დაადგინა, რომ ა. მ–მ ჩაიდინა: ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, რაც გამოიხატა შემდეგით:
2.1. ა. მ–მ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, უკანონოდ
შეიძინა და უკანონოდვე ინახავდა – 8,292 გრამ ნარკოტიკულ საშუალება კოკაინს (ფუძე), რომელიც ამოუღეს მას 2024 წლის 7 მაისს, 13:50 საათიდან 14:21 საათამდე, ქ. თ–ში, ე–ს ქუჩის №..-ის მიმდებარედ ჩატარებული პირადი ჩხრეკის შედეგად.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 16 იანვრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ა. მ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ. ტ–ემ, რომელიც ითხოვდა გამამტყუნებელი განაჩენის ნაცვლად, გამამართლებელი განაჩენის დადგენას.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 29 მაისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 16 იანვრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 29 მაისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ა. მ–მ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ. ტ–ემ, რომლებიც ითხოვენ, გადაწყვეტილების შეცვლასა და ა. მ–ს უდანაშაულოდ ცნობას, ვინაიდან მიიჩნევენ, რომ მისი მსჯავრდება ეფუძნება პროკურორის დაუსაბუთებელ და უკანონო მოთხოვნას; მსჯავრდებულს დაკავებისას ნარკოტიკი თან არ ჰქონია, ხოლო ე.წ. „ბარსეტკა“, რომელშიც პოლიციელებმა „ჩაუდეს“ ნარკოტიკი, მას არ ეკუთვნოდა; მსჯავრდებულს თავს დაესხა 15-მდე პირი, რომლებსაც არ ეცვათ პოლიციელების ფორმები, ის კი, თავს იცავდა და ამ დროს მიიღო დაზიანებები; თარჯიმანი შეთხვევის ადგილზე მივიდა, დაახლოებით, 20-30 წუთის შემდეგ, გააცნო დადგენილება პირადი ჩხრეკის თაობაზე და დაესწრო ამ საგამოძიებო მოქმედებას; სადავო განაჩენით უგულებელყოფილია საკონსტუტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტი, ოპერატიული წყაროს ან ანონიმური პირის მიერ მიწოდებული ინფორმაციის მატარებელი სამართალდამცავის ჩვენებასთან მიმართებით და სამართალდამცავების მიერ ჩხრეკის სანდოობის დამადასტურებელი ნეიტრალური მტკიცებულების მოპოვებასთან დაკავშირებით; მოწმე ა. გ–ს ჩვენების მიხედვით, საგამოძიებო მოქმედებისას მიმდინარეობდა ვიდეოგადაღება, თუმცა, საქმეში რაიმე ვიდეოჩანაწერი არ წარმოდგენილა. შესაბამისად, ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკული საშაულების ა. მ–სადმი კუთვნილებასთან დაკავშირებული ეჭვები უნდა გადაწყდეს მსჯავრდებულის სასარგებლოდ; სასამართლოში დაკითხული, ობიექტური მოწმეები – ნ. მ–ე და ა. გ–ე – ადასტურებენ, რომ მსჯავრდებულის მტკიცებით, ე.წ. „ბარსეტკა“, რომლიდანაც ამოღებულია ნარკოტიკული საშუალება, მას არ ეკუთვნოდა. ამავდროულად, ნინო მიქაძის თქმით, ე.წ. „ბარსეტკა“ მსჯავრდებულისათვის არ მოუხსნიათ, არამედ, სავარაუდოდ, ეგდო მის ფეხებთან, ხოლო, ა. გ–ის ჩვენებით, იგი უშუალოდ ჩხრეკას არ დასწრებია და მხოლოდ მოგვიანებით ნახა ავტომანქანაზე დალაგებული ნივთები.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კასატორების მტკიცებას, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაში ნათლად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც, სარწმუნოდ დადგინდა, ა. მ–ს მიერ მისთვის ბრალადშერაცხილი ქმედების ჩადენა, რომლის საპირისპიროს მტკიცება არ გამომდინარეობს საქმეში წარმოდგენილ ურთიერთშეჯერებულ და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობისაგან, რომელზეც ამომწურავად იმსჯელა სააპელაციო სასამართლომ და რომელიც ქმნის უტყუარ და საკმარის საფუძველს გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. კერძოდ: 2024 წლის 7 მაისის პირადი ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ ქ. თ–ში, ... ქუჩის №..-ის მიმდებარედ ჩატარებული პირადი ჩხრეკის დროს, ა. მ–ს ხელთნაქონ ჩანთაში, მსჯავრდებულის პასპორტებთან, ბარათებთან, მობილურ ტელეფონებსა და სხვა პირად ნივთებთან ერთად, აღმოჩენილია სამი პოლიეთილენის პარკში შეფუთული, მოთეთრო მკვრივი ნატეხები და ფხვიერი ნივთიერება, ასევე – მოთეთრო მუყაოში მოთავსებული მოთეთრო მასა; საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ქიმიური ექსპერტიზის №......... დასკვნით დადასტურებულია, რომ ა. მ–ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნივთიერება, საერთო წონით – 13,71 გრამი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება კოკაინს (ფუძე), საერთო წონით – 8,292 გრამს; ხაზგასასმელია, რომ პირადი ჩხრეკის ოქმი თანხვდენილია და დასტურდება არა მარტო ჩხრეკის ჩამტარებელი პოლიციელების – დ. გ–ს, ლ. გ–ს, გ. შ–ს, ი. პ–სა და ნ. ბ–ს ჩვენებებით, არამედ – ნეიტრალური მოწმეების: თარჯიმნის – ნ. მ–სა და გარეშე პირის – ა. გ–ს მონათხრობით, რომელთა ჩვენებების სანდოობის საეჭვოდ მიჩნევის სარწმუნო საფუძველს ვერც დაცვის მხარე უთითებს და არც საქმის მასალებით გამოკვეთილა; აღსანიშნავია, რომ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2024 წლის 27 ივლისის ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის №......... დასკვნის მიხედვით, გენეტიკური კვლევისა და სტატისტიკური ანალიზის საფუძველზე დადგენილია, რომ ამოღებული ნარკოტიკული საშუალების შესაფუთ პოლიეთილენის პარკებსა და მუყაოზე აღმოჩენილია ა. მ–ს ბიოლოგიური მასალა. სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა – ია ედიბერიძემ კი დაადასტურა მის მიერ გაცემული ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის დასკვნის კატეგორიულობა და გამორიცხა რაიმე შეცდომის შესაძლებლობა. შესაბამისად, ა. მ–ს მტკიცებას, თითქოსდა მას არანაირი კავშირი არ ჰქონდა ამოღებულ ჩანთასა და მასში მოთავსებულ ნარკოტიკულ საშუალებებთან, – არ აქვს ფაქტობრივი გამართლება; ამავდროულად, ყურადსაღებია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ნარკოლოგიური შემოწმების №....... დასკვნით, ა. მ–ს დაკავების შემდეგ ჩატარებული პირადი შემოწმების შედეგად, დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალებების: ალფა-პვპ-სა და კოკაინის მოხმარების ფაქტი.
9. დაცვის მხარის მიერ საკასაციო საჩივარში მითითებულ ერთ-ერთ საკვანძო არგუმენტთან დაკავშირებით, რომელიც შეეხება ჩხრეკის ამსახველი ნეიტრალური მტკიცებულების – ვიდეოჩანაწერის – არარსებობას, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით: ზოგადად, პირის მფლობელობაში ნივთის აღმოჩენა ქმნის იმის პრეზუმფციას, რომ ეს ნივთი მას ეკუთვნოდა და ეს ჰიპოთეზა შეუსაბამო არ არის მტკიცების ტვირთთან და In dubio pro reo-ს პრინციპთან. თუმცა ამ პრეზუმფციის ნეიტრალური მტკიცებულებებით გამყარება კრიტიკულად მნიშვნელოვანია, როდესაც აღმოსაჩენი ნივთი შეიძლება პირის ბრალდების მთავარი საფუძველი იყოს (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის №2/2/1276 გადაწყვეტილება საქმეზე „გიორგი ქებურის საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-104). ამავდროულად, საკონსტიტუციო სასამართლომ ცხადადა მიუთითა, რომ ბუნებრივია, საგამოძიებო მოქმედების კომპლექსურობის გათვალისწინებით, ყველა შემთხვევაში, ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარე, შესაძლებელია, ვერ მოხდეს ჩხრეკის ფაქტის ნეიტრალური მტკიცებულებით გამყარება, თუმცა უნდა დადასტურდეს, რომ უფლებამოსილმა პირმა მიიღო გონივრული ზომები იმისთვის, რომ უზრუნველყო ნეიტრალური მტკიცებულების მოპოვება. ამის აშკარა მაგალითია, როდესაც საქმის შესწავლის შედეგად ირკვევა, რომ პირის ან მისი მფლობელობის ჩხრეკის პროცესზე ნეიტრალური მოწმის დასწრების შესაძლებლობა ობიექტურად არსებობდა და პოლიციელებმა ეს არ უზრუნველყვეს. უფრო მეტიც, თანამედროვე ტექნოლოგიური პროგრესი იძლევა შესაძლებლობას, რომ ჩხრეკის პროცესის ვიდეოგადაღებაც განხორციელდეს იმისათვის, რომ გამყარდეს ბრალდების პოზიცია. მტკიცებულების სანდოობისადმი მნიშვნელოვან ეჭვს ასევე აჩენს გარემოება, როდესაც პოლიციელთა უსაფრთხოების დაცვის პირობებში, არსებობდა ჩხრეკის ვიდეო გადაღების რეალური შესაძლებლობა და პოლიციელმა ის არ გამოიყენა. შესაბამისად, განსახილველი საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ ფაქტს, რომ როგორც ა. მ–ს დაკავების ოქმით, ასევე პოლიციელებისა და ნეიტრალური მოწმეების ჩვენებებით, ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულია, რომ მსჯავრდებული არაადეკვატურად იქცეოდა, სამართალდამცავებს გაუწია ფიზიკური წინააღმდეგობა და სცადა გაქცევა, შესაბამისად, პოლიციელების ჩვენებები, რომ მათ ფიზიკურად არ ჰქონდათ ვიდეოგადაღების შესაძლებლობა, სარწმუნო და დამაჯერებელია. ამავდროულად, ხაზგასასმელია, რომ სამართალდამცავებმა სადავო საგამოძიებო მოქმედებაზე დასასწრებად მოიწვიეს გარეშე პირი – ა. გ–ე – რომელიც ქ. თ–ში, ....ის ქუჩის №..-ის მიმდებარედ ფლობდა კაფეს, რომლის მახლობლად ჩხრეკდნენ სწორედ, გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, ა. მ–ს. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, ერთი მხრივ, სამართალდამცავებს, შემთხვევის ადგილზე შექმნილი „ფორს მჟორის“ გამო, ობიექტურად არ ჰქონდათ შესაძლებლობა გადაეღოთ ალეკსანდრ მიშცენკოს პირადი ჩხრეკა, რამეთუ მსჯავრდებული უწევდათ ფიზიკურ წინააღმდეგობას და მის მიმართ დაუყოვნებლივ ხორციელდებოდა დევნა მისი დაკავების მიზნით, ხოლო, მეორე მხრივ, საქმეში წარმოდგენილია ნეიტრალური მოწმეების – ა. გ–სა და ნ. მ–ს – ჩვენებები, რომელთა სანდოობაში დაეჭვების გონივრული საფუძველი, განსახილველ შემთხვევაში, არ გამოკვეთილა.
10. აქვე აღსანიშნავია, რომ კასატორის საკვანძო არგუმენტებს, რომლებიც დიდწილად გამეორებულია საკასაციო საჩივარშიც, ამომწურავი და დასაბუთებული პასუხები გასცა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში. საყურადღებოა, რომ ზემდგომი ინსტანციის სასამართლოებს შეუძლიათ, დაეთანხმონ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001; Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). თუ საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, ძალიან მცირე დასაბუთებაც საკმარისია კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: Kuparadze v Georgia, no. 30743/09, §76, ECtHR, 21/09/2017; Marini v. Albania, no. 3738/02, §106, ECtHR, 18/12/2007).
11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ა. მ–სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ტ–ის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: ლ. თევზაძე
ლ. ფაფიაშვილი