საქმე N 010100124008967168
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №669აპ-25 ქ. თბილისი
მ. ფ., 669აპ-25 24 ოქტომბერი, 2025 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
ლევან თევზაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 21 მარტის განაჩენზე მსჯავრდებულ თ. მ–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. დ–ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 30 ივლისის განაჩენით თ. მ–ი, – დაბადებული 19.. წელს, – ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით – ჯარიმა 12 000 (თორმეტი ათასი) ლარი, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (2024 წლის 1 მარტის 19:30 სთ ეპიზოდი) – ჯარიმა 12 000 (თორმეტი ათასი) ლარი, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (2024 წლის 1 მარტის 04:00 სთ ეპიზოდი) – ჯარიმა 12 000 (თორმეტი ათასი) ლარი, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, თანაბარი სასჯელების დანიშვნისას, ერთმა თანაბარი ზომის სასჯელმა შთანთქა სხვა თანაბარი ზომის სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, თ. მ–ს, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა – 12.000 (თორმეტი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით (2024 წლის 1 მარტიდან - 2024 წლის 30 ივლისის ჩათვლით) დანიშნული სასჯელი შეუმცირდა 6 000 (ექვსი ათასი) ლარით და თ. მ–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 6000 (ექვსი ათასი) ლარი, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილების საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა, შთანთქა 2024 წლის 7 ივნისის მცხეთის რაიონული სასამართლოს (1-531/23) და ამავე სასამართლოს 2024 წლის 7 ივნისის (1-154/23) განაჩენებით განსაზღვრული სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, თ. მ–ს, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 6 000 (ექვსი ათასი) ლარი, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
გაუქმდა თ. მ–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა პენიტენციური დაწესებულებიდან.
2. აღნიშნული განაჩენით სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ თ. მ–მა ჩაიდინა: სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში; ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (ორი ეპიზოდი). ზემოაღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგით:
ü 2024 წლის 1 მარტს, დაახლოებით 19:30 საათზე, ბ–ში, ......... ქუჩის N..-ში მდებარე ჰოსტელ ,,კ–ში’’ თ. მ–ი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ს. ა–ს, რომელსაც გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
ü 2024 წლის 1 მარტს, დაახლოებით 19:30 საათზე, ბ–ში, ......... ქუჩის N..-ში მდებარე ჰოსტელ ,,კ–ში’’ თ. მ–მა ხელის თავის არეში დარტყმით იძალადა ს. ა–ზე, რის შედეგადაც, დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ü 2024 წლის 1 მარტს, დაახლოებით 04:00 საათზე, ბ–ში, ......... ქუჩის N..-ში მდებარე ჰოსტელ ,,კ–ში’’ თ. მ–მა ხელის ყელის არეში დარტყმით იძალადა ფ. ე–ნზე, რის შედეგადაც, დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ თ. მ–ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ. დ–ემ. დაცვის მხარე სააპელაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და, მის ნაცვლად, გამამართლებელი განაჩენის გამოტანას.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 21 მარტის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 30 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 21 მარტის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ თ. მ–ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ. დ–ემ. დაცვის მხარე საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და, მის ნაცვლად, გამამართლებელი განაჩენის გამოტანას.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულ თ. მ–ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანის თაობაზე, ვინაიდან მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატამ სამართლებრივად სწორად და ობიექტურად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები.
9. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ მსჯავრდებულმა თ. მ–მა საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე თავი დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებებში და დაეთანხმა საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. არსებითი განხილვის სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულება, მოწმეების – მ. კ–სა და რ. კ–ს ჩვენებების გარდა, სადავო არაა და სრულად დაეთანხმნენ აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს. შესაბამისად, მ. კ–ს და რ. კ–ს ჩვენებების გარდა, დანარჩენი მტკიცებულებები სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა გამოკვლევის გარეშე, როგორც პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები.
10. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ თ. მ–ის მიერ მისთვის ინკრიმინირებული ქმედებების ჩადენა გარდა მისი აღიარებისა, ასევე უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, დადგენილია პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებების ერთობლიობით, კერძოდ:
11. დაზარალებულთა ს. ა–ისა და ფ. ე–ს გამოკითხვის ოქმებით. ს. ა–ის გამოკითხვის ოქმით დადგენილია, რომ 2024 წლის 1 მარტს, თ. მ–მა ხელის თავის არეში ძლიერად დარტყმით, იძალადა ს. ა–ზე, რის შედეგადაც, დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. ამავე დროს, თ. მ–ი ს. ა–ის სიცოცხლის მოსპობითაც დაემუქრა, რის გამოც, დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
12. ფ. ე–ნის გამოკითხვის ოქმით დადასტურებულია ისიც, რომ 2024 წლის 1 მარტს, თ. მ–მა ხელის ყელის არეში დარტყმით ასევე ფიზიკურად იძალადა ფ. ე–ზე, რის შედეგადაც, მანაც განიცადა ფიზიკური ტკივილი.
13. ამდენად, დაზარალებულების – ს. ა–ისა და ფ. ე–ს გამოკითხვის ოქმებით დადასტურებულია, როგორც თ. მ–ის მხრიდან დაზარალებულებზე ფიზიკური ძალადობის შედეგად, მათ მიერ ტკივილის, ისე – ს. ა–ის მიერ მსჯავრდებულის მუქარის შედეგად, მისი განხორციელების საფუძვლიანი შიშის განცდის ფაქტები, რაც შესაბამისად – საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების შემადგენლობის სავალდებულო ელემენტებია.
14. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ დაზარალებულთა ჩვენებები სრულად შეესაბამება და გამყარებულია საქმეზე წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით, მათ შორის, პოლიციის მუშაკების, მოწმეთა – მ. კ–სა და რ. კ–ს ჩვენებებით, დანაშაულის შესახებ შეტყობინებების ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით. ამდენად, თ. მ–ის ბრალეულობა მის მიმართ მსჯავრად შერაცხილ ქმედებებში, დადასტურებულია გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით.
15. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
16. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ თ. მ–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. დ–ის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: ლ. თევზაძე
ლ. ფაფიაშვილი