Facebook Twitter

საქმე N 330100123007197368

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №670აპ-25 ქ. თბილისი

ნ. გ., 670აპ-25 24 ოქტომბერი, 2025 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

ლევან თევზაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 3 ივნისის განაჩენზე მსჯავრდებულების – ბ. ნ–ისა და გ. ნ–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ნ–ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებების მიხედვით:

1.1. გ. ნ–ემ ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგით:

2021 წლის 1 აგვისტოს, ქ. თ–ში, ბ–ს ქუჩის №.., ბინა №..-ში, გ. ნ–ემ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ფიზიკურად იძალადა ა. კ–ეზე, კერძოდ, თმაში მოქაჩა, მეორე ხელი მოჰკიდა ყელში, უკბინა მარცხენა ლოყის არეში და ხელი გაარტყა სახეში, რის შედეგადაც, დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

1.2. ბ. ნ–ემ ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც გამოიხატა შემდეგით:

2023 წლის 3 მარტს, საღამოს საათებში, ბ. ნ–ე მობილურ ტელეფონზე კომუნიკაციისას, ქ. თ–ში, ბ–ს ქუჩის №..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფ – მ. გ–ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, აგრესიული ტონით უთხრა, რომ გადაბუგავდა მთელ მის ოჯახს. მ. გ–მა მუქარა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 14 მარტის განაჩენით:

2.1. გ. ნ–ე, – დაბადებული 19.. წელს, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა – 2000 (ორი ათასი) ლარი.

გაუქმდა გ. ნ–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – გირაო.

განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში გირაოს თანხა უნდა დაუბრუნდეს მის შემტან პირს.

2.2. ბ. ნ–ე, – დაბადებული 19.. წელს, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა – 2000 (ორი ათასი) ლარი.

გაუქმდა ბ. ნ–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – გირაო და განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში გირაოს თანხა, უნდა დაუბრუნდეს მის შემტან პირს.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 14 მარტის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს დაცვისა და ბრალდების მხარეებმა.

ü მსჯავრდებულების – გ. ნ–ისა და ბ. ნ–ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. ნ–მა მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და ორივე მსჯავრდებულის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.

ü ბრალდების მხარემ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, მსჯავრდებულების მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 3 ივნისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის, 2025 წლის 14 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 3 ივნისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულების – ბ. ნ–ისა და გ. ნ–ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. ნ–მა. ადვოკატი საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებასა და ორივე მსჯავრდებულის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას, შემდეგი ძირითადი არგუმენტებით: გასაჩივრებული განაჩენი უკანონოა, ვინაიდან სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ არ არსებობს ურთიერთშეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად; დაზარალებულ ა. კ–ის ჩვენება არ არის სანდო და დამაჯერებელი. ა. კ–ეს მხოლოდ წლინახევრის შემდეგ გაახსენდა გ. ნ–ის მხრიდან, ვითომდა, ფიზიკური ძალადობის ფაქტი, რაც მისი ჩვენების გარდა, არ არის გამყარებული სხვა რაიმე მტკიცებულებით; მუქარის ეპიზოდშიც განაჩენი ემყარება მხოლოდ გ. ნ–ეზე განაწყენებული, მიკერძოებული, დაინტერესებული დაზარალებულების ჩვენებებსა და კონტექსტიდან ამოგლეჯილ ფარულ აუდიოჩანაწერს, რაც არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობად.

6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ დაცვის მხარემ თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენის გაუქმების მოთხოვნით, სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართა იმავე (იდენტურ) არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული. სააპელაციო სასამართლოს განაჩენში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც განაპირობა გ. ნ–ისა და ბ. ნ–ის მსჯავრდება მათ მიმართ წარდგენილ ბრალდებებში.

9. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულების – გ. ნ–ისა და ბ. ნ–ის უდანაშაულოდ ცნობის შესახებ, ვინაიდან მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატამ სამართლებრივად სწორად და ობიექტურად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ გ. ნ–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, ხოლო ბ. ნ–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, დადასტურებულია ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით.

10. საკასაციო სასამართლო კვლავ იმეორებს, რომ გაუმართლებელია, მოწმის (დაზარალებულის) ჩვენების სანდოობისა და რელევანტურობის შემოწმებისას განმსაზღვრელი მნიშვნელობა მივანიჭოთ იმ გარემოებას, თუ რამდენი წელია გასული მომხდარი დანაშაულის ფაქტიდან ჩვენების მიცემამდე. მთავარია, რამდენად სრულად წარმოგვიდგენს მოწმე თავის ჩვენებაში ფაქტობრივ გარემოებებს, სრულფასოვნად გადმოსცემს თუ არა ამ გარემოებებს ჩვენების მიცემისას, როგორია მისი უნარი – სწორად აღიქვას და დაიმახსოვროს იმ შემთხვევის მთავარი, საქმისათვის არსებული მნიშვნელობის მქონე გარემოებები, რომლის შემსწრეც ის გახდა და ხომ არ არსებობს რაიმე საფუძველი მის ამგვარ უნარში გონივრული ეჭვის შესატანად და ა.შ. მოწმის ჩვენების სანდოობის შემოწმებისას სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მოწმის ჩვენების თანმიმდევრულობაზე, კატეგორიულობაზე, თანხვედრაზე სხვა მტკიცებულებებსა და ფაქტობრივ გარემოებებთან, ასევე ამოწმებს მოწმის მახსოვრობის უნარს, შეუძლია თუ არა აღიდგინოს არსებითი ფაქტები, რომელთა თვითმხილველიც გახდა (იხ. გადაწყვეტილება N626აპ-17).

11. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება ქვედა ინსტანციის სასამართლოების შეფასებას დაზარალებულ ა. კ–ის, ისევე როგორც – დაზარალებულ მ. გ–ის ჩვენების სანდოობისა და სარწმუნოობის შესახებ, ვინაიდან მათი ჩვენებები დეტალური, თანმიმდევრული და ამომწურავია, ამასთან, სრულად არის თანხვდენილი როგორც ერთმანეთს, ისე – ბრალდების მხარის მოწმეთა ჩვენებებსა და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს. მითითებული მტკიცებულებები ერთმანეთს არ ეწინააღმდეგება, არ არის ურთიერთგამომრიცხავი და არადამაჯერებელი, რის გამო, მათი საეჭვოდ მიჩნევის საფუძველი საკასაციო სასამართლოს არ გააჩნია, კერძოდ:

12. დაზარალებულმა ა. კ–ემ თანმიმდევრულად გადმოსცა გ. ნ–ის მიერ, მის მიმართ ფიზიკური ძალადობის დეტალები. მან განმარტა, რომ 2021 წლის 1 აგვისტოს, გ. ნ–ე სწვდა ყელში და ახრჩობდა, ხელი გაარტყა სახეში, რის შედეგადაც, გაუსკდა ტუჩი და დაუკბინა სახე. დარტყმის შედეგად თავი მიარტყა კედელს, თუმცა გონება არ დაუკარგავს, ტუჩიდან მოსდიოდა ბევრი სისხლი. ძალადობის შედეგად, დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. აღნიშნულის შესახებ, მეორე დღეს, უამბო თავის დას, ნატალია ქუმელაშვილსაც.

13. მოწმე ნ. ქ–ი სრულად ადასტურებს დაზარალებულის ჩვენებას და განმარტავს, რომ 2021 წლის 1 აგვისტოს, შეამჩნია, რომ ა. კ–ეს სახე ჰქონდა დაწითლებული, ტუჩი ,,მოგლეჯილი”, ეტყობოდა ნაკბენი და კისრის მიდამოში აღენიშნებოდა სიწითლე. ანამ მას უთხრა, რომ ეს დაზიანებები გ. ნ–ემ მიაყენა. მოწმემ დაზარალებულს შესთავაზა საავადმყოფოში წაყვანა, თუმცა მან უარი განუცხადა, ვინაიდან არ სურდა ფიზიკურ ძალადობაში გ. ნ–ის მხილება.

14. დაცვის მხარეც არ უარყოფს იმ გარემოებას, რომ დაზარალებულს მართლაც ჰქონდა სხეულზე ის დაზიანება, რის შესახებაც, იგი თავის ჩვენებაში უთითებს, თუმცა კასატორის მტკიცებით, იგი გამოწვეულია არა ფიზიკური ძალადობის, არამედ – დაზარალებულ ა. კ–ესა და გ. ნ–ეს შორის არსებული სასიყვარულო ურთიერთობიდან გამომდინარე, რაც არ დასტურდება და არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან.

15. თავის მხრივ, დაზარალებულ ა. კ–ის ჩვენებას, სრულად შეესაბამება საქმეზე დაზარალებულად ცნობილი მეორე პირის – მ. გ–ის ჩვენება, რომელმაც დაადასტურა ა. კ–ის მიერ სასამართლოსთვის მიწოდებული ინფორმაცია და დამატებით განმარტა, რომ, როდესაც მას, სატელეფონო საუბრისას, აგრესიული ტონით – მთელი ოჯახის გადაბუგვით დაემუქრა ბ. ნ–ე, მან ეს მუქარა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში. მ. გ–ის გარდა, დაზარალებული ა. კ–ე და მოწმე თ. წ–ც ადასტურებენ ბ. ნ–ის მხრიდან მ. გ–ის მიმართ მუქარის ფაქტს, რაც მათ პირადად მოისმინეს მ. გ–ისა და ბ. ნ–ის შორის გამართული სატელეფონო საუბრისას.

16. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დაზარალებულების ჩვენებები, გარდა მოწმეების – თ. წ–ს და ნ. ქ–ს ჩვენებებისა, ასევე სრულად თანხვდენილია: ა. კ–ის მონაწილეობით ჩატარებულ საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმთან, ინფორმაციის გამოთხოვის ოქმთან (რომლის მიხედვით, თბილისის საქალაქო სასამართლოს, 2023 წლის 7 მატის განჩინების საფუძველზე, ა. კ–ის კუთვნილი „აიფონის“ ფირმის მობილური ტელეფონიდან გამოთხოვილ იქნა მ. გ–ისა და ბ. ნ–ის საუბრის ამსახველი ხმოვანი ჩანაწერი და ა. კ–ის ფიზიკური დაზიანებების ამსახველი ფოტოსურათები), ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნასთან (ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით დადგენილია, რომ ფონოგრამაში „AUDIO-........“ მოსაუბრე დიქტორი მამაკაცის ხმა და ეტალონურ ფონოგრამაში (ხმის ნიმუში) მოსაუბრე ბ. ნ–ის ხმა ერთმანეთის იდენტურია) და სატელეფონო საუბრის ამსახველ აუდიოჩანაწერთან (რომლის შესაბამისად, ბ. ნ–ე დაზარალებულს ემუქრება შემდეგი სიტყვებით: „გადაგბუგავთ დედიან-ბუდიანად”).

17. ამდენად, საკასაციო სასამართლოს დასკვნით, არ არსებობს არავითარი საფუძველი, რათა საეჭვოდ იქნეს მიჩნეული ბრალდების მხარის ძირითადი მოწმეების – დაზარალებულების – ა. კ–ისა და მ. გ–ისა და მოწმეების – თ. წ–ს და ნ. ქ–ს ჩვენებების სისწორე და სარწმუნოობა, რომელთა ერთობლიობაც, ზემომითითებულ სხვა მტკიცებულებებთან ერთად, სრულიად საკმარისია გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.

18. ზემოხსენებულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსგავსად, დადგენილად მიაჩნია, რომ გ. ნ–ემ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, ხოლო ბ. ნ–ემ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.

19. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, №49684/99, §30, 25/12/2001). მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ – ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „გოროუ საბერძნეთის წინააღმდეგ“ (Gorou v. Greece (№2) ECtHR, №12686/03, §37, §41, 20/03/2009).

20. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

21. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულების – ბ. ნ–ისა და გ. ნ–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ნ–ის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. თევზაძე

ლ. ფაფიაშვილი