Facebook Twitter

საქმე N 140100122005719687

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №546აპ-25 ქ. თბილისი

ს. ი., 546აპ-25 9 ოქტომბერი, 2025 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 27 თებერვლის განაჩენზე გორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ია მეფარიშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებების მიხედვით:

1.1. ბ. თ–ამ ჩაიდინა: ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა ჯგუფურად; ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება ჯგუფურად.

1.2. ი. ს–ემ ჩაიდინა: ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა ჯგუფურად; ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება ჯგუფურად.

1.3. ზ. ს–ამ ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო გასაღება.

2. ი. ს–ისა და ბ. თ–ას მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგით:

2021 წლის 11 დეკემბერს, ბ. თ–ამ და ი. ს–ემ ქალაქ თ–ში, ზ. ს–გან უკანონოდ შეიძინეს ქარხნული წესით დამზადებული, 9X19 მმ. კალიბრიანი, ,,GLOCK-43” პისტოლეტის მოდელის და 7,62 მმ. კალიბრიანი, ,,BERETTA 3032” პისტოლეტის მოდელის ცეცხლსასროლი იარაღები, რასაც ისინი ასევე უკანონოდ ინახავდნენ ი. ს–ის მიერ მართულ „ტოიოტა რავ-4-ის“ ფირმის ავტომანქანაში, სახ. ნომრით – № ......... და რომელთაც ასევე მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდნენ ქალაქ თ–ში. ცეცხლსასროლი იარაღები 2021 წლის 11 დეკემბერს ამოიღეს საქართველოს შს სამინისტროს გ–ს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ქალაქ თ–ში, ........ის ........ის №..-ის მიმდებარედ, ი. ს–ის მიერ მართულ ,,ტოიოტა რავ-4-ის“ ფირმის, სახ. ნომრით – №........ ავტომანქანის ჩხრეკისას.

2.1. ზ. ს– მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედება გამოიხატა შემდეგით:

ზ. ს–ამ 2021 წლის 11 დეკემბერს, ქალაქ თ–ში, მაღაზია „კ–ში“ შეიძინა ქარხნული წესით დამზადებული, 9X19 მმ. კალიბრიანი, ,,GLOCK-43” პისტოლეტის მოდელის და 7,62 მმ. კალიბრიანი, ,,BERETTA 3032” პისტოლეტის მოდელის ცეცხლსასროლი იარაღები, რომლებიც იმავე დღესვე დაირეგისტრირა მის სახელზე და აღნიშნული იარაღები 2021 წლის 11 დეკემბერს ქ. თ–ში, მართლსაწინააღმდეგოდ გაასაღა ბ. თ–ასა და ი. ს–ეზე. 2021 წლის 11 დეკემბერს ზ. ს– მიერ მართლსაწინააღმდეგოდ გასაღებული ზემოაღნიშნული იარაღები ამოიღეს შსს გ–ს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ქ. თ–ში, ......... N..-ის მიმდებარედ, ი. ს–ის მიერ მართულ „ტოიოტა რავ-4-ის“ ფირმის, სახ. ნომრით – № ......... ავტომანქანის ჩხრეკისას.

3. გორის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 17 ივლისის განაჩენით:

3.1. ცნობად იქნა მიღებული, რომ საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე, 2024 წლის 5 ივნისს, საქართველოს სსსკ-ის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დაკმაყოფილდა დაცვის მხარის შუამდგომლობა და ბრალდებულ ზ. ს– მიმართ, გარდაცვალების გამო შეწყდა სისხლისსამართლებრივი დევნა.

3.2. ი. ს–ე, – დაბადებული 19.. წელს, – ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში;

ი. ს–ე ცნობილ იქნას უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში;

3.3. ბ. თ–ა, – დაბადებული 19.. წელს, – ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში;

ბ. თ–ა ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში;

გაუქმდა ბ. თ–ასა და ი. ს–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – გირაო და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში გირაოს სახით გადახდილი თანხა, უნდა დაუბრუნდეს მათ შემტან პირს;

გამართლებულებს – ი. ს–ესა და ბ. თ–ას განემარტათ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების შესახებ;

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა გორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ია მეფარიშვილმა. პროკურორმა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა ბ. თ–ასა და ი. ს–ის მიმართ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენის გაუქმება, მის ნაცვლად – ორივე გამართლებულის მიმართ, ბრალდების კვალიფიკაციით გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა და შესაბამისი სამართლიანი სასჯელის განსაზღვრა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 27 თებერვლის განაჩენით გორის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 17 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 27 თებერვლის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა გორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ია მეფარიშვილმა. პროკურორი საკასაციო საჩივრით მოითხოვს ბ. თ–ასა და ი. ს–ის მიმართ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას, მის ნაცვლად, ორივე გამართლებულის მიმართ, ბრალდების კვალიფიკაციით გამამტყუნებელი განაჩენის დადგენას. პროკურორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ სამართლებრივად არასწორად შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომელთა ერთობლიობითაც, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, დასტურდება გამართლებულების ბრალეულობა.

7. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება რომელიმე ზემოაღნიშნული საფუძველი.

9. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება გორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ია მეფარიშვილის – მოსაზრებას, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განაჩენი დაუსაბუთებელი, უკანონოა და არ გამომდინარეობს სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებიდან. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ სისხლის სამართლის საქმის მასალებში არ მოიპოვება ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც, გონივრულ ეჭვს მიღმა, დაადასტურებდა ი. ს–ისა და ბ. თ–ას მიერ საქართველოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.

10. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ მოცემულ შემთხვევაში, საქმეში არ არსებობს უტყუარი მტკიცებულება, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ბ. თ–ასა და ი. ს–ის მიერ ჯგუფურად, ზ. ს–გან ორი ცალი ცეცხლსასროლი იარაღის (,,BERETTA TOMCAT” და ,,GLOCK43” მოდელის პისტოლეტები) მართლსაწინააღმდეგოდ შეძენასა და ასევე, ჯგუფურად მართლსაწინააღმდეგოდ ტარებას.

11. საკასაციო სასამართლოსაც სააპელაციო პალატის მსგავსად, დადგენილად მიაჩნია, 2021 წლის 11 დეკემბერს, ი. ს–ის მიერ მართული ავტომანქანით ზ. ს– საცხოვრებელი სახლიდან გ–ს მოედანზე მგზავრობის, გ–ს მოედანზე მდებარე მაღაზიაში ზ. ს– მიერ ორი ცალი ცეცხლსასროლი იარაღის (,,BERETTA TOMCAT” და ,,GLOCK43” მოდელის პისტოლეტები) შეძენის, მანქანით უკან მგზავრობის, თავის საცხოვრებელ კორპუსთან ზ. ს. ავტომანქანიდან გადმოსვლის, შემდგომ ი. ს–ის ავტომანქანის ჩხრეკისა და მის შედეგად ავტომანქანაში ზ. ს. მიერ შეძენილი ორი ცალი ზემოხსენებული ცეცხლსასროლი იარაღის აღმოჩენის/ამოღების ფაქტები, მაგრამ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, მითითებული იარაღების ბ. თ–ასა და ი. ს–ზე მართლსაწინააღმდეგოდ გასაღების ფაქტი, შემდეგ გარემოებათა გამო:

12. საქმეში წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულებით არ დგინდება, ერთი მხრივ, ზ. ს., მეორე მხრივ კი, ბ. თ–ასა და ი. ს–ეს შორის ზემოხსენებულ ცეცხლსასროლ იარაღებზე რაიმე სახის მართლსაწინააღმდეგო, უკანონო გარიგების არსებობის ფაქტი; არ აღმოჩენილა გამართლებულების ბიოლოგიური ან სხვა სახის კვალი ცეცხლსასროლ იარაღებზე, შესაბამისად, არ ირკვევა მათი უშუალო შეხება იარაღებზე; ცეცხლსასროლი იარაღები ი. ს–ის მიერ მართულ ავტომანქანაში დამალული არ ყოფილა, ისინი პოლიციის მუშაკებმა ჩხრეკის შედეგად ამოიღეს ავტომანქანის უკანა სავარძლიდან.

13. პროკურორის მოსაზრება, რომ ზ. ს– პირადი ჩხრეკის ოქმი, რომლის თანახმად, მისგან ამოიღეს 1200 (ათას ორასი) ლარი, იარაღების გასაღებაზე მეტყველებს, უსაფუძვლოა, ვინაიდან თვითონ ბრალდების მხარეს ზ. ს. ბრალდების შესახებ დადგენილებაში არ აქვს მითითებული, რომ მან სწორედ ამ თანხის საფასურად გაასაღა გამართლებულებზე იარაღები, ამასთან, გამოძიებით ისიც კი არ არის დადგენილი, თუ რა ფასად შეიძინა თვითონ ზ. ს–ამ მაღაზია „კალიბრში“ სადავო იარაღები. გამართლებულების ბრალეულობის სამტკიცებლად, აგრეთვე არარელევანტურია ზ. ს– საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ოქმზე აპელირება, რომლის თანახმად, ზ. ს–მ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებს წარუდგინა მის სახელზე გაცემული, სხვა 10 (ათი) ცალი იარაღის მოწმობა, ხოლო იარაღები ნანახი და ამოღებული არ ყოფილა, რადგან აღნიშნული არანაირად არ უკავშირდება ი. ს–ისა და ბ. თ–ას მიმართ ბრალადწარდგენილ ქმედებებს.

14. თავის მხრივ, ი. ს–ემ და ბ. თ–ამ საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე თავი უდანაშაულოდ ცნეს, ითხოვეს წარდგენილ ბრალდებაში გამართლება და განმარტეს, რომ შემთხვევის დღეს, ისინი დილის საათებში შეხვდნენ ზ. ს. და ერთად გადაადგილდებოდნენ ავტომანქანით. მათ არ შეუძენიათ ზ. ს–გან ცეცხლსასროლი იარაღები და არც უტარებიათ.

15. ზ. ს–ამ ბრალდებულის სახით გამოკითხვისას, განმარტა, რომ სახლთან მისვლისას, როდესაც ავტომანქანიდან გადმოდიოდა, თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, გახდა ცუდად, რის გამოც, ავტომანქანაში შემთხვევით დარჩა ცელოფანში ჩადებული ორივე ცეცხლსასროლი იარაღი. ამის შემდეგ დაუძახა გამართლებულებს და ანიშნა, რომ იარაღები დარჩა მანქანაში. მათ დააპირეს მანქანის მოტრიალება და კორპუსის უკანა მხრიდან შემოსვლა. სანამ მანქანას დაატრიალებდნენ და მასთან იარაღების გადასაცემად მივიდოდნენ, ამ დროს ზ. ს–ა დააკავეს პოლიციელებმა. ის ფაქტი, რომ 2021 წლის 11 დეკემბერს, ზ. ს–ამ სადავო იარაღები, ნამდვილად იარაღის მაღაზია ,,კალიბრში” შეიძინა, რომელთა შეძენის ადგილიდან – შენახვის ადგილზე გადატანის უფლებაც მას გააჩნდა იმავე დღის – 12.00 საათიდან–14.00 საათამდე დროის შუალედში, დასტურდება, შს სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ, მის სახელზე გაცემული იარაღის დროებითი მოწმობებით, კერძოდ, ერთი მათგანის ნომერია – ........, ხოლო მეორის – ......... აღნიშნულის საპირისპირო რაიმე მტკიცებულება და გარემოება, რაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, დაადასტურებდა, ი. ს–ისა და ბ. თ–ას მიერ ცეცხლსასროლი იარაღების ჯგუფურად მართლსაწინააღმდეგო შეძენისა და ტარების განზრახვას, საქმეში არ მოიპოვება.

16. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს – „In dubio pro reo-ს“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის.

17. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

18. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი გორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ია მეფარიშვილის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

ლ. ფაფიაშვილი