საქმე N 330100123006946636
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №652აპ-25 ქ. თბილისი
ფ. გ., 652აპ-25 24 ოქტომბერი, 2025 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
ლევან თევზაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 28 მაისის განაჩენზე მსჯავრდებულ გ. ფ–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ. გ–ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 26 ოქტომბრის განაჩენით გ. ფ–ი, – დაბადებული 19.. წელს, –ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19, 109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 17 (ჩვიდმეტი) წლის ვადით;
გ. ფ–ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა დაკავებიდან – 2023 წლის 27 იანვრიდან.
გაუქმდა გ. ფ–ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება _ პატიმრობა.
2. აღნიშნული განაჩენის თანახმად, გ. ფ–ს მსჯავრად ედება ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა, რაც გამოიხატა შემდეგით:
2023 წლის 26 იანვარს, საღამოს საათებში, ქ. თ–ში, ..... გამზირის მე-.. შესახვევში, N..-ის მიმდებარედ, ქეიფობდნენ კ. მ–ი, ლ. ა–ი და სხვები. მათ სუფრა ჰქონდათ ქუჩაში გაშლილი. ამ დროს მათთან მივიდა მეზობლად მცხოვრები გ. ფ–ი, რომელიც ზემოხსენებულმა პირებმა მიიპატიჟეს და ერთად დალიეს ალკოჰოლური სასმელი. ქეიფისას გ. ფ–სა და ლ. ა–ს შორის მოხდა ურთიერთშელაპარაკება, რაც გადაიზარდა ჩხუბში, რა დროსაც გ. ფ–ს სუფრის წევრებმა, კერძოდ, ლ. ა–მა, კ. მ–მა და სხვა დაუდგენელმა პირებმა მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. აღნიშნულით განაწყენებულმა გ. ფ–მა, განიზრახა შური ეძია და მოეკლა ლ. ა–ი და კ. მ–ი. ამ მიზნით, მაგიდიდან აიღო სამზარეულოს დანა და თავდაპირველად, რამდენჯერმე ძლიერად დაარტყა ლ. ა–ს, რის შედეგადაც, მიაყენა გულმკერდის მარცხენა ნახევარში, პლევრის ღრუში შემავალი ჭრილობა, მარცხენა ფილტვის ქვემო წილის დაზიანებით, ასევე – ერთი ჭრილობა-გულმკერდის უკანა მარცხენა ნახევარში, შუა და უკანა იღლიის ხაზზე და მე-5 ნეკნთაშუა სივრცეში, ერთი ჭრილობა – მარცხენა მხრის უკანა ზედაპირზე, აგრეთვე, მარცხენა ქვედა ქუთუთოს არეში ნახეთქი ჭრილობა. შემდეგ კი, იმავე დანით კ. მ–ს მიაყენა ნაჩხვლეტ-ნაკვეთი შემავალი ჭრილობები გულმკერდის არეში, მარცხენა ფილტვის დაზიანებით, რის შემდგომაც, შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ლ. ა–ი და კ. მ–ი გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც, დროული და კვალიფიციური სამედიცინო დახმარების შედეგად, გადაურჩნენ სიკვდილს.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 26 ოქტომბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ გ. ფ–ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა რ. გ–მა. დაცვის მხარემ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და, მის ნაცვლად, გ. ფ–ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 28 მაისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 26 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 28 მაისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ გ. ფ–ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა რ. გ–მა. ადვოკატი საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებასა და, მის ნაცვლად, გ. ფ–ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას, შემდეგ გარემოებათა გამო: გასაჩივრებული განაჩენი დაუსაბუთებელი და უკანონოა, ვინაიდან სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები; ქმედების ჩადენის დროს მსჯავრდებული იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, იგი თავს იცავდა კ. მ–ის, ლ. ა–ისა და სუფრაზე მყოფი სხვა დაუდგენელი პირების მართლსაწინააღმდეგო თავდასხმისაგან; ეს ფაქტი დადასტურებულია იმ გარემოებითაც, რომ გ. ფ–ს მიყენებული აქვს სხეულის დაზიანებები, მათ შორის – სისხლმდენი. ამასთან, შემთხვევის ადგილიდან ამოღებულია სხვა დანაც, რაც დამატებით კითხვებს აჩენს. თვითონ დანაშაულის იარაღზე აღმოჩნდა გ. ფ–ის სისხლის პროფილი, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ დანასთან შემხებლობისას, გ. ფ–ს მიღებული ჰქონდა, სულ მცირე, სისხლმდენი დაზიანება.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. მოცემულ შემთხვევაში, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რომლის გამოც, მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად, არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება, კასატორი არ არის არასრულწლოვანი.
9. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება მსჯავრდებულ გ. ფ–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ. გ–ის მოსაზრებას, რომ სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, წარმოდგენილი მტკიცებულებები და უკანონოდ გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას და მიაჩნია, რომ საქმეში არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია გ. ფ–ის მიერ მის მიმართ მსჯავრადშერაცხილი ქმედების ჩადენა, დანაშაულის, რაც, გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 19, 109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით, კერძოდ:
10. განსახილველ შემთხვევაში, დაცვის მხარე არ დავობს იმასთან დაკავშირებით, რომ დაზარალებულებს – ლ. ა–სა და კ. მ–ს სხეულის მძიმე ხარისხის დაზიანებები დანით მიაყენა სწორედ გ. ფ–მა, თუმცა კასატორის მტკიცებით, მსჯავრდებული იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, რაც განპირობებული იყო ლ. ა–ის, კ. მ–ისა და სხვა დაუდგენელი პირების მიერ მასზე სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფით. ამდენად, გ. ფ–ი მართლსაწინააღმდეგოდ არ მოქმედებდა, ვინაიდან იგი თავს იცავდა მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისგან.
11. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მართლსაწინააღმდეგოდ არ მოქმედებს ის, ვინც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ ქმედებას ჩაიდენს აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, ე.ი. ვინც მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისას დააზიანებს ხელმყოფს თავისი ან სხვისი სამართლებრივი სიკეთის დასაცავად, ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილება ნიშნავს მომგერიებლის მიერ თავდაცვის აშკარა შეუსაბამობას მასზე თავდასხმის ხასიათსა და საშიშროებასთან.
12. საკასაციო სასამართლოს მიერ განმარტებულია: პირი აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში იმყოფება იმ შემთხვევაში, როდესაც მის მიმართ ხორციელდება მართლსაწინააღმდეგო ხელყოფა, ხელყოფა იმწუთიერი და რეალურია, ხოლო მომგერიებლის მიერ ჩადენილი ქმედება კი უკიდურესობით გამოწვეული მოქმედებაა, რაც გულისხმობს იმას, რომ ეს უნდა იყოს აუცილებელი თავდაცვითი ქმედება, რომელიც გათვალისწინებულია ხელყოფის მოგერიებისთვის და წარმოადგენს შედარებით მსუბუქ თავდაცვის საშუალებას. მართალია, აუცილებელი მოგერიების დროს არ არსებობს სამართლებრივ სიკეთეთა შესაბამისობის მოთხოვნა, მაგრამ თავდაცვა არ არის მართლზომიერი სამართლებრივ სიკეთეთა აშკარა შეუსაბამობის დროს. არ შეიძლება ადამიანს სიცოცხლე მოუსპო ან მძიმე დაზიანება მიაყენო იმ შემთხვევაში, როცა აშკარად შესაძლებელია თავდაცვის განხორციელება შედარებით უფრო ნაკლები ზიანის მიყენების გზით (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის №593აპ-15 გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 4).
13. საკასაციო სასამართლო კვლავაც იმეორებს: ქმედების სუბიექტური შემადგენლობის – განზრახვის დასადასტურებლად აუცილებელია, ერთდროულად არსებობდეს ცოდნის, ნებელობისა და მართლწინააღმდეგობის შეგნება. რიგ შემთხვევებში შესაძლებელია, ბრალდებული არც აკონკრეტებდეს ან/და უარყოფდეს განზრახვის არსებობას, მაგრამ საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებათა ანალიზით დადგინდეს პირის მიერ განზრახვის ნამდვილობა, ანუ ფაქტობრივ გარემოებათა განვითარების ლოგიკური ჯაჭვი ქმედების სუბიექტური შემადგენლობის შეფასების შესაძლებლობას იძლევა (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 20 თებერვლის №527აპ-17 განაჩენის სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 29).
14. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ მსჯავრდებული არ მოქმედებდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში და მისი ქმედება არ იყო თავდაცვის სურვილით განპირობებული, უკიდურესობით გამოწვეული მოქმედება, შემდეგ გარემოებათა გამო:
15. მსჯავრდებულმა გ. ფ–მა სასამართლოს განუმარტა, რომ მას არავის მოკვლის განზრახვა არ გააჩნდა და არც დანა ჰქონია. სუფრაზე ის და სუფრის სხვა წევრები შეკამათდნენ, რასაც შემდეგ ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა, სახელდობრ, მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს დაზარალებულებმა და სუფრაზე მყოფმა სხვა პირებმა, სულ – ექვსმა პირმა. აღნიშნულის გამო, იგი იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში და იცავდა თავს თავდამსხმელებისაგან. მაგიდაზე იდო ორი დანა, რაც ჩხუბისას ძირს გადაიყარა, მის ხელში დანა საიდან აღმოჩნდა, არ ახსოვს, იგი დანას უმისამართოდ, აქეთ-იქით იქნევდა, რათა თავდამსხმელები ახლოს არ მიჰკარებოდნენ.
16. მსჯავრდებულის მითითებული განმარტება, მისი ჩვენების გარდა, არ არის გამყარებული და არ დასტურდება სხვა რაიმე მტკიცებულებით, ამასთან, ეწინააღმდეგება საქმეში წარმოდგენილ ბრალდების მხარის მტკიცებულებებს.
17. საქმის მასალებით დადგენილია, რომ როდესაც კ. მ–ი, ლ. ა–ი და სხვა პირები ქეიფობდნენ ქუჩაში, მათთან სუფრაზე მივიდა პირი, რომელიც გაეცნოთ, როგორც გ. ფ–ი და ითხოვა დალევა. იგი მიიპატიჟეს სუფრასთან. გ. ფ–მა რამდენიმე ჭიქა ალკოჰოლური სასმლის მიღების შემდეგ, სუფრაზე დაიწყო უწმაწური სიტყვებით საუბარი, რის გამოც მისცეს შენიშვნა, ორჯერ გამოარიდეს სუფრას და სთხოვეს წასულიყო სახლში, თუმცა გ. ფ–ი ორჯერვე დაბრუნდა უკან და განაგრძო ბილწსიტყვაობა. სუფრის წევრები მას სთხოვდნენ, თავი შეეკავებინა, ვინაიდან ისეთ ადგილას ქეიფობდნენ, სადაც ხმები იქვე მაცხოვრებელ მოსახლეობას ესმოდა და არ უნდოდათ უხერხული მდგომარეობის შექმნა. მიუხედავად სუფრის წევრების თხოვნისა, გ. ფ–ი არ ჩერდებოდა და კვლავ იგინებოდა უმისამართოდ.
18. სუფრის წევრები, მოწმეები – დ. ს–ი და შ. ქ–ი იმდენად შეწუხდნენ გ. ფ–ის საქციელით, რომ მიატოვეს სუფრა და წავიდნენ სახლში. მოწმე გ. კ–ს ჩვენებით, ქუჩიდან ესმოდა რამდენიმე ადამიანის ჩხუბის და ყვირილის ხმა. გაიგონა, რომ მისთვის უცნობი პირი ყვიროდა – „გ–ი ვარ და არაფერი შეგეშალოთო“, მას ვიღაც ჰპასუხობდა, რომ არ აინტერესებდა, ვინ იყო, წასულიყო სახლში და დაესვენა.
19. დაზარალებულ კ. მ–ის ჩვენებით ირკვევა, რომ გ. ფ–ი გაიცნო შემთხვევის დღეს, სუფრასთან. სუფრასთან მისი მისვლისას ლ. ა–სა და გ. ფ–ს შორის დაწყებული იყო შელაპარაკება, რა დროსაც გ. ფ–ი ეკითხებოდა ლ. ა–ს – „რა ცხოვრებით მაცხოვრებელი ხარო?,“ რაზეც ლ. ა–მა უპასუხა, რომ სუფრასთან ისხდნენ და ამ თემაზე საუბარი არ იყო საჭირო. დ. ს–მა სთხოვა მეორე დღეს, როდესაც არ იქნებოდნენ მთვრალები, მაშინ ესაუბრათ ამ საკითხებზე და ამ მიზეზით გაიყვანა გ–ი, თუმცა იგი მალევე უკან დაბრუნდა. მოწმის განმარტებით, შემდეგ თვითონაც გაიყვანა გ–ი, რათა კონფლიქტი არ მოსვლოდათ ერთმანეთში. ამ დროს მაგიდის წევრები დაიშალნენ და დარჩნენ თვითონ და ლ. ა–ი, თუმცა ცოტა ხანში გ. ფ–ი კვლავ დაბრუნდა და ლ. ა–თან დაიწყო კამათი. სიტუაცია დაიძაბა, რადგან გ–ი იგინებოდა უმისამართოდ, აღნიშნული კი, გ. ფ–სა და ლ. ა–ის ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
20. კ. მ–მა ასევე განმარტა, რომ თვითონ მათ გაშველებას ცდილობდა, რის გამოც, გ–ი უფრო აგრესიული გახდა, დაიწყო ყვირილი – „თქვენ ვის უბედავთ გ. ფ–ი ვარო“ და ხელი დასტაცა მაგიდაზე არსებულ სამზარეულოს დანას, რომელიც ლ. ა–ს ზურგიდან 3-4-ჯერ დაარტყა, რის შემდეგაც ლ–ა დაეცა, რა დროსაც გ–მა წაქცეულს ჩაარტყა სახეში. ამ დროს კ. მ–ი მივარდა, შემოატრიალა გ. ფ–ი და მიმართა – „რას შვები, ადამიანს კლავ, რა გააკეთეო?“. ამ მომენტში გ. ფ–მა დანა, რომელიც მარჯვენა ხელში ეჭირა, მასაც მოუქნია და დაარტყა გულმკერდის მარჯვენა არეში. დაზარალებულის ჩვენებით, ის აპირებდა შემოტრიალებას და გაქცევას, რა დროსაც გ. ფ–მა მას ამჯერად დანა დაარტყა მარცხენა მხარეს, ნეკნების არეში. აღნიშნულის შემდეგ გ–ი გაიქცა. ვინაიდან მიყენებული ჭრილობა ძალიან მტკივნეული იყო, კ. მ–მა აიღო სკამი და გ–ს გინებით დაედევნა, თუმცა სუნთქვა გაუჭირდა და ვეღარ შეძლო გზის გაგრძელება, დაბრუნდა უკან და ჩამოჯდა სკამზე. შემდეგ გამოიძახეს სასწრაფო დახმარების ბრიგადა, რომელმაც გადაიყვანა კლინიკაში. დაზარალებულის ჩვენებით, მას რომ არ შეეშალა ხელი, გ. ფ–ი ლ. ა–ს მოკლავდა, ხოლო თვითონ გადარჩა სასწრაფოს დროულად გამოცხადებით.
21. დაზარალებულ კ. მ–ის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ მას აღენიშნებოდა: 1) ნაჩხვლეტ-ნაკვეთი ჭრილობა გულმკერდის მარცხენა ნახევარში, „მე-8 ნეკნებშორის“ სივრცეში, შუა აქსილარულ (იღლიის შუა) ხაზზე, არხის მიმართულებით ირიბად ქვევიდან-ზევით და წინიდან-უკან, შემავალი მარცხენა პლევრის ღრუში-მარცხენა ფილტვის ქვედა წილის დაზიანებით და მარცხენამხრივი ტრავმული ჰემოპნევმოთორაქსით, ასევე 2) ნაჩხვლეტ-ნაკვეთი ჭრილობა გულმკერდის წინა კედელზე მარჯვნივ, „მე-4 ნეკნებშორის“ სივრცეში, პარასტერნალურ (მკერდის ახლო) ხაზზე, არხის მიმართულებით გულმკერდის კედლის პერპენდიკულარულად, შემავალი მარჯვენა პლევრის ღრუში, მარჯვენამხრივი ტრავმული ჰემო-პნევმოთორაქსით. დაზიანებები (ჭრილობები) განვითარებულია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის მოქმედებით. როგორც ცალ-ცალკე, ისე – ერთობლიობაში მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო.
22. დაზარალებულ ლ. ა–ის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, მას აღენიშნებოდა: გულმკერდის მრავლობითი ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა მარცხნივ, შემავალი მარცხენა პლევრის ღრუში. მარცხენა ფილტვის ქვემო წილის ნაკვეთი ჭრილობა, ჰემოპნევმოთორაქსი. მარცხნივ მე-7 ნეკნის ტრავმული მოტეხილობა. მხრის ნაკვეთი ჭრილობა. ქალა-ტვინის დახურული ტრავმა, თავის ტვინის შერყევა. მარცხნივ ჰაიმორის წიაღის წინა და ზედა კედლების (თვალბუდის ფსკერი) ფრაგმენტული მოტეხილობები. მარცხნივ თვალბუდის ქვედა კიდის ხაზოვანი მოტეხილობა მოტეხილობის კიდის შეცილებით. ორმხრივ ცხვირის ძვლის ხაზოვანი მოტეხილობა შეცილების გარეშე. მარცხენა ქვედა ქუთუთოს ნახეთქი ჭრილობა. სუბკონიუქტივალური სისხლჩაქცევა, იმუნიზაციის აუცილებლობა ტეტანუსის წინააღმდეგ. ქუთუთოსა და პერიოკულური არის ღია ჭრილობა. დაზიანებები ჭრილობების სახით-მარცხნივ უკანა აქსილარულ ხაზზე, მე-6 ნეკნის დონეზე; შუა აქსილარულ ხაზზე, მე-7 ნეკნის დონეზე; /...ინახა, რომ არსებული ჭრილობები უკანა და შუა აქსილარულ ხაზზე შემავალია მარცხენა პლევრის ღრუში, ასევე შუა აქსილარულ ხაზზე მე-7 ნეკნის ტრავმულად დაზიანება/ - განვითარებული არიან რაიმე მჩხვლეტავმჭრელი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათოს. დაზიანებები ჭრილობების სახით-სკაპულარულ ხაზზე და მხარზე არსებული ჭრილობები (მარცხნივ სკაპულარულ ხაზზე მე-5 ნეკნის დონეზე ზომით 2-1 სმ; მარცხენა მხრის უკანა ზედაპირზე 1,5-1 სმ.) განვითარებული არიან რაიმე მჭრელი თვისებების მქონე საგნის მოქმედებით და ცალ-ცალკე და ერთობლივად მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით. დაზიანება მარცხენა ქვედა ქუთუთოს არეში მცირე ზომის ნახეთქი ჭრილობის სახით სუბკონიუქტივალური სისხლჩაქცევით/განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით და, ცალკე აღებული, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.
23. ზემოხსენებული მტკიცებულების ურთიერთშეჯერებისა და გაანალიზების შედეგად საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატის მოტივაციას, რომ მართალია, სუფრის წევრებსა და, მეორე მხრივ, გ. ფ–ს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც მსჯავრდებულმაც მიიღო გარკვეული დაზიანებები (სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მიერ გაცემული გ. ფ–ის სამედიცინო ბარათითა და მისი დათვალიერების ოქმის მიხედვით, პაციენტი უჩიოდა ტკივილს მარჯვენა თვალისა და ცხვირის არეში, ცხვირი აქვს ჰიპერემული, შეშუპებული, თვალიც შეშუპებული), მაგრამ დადგენილია, რომ კონფლიქტის ინიციატორი სწორედ გ. ფ–ი იყო და იგი მოქმედებდა მართლსაწინააღმდეგოდ, რაც გამოიხატა სუფრასთან, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი გ. ფ–ის მიერ უწმაწური სიტყვებით საუბარში. შემდეგ, მიუხედავად სუფრის წევრების არაერთი მოწოდებისა – რომ დამშვიდებულიყო, რადგან ხმები იქვე მაცხოვრებელ მოსახლეობასაც ესმოდა და არ უნდოდათ უხერხული მდგომარეობის შექმნა, მსჯავრდებულის სუფრისგან ორჯერ გარიდებისა და სახლში წასვლის თხოვნისა – იგი ორჯერვე უკან დაბრუნდა სუფრასთან და კვლავ განაგრძო არამართლზომიერი საქციელი, რასაც შედეგად მოჰყვა ჯერ ლ. ა–თან, შემდეგ კი – კ. მ–თან ფიზიკური დაპირისპირება. ლ. ა–სა და გ. ფ–ს შორის თავდაპირველი დაპირისპირებისას კ. მ–ი ცდილობდა მათ გაშველებას. მიუხედავად ამისა, გ–ი უფრო აგრესიული გახდა, დაიწყო ყვირილი, ხელში აიღო მაგიდაზე დადებული სამზარეულოს დანა და თავდაპირველად, მიზანმიმართულად რამდენჯერმე ძლიერად დაარტყა ლ. ა–ს, რის შემდეგაც ლაშა დაეცა, შემდეგ გ–მა წაქცეულსაც დაარტყა სახეში, რითაც მიაყენა გულმკერდის მარცხენა ნახევარში, პლევრის ღრუში შემავალი ჭრილობა, ასევე, ერთი ჭრილობა – გულმკერდის უკანა მარცხენა ნახევარში, ერთი ჭრილობა მარცხენა მხრის უკანა ზედაპირზე, ასევე მარცხენა ქვედა ქუთუთოს არეში – ნახეთქი ჭრილობა. ამ დროს, კ. მ–ი კვლავ მივარდა გ–ს და ისევ მის შეჩერებას ცდილობდა. ამ მომენტში მსჯავრდებულმა დანა უკვე მასაც დაარტყა გულმკერდის მარჯვენა არეში. კ. მ–ი აპირებდა შემოტრიალებას და გაქცევას, მაგრამ გ. ფ–მა დანა მას კვლავ დაარტყა, ამჯერად მარცხენა მხარეს, ნეკნების არეში, რის შემდეგაც მსჯავრდებული მიიმალა. დაზარალებულ კ. მ–ის ჩვენებით, მას რომ არ შეეშალა ხელი, გ. ფ–ი ლ. ა–ს მოკლავდა, ხოლო თვითონ სიკვდილს გადაურჩა დროული სამედიცინო დახმარების შედეგად.
24. ამდენად, დაცვის მხარის განმარტება, რომ მსჯავრდებული იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში და ის მხოლოდ თავს იცავდა, არ დასტურდება საქმის მასალებით და სრულად ეწინააღმდეგება საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, უსაფუძვლობის გამო არ არსებობს კასატორის მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
25. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატამ სრულად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, საქმეში არსებული მტკიცებულებები და ამომწურავად დაასაბუთა მიღებული გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ, ნათლად მიუთითა იმ მოტივებზეც, რომელთა საფუძველზეც პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი უცვლელად დატოვა, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება და იზიარებს.
26. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მომჩივნების მიერ წარმოდგენილ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, §31, ECtHR,11/11/2011). იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განიხილა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლომ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia; no.42371/08, §77, ECtHR, 18/03/2021
27. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
28. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ გ. ფ–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ. გ–ის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: ლ. თევზაძე
ლ. ფაფიაშვილი