3კ/1132-01 17 დეკემბერი, 2001 წ., ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. წიქვაძე (თავმჯდომარე),
ლ. გოჩელაშვილი,რ. ნადირიანი
სარჩელის საგანი: მიყენებული დაზიანების გამო მომვლელის დანიშვნა და მოვალის ხარჯების ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
2001 წლის 7 ივნისს დ. ნ-ძემ სს “ქ.-ის” წინააღმდეგ სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ ავტოკატასტროფის შედეგად გახდა I ჯგუფის ინვალიდი, დაკარგა მხედველობა, რისთვისაც იგი ღებულობს ყოველთვიურ დახმარებას 145 ლარის ოდენობით. 1998 წლის 1 აპრილიდან სამედიცინო ექსპერტიზამ დაუნიშნა მომვლელი. მომვლელის ანაზღაურება თვეში შეადგენს 40 ლარს, ამიტომ მოითხოვა მომვლელისათვის 38 თვის ანაზღაურება საერთო ჯამში _ 1600 ლარი.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო იმ საფუძვლით, რომ არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც გამოტანილია დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე, იმავე საფუძვლით, ამიტომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის “ბ” პუნქტის შესაბამისად მოითხოვა საქმის წარმოების შეწყვეტა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2001 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილებით დ. ნ-ძის საჩრელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სააქციო საზოგადოება “ქ.-ს” დ. ნ-ძის სასარგებლოდ 1999 წლის 1 აპრილიდან 2001 წლის 18 ივლისამდე ერთდროულად მომვლელისათვის გადასახდელი თანხის სახით დაეკისრა 1120 ლარი, ხოლო 2001 წლის 18 ივლისიდან ყოველთვიურად _ 40 ლარის გადახდა.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა სს “ქ.-ის” სააპელაციო საჩივარი, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა დ. ნ-ძის შეგებებული სააპელაციო საჩივარი, გაუქმდა ამ საქმეზე საქალქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება და ნ-ძის სარჩელი მომვლელის დანიშვნის ნაწილში არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო, ხოლო მოვლის დანამატის ნაწილში შეწყდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის საფუძველზე.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ დ. ნ-ძე პირველი ჯგუფის ინვალიდია უვადოდ, შრომისუუნაროა და საჭიროებს მომვლელს.
2001 წლის 24 იანვარს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება დ. ნ-ძის სარჩელზე სს “ქ.-ის” მიმართ ჯანმრთელობაზე ვნების მიყენებისათვის ზარალის ანაზღაურებაზე.
ამ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების სააპელაციო წესით განხილვის დროს დ. ნ-ძემ მოხსნა მოთხოვნა მოვლის დანამატის დარიცხვისა და გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ თითქოს მოვლის დანამატთან დაკაშვირებით არ განხილულა საქმე საქალაქო სასამართლოში.
სააპელაციო სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ დ. ნ-ძეს უვლის მისი წარმომადგენილი მ. ს-ძე; მას სხვა მომვლელის დანიშვნა არ მოუთხოვია, ე.ი. არ არსებობს საგანი და მისი მოთხოვნა, მომვლელის დანიშვნის შესახებ, უსაფუძვლა.
2001 წლის 19 ოქტომბერს დ. ნ-ძემ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს. კასატორმა მოითხოვა მოცემულ საქმეზე ქუთაისის საოლქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმება და თავისი სარჩელის დაკმაყოფილება, კერძოდ, 1998 წლის 1 აპრილიდან საკასაციო საჩივრის შეტანამდე მომვლელის ხარჯებისათვის ერთდროულად 1760 ლარის, ყოველთვიურად 40 ლარის დაკისრება და მომვლელად მეუღლის, ნ. ს-ძის, დანიშვნა შემდეგი საფუძვლით:
კასატორმა მიუთითა, რომ 2001 წლის 18 მარტის გადაწყვეტილებით მოვლის დანამატის ხარჯების საკითხი არ განხილულა, ხოლო საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 9 თებერვლის ¹48 ბრძანებულების 24-ე პუნქტის შესაბამისად პირველი ჯგუფის უსინათლო ინვალიდს მომვლელის თანხაც უნდა გადაუხადოს იმ საწარმომ, რომელმაც ზიანი მიაყენა. ამავე ბრძანებულების 25-ე პუნქტის შესაბამისად დაზარალებულის მოვლის დანამატის ანაზღაურება ხდება იმის მიუხედავად, თუ ვინ უვლის დაზარალებულს.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი განხილვის გარეშე საკასაციო საჩივრის ფარგლებში გაეცნო წარმოდგენლ საკასაციო საჩივარს და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი საფუძვლიანია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეზე უდავოდ დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 1990 წლის 14 თებერვალს სს “ქ.-ის” მაღაროთა სამმარვთელოს მძღოლმა, რომელიც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს იმყოფებოდა მთვრალ მდგომარეობაში, სატვირთო ავტომანქანით მსვლელობისას დაარღვია გზებზე მოძრაობის წესები, ა\მანქანა დააჯახა დ. ნ-ძეს და მიაყენა სხეულის მძიმე ხარისხის დაზიანება. მითითებული დაზიანების შედეგად დ. ნ-ძე გახდა შრომისუუნარო პირველი ჯგუფის ინვალიდი. მან დაკარგა მხედველობა. მძღოლის მიმართ გამოტანილ იქნა გამამტყუნებელი განაჩენი.
დ. ნ-ძისათვის მიყენებული ზინის ანაზღაურება დაეკისრა სს “ქ.-ს”. თავდაპირველად მოპასუხე ორგანიზაცია ყოველთვიურად იხდიდა მიყენებული ზიანის ასანაზღაურებელ თანხებს, მაგრამ შემდეგ თანხების გადახდა შეწყვიტა, რის გამოც სასამართლოს 1998 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილებით ერთდროულად გადასახდელად დაეკისრა 4978 ლარი.
აღნიშნულის შემდეგ დ. ნ-ძემ კვლავ მიმართა სასამართლოს და მოპასუხისაგან მოითხოვა 1998 წლის 26 ნოემბრიდან 24 იანვრამდე მიუღებელი სარჩოს ანაზღაურება.
სასამართლოს 2001 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხეს ერთდროულად გადასახდელად დაეკისრა 2653 ლარი, ხოლო 2001 წლის 24 იანვრიდან ყოველთვიურად _ 146 ლარი.
ზემოთ მითითებული სარჩელის განხილვის დროს მოსარჩელეს არ მოუთხოვია არც მომვლელის და არც მოვლის ხარჯების ანაზღაურება.
ასევე უდავოდ დადგენილია, რომ დ. ნ-ძე 1998 წლის 1 აპრილიდან საჭიროებს მომვლელს, ხოლო მომვლელის ყოველთვიური ხარჯები შეადგენს 40 ლარს.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელემ მოითხოვა სარჩოს მიღება მოვლის დანამატიანად, ხოლო შემდეგ მოხსნა რა მოთხოვნა ამ ნაწილში, სასამართლომ ის კანოინერად არ დააკმაყოფილა. სააპელაციო სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლო ვერ გაიზიარებდა აპელანტის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მოვლის დანამატის შესახებ ქ. ქუთაისის საოლქო სასამართლოში არ ყოფილა მიღებული გადაწყვეტილება.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არც საქალაქო სასამართლოს 2001 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილებას და არც ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოს 2001 წლის 15 მარტის გადაწყვეტილებას არ დაუდგენია მოვლის ხარჯების გადასახდელად დაკისრების ან გადასახდელად დაკისრებაზე უარის თქმის საკითხი. ამ გადაწყვეტილებების სარეზოლუციო ნაწილში არაა მითითებული მოვლის ხარჯების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ, ანუ მოვლის ხარჯებთან დაკავშირებით იმავე მხარეებს შორის რაიმე გადაწყვეტილება მიღებული არ არის.
სააპელაციო სასამართლოს 2001 წლის 15 მარტის გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში იმის მითითება, რომ მოვლის დანამატის დარიცხვის ნაწილში მოთხოვნის დაკმაყოფილება სასამართლოს მიზანშეუწონლად მიაჩნია, არ მიუთითებს იმაზე, რომ ამ ნაწილში მიღებულია გადაწყვეტილება და თითქოს არსებობს საქმის შეწყვეტის საფუძველი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის შესაბამისად.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის “ბ” პუნქტის საფუძველზე სასამართლო მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან განჩინება, რომელიც გამოტანილია დავაზე იმავე მხარეებს შორის იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის მიღების ან მხარეთა მორიგების დამტკიცების შესახებ.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ასეთი გადაწყვეტილება ან განჩინება, რომლითაც გადაწყდა მოვლის ხარჯების ანაზღაურება, არ არსებობს.
დადგენილია, რომ 1990 წელს მიღებულ დაზიანებასთან დაკავშირებით მომვლელის ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნის უფლება მოსარჩელეს წარმოეშვა 1998 წლის 1 აპრილიდან, როცა გაიცა ცნობა მომვლელის აყვანის აუცილებლობის შესახებ.
სამოქალაქო სამართლის კოდექსის 472-ე მუხლის (1964 წლის რედაქციით) შესაბამისად დასახიჩრების ან ჯანმრთელობის სხვაგვარი დაზიანების შემთხვევაში მიყენებული ვნებისათვის პასუხისმგებელი ორგანიზაცია ან მოქალაქე მოვალეა, აუნაზღაუროს დაზარალებულს ის შემოსავალი, რაც მას დააკლდა შრომის უნარის დაკარვგის ან შემცირების შედეგად და აგრეთვე, მისი ჯანმრთელობის დაზიანებით გამოწვეული ხარჯები, მათ შორის _ მოვლის ხარჯებიც. ანალოგიური დადგენილია სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლითაც. ამ მუხლის პირველი ნაწილით მგზავრების გადაყვანისა და ტვირთების გადაზვიდვისათვის გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალების მფლობელი, თუ მისი სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციას მოჰყვა ადამიანის სიკვდილი, დასახიჩრება ან ჯანმრთელობის მოშლა, ანდა ნივთის დაზიანება, ვალდებულია, დაზარალებულს აუნაზღაუროს აქედან წარმოშობილი ზიანი.
მოცემულ შემთხვევაში სს “ქ.-ი” ვალდებულია, აუნაზღაუროს დაზიანებულს მოვლის ხარჯებიც.
მოვლის ხარჯების ყოველთვვიური ოდენობა მოსარჩელის მიერ 40 ლარითაა განსაზღვრული, რაც თანხის ოდენობის თვალსაზრისით მოწინააღმდეგე მხარეს სადავოდ არ გაუხდია.
საქმეში წარმოდგენილი ცნობით მოვლის ხარჯების ანაზღაურება ს.შ.ს.კ შემოწმების აქტით დადგენილია 1998 წლის 1 აპრილიდან, ამიტომ ანაზღაურებაც ამ დროიდან უნდა მოხდეს.
პალატას მიაჩნია, რომ ავადმოყოფობის ისტორიიდან 1990 წლის 14 თებერვლის ამონაწერში მითითებული დანიშნულება “ფსიქიატრის დანიშნულება და მეთვალყურეობა” არ შეიძლება გაიგივებულ იქნეს მომვლელთან და მომვლელის გამო ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნასთან.
სკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კასატორის მოთხოვნა, მომვლელად მისი მეუღლის ნ. ს-ძის დანიშვნის შესახებ, უნდა დაკმაყოფილდეს. ასევე, უნდა ანაზღაურდეს 1998 წლის 1 აპრილიდან 2001 წლის დეკემბრამდე (სულ 44 თვის) 1760 ლარი. 2001 წლის 17 დეკემბრიდან კი ყოველთვიურად გადასახდელად უნდა დაეკისროს 40 ლარი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ საქმის გარემოებები სააპელაციო სასამრათლოს მიერ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშეა დადგენილი და საჭირო არ არის მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამრათლოს მიერ საქმის გარემოებები დადგენილია საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე, მაგრამ სააპელაციო სასამართლომ დადგენილ გარემოებებს მისცა არასწორი შეფასება, რომლის გასწორებაც საკასაციო სასამართლოს შეუძლია.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქარვთელოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
დ. ნ-ძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს მოცემულ საქმეზე ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2001 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.
დ. ნ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდეს.
დ. ნ-ძეს მომვლელად დაენიშნოს მისი მეუღლე ნ. ს-ძე. სს “ქ.-ს” დ. ნ-ძის სასარგებლოდ 1998 წლის 1 აპრილიდან 2001 წლის დეკემბრამდე მოვლის ხარჯების სახით გადასახდელად დაეკისროს 1760 ლარი, ხოლო ამავე მიზნით 2001 წლის 17 დეკემბრიდან ყოველთვიურად დაეკისროს 40 ლარი.
მასვე სახელმწიფო ბაჟის სახით გადასახდელად დაეკისროს 170 ლარი, საიდანაც 70% ჩაირიცხოს საქარვთელოს უზენაესი სასამართლოს ¹000141107 ანგარიშზე (კოდი 59), ხოლო 30% _ სახელმწიფო ბიუჯეტში.
გადაწეყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.