საქმე # 140100122006237390
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №572აპ-25 ქ. თბილისი
შ–ე ხ., 572აპ-25 23 ოქტომბერი, 2025 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
ლევან თევზაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 5 მაისის განაჩენზე შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის პროკურორ ნინო ზურაბაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ხ. შ–ს ბრალად ედება: თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, დიდი ოდენობით; ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება, გამოყენების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
ხ. შ–ის მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგით:
2020 წლის 16 სექტემბერს, ხ. შ–მ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მიმართა განცხადებით და მოითხოვა მ–ს რაიონის სოფელ ზ–ში მდებარე 4000 კვ.მ. მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლების რეგისტრაცია იმ საფუძვლით, რომ, თითქოსდა, აღნიშნული უძრავი ქონება საკარმიდამო ან/და საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად იყო გაცემული. განცხადებასთან ერთად, წარადგინა საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი და მის მიერ შედგენილი ყალბი მონაცემებისშემცველი განცხადება, რომელშიც განმცხადებელი განმარტავდა, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილი აზომვითი ნახაზის შესაბამისი მიწის ნაკვეთი, 2007 წლის მონაცემებით, წარმოადგენდა საკარმიდამო ან/და საოჯახო მეურნეობის მოსაწყობ მიწის ნაკვეთს, რის გამოც, ითხოვდა მიწის ნაკვეთის მის სახელზე რეგისტრაციას. იმის დასადგენად, იყო თუ არა აღნიშნული მიწის ნაკვეთი გაცემული ხ. შ–ის სახელზე საოჯახო ან/და საკარმიდამო მეურნეობის მოსაწყობად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ წერილით მიმართა მ–ს მუნიციპალიტეტის მერიას, რაც შესასრულებლად დაეწერა მ–ს მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს ს–ს ადმინისტრაციულ ერთეულში – ი. ო–ეს.
ი. ო–ემ 2020 წლის 24 ნოემბერს, თ. ე–ს, დ. ე–ს და ა. ძ–ს მონაწილეობით შეადგინა უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების ოქმი N...... ოქმში მოწმეებმა ხ. შ–ის თხოვნით, მისთვის სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით ღირებულების მქონე მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლებაში დახმარების მიზნით, განზრახ დაადასტურეს ყალბი მონაცემი, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა ხ. შ–ის სახელზე საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად გაცემულ ნაკვეთს. ამავე ოქმის საფუძველზე, გაიცა ცნობა, რაც გადაიგზავნა მარეგისტრირებელ ორგანოში. აღნიშნული აქტი 2020 წლის 21 დეკემბრის მ–ს მუნიციპალიტეტის მერიამ გადაგზავნა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში. 2021 წლის 18 იანვარს მ–ს რაიონის სოფელ ზ–ში მდებარე, 101 267 ლარის ღირებულების, 4000 კვ.მ ს/კ 72.04.22.518 მიწის ნაკვეთი, დარეგისტრირდა ხ. შ–ის საკუთრებად, რითაც სახელმწიფოს მიადგა დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.
2. გორის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 26 დეკემბრის განაჩენით ხ. შ–ე, – დაბადებული 19.. წელს, – ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში.
გაუქმდა ხ. შ–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – გირაო და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში გირაოს შემტანს უნდა დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი თანხა.
გაუქმდა ხ. შ–ის კუთვნილ უძრავ ქონებაზე, საკადასტრო კოდით: ........., დადებული ყადაღა.
ხ. შ–ეს განემარტა, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.
3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის პროკურორმა ნინო ზურაბაშვილმა, რომელმაც მოითხოვა გამამართლებელი განაჩენის გაუქმება, მის ნაცვლად, ხ. შ–ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა და მის მიმართ მკაცრი სასჯელის დანიშვნა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 5 მაისის განაჩენით გორის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 26 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 5 მაისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის პროკურორმა ნინო ზურაბაშვილმა, რომელმაც მოითხოვა გამამართლებელი განაჩენის გაუქმება, მის ნაცვლად, ხ. შ–ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა და მის მიმართ მკაცრი სასჯელის დანიშვნა.
6. გამართლებული ხ. შ–ე და მისი ინტერესების დამცველი, ადვოკატი ი. კ–ე საკასაციო საჩივრის შესაგებლით ითხოვს პროკურორის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობას, ვინაიდან გასაჩივრებული განაჩენი კანონიერი და დასაბუთებულია.
7. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება რომელიმე ზემოაღნიშნული საფუძველი.
9. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის პროკურორ ნინო ზურაბაშვილის პოზიციას, რომ სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და უკანონოდ გამოიტანა გამამართლებელი განაჩენი.
10. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ დეტალურად დაასაბუთა ის მოტივები, რომელთა საფუძველზეც გორის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 26 დეკემბრის გამამართლებელი განაჩენი უცვლელად დატოვა, რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება. საქმეში არ არის წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ხ. შ–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენას.
11. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მტკიცებულებათა გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად წარმოიშვა გონივრული ეჭვი ხ. შ–ის ბრალეულობასთან მიმართებით, რაც, საქართველოს კონსტიტუციისა და სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობიდან გამომდინარე, ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სწორად გადაწყვიტეს ბრალდებულების სასარგებლოდ. სააპელაციო სასამართლომ ერთი მხრივ, დეტალურად მიმოიხილა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, ხოლო, მეორე მხრივ, მათ შინაარსზე დაყრდნობით, ამომწურავად დაასაბუთა ის გარემოებები, რამაც განაპირობა ხ. შ–ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა. აღსანიშნავია, რომ ბრალდების მხარემ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გაუქმების მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართა იმავე არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული, ხოლო მასში მითითებული არგუმენტაციის გამეორებას საკასაციო სასამართლო მიზანშეწონილად არ მიიჩნევს.
12. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის იმპერატიული დანაწესის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი, ხოლო სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას, რაც, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის საფუძველზე, გულისხმობს მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში.
13. ამავე დროს, სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, №49684/99, §30, 25/12/2001). მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ – ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „გოროუ საბერძნეთის წინააღმდეგ“ (Gorou v. Greece (№2) ECtHR, №12686/03, §37, §41, 20/03/2009).
14. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
15. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის პროკურორ ნინო ზურაბაშვილის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: ლ. თევზაძე
ლ. ფაფიაშვილი