Facebook Twitter

¹ 3კ/1149-01 21 დეკემბერი, 2001 წ. , ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. წიქვაძე (თავმჯდომარე),

მ. გოგიშვილი,რ. ნადირიანი

დავის საგანი: ზიანის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

ლ. გ-ძემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თერჯოლის რაიონულ სასამართლოს და განმარტა, რომ არის მეორე ჯგუფის ინვალიდი, საწარმოო ტრავმა მიიღო 1972 წელს ეკლარის კარიერის სამმართველოში მუშაობის დროს. სამედიცინო კომისიამ დაუნიშნა პენსია, რომელსაც რეგულარულად ღებულობდა 1993 წლამდე, ხოლო შემდეგ გაურკვეველი მიზეზების გამო პენსია აღარ მიუღია. აღნიშნულის გასარკვევად მოსარჩელემ მიმართა საწარმოს სამართალმემკვიდრე სს “ე.-ს”, რომლის დირექციამ უარი უთხრა პენსიის გადახდაზე ხანდაზმულობის გამო.

მოსარჩელემ მოითხოვა 1999 წლიდან დღემდე გაცდენილი პენსიის _ 2352 ლარის სს “ე.-ზე” დაკისრება.

თერჯოლის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 14 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ლ. გ-ძის სარჩელი და მოპასუხე სს “ე.-ს” მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2352 ლარის გადახდა.

თერჯოლის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილებით გაუქმდა იმავე სასამართლოს 2000 წლის 14 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რადგან მოპასუხის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით. მოსარჩელე ლ. გ-ძის სარჩელი სს “ე.-ის” მიმართ არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ. გ-ძემ. აპელანტმა მოითხოვა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 11 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ლ. გ-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის გამოუცხადებლობის გამო.

ლ. გ-ძემ დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საოლქო სასამართლოში შეიტანა საჩივარი და განმარტა, რომ სასამართლო პროცესზე ვერ გამოცხადდა ავადმყოფობის გამო, რასაც ადასტურებს შპს “ქ.-ის” მიერ გაცემული ცნობა, დიაგნოზით ჰიპერტონული დაავადება II სტადია კრიზით. ამდენად, ლ. გ-ძის აზრით, მისი პროცესზე გამოუცხადებლობა გამოწვეულია საპატიო მიზეზით და ითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებას და საქმის არსებით განხილვას.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 3 სექტემბრის განჩინებით ლ. გ-ძის საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელი დარჩა სააპელაციო პალატის 2001 წლის 11 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ საქმეში არსებული ¹... პოლიკლინიკის ცნობის მიხედვით დადასტურებულად მიიჩნია, რომ ლ. გ-ძე მკურნალობს ¹... პოლიკლინიკაში დიაგნოზით ჰიპერტონული დაავადება II სტადია, ავადმყოფი ავადაა 2001 წლის 8 ივნისიდან. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ სასამართლო სხდომა ჩატარდა 11 ივნისს, 9 ივნისიდან 11 ივნისის ჩათვლით პერიოდში კი აპელანტის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება მის მიერ 11 ივნისს დანიშნული სხდომის საპატიო მიზეზით გაცდენის შესახებ.

სააპელაციო პალატამ ასევე არ გაიზიარა ლ. გ-ძის ქალიშვილის მეზობლების განმარტებები, რომელთა თანახმად აპელანტი 8 ივისიდან 25 ივნისამდე შვილთან იყო სტუმრად, იყო ავად, ჰქონდა თავის ტკივილები და დიდი წნევა. სასამართლოს აზრით, აღნიშნული პირები არიან დაინტერესებული პირები.

საოლქო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ლ. გ-ძემ. კასატორმა მიუთითა, რომ არ ეთანხმება სასამართლოს მოსაზრება იმის თაობაზე, რომ მოსამართლემ და მისმა თანამშრომლებმა გააფრთხილეს 11 ივნისის პროცესის დანიშვნაზე და მისცეს უწყება, რომელზეც ხელი არ მოაწერა, ვინაიდან აღნიშნული სიმართლეს არ შეესაბამება. კასატორის განმარტებით მან საერთოდ არ იცოდა პროცესის თარიღის შესახებ და არც არსად დაუდასტურებია ხელმოწერით აღნიშნულის თაობაზე.

კასატორმა, ამასთან, მიუთითა, რომ სასამართლომ არასწორად შეაფასა ¹... პოლიკლინიკის მიერ გაცემული 12 ივნისის ¹48 ცნობა, ვინაიდან ცნობა გაცემულია 12 ივნისს და მკურნალობის პერიოდი მოიცავს არა მარტო ცნობის გაცემის დღეს, არამედ, წინა და შემდგომ დღეებსაც.

კასატორმა ასევე არ გაიზიარა სასამართლოს მოსაზრება იმის თაობაზე, რომ მისი ქალიშვილის მეზობლები არიან დაინტერესებული პირები, ვინაიდან სააპელაციო პალატა არ ასაბუთებს მათი დაინტერესების მოტივებს და მიზეზებს. კასატორის განმარტებით, მისი ქალიშვილის მეზობლების დასტური არ შეიძლება ჩაითვალოს ძირითად მტკიცებულებად, მაგრამ განმარტებები ამაგრებენ 12 ივნისს ¹48 ცნობით დადასტურებულ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას და კიდევ უფრო ზრდიან ამ ცნობის მტკიცების ძალას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა მოითხოვა ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2001 წლის 3 სექტემბრის განჩინების გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობისათვის გადაცემა.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობითა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენით მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.

მოცემულ საქმეში წარმოდგენილია შპს “ქ.-ის” ცნობა, რომლის მიხედვითაც ლ. გ-ძე მკურნალობს აღნიშნულ პოლიკლინიკაში დიაგნოზით ჰიპერტონალური დაავადება II სტ.კრიზით, ავადმყოფი ავადაა 8 ივნისიდან. Aამასთან, საქმეში წარმოდგენილია ახსნა განმარტებები, რომლის მიხედვით ლ. გ-ძე საქმის განხილვის დღისათვის იმყოფებოდა ავად. საკასაციო პალატა აღნიშნული გარემოებების საფუძველზე თვლის, რომ კასატორს ჰქონდა საპატიო მიზეზი, რომლის შესახებაც მხარეს არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.

გარდა აღნიშნულისა, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ დარღვეულია სსსკ-ის 233-ე მუხლის მოთხოვნები, რომლის თანახმად სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ გამოუცხადებელი მხარე მიწვეული არ იყო 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2001 წლის 24 მაისის სხდომა გადაიდო, მაგრამ აღნიშნული დღის სხდომის ოქმში არ არის დაფიქსირებული გადადების ზუსტი თარიღი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ ქუთაისის საოლქო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება მიღებულია კანონის მოთხოვნათა დარღვევით, რაც მათი გაუქმების საფუძველს წარმოადგენს.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე, 233-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ლ. გ-ძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს. მოცემულ საქმეზე გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 3 სექტემბრის განჩინება, 2001 წლის 11 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და საქმე განსახილველად დაუბრუნდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატას.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.