საქმე N 080140025011788744
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №1081-25 20 ოქტომბერი, 2025 წელი
ა. ზ., 1081-25 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
ლევან თევზაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ზ. ა-ს ინტერესების დამცველი ადვოკატების – თ. ხ-სა და ნ. ა-ს საჩივარი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 19 სექტემბრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასამართლოში წარმოდგენილი მსჯავრდებულ ზ. ა-ს, – დაბადებულის ..., პ/ნ ..., – საქმის მასალების მიხედვით:
2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 16 იანვრის განაჩენით, ზ. ბ. (ამჟამად ზ. ა.) ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით – 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მასვე, დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა – 4000 ლარი; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის 1-ელი ნაწილით – 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მასვე, დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა – 2000 ლარი; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით – 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მასვე, დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა – 3000 ლარი; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე, დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა – 3000 ლარი; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით – ჯარიმა 2000 ლარი; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის 1-ელი ნაწილის შესაბამისად, შეფარდებული სასჯელები შეიკრიბა სრულად და, საბოლოოდ, განესაზღვრა – 14 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა 14000 ლარი. მასვე, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 1-ელი პუნქტის საფუძველზე, შესაბამისი ვადით ჩამოერთვა ამავე კანონით გათვალისწინებული უფლებები.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 20 მარტის განაჩენით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 16 იანვრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 18 მაისის განჩინებით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 16 იანვრის განაჩენზე საკასაციო საჩივრები არ იქნა დაშვებული განსახილველად.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 18 დეკემბრის განაჩენით, ზ. ბ. (ამჟამად ზ. ა.) ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3782-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (2015 წლის 18 აგვისტოს ეპიზოდი) – 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3782-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (2015 წლის 31 აგვისტოს ეპიზოდი) – 3 თვით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და განესაზღვრა – 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით შეფარდებულ სასჯელს დაემატა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 16 იანვრის განაჩენით დანიშნული, ამავე სასამართლოს 2013 წლის 14 თებერვლის განჩინებითა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 11 ივლისის განაჩენით შემცირებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 3 წლითა და 17 დღით თავისუფლებას აღკვეთა და ჯარიმა 14000 ლარი და, განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ მიესაჯა – 3 წლით, 6 თვითა და 17 დღით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა – 14000 ლარი.
6. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 16 მარტის განაჩენით, ზ. ა. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის 1-ელი ნაწილით და სასჯელის სახით განესაზღვრა – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობიად; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით შეფარდებულ სასჯელს მთლიანად დაემატა წინა – თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 18 დეკემბრის განაჩენით – დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – ჯარიმა 14000 ლარი და და, განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ მიესაჯა – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად, 2 წლის გამოსაცდელი ვადით და ჯარიმა 14000 ლარი.
7. 2025 წლის 5 სექტემბერს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიმართეს მსჯავრდებულ ზ. ა-ს ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა – თ. ხ-მ და ნ. ა-მ და მოითხოვეს, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გამოყენებით, ზ. ა-ს გათავისუფლება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 16 იანვრის განაჩენით დაკისრებული 14000-ლარიანი ჯარიმისაგან.
8. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 19 სექტემბრის განჩინებით მსჯავრდებულ ზ. ა-ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი არ გავრცელდა.
9. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 19 სექტემბრის განჩინება გაასაჩივრეს მსჯავრდებულ ზ. ა-ს ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა – თ. ხ-მ და ნ. ა-მ, რომლებიც ითხოვენ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის საფუძველზე, ზ. ა-ს 14000-ლარიანი ჯარიმისაგან გათავისუფლებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა, გააანალიზა კასატორების საკვანძო არგუმენტები და მიჩნია, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო მსჯავრდებულ ზ. ა-ს მიმართ უნდა გავრცელდეს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი, შემდეგ გარემოებათა გამო:
2. ზ. ა-ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გავრცელებაზე უარს საფუძვლად დაედო შემდეგი არგუმენტაცია:
3. იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს 2025 წლის 18 სექტემბრის №... მომართვის თანახმად, ზ. ბ.ს (პ/ნ ...) მიმართ 2012 წლის 16 იანვრის განაჩენზე სააღსრულებო ფურცელი, სააღსრულებო ბიურომ აღსასრულებლად წარმოებაში მიიღო – 2012 წლის 5 ივლისს. აღნიშნულ განაჩენზე სააღსრულებო წარმოება დასრულებულია – გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 18 დეკემბრის განაჩენით. ამავე ბიუროს 2025 წლის 19 სექტემბრის №... მომართვით ირკვევა, რომ მათ წარმოებაშია ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2023 წლის 17 მარტს გაცემული ... აღსრულების ქვემდებარე აქტი, რომლითაც ზ. ა.ს (პ/ნ ...) დაეკისრა ჯარიმის – 14000 ლარის – გადახდა ბიუჯეტის სასარგებლოდ. აღნიშნული თანხა არ არის გადახდილი და იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროში აღნიშნულ საქმეზე ზ. ა-ს (პ/ნ ...) მიმართ მიმდინარეობს სააღსრულებო წარმოება.
4. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გამოყენების საფუძველი, რამეთუ ზ. ა-ს მიმართ სააღსრულებო წარმოება მიმდინარეობს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 16 მარტის განაჩენის საფუძველზე.
5. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის მსჯავრდებული პირი ჯარიმისაგან სრულად თავისუფლდება იმ შემთხვევაში, თუ ჯარიმის შეფარდების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება მიღებულია 2012 წლის 1 ოქტომბრამდე და ჯარიმის დაკისრების თაობაზე სასამართლოს გადაწყვეტილება აღსრულებული არ არის.
6. მოცემულ შემთხვევაში, განსახილველი საქმის მასალები ცხადყოფს, რომ ზ. ა-ს (წარსულში ზ. ბ.ს) მიმართ ჯარიმის შეფარდების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება მიღებულია 2012 წლის 1 ოქტომბრამდე და ჯარიმის დაკისრების თაობაზე სასამართლოს გადაწყვეტილება აღსრულებული არ არის, კერძოდ: ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 16 მარტის განაჩენით ზ. ა-სათვის განსაზღვრულ პირობით მსჯავრს დაემატა წინა – თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 18 დეკემბრის განაჩენით დაკისრებული ჯარიმა – 14000 ლარი, რომელიც, ამ განაჩენსაც, თავის მხრივ, დამატებული ჰქონდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 16 იანვრის განაჩენით დაკისრებული დამატებითი სასჯელიდან – 14000 ლარიანი ჯარიმიდან – რის გამოც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ზ. ა. უნდა გათავისუფლდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 16 მარტის განაჩენით დაკისრებული, 14000-ლარიანი ჯარიმის მოხდისაგან.
7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ზ. ა-ს ინტერესების დამცველი ადვოკატების – თ. ხ-სა და ნ. ა-ს საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ ზ. ა-ს ინტერესების დამცველი ადვოკატების – თ. ხ-სა და ნ. ა-ს საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 19 სექტემბრის განჩინება შეიცვალოს:
3. მსჯავრდებული ზ. ა. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, გათავისუფლდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 16 მარტის განაჩენით დაკისრებული, 14000-ლარიანი ჯარიმის მოხდისაგან;
4. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 16 მარტის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად;
5. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: ლ. თევზაძე
ლ. ფაფიაშვილი