Facebook Twitter

საქმე N 330100123008076046

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

№423აპ-25 ქ. თბილისი

დ. თ., 423აპ-25 28 ოქტომბერი, 2025 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

ლევან თევზაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ თ. დ-ს ინტერესების დამცველის – ადვოკატ თ. გ-სა და თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურორის – ზვიად გუბელაძის – საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 25 მარტის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, თ. დ-ს, – დაბადებულს ..., – ბრალად დაედო: განზრახ მკვლელობის მცდელობა, ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ორი ან ორზე მეტი პირისა; ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინაარმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება (ორი ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგით:

1.1. 2023 წლის 3 აგვისტოს, საღამოს, ... ქუჩების კვეთაზე, თ. დ-მ ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა ბ. ქ-სა და მასთან მდგომ რამოდენიმე პირს. გასროლის შედეგად, ჯანმრთელობა დაუზიანდა ბ. ქ-ს (აღენიშნებოდა შემავალი ჭრილობა უკანა მარცხენა მხარეს, მენჯის არეში), რომელიც გადაიყვანეს .. . მდებარე .... თ. დ-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად, ასევე დაზიანდა ... ქუჩების კვეთაზე მყოფი ავტომანქანები – ვ-..ს „Toyota Sienna-ს“ მოდელის ავტომანქანა (სახელმწიფო ნომრით: ...); მ. გ. „Hyunday Elantra-ს“ მოდელის ავტომანქანა (სახელმწიფო ნომრით: ...) და შსს-ს სსიპ - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის „Skoda Rapid-ის“ მოდელის ავტომანქანა (სახელმწიფო ნომრით: ....), რითაც საფრთხე შეექმნა სხვათა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.

1.2. თ. დ-მ გამოძიებით დაუდგენელ დროს, მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა „TT-ს“ კონსტრუქციის №... პისტოლეტი, მასში მოთავსებული ვაზნებით.

1.3. თ. დ. მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა „TT-ს“ კონსტრუქციის №... პისტოლეტს, მასში მოთავსებული ვაზნებით, რომელიც 2023 წლის 3 აგვისტოს, საღამოს, ... ქუჩების კვეთაზე გამოიყენა.

1.4. თ. დ-მ გამოძიებით დაუდგენელ დროს, მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და შეინახა ქარხნული წესით დამზადებული, 1930-33 წლების ნიმუშის, ტოკარევის კონსტრუქციის 7,62 მმ კალიბრიანი, №... პისტოლეტის მოდელი „TT“, რომელიც მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის; ასევე – ქარხნული წესით დამზადებული, 7,62 მმ კალიბრიანი, 1930 წლის ნიმუშის, 8 ვაზნა, განკუთვნილი ტოკარევის კონსტრუქციის პისტოლეტებისათვის „TT“ პისტოლეტ-ტყვიამფრქვევებისათვის, „РРД“, „ППЩ“ და სხვა, რომლებიც მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია გამოსაყენებლად.

1.5. თ. დ., მის მიერ მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილ და შენახულ, ქარხნული წესით დამზადებულ, 1930-33 წლების ნიმუშის, ტოკარევის კონსტრუქციის, 7,62 მმ კალიბრიან, №... პისტოლეტის მოდელის „TT-სა“ და ქარხნული წესით დამზადებულ, 7,62მმ კალიბრიან, 1930 წლის ნიმუშის, 8 ვაზნას, განკუთვნილს ტოკარევის კონსტრუქციის პისტოლეტებისათვის „TT“ პისტოლეტ-ტყვიამფრქვევებისათვის, „РРД“, „ППЩ“ და სხვა – მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა 2023 წლის 4 აგვისტოს, რაც ამოუღეს მას ... მიმდებარედ, პირადი ჩხრეკის შედეგად.

2. თ. დ-ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის „ბ“, „ლ“ ქვეპუნქტებითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ორი ეპიზოდი).

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 1 მაისის განაჩენით, თ. დ-სათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის „ბ“, „ლ“ ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე; იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ელი ნაწილით – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით (2023 წლის 3 აგვისტოს ეპიზოდი) – 5 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2023 წლის 3 აგვისტოს ეპიზოდი) – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით (2023 წლის 4 აგვისტოს ეპიზოდი) – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2023 წლის 4 აგვისტოს ეპიზოდი) – 5 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და თ. დ-ს, საბოლოოდ მიესაჯა – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც აეთვალა 2023 წლის 4 აგვისტოდან.

4. სასამართლომ დაადგინა, რომ მსჯავრდებულის ქმედებაში არ იკვეთებოდა ორი ან ორზე მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა, ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნიდა საფრთხეს სხვის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, არამედ – თ. დ-მ ჩაიდინა ბ. ქ-ს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, მაკვალიფიცირებელი გარემოებების გარეშე; ასევე – ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება (2023 წლის 3 აგვისტოსა და 2023 წლის 4 აგვისტოს ეპიზოდები).

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 1 მაისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს, როგორც მსჯავრდებულ თ. დ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა – თ. გ-მ, რომელიც ითხოვდა თ. დ-ს უდანაშაულოდ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ელი ნაწილით გათვალისწინებული ქმედებისათვის; ასევე – თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – ანა მეტრეველმა, რომელიც ითხოვდა განაჩენში ცვლილების შეტანას, თ. დ-ს დამნაშავედ ცნობას მისთვის ბრალადწარდგენილი კვალიფიკაციით და მკაცრი სასჯელის განსაზღვრას. მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (2023 წლის 3 აგვისტოსა და 2023 წლის 4 აგვისტოს ეპიზოდებისათვის) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის თ. დ-ს მსჯავრდების კანონიერება ან/და სამართლიანობა.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 25 მარტის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 1 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 25 მარტის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს, ერთი მხრივ, მსჯავრდებულ თ.- დ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა – თ. გ-მ, ხოლო, მეორე მხრივ, თბილისის ძველი თბილისის რაიონულმა პროკურორმა – ზვიად გუბელაძემ.

8. კასატორი – დაცვის მხარე – ითხოვს განაჩენის შეცვლასა და თ. დ-ს მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ელი ნაწილით გამამართლებელი განაჩენის დადგენას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ მსჯავრდების ამ ნაწილში გადაწყვეტილება უკანონო და დაუსაბუთებელია, რადგან უტყუარად ვერ დგინდება მიზეზობრივი კავშირი მსჯავრდებულის ქმედებასა და ბ. ქ-ს ჯანმრთელობის დაზიანებას შორის. ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული, 4 სხვადასხვა იარაღიდან გასროლილი, 18 მასრიდან, მხოლოდ – 2 იყო იმ იარაღიდან, რომელსაც მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა თ. დ. და არ არის დადგენილი, გარდა მსჯავრდებულისა, კიდევ ვინ ისროდა შემთხვევის ადგილზე. შესაბამისად, შეუძლებელია იმის უტყუარად მტკიცება, რომ სწორედ თ. დ-მ მიაყენა განზრახ დაზიანება ბ. ქ-ს. ბალისტიკური ექსპერტის მითითებით, მსჯავრდებულის მიერ გასროლილია №... და №... მასრები, რომლებიც, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის მიხედვით, ამოღებულია გ. მ-ს ქუჩის შიდა მხარეს და არა – გზაჯვარედინზე ან მის სიახლოვეს. ამავე ექსპერტის განმარტებით, გასროლის შემდეგ, მასრა ვარდება მარჯვნივ, რამდენიმე მეტრში. შესაძლოა, ინერციით განაგრძოს მოძრაობა, თუ რელიეფი დახრილია, რაც განსახილველ შემთხვევაში არ იკვეთება. დაზიანება არ აღენიშნებოდა იმ შენობას, სადაც ბრალდების მტკიცებით, იდგა დაზარალებული და მისი მიმართულებით რამდენჯერმე გაისროლა მსჯავრდებულმა. ასხლეტის კვალი არ აქვს არც ასფალტის ზედაპირს. დაზარალებული სასამართლოში არ დაკითხულა, თუმცა მისი გამოკითხვის ოქმით ირკვევა, რომ მას შემდეგ, რაც დაიჭრა, დაიწყო მოძრაობა მაღაზია „ს-ს“ მიმართულებით, რის მერეც შევიდა უბნის მაღაზიაში, რაც ცხადყოფს, იგი არ მდგარა იმ შენობასთან, რომლის მიმართულებითაც, დაცვის პოლიციელების მტკიცებით, ისროდა მსჯავრდებული. მოწმე ბ. ა-ს ჩვენების მიხედვით, შემთხვევის დროს, დაზარალებულთან ერთად იდგა გ. მ-ს სახელობის პარკთან და არა – იმ ადგილას, რომელზეც დაცვის პოლიციელები მიუთითებენ. სროლის კვალდაკვალ კი, დაინახა მათკენ მიმავალი პირი, რომელიც არ ყოფილა მისი ნაცნობი თ. დ.. მოწმეთა ჩვენებებით, პირს, რომელიც დამიზნებით ისროდა, იარაღი ეკავა ჰორიზონტალურად, მაშინ, როდესაც სამედიცინო დოკუმენტაციის მიხედით, დაზარალებულის ჭრილობის არხი მიემართება ქვევიდან ზევით. თ. დ-მ ხელთნაქონი იარაღიდან გაისროლა მას შემდეგ, რაც თვითონაც მიიღო ცეცხლნასროლი დაზიანება და მიემართებოდა თავისი სახლისკენ, საითაც ასევე არაერთი პირი მირბოდა სროლით.

9. კასატორი – ბრალდების მხარე – ითხოვს განაჩენის შეცვლასა და თ. დ-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის „ბ“, „ლ“ ქვეპუნქტებითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ორი ეპიზოდი) მისთვის ბრალადშერაცხილი დანაშაულების ჩადენისათვის და მკაცრი სასჯელის განსაზღვრას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება უკანონოა, რადგან ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება, რომ თ. დ. მოქმედებდა მკვლელობის პირდაპირი განზრახვით; ამავდროულად, კასატორის მითითებით, მსჯავრდებულის მიმართ გამოყენებულია მეტად ლოიალური სასჯელი. მოწმეების: გ. ნ-ს, უ. ი-სა და ლ. ო-ს ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერეის ოქმითა და ამოღებული ნივთმტკიცებებით, ბალისტიკური და სამედიცინო ექსპერტიზების დასკვნებით დადასტურებულია, რომ თ. დ-ს წინასწარ ჰქონდა განზრახული მკვლელობა, მის მიერვე მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი და შენახული იარაღიდან, რის გამოც, თავდაპირველად, 2023 წლის 2 აგვისტოს, თითქოსდა შეყვარებულის მოსაძებნად წასულმა, შეათვალიერა მ. წ-ს, კ-სა და გ. მ-ს ქუჩების ტერიტორია. მოგვიანებით, 2023 წლის 3 აგვისტოს, საღამოს, წინასწარი განზრახვით, არაერთხელ გაისროლა კ-სა და გ. მ-ს ქუჩების კვეთაზე მყოფი პირების მიმართულებით, როდესაც ამ ტერიტორიაზე იყვნენ და გადაადგილდებოდნენ ადამიანები. შესაბამისად, თ. დ-მ ჩაიდინა ბ. ქ-სა და მასთან მყოფი ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა, რა დროსაც დაიჭრა ბ. ქ., რომელმაც მიიღო სიცოცხლისათვის სახიფათო, მძიმე ხარისხის დაზიანება. მსჯავრდებულმა დანაშაული ჩაიდინა ისეთი საშუალებით, რომელიც საფრთხეს უქმნის სხვათა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, რამეთუ ცეცხლსასროლი იარაღიდან არაერთხელ ისროლა ქუჩაში, ხალხმრავალ ადგილას და მისი გასროლილი ტყვები მოხვდა სხვა პირთა ავტომანქანებს. ამავდროულად, კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლოს არ გაუთვალისწინებია მსჯავრდებულის პიროვნული მახასიათებლები, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, მისი მისწრაფება, დაზარალებულისათვის აენაზღაურებინა ზიანი და თ. -ს შეუფარდა მსუბუქი სასჯელი, რომელიც ვერ უზრუნველყოფს მის მიზნებს – სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლომ განიხილა საკასაციო საჩივრები, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრების საფუძვლიანობა, გააანალიზა კასატორების საკვანძო არგუმენტები და მიაჩნია, რომ დაცვის მხარის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

2. პირველ რიგში საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის მტკიცებას, რომ მსჯავრდებულ თ. დ-ს ქმედება მიზეზობრივად არ უკავშირდება დამდგარ შედეგს, რისი გათვალისწინებითაც, თითქოსდა, შეუძლებელია მას მსჯავრად შეერაცხოს ბ. ქ-ს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რამეთუ საპირისპირო მტკიცება გამომდინარეობს კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებული და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობიდან, რომლებიც ქმნიან უტყუარ და საკმარის საფუძველს გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, კერძოდ:

3. აღსანიშნავია, რომ დავის საგანი არ არის და სასამართლოსაც, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნიდან გამომდინარე, დადასტურებულად მიაჩნია, რომ 2023 წლის 3 აგვისტოს, საღამოს, დაზარალებულ ბ. ქ-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ჭურვის მოქმედების შედეგად, აღენიშნებოდა სიცოცხლისათვის სახიფათო, მძიმე ხარისხის დაზიანება – ზურგის ქვედა ნაწილისა და მენჯის ღია ჭრილობა; მუცლის ღრუს დაუზუსტებელი ორგანოს ტრავმა; მუცლის ღრუს ორგანოების მრავლობითი ტრავმა, თეძოს ძვლის მოტეხილობა; მუცლის ღრუს სხვა ორგანოების ტრავმა.

4. ბრალდების მხარის მტკიცებით, ბ. ქ-ს შემთხვევის დღეს, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, სწორედ თ დ-მ მიაყენა განზრახ დაზიანება, ხოლო დაცვის მხარის მითითებით, უტყუარად არ დგინდება, ვისი გასროლილი ტყვიით დაიჭრა ბ. ქ., შესაბამისად, სამხილების შეფასების დროს გაჩენილი ეჭვები, რომლებიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, In dubio pro reo - პრინციპიდან გამომდინარე, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის/მსჯავრდებულის სასარგებლოდ.

5. შესაბამისად, მხარეებს შორის სადავო საკითხის გადასაწყვეტად და თ. დ-ს დამნაშავეობა/უდანაშაულობის გამოსარკვევად, მეტად მნიშვნელოვანია საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ყოველმხრივი და ობიექტური შეფასების კვალდაკვალ, შემთხვევის დროს, შემთხვევის ადგილზე არსებული ვითარების აღდგენა.

6. მსჯავრდებულ თ. დ-ს მითითებით, შემთხვევის დღეს – 2023 წლის 3 აგვისტოს, ტაქსით მოძრაობისას გაახსენდა, რომ სახლში საქმე ჰქონდა და მძღოლს სთხოვა, გ. მ-ს ქუჩაზე წაეყვანა. მანქანა კ-ს ქუჩაზე გააჩერა და ფეხით მიდიოდა შინ, როდესაც გაიგო სროლის ხმა, რომელიც მისკენ მიემართებოდა. შეშინებულმა, თავადაც გაისროლა ჰაერში, ისე, რომ არავის მოკვლის ან დაზიანების განზრახვა არ ჰქონია. გაქცევისას, მისი მიმართულებით ისროდნენ, ამიტომ მეორედაც გაისროლა ჰაერში. იგრძნო, რომ თავადაც დაჭრილი იყო და ზურგიდან სისხლი სდიოდა.

7. ამავდროულად, მსჯავრდებულის მტკიცების საპირისპირო განმარტებები მისცეს სასამართლოს მოწმეების სახით დაკითხულმა – გ. ნ-მ, უ. ი-მ და ლ. ო-მ – რომლებიც უშუალოდ შეესწრნენ თ. დ-სათვის მსჯავრადშერაცხილ შემთხვევას და რომელთა მონათხრობის სანდოობაში დაეჭვების გონივრულ საფუძველს ვერც დაცვის მხარე უთითებს თავის საკასაციო საჩივარში და არც საქმის მასალებით დადგენილა. კერძოდ:

8. მოწმე გ. ნ-ს ჩვენებით, რომელმაც ტაქსით მიიყვანა სწორედ შემთხვევის ადგილზე თ. დ., დგინდება, რომ მსჯავრდებული პირველად შემთხვევის წინა დღეს – 2023 წლის 2 აგვისტოს ნახა, როდესაც მასთან გამოძახებაზე მივიდა. თ. დ. შავებში იყო ჩაცმული. უთხრა, რომ აპლიკაციაში მითითებული მისამართის ნაცვლად, მ-ზე წაეყვანა, მისი შეყვარებულის მოსაძებნად. მოეწონა, ტაქსის ტრაფარეტს რომ არ ატარებდა და უკანა მინები დამუქებული რომ ჰქონდა. დაახლოებით, საათნახევარი იარეს გ. მ-სა და კ-ს ქუჩების კვეთასა და მიმდებარედ. შემდეგ წავიდნენ ვ.. მოძრაობდნენ რესტორნებთან. კონკრეტულ ადგილებთან ანელებდნენ სვლას. მერე ისევ მ-ზე დაბრუნდნენ, თუმცა კვლავ უშედეგოდ და მსჯავრდებული გამოძახების მისამართზე დააბრუნა. თ. დ-მ კორპუსის ავტოსადგომზე ჩაყვანა სთხოვა, რადგან, მისი თქმით, ავარიის გამო სიარული უჭირდა. შეთანხმდნენ, რომ მეორე დღესაც ასე მოემსახურებოდა. მართლაც დაურეკა მომდევნო საღამოს და იმავე მისამართზე მიაკითხა. ისევ შავი ტანსაცმელი ეცვა და ზურგჩანთა ეკეთა. ამჯერად უთხრა, რომ თ. ერქვა. ძირითადად ისევ გ. მ-სა და კ-ს ქუჩების კვეთასა და მიმდებარედ მოძრაობდნენ. გ. მ-ს ქუჩასთან მიახლოებისას, შენობასთან იდგა დაახლოებით, 8-10 ადამიანი. მსჯავრდებულმა უთხრა, სვლა შეენელებინა, რადგან შესაძლოა, მისი შეყვარებულის მეგობრები ყოფილიყვნენ. ამ დროს თ. დ. თავდახრილი, ჩუმად აკვირდებოდა შეკრებილებს. მსჯავრდებულის მითითებით, წრე დაარტყეს და ისევ გ. მ-ს ქუჩაზე ჩავიდნენ. ნერვიულობდა, ბევრს ეწეოდა, აბები დალია და მისი ბოთლიდან დალია წყალი. როდესაც ისევ მიუახლოვდნენ გ. მ-ს ქუჩაზე შეკრებილ პირებს, მსჯავრდებულის მითითებით, კვლავ შეანელა სვლა და კ-ს ქუჩაზე ჩახვევისთანავე, გაუჩერა ავტომანქანა. გადასვლისას თ. დ-მ უთხრა, რაც არ უნდა მომხდარიყო და რაც არ უნდა გაეგო, იქ დალოდებოდა. მერე ამიიღო იარაღის მსგავსი საგანი და დამიზენებით, იმ მომართულებით გაიშვირა ხელი, სადაც ბიჭები იყვნენ შეკრებილი. გაიგო გასროლის ხმები, სულ დაახლოებით – 4-5. შეეშინდა და დატოვა იქაურობა.

9. ფოტოსურათებით ამოცნობის ოქმით ირკვევა, რომ გ. ნ-მ, შემთხვევიდან მალევე, მისთვის წარდგენილ ოთხ ფოტოსურათს შორის ამოიცნო თ. დ. და განმარტა, რომ 2023 წლის 2 და 3 აგვისტოს სწორედ იგი წაიყვანა დ-ნ, მიიყვანა გ. მ-ს და კ----ს ქუჩების კვეთასთან, სადაც გადავიდა ავტომანქანიდან და იარაღიდან გაისროლა.

10. მოწმე გ. ნ-ს მონაწილეობით ფაქტობრივი გარემოებებისა და საქმის ვითარების აღდგნის მიზნით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით დგინდება, რომ გ. ნ-მ გამოძიებას მიუთითა .... მდებარე საცხოვრებელ კორპუსზე, სადაც მისი თქმით, 2023 წლის 2 აგვისტოს, დაახლოებით, 21:05 საათზე და 2023 წლის 3 აგვისტოს, დაახლოებით, 20:28 საათზე ჩაისვა ავტომობილში მგზავრი, ასევე – ქვემოთ მდებარე კორპუსზე, სადაც მიიყვანა და დატოვა იგი 2023 წლის 2 აგვისტოს. ამავდროულად, გ. ნ-მ გამოძიებას აჩვენა მ. წ-ს, გ. მ-სა და კ-ს ქუჩების კვეთაზე, სადაც, მისი თქმით, 2023 წლის 3 აგვისტოს, დაახლოებით, 21:00 საათზე, იდგა 8-9 ახალგაზრდა მამაკაცი, სადაც ჩავიდა მისი მგზავრი, რომელიც გაეცნო, როგორც თ., ამოიღო იარაღი და დაიწყო სროლა აღნიშნული პირების მისამართით, აწარმოა, დაახლოებით, მიყოლებით 4 გასროლა.

11. სასამართლოში მოწმის სახით დაკითხული, დაცვის პოლიციის თანამშრომლის – უ. ი-ს – ჩვენებით დასტურდება, რომ 2023 წლის 3 აგვისტოს, ლ. ო-სთან ერთად მოძრაობდა სამსახურებრივი ავტომანქანით. მ. წ-ს ქუჩიდან კ-ს ქუჩაზე ჩახვევისას, გაიგონა 4-5 გასროლის ხმა და მათ ავტომანქანას რაღაც მოხვდა. დაინახა გ. მ-სა და კ-ს ქუჩების კვეთაზე, კუთხეში, მდგომი მსჯავრდებული, რომელსაც ეცვა მუქი ტანსაცმელი, კაპიუშონი ჰქონდა წამოფარებული და, სავარაუდოდ, პისტოლეტიდან ისროდა მოპირდაპირე მხარეს მდგომი ბიჭების მიმართულებით. 3-4 პირი, რომელთა მიმართულებითაც ისროდა მსჯავრდებული, გარბოდა ს-ს მოედნის მიმართულებით. მათ ხელში იარაღი არ დაუნახავს. თ. დ. რამდენიმე გასროლის შემდეგ, საპირისპიროდ – მ-ს ქუჩაზე გაიქცა, აღმაშენებლის გამზირის მიმართულებით. ის პირები კი, რომელთა მიმართულებითაც ისროდა, მოტრიალდნენ და უკან დაედევნენ. ქუჩების კვეთას რომ გასცდნენ, კვლავ ესმოდა სროლის ხმა, თუმცა, ვინ ისროდა, ვერ ხედავდა. კუთხეში არსებული მაღაზიიდან გამოვიდა ქალი, რომელიც ყვიროდა, რომ ბიჭი იყო დაჭრილი. მანქანა გადააყენა და შევიდა მაღაზიაში, სადაც ნახა ახალგაზრდა, რომელსაც წელიდან სდიოდა სისხლი. მის ავტომანქანას, მძღოლის მხარეს, კართან, მოხვედრილი ჰქონდა რაღაც, თუმცა გახვრეტილი არ ყოფილა.

11. ფოტოსურათებით ამოცნობის ოქმით ირკვევა, რომ უ. ი-მ, შემთხვევიდან მალევე, მისთვის წარდგენილ ოთხ ფოტოსურათს შორის ამოიცნო თ. დ. და განმარტა, რომ სწორედ ეს პირი, 2023 წლის 3 აგვისტოს, დაახლოებით, 21:00 საათზე, ..., გ. მ-სა და კ-ს ქუჩების კვეთაზე მყოფი, პისტოლეტისმაგვარი იარაღიდან ისროდა გ. მ-ს ქუჩაზე, გზის პირას მდგომი რამდენიმე მამაკაცის მიმართულებით.

12. იგივე ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა, უ. ი-ს მეწყვილემ – ლ. ო-მ, რომელიც, შემთხვევის დროს, მასთან ერთად გადაადგილდებოდა სამსახურებრივი ავტომანქანით და, დაახლოებით, 21:00 საათზე, მ. წ-ს ქუჩაზე მოძრაობისას გაიგონა სროლის ხმა, კ-ს ქუჩაზე ჩახვევისას კი დაინახა მსჯავრდებული, რომელსაც იარაღისმაგვარი საგანი ეჭირა ხელში და გ. მ-სა და კ-ს ქუჩების კუთხიდან ესროდა მოპირდაპირე მხარეს, მ-ს ქუჩაზე, კედელთან მდგარ, 2-3 პირს. დაახლოებით 6-7 გასროლა იყო. ამავდროულად, მათ მანქანას რაღაც მოხვდა. გადმოსვლისას დაინახა, ისინი, ვისი მიმართულებითაც მსჯავრდებული ისროდა, ს-ს მოედნის მიმართულებით გარბოდნენ. თ. დ. კი, სროლის დასრულებისთანავე, გაიქცა გ. მ-ს ქუჩის მიმართულებით. ამ დროს დაინახა სწორედ მსჯავრდებულის სახე. სხვის ხელში იარაღი არ დაუნახავს. შემდეგ, ის პირები, რომლებსაც თ. დ. ესროდა, მოტრიალდნენ და დაედევნენ მას გ. მ-ს ქუჩის მიმართულებით. სროლა აღარ გაუგია. თვალს რომ მიეფარნენ, რა მოხდა არ იცის. ავტომანქანას, რომელშიც მეწყვილესთან ერთად იჯდა, მარცხენა მხარეს ჰქონდა დაზიანება, რაც შესაძლოა, ტყვიის ანასხლეტი ყოფილიყო. ქუჩების კვეთაზე არსებული მაღაზიიდან გამოვიდა ქალი, რომელიც ყვიროდა, რომ ერთი პირი იყო დაჭრილი. მაღაზიაში ნახა დაჭრილი, რომელსაც მარცხენა კიდურიდან სდიოდა სისხლი. დაჭრილი იმ პირებთან ერთად იყო, რომელთა მიმართულებითაც ისროდა მსჯავრედებული, თუმცა როდის და როგორ დაიჭრა, არ დაუნახავს.

13. ფოტოსურათებით ამოცნობის ოქმით ირკვევა, რომ ლ. ო-მ, შემთხვევიდან მალევე, მისთვის წარდგენილ ოთხ ფოტოსურათს შორის ამოიცნო თ. დ. და განმარტა, რომ სწორედ ეს პირი, 2023 წლის 3 აგვისტოს, დაახლოებით, 21:00 საათზე, ..., გ. მ-სა და კ-ს ქუჩების კვეთაზე მყოფი, პისტოლეტისმაგვარი იარაღიდან ისროდა გ. მ-ს ქუჩაზე, გზის პირას მდგომი რამდენიმე მამაკაცის მიმართულებით.

14. აღსანიშნავია, რომ მხარეები თანხმდებიან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (2023 წლის 3 აგვისტოსა და 2023 წლის 4 აგვისტოს ეპიზოდებისათვის) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის თ. დ-ს მსჯავრდების კანონიერებაზე. მსჯავრდებულიც ადასტურებს, რომ 2023 წლის 3 აგვისტოს შემთხვევის ადგილზე ყოფნისას, ორჯერ გაისროლა ხელთნაქონი ცეცხლსასროლი იარაღიდან, მისი მტკიცებით – ჰაერში. დავის საგნად არ ქცეულა არც ის ფაქტი, რომ შემთხვევიდან მომდევნო დღეს – 2023 წლის 4 აგვისტოს – დაკავებისას ჩატარებული პირადი ჩხრეკის დროს, თ. დ-საგან ამოღებულია – 1930-33 წლების ნიმუშის, ტოკარევის კონსტრუქციის 7,62 მმ კალიბრიანი, №... პისტოლეტის მოდელი „TT“, რომელიც მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის. ასევე – ქარხნული წესით დამზადებული, 7,62 მმ კალიბრიანი, 1930 წლის ნიმუშის, 8 ვაზნა, განკუთვნილი ტოკარევის კონსტრუქციის პისტოლეტებისათვის „TT“ პისტოლეტ-ტყვიამფრქვევებისათვის, „РРД“, „ППЩ“ და სხვა, რომლებიც მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია გამოსაყენებლად.

15. იმავდროულად, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის მიხედვით, 2023 წლის 3 აგვისტოს, ... ქუჩის №...- მიმდებარედ არსებული მაღაზიის იატაკიდან ამოღებულია მოწითალო ლაქები (ობიექტი №...); მაღაზიის მოპირდაპირედ, გ. მ-სა და კ-ს ქუჩების კვეთის მიმდებარედ, ასფალტის ზედაპირიდან – 1 მასრა (ობიექტი №...); 1 მეტალის ფრაგმენტი (ობიექტი №...); 1 მასრა (ობიექტი №...); 1 მასრა (ობიექტი №...); 1 მასრა (ობიექტი №...); 1 მასრა (ობიექტი №...); 1 მასრა (ობიექტი №...); 1 მასრა (ობიექტი №...); 1 ლითონის ფრაგმენტი (ობიექტი №...); 1 ლითონის ფრაგმენტი (ობიექტი №...); მეტალის ფრაგმენტი (ობიექტი №...); 1 მასრა (ობიექტი №...), 1 მასრა (ობიექტი №...). ამავე ტერიტორიაზე განთავსებულ „Skoda-ს“ მარკის ავტომანქანას (სახელმწიფო ნომრით ...) წარწერით – „დაცვის პოლიცია“, წინა მარცხენა კარზე აღენიშნება მრგვალი ფორმის დაზიანება; აქედან, დაახლოებით, 15 მეტრში, გ. მ-ს ქუჩის №... მიმდებარედ, ასფალტის ზედაპირიდან ამოღებულია – 1 მასრა (ობიექტი №...)(; გ. მ-ს ქუჩის №... მიმდებარედ, ასფალტიდან ამოღებულია – 1 მასრა (ობიექტი №...); 1 მასრა (ობიექტი №...); 1 მასრა (ობიექტი №...); გ. მ-ს ქუჩის №... მიმდებარედ – 1 მასრა (ობიექტი №...); გ. მ-ს ქუჩის №... მიმდებარედ, 1 მასრა (ობიექტი №...); გ. მ-ს ქუჩის №... მიმდებარედ, 1 მასრა (ობიექტი №...); 1 მასრა (ობიექტი №..); გ. მ-ს ქუჩის №... მიმდებარედ – 1 ლითონის ფრაგმენტი (ობიექტი №...); 1 ლითონის ფრაგმენტი (ობიექტი №..); 1 ლითონის ფრაგმენტი (ობიექტი №...); გ. მ-ს ქუჩის №... მიმდებარედ, განთავსებულ „Hyunday-ს“ მარკის ავტომანქანას (სახელმწიფო ნომრით I--------), უკანა მარჯვენა საქარე მინა და წინა მარჯვენა ფარი აქვს დაზიანებული; გ. მ-ს ქუჩის №... მიმდებარედ, „Toyota-ს“ მარკის ავტომანქანას (სახელმწიფო ნომრით ....), დაზიანებული აქვს უკანა საქარე მინა და მარცხენა უკანა კარის ჩარჩო. შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად, მაღაზიის იატაკიდან ამოღებულია მოწითალო ლაქები (ობ. №), ასევე – სულ 18 მასრა და 7 მეტალის ფრაგმენტი.

16. არასადავო ბალისტიკური ექსპერტიზის №... დასკვნის თანახმად, შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული, ზემოაღნიშნული 18 მასრიდან, 2 – 7,62X25მმ კალიბრიანი მასრა, იდენტურია ბალისტიკური ექსპერტიზის №... დასკვნის მიხედვით, თ. დ-ს პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული, „TT-ს“ კონსტრუქციის №... პისტოლეტში გასროლილი ექსპერიმენტული მასრების.

17. ამდენად, სადავო არ არის და საკასაციო სასამართლოსაც დადგენილად მიაჩნია, რომ შემთხვევის ადგილიდან ამოღებული, 7,62X25მმ კალიბრიანი 2 მასრა, შემთხვევის დღეს – 2023 წლის 3 აგვისტოს, „TT-ს“ კონსტრუქციის № პისტოლეტიდან გაისროლა თ. დ-მ.

18. ამავდროულად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულის ვერსიას, რომ იგი ჰაერში ისროდა და ამ დროს არავის დაზიანების განზრახვა არ ჰქონია, რამეთუ მისი მონათხრობი არსებითად ეწინააღმდეგება საქმეზე დაკითხული, არაერთი ნეიტრალური მოწმის ჩვენებას, შესაბამისად, არასარწმუნო და არადამაჯერებელია, კერძოდ:

19. თ. დ-ს თქმით, შემთხვევის დღეს, ტაქსით მოძრაობისას უბრალოდ გაახსენდა, რომ სახლში ჰქონდა საქმე და სთხოვა მძოღოლს შინ წაეყვანა, რაც ეწინააღმდეგება ტაქსის მძღოლის – გ. ნ-ს – მონათხრობს, რომელმაც ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად დაადასტურა, რომ მსჯავრდებული, დანაშაულის ჩადენამდე, მოქმედებდა მიზანმიმართულად, ზედიზედ ორი დღის განმავლობაში, როგორც შემთხვევის, ასევე – წინა დღეს, ინტენსიურად მოძრაობდა ავტომანქანით გ. მ-სა და კ-ს ქუჩებსა და მიმდებარედ, სადაც დაჟინებით ეძებდა მისთვის საინტერესო პირს, როგორც მოგვიანებით გამოიკვეთა – დაზარალებულ ბ. ქ-ს. ამ მეტად საეჭვო მოქმედების შესანიღბად და ტაქსის მძღოლის სავარაუდო ეჭვების გასაქარყლებლად, თ. დ-მ შეთხზა ვერსია, თითქოსდა, ასე ქუჩა-ქუჩა თავის შეყვარებულს დაეძებდა, რომელთანაც იყო ნაჩხუბარი და სურდა შერიგება.

20. მსჯავრდებულის მიერ სასამართლოსათვის შეთავაზებული ვერსია, თითქოსდა, შინ ფეხით მიმავალს, შემოესმა სროლის ხმა, რომელიც მისკენ მიემართებოდა და სწორედ ამის გამო, შეშინებულმა გაისროლა ჰაერში – ორჯერ, ისე, რომ არავის დაზიანების განზრახვა არ ჰქონია, გამოირიცხა, როგორც მოწმე გ. ნ-ს ჩვენებით, რომელმაც დაადასტურა, რომ მას შემდეგ, რაც მსჯავრდებულმა კარგად შეათვალიერა გ. მ-ს ქუჩაზე მდგარი პირები, რომელთა შორის იყო დაზარალებული ბ. ქ-ც, მიზანმიმართულად დაბრუნდა მათი თავშეყრის ადგილზე და ავტომანქანიდან გადასვლისთანავე, დამიზნებით, ხელის გაშვერით, რამდენჯერმე გაისროლა მათი მიმართულებით; ასევე – მ. წ-სა და გ. მ-ს ქუჩების კვეთაზე, შემთხვევით აღმოჩენილი მოწმეების – უ. ი-სა და ლ. ო-ს მონათხრობით, რომლებმაც სარწმუნოდ მიუთითეს, რომ მსჯავრდებული დამიზნებით ისროდა სწორედ გ. მ-ს ქუჩაზე შეკრებილი პირების მიმართულებით და არა – ჰაერში. მსჯავრდებულის ურყევ ნებაზე, ზედმიწევნით აღესრულებინა მისი წინასწარი განზრახვა, მიუთითებს ის ფაქტიც, რომ ტაქსიდან გადასვლისას, სანამ იარაღს ამოიღებდა და სროლას დაიწყებდა, გ. ნ. გააფრთხილა, რაც არ უნდა მოხდარიყო და რაც არ უნდა გაეგონა, მძღოლი მას უნდა დალოდებოდა, რაც ცხადია გამორიცხავს შემთხვევის ადგილზე მოვლენების იმგვარად სპონტანურად განვითარებას, როგორც ამაზე თავად მსჯავრდებული უთითებდა.

21. დაცვის მხარე, თავისი ვერსიის გასამყარებლად, რომ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად არ დგინდება მიზეზობრივი კავშირი თ. დ-ს ქმედებასა და დამდგარ შედეგს – ბ. ქ-ს ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებას შორის, რამდენიმე ძირითად არგუმენტს იშველიებს, მათ შორის, ერთი მხრივ, თითქოსდა, ბ. ქ- შემთხვევის დროს იდგა არა – გ. მ-ს ქუჩაზე არსებული მაღაზიის კედელთან, საითაც თავითმხილველი მოწმეების ჩვენებების კვალდაკვალ, ისროდა სწრედ თ. დ., არამედ – მოპირდაპირედ არსებულ, გ. მ-ს სახელობის სკვერთან, როგორც ამაზე დაცვის მხარის მოწმემ – ბ. ა-მ მიუთითა; მეორე მხრივ, დაცვის მხარის მტკიცებით, მსჯავრდებულის მიერ გასროლილი მასრები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის მიხედვით, ამოღებულია გ. მ-ს ქუჩის შიდა მხარეს და არა – გზაჯვარედინზე ან მის სიახლოვეს, სადაც ბრალდების მხარის მითითებით, დაიჭრა ბ. ქ. ამდენად, დაცვის მხარის ვერსიით, თ. დ. არც იმ ადგილას ისროდა, სადაც დაზარალებული დაჭრეს და არც იმ მიმართულებით, სადაც ბ. ქ. იდგა, შესაბამისად, უტყუარად ვერ დგინდება, რომ ბ. ქ. თ. დ-ს განზრახ ნასროლი ტყვიით არის დაჭრილი.

22. დაცვის მხარის ზემოაღნუშნული არგუმენტების საპირწონედ, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს: მოწმე ბ. ა-ს ჩვენების მიხედვით, სროლის დროს დაზარალებული ბ. ქ. იდგა მის გვერდით გ. მ-ს, მ. წ-სა და კ-ს ქუჩების კვეთაზე, სკვერის მხარეს. ამავდროულად, დაინახა იმ პირის სახე, რომელიც ისროდა და ეს არ ყოფილა მისი ნაცნობი თ. დ.. ყურადსაღებია, რომ მოწმე ბ. ა-ს ჩვენება ეწინააღმდეგება არა მარტო ბრალდების მხარის მოწმეების – გ. ნ-ს, უ. ი-სა და ლ. ო-ს თანმიმდევრულ და დამაჯერებელ ჩვენებებს, რომელთა შინაარსი სასამართლომ ზემოთ უკვე მიმოიხილა, არამედ – თავად დაზარალებულ ბ. ქ-ს მიერ, გამოძიების დროს, გამოკითხვისას მიწოდებულ ინფორმაციასაც, რომლის მიხედვით, 2023 წლის 3 აგვისტოს, დაახლოებით 21:00 საათზე იყო ... ქუჩების კვეთასთან, „...“ ჩასარიცხ აპარატთან, ბ. ა-თან, გ. რ–სა და კიდევ ორ პირთან ერთად, რა დროსაც გაიგონა გასროლისა თუ აფეთქების ხმა და დაინახა, მის წინ, კედელზე გაცვენილი ნაპერწკლები. თავდაპირველად, იფიქრა, რომ ბავშვები პიროტექნიკით თამაშობდნენ. უკან შემობრუნებისას, ისევ გაიგონა სროლის ხმები, თეძოს არეში იგრძნო სითბო და ასე – 5-7 მეტრში, დაინახა კაპიუშონიანი პირი, რომელსაც ხელში ეკავა მუქი, პისტოლეტისმაგვარი იარაღი. რაც შეეხება შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ, თ. დ-ს გასროლ ვაზნებს, ხაზგასასმელია, რომ დაცვის მხარის მტკიცებით, ბალისტიკური ექსპერტის მითითებით, მსჯავრდებულის მიერ გასროლილია №.. და №.. მასრები, რომლებიც, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის მიხედვით, ამოღებულია გ. მ-ს ქუჩის შიდა მხარეს და არა – გზაჯვარედინზე ან მის მიმდებარედ, მაშინ, როდესაც სასამართლოში დაკითხულმა ექსპერტმა – გ. კ-მ დაადასტურა, რომ მასრების ზომიდან გამომდინარე, თუ იმსჯელებს, თ. დ-ს იარაღიდან გასროლილი 2 მასრა, სავარაუდოდ, მოთავსებული იყო – №... და №... პაკეტში, რაც სრულებით არ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ თ. დ-ს გასროლლი მასრები არ ყოფილა ამოღებული იმ ადგილის მიმდებარედ, სადაც ბ. ქ. დაიჭრა. მით უფრო, რომ მოწმეებმა: გ. ნ-მ, უ. ი-მ და ლ. ო-მ ცალსახად დაადასტურეს, რომ თვალნათლივ დაინახეს, როგორ ისროდა გ. მ-სა და კ-ს ქუჩების კვეთაზე მყოფი თ. დ., გ. მ-ს ქუჩაზე კედელთან მდგომი პირების მიმართულებით, რომელთა შორის, როგორც თავად დაზარალებულის ჩვენებითაც დგინდება, იყო ბ. ქ., რომელმაც მიიღო ცეცხლნასროლი დაზიანება. ამასთან, ვერც დაცვის მხარე უთითებს და არც საქმის მასალებით იკვეთება, რატომ უნდა ემხილათ მოწმეებს: გ. ნ-ს, უ. ი-სა და ლ. ო-ს ცრუდ ესოდენ მძიმე, ადამიანის ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართულ, არჩადენილ დანაშაულში თ. დ., რომლის მიმართ რაიმე პირადი ინტერესი არ ჰქონიათ. ამასტან, როგორც დაცვის მხარის საკასაციო საჩივარშიც არის აღნიშნული, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სხვა მასრებისა და ტყვიებიდან გამომდინარე, გამოძიების დროს, ცალკე წარმოებად გამოყოფილია სისხლის სამართლის საქმე ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვისა და ტარების ფაქტზე.

23. ამდენად, გამომდინარე იქიდან, რომ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, სარწმუნოდ დგინდება, რომ როგორც შემთხვევის, ასევე – შემთხვევის წინა დღეს, თ. დ. დაჟინებით ეძებდა ბ. ქ-ს, არაერთგზის მიაკითხა იმ ადგილებს, სადაც ვარაუდობდა, რომ შესაძლოა დაზარლებული ყოფილიყო და როგორც კი ნახა, კარგად შეათვალიერა და დამიზნებით, ცეცხლსასროლი იარაღიდან არაერთხელ ესროლა მას, შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ შემთხვევის ადგილიდან, გარდა მსჯავრდებულის მიერ გასროლილისა, ასევე – ამოღებულია სხვა მასრებიც, საკასაციო სასამართლოს უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბ. ქ. სწორედ თ. დ-ს გასროლის შედეგად დაიჭრა და, შესაბამისად, მისი ქმედება – ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლა – მიზეზობრივად უკავშირდება ბ. ქ-ს ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებას.

24. მსჯავრდებულის ქმედების სადავო კვალიფიკაციასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს და ეთანხმება ქვემდგომი ინატანციის სასამართლოების არგუმენტაციას, რომლის მიხედვით, არც შემთხვევის ადგილზე მყოფი მოწმეებისა და არც საქმის სხვა ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარე, სარწმუნოდ არ დგინდება, რომ თ. დ. მოქმედებდა ბ. ქ-ს და, მით უფრო, მასთან ერთად მყოფი პირების მოკვლის განზრახვით და, ამდენად, დამდგარი შედეგის გათვალისწინებით, მსჯავრდებულის ქმედება სწორად შეფასდა, როგორც ბ. ქ-ს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება და ამ ნაწილში სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების ან შეცვლის რაიმე წინაპირობა არ იკვეთება.

25. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარემ, რომელსაც პროცესუალურად ეკისრება ბრალდების მტკიცების ტვირთი, სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დაადასტურა, რომ თ. დ. მოქმედებდა ბ. ქ-სა ან/და მასთან მყოფი პირების მოკვლის განზრახვით, რომლის აღსრულება, მისგან დამოუკიდეველი მიზეზების გამო, ვერ შეძლო. ხაზგასასმელია, რომ ბრალდების შესახებ დადგენილებით, ბრალდების მხარე, თ. დ-ს მაკვალიფიცირებელ გარემოებაში – ორი ან მეტი პირის მიმართ – დანაშაულის ჩადენას ედავებოდა, თუმცა ბრალდების შესახებ დადგენილებითაც კი შეუძლებელია იმის განჭვრეტა, გარდა ბ. ქ-სა, კონკრეტულად ვის მკვლელობას ცდილობდა თ. დ., რამეთუ ასეთი ჩანაწერი არ იკვეთება არც ბრალდების შესახებ დადგენილებით და, იმავდროულად, გარდა ბ. ქ-სა, განსახილველ სისხლის სამართლის საქმეზე, დაზარალებულად არ არის ცნობილი არცერთი სხვა პირი.

26. ამავდროულად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თ. დ-მ დანაშაული – სხვისი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება – ჩაიდინა ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას და, შესაბამისად, მისი პასუხისმგებლობა ამ მაკვალიფიცირებელი გარემოებით უნდა დამძიმდეს, კერძოდ:

27. უტყუარად დადგენილია, რომ მსჯავრდებულმა ბ. ქ–ს ჯანმრთელობა მძიმედ დაუზიანა ცეცხლსასროლი იარაღიდან – ქარხნული წესით დამზადებული, 1930-33 წლების ნიმუშის, ტოკარევის კონსტრუქციის, 7,62 მმ კალიბრიანი, „TT-ს“ მოდელის პისტოლეტიდან – გასროლით. ამავდროულად, დადასტურებულია, რომ თ. დ-მ დაზარალებულის მიმართულებით, არაერთხელ – სულ მცირე, ორჯერ – ისროლა. შესაბამისად, იმის დასადგენად, თ. დ-მ მსჯავრადშერაცხილი დანაშაული ჩაიდინა თუ არა ისეთი საშუალებით, რომელიც საფრთხეს უქმნის სხვის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას, გარდა დანაშაულის ჩასადენად გამოყენებული ცეცხლსასროლი იარაღის თავითავად მომეტებული საშიშროების მხედველობაში მიღებისა, ასევე – მეტად მნიშვნელოვანია შემთხვევის დროს, შემთხვევის ადგილზე არსებული ვითარების შეფასება.

28. გამომდინარე აქედან საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ დანაშაული ჩადენილია ზაფხულის პერიოდში, საღამოს საათებში, დედაქალაქის ცენტრალურ ნაწილში, ტურისტულად აქტიურ ადგილას, სადაც სამი ქუჩა კვეთს ერთმანეთს, გზაჯვარედინზე განთავსებულია რამდენიმე სასურსათო მაღაზია და ფუნქციონირებს საზოგადოებრივი თავშეყრის სკვერი. ამავდროულად, თვითმხილველი მოწმეების – გ. ნ-ს, უ. ი-სა და ლ. ო-ს ჩვენებებით დადგენილია, რომ იმ დროს, როდესაც თ. დ-მ ცეცხლსასროლი იარაღიდან, რამდენჯერმე ესროლა ბ. ქ-ს, დაზარალებული იდგა არაერთ პირთან ერთად. შესაბამისად, მიუხედავად დამნაშავის მიერ მსხვერპლის მიმართ მიმზანმიმართული სროლისა, შემთხვევის დროის, ადგილისა და შეიარაღებული თავდასხმის დროს, დაზარალებულის გვედიგვერდ მყოფი არაერთი პირის გათვალისწინებით, თ. დ-ს მიერ ბ. ქ-ს დასაზიანებლად ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლა, იყო ცალსახად სახიფათო სხვათა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის.

29. სასჯელთან მიმართებით აღსანიშნავია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ: დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

30. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ სასჯელთან დაკავშირებული კონსტიტუციური შეზღუდვის არსი არის პროპორციული სასჯელის დაკისრება მნიშვნელოვნად ინდივიდუალიზებული სახით, რა დროსაც მხედველობაში მიიღება დანაშაულის სიმძიმე, დამნაშავის ბრალი და დანაშაულის შედეგად გამოწვეული ზიანი (კონკრეტული დაზარალებულისთვის თუ საზოგადოებისთვის), დამნაშავის პერსონალური მახასიათებლები და საქმის კონკრეტული გარემოებები იმისთვის, რათა განისაზღვროს, როგორი სასჯელი იქნება შესაბამისი პირის რეაბილიტაციისა და საზოგადოების დაცვისთვის ამ კონკრეტული დამნაშავის შეკავების გზით. მხოლოდ ამგვარ პირობებში შეასრულებს სასჯელი თავის მიზნებს (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-97). სამართლებრივ სახელმწიფოში კანონზომიერია მოლოდინი, რომ სასჯელი, თავისი შინაარსით, ფორმით, თვისებრივად და არსებითად გასცდება შურისძიების პრიმიტიულ სურვილს, რომელსაც არაფერი აქვს საერთო სამართალთან და რომელიც ობიექტურად ვერ შეუწყობს ხელს ვერც ადამიანების, საზოგადოების დაცულობას, ვერც დანაშაულის შემცირებას და ვერც დამნაშავე პირის რესოციალიზაციას, საბოლოოდ, ვერ შეუწყობს ხელს ვერც სამართლის პროგრესულ და მისი დანიშნულების შესაბამის განვითარებას და ვერც საზოგადოების წევრების ჰარმონიულ თანაარსებობას, შედეგად, ვერ უზრუნველყოფს იმ სამართლებრივ წესრიგს, რომლის დაცვისთვისაც უნდა გამოიყენებოდეს სახელმწიფოს იძულების უკიდურესი საშუალებები (იხ.: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-43).

31. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ცხრიდან ცამეტ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

32. საკასაციო სასამართლომ სრულად შეაფასა როგორც სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებები, ასევე – პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე, 53-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებითა და ამავე კოდექსის 531-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით დადგენილი წესის (დანაშაულის იარაღის გამოყენებით ჩადენის დროს, ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა, სულ მცირე, 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას) შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თ. დ-ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის უნდა შეეფარდოს – 10 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 521-ე მუხლის საფუძველზე, 5 წლით უნდა აეკრძალოს იარაღთან დაკავშირებული უფლებები – იარაღის დამზადების, შეძენის ან/და იარაღის შენახვის, ტარების ან/და გამოყენების უფლება, რაც, ერთობლივად, სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს – სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.

33. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ თ. დ-ს ინტერესების დამცველის – ადვოკატ თ. გ-ს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურორის – ზვიად გუბელაძის – საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 25 მარტის განაჩენი უნდა შეიცვალოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ელი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ თ. დ-ს ინტერესების დამცველის – ადვოკატ თ. გ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურორის – ზვიად გუბელაძის – საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 25 მარტის განაჩენი შეიცვალოს:

4. თ. დ-სათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის „ბ“, „ლ“ ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის ჩადენისთვისაც იგი ცნობილ იქნეს დამნაშავედ და მიესაჯოს – 10 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე, 5 წლით აეკრძალოს იარაღთან დაკავშირებული უფლებები – იარაღის დამზადების, შეძენის ან/და იარაღის შენახვის, ტარების ან/და გამოყენების უფლება;

5. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით შეფარდებულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (2 ეპიზოდი) შეფარდებული ნაკლებად მკაცრი სასჯელები და თ. დ-ს საბოლოოდ მიესაჯოს – 10 წლით თავისუფლების აღკვეთა და 5 წლით აეკრძალოს იარაღთან დაკავშირებული უფლებები – იარაღის დამზადების, შეძენის ან/და იარაღის შენახვის, ტარების ან/და გამოყენების უფლება;

6. თ. დ-ს თავისუფლების აღკვეთის სახით შეფარდებული სასჯელი აეთვალოს – 2023 წლის 4 აგვისტოდან, ხოლო იარაღთან დაკავშირებული უფლებების აკრძალვის ვადა – თავისუფლების აღკვეთის მოხდის მომენტიდან;

7. სხვა, მათ შორის, თ. დ-ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (2 ეპიზოდი) მსჯავრდების ნაწილში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 25 მარტის განაჩენი დარჩეს უცვლელად;

8. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. თევზაძე

ლ. ფაფიაშვილი