Facebook Twitter

¹ 3კ-1176-01 26 დეკემბერი, 2001 წ., ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი საამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. წიქვაძე (თავმჯდომარე),

ლ. გოჩელაშვილი, რ. ნადირიანი

სარჩელის საგანი: დასახიჩრების გამო ზიანის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

2001 წლის 5 აპრილს ნ. მ-ძემ სს “ზ.-ის” წინააღმდეგ სარჩელით მიმართა ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს.

მოსარჩელემ მიუთითა, რომ იგი 1963 წლიდან მუშაობდა “ზ.-ში”. 1974 წელს მიიღო საწარმოო ტრამვა, რის გამოც საწარმოს და მისი შერეული ბრალით შრომის უნარი დაკარგა 60%-ით. მიღებული ტრამვის შედეგად გახდა მე-3 ჯგუფის ინვალიდი და დაენიშნა პენსია. ტრამვის მიღების შემდეგ იგი გადაყვანილ იქნა სხვა დაბალხელფასიან სამუშაოზე, ღებულობდა ხელფასსა და პენსიას შორის სხვაობას.

1993 წელს “ზ.-ი” დაიშალა, მისი სამუშაო ადგილი შემცირდა, რის გამოც ადმინისტრაციამ შეუწყვიტა ხელფასსა და პენსიას შორის სხვაობის გაცემა.

1998 წლიდან ჩამოყალიბდა სს “ზ.-ი”, რომელიც “ზ.-ის” უფლებამონაცვლე და მისი სამართალმემკვიდრეა. სააქციო საზოგადოების ადმინისტრაციამ უარი განუცხადა პენსიის გაცემაზე იმ საფუძვლით, რომ ახალი ადმინისტრაციისათვის ცნობილი არ იყო, იგი მართლა ღებულობდა თუ არა შრომითი დასახიჩრებისათვის ხელფასსა და პენსიას შორის სხვაობას, რადგან ძველი დოკუმენტები განადგურებულია.

სს “ზ.-ში” საშუალო ხელფასი 20 ლარია. ვინაიდან შრომის უნარი დაქვეითებული აქვს 60%-ით, მოითხოვა ყოველთვიურად 12 ლარის დანიშვნა და 1998 წლის აპრილიდან 2001 წლის იანვრამდე ერთდროულად 3120 ლარის ანაზღაურება.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო იმ საფუძვლით, რომ “ზ.-ს” მის დაზიანებაში ბრალი არ მიუძღოდა. ამასთან, არ დგინდებოდა ის გარემოება, რომ იგი “ზ.-ისაგან” ღებულობდა პენსიასა და ხელფასს შორის სხვაობას. მართალია, მას 1974 წლის 16 ივლისს აღნიშნულ საწარმოში მიღებული ტრამვის გამო დაენიშნა პენსია ინვალიდობის მესამე ჯგუფის გამო, მაგრამ აღნიშნული არ მიუთითებს იმაზე, რომ იგი ღებულობდა დასახიჩრების გამო ხელფასსა და პენსიას შორის სხვაობას, არამედ იგი, როგორც მომუშავე პენსიონერი, სამუშაო ადგილზე, ღებულობდა როგორც ხელფასს, ისე პენსიას.

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001 წლის 28 სექტემბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მართალია, მოსარჩელემ საწარმოო ტრამვა მიიღო “ზ.-ში” მუშაობის დროს და შრომის უნარი დაუქვეითდა 60%-ით, მაგრამ მოსარჩელემ ვერ დაასაბუთა, რომ იგი საწარმოში ღებულობდა ხელფასსა და პენსიას შორის სხვაობას.

2001 წლის 12 ნოემბერს მოსარჩელემ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს. კასატორმა მოითხოვა ამ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახალი განხილვისათვის სააპელაციო სასამათრთლოში დაბრუნება შემდეგი საფუძვლით:

კასატორს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება დაუსაბუთებელია.

სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა. კერძოდ, არ გამოიყენა საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის ¹48-ე ბრძანებულება “შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის” შესახებ და არასწორად შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საკასაციო საჩივრის ფარგლებში გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა განმარტებანი და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი საფუძვლიანია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმეში წარმოდგენილი მომართვით დადგენილია, რომ ნოდარ მჭედლიძეს 1974 წლის 16 ივლისიდან დანიშნული აქვს პენსია ინვალიდობის მესამე ჯგუფის გამო, რაც გამოწვეული იყო საწარმოო ტრამვის შედეგად.

საქმეში წარმოდგენილი “ფორმა ნ-1” აქტი ¹1-ით დადგენილია, რომ მოსარჩელემ 1974 წლის 10 მაისს მიიღო საწარმოო ტრამვა. აქტის მიხედვით ტრამვის გამომწვევ მიზეზად მითითებულია მინდობილი საქმისადმი გულგრილი დამოკიდებულება. აქტში არაა მითითებული მომხდარ უბედურ შემთხვევაზე პასუხისმგებელ პირებზე, ანუ არაა განსაზღვრული საწარმოო ტრამვის მიყენებაში ბრალეული პირი.

საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის ¹48 ბრძანებულების “შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის” შესაბამისად საწარმოში მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით მუშაკს სარჩო ენიშნება მითითებული წესის შესაბამისად.

ამ წესის შესაბამისად დგინდება დამქირავებლის პასუხისმგებლობა, ხანდაზმულობის ვადა, მისაღები სარჩოს ოდენობა და ის, თუ რომელმა ნორმატიულმა აქტებმა დაკარგეს ძალა ამ აქტის გამოცემის შემდეგ და რა სახით შეიძლება ამ წესების გამოყენება 1999 წლამდე მომხდარ საწარმოო ტრამვასთან დაკავშირებით. მითითებული წესები ადგენს იმ ურთიერთობებსაც, თუ როგორ უნდა განისაზღვროს ადმინისტრაციის ბრალეულობა ან ბრალეულობის ხარისხი და ანაზღაურების წესი და იმასაც თუ როგორ უნდა ანაზღაურდეს ზიანი, როცა სარჩო დანიშნულია ამ ბრძანებულების მიღებამდე და მაშინ, როცა სარჩოს დანიშვნისათვის მიმართვა ხდება ამ ბრძანებულების მიღების შემდეგ.

სააპელაციო სასამართლომ, ნაცვლად იმისა, რომ მოცემული დავის გადაწყვეტისას ეხელმძღვანელა საქართველოს პრეზიდენტის ზემოთ მითითებული ბრძანებულებით, მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი უთხრა იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელემ ვერ დაასაბუთა, საწარმოდან ღებულობდა თუ არა ხელფასსა და პენსიას შორის სხვაობას.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა ზემოთ მითითებული საფუძვლით დაუსაბუთებელია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ე” პუნქტის შესაბამისად გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმაოდ დასაბუთებული.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ უნდა დაადგინოს, თუ ვის მიუძღვის ბრალი მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენებაში; იგი გამოწვეულია მუშაკის, ადმინისტრაციის თუ შერეული ბრალით; მუშაკს 1994 წლამდე დანიშნული ჰქონდა თუ არა სარჩო ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების გამო, თუ მის მიერ შრომითი დასახიჩრების გამო სარჩოს დანიშვნის შესახებ განცხადებით მიმართვა მოხდა პრეზიდენტის ¹48-ე ბრძანებულების მიღების შემდეგ.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ნ. მ-ძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს მოცემულ საქმეზე ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001 წლის 28 სექტემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შესაბამის პალატას.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.