Facebook Twitter

საქმე # 030100124009658025

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №751აპ-25 ქ. თბილისი

მ-ზ ი.751აპ-25 20 ნოემბერი, 2025 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

მამუკა ვასაძე, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 10 ივნისის განაჩენზე ფოთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ხატია ჩხენკელის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ი. მ–ე–ზ–ის, – პირადი ნომერი: .........., – მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

1.1. 2024 წლის 9 ივნისს, დაახლოებით 02:35 საათზე, ი. მ–ე–ზ–ი, ფ–ში, .....ის №...–ში მდებარე მ. ფ–ას საცხოვრებელ ბინაში უკანონო შეღწევით, შეეცადა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაუფლებოდა მატერიალურ ფასეულობას, რასაც, შესაძლოა, გამოეწვია ქონებრივი ზიანი;

1.1.1. აღნიშნული ქმედებებით ი. მ–ე–ზ–მა ჩაიდინა – ქურდობის მცდელობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი ბინაში უკანონო შეღწევით, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით.

1.2. 2024 წლის 9 ივნისს, დაახლოებით 03:00 საათზე, ი. მ–ე–ზ–მა ხელისა და ფეხის დარტყმით განზრახ ჩაამსხვრია ფ–ში, .....ის №...–ში მდებარე სს „.......... აფთიაქის” შესასვლელი კარის შუშა, სადაც მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შევიდა და რამდენიმე წუთი დაჰყო;

1.2.1. აღნიშნული ქმედებებით ი. მ–ე–ზ–მა ჩაიდინა – მფლობელობაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შესვლა, რომელიც არღვევს მფლობელის ხელშეუხებლობას, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლის პირველი ნაწილით.

2. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 23 დეკემბრის განაჩენით ი. მ–ე–ზ–ი საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა;

2.1. საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლის თანახმად, ი. მ–ე–ზ–ს განემარტა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.

3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ფოთის რაიონული პროკურორის მოადგილემ – ალექსანდრე კოდუამ. აპელანტმა მოთხოვა ი. მ–ე–ზ–ის საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლის პირველი ნაწილით დამნაშავედ ცნობა და შესაბამისი სასჯელის განსაზღვრა.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 10 ივნისის განაჩენით ფოთის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 23 დეკემბრის განაჩენი ი. მ–ე–ზ–ის მიმართ დარჩა უცვლელად.

5. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ფოთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ხატია ჩხენკელმა. კასატორი ითხოვს ი. მ–ე–ზ–ის საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლის პირველი ნაწილით დამნაშავედ ცნობასა და სამართლიანი სასჯელის განსაზღვრას.

6. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ზედა ინსტანციის სასამართლოების მიერ ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ., Gorou v. Greece (No.2) no. 12686/03, paras. 37, 41, ECtHR, 20/03/2009).

7. საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრა ბრალდების მხარემ, რომელიც ითხოვს ი. მ–ე–ზ–ის საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლის პირველი ნაწილით დამნაშავედ ცნობასა და სამართლიანი სასჯელის განსაზღვრას.

8. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში (საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილი), საჩივარში კი აღნიშნული უნდა იყოს მომჩივნის აზრით, რომელი სამართლებრივი საკითხი გადაწყდა უკანონოდ და რა ადასტურებს აღნიშნულს (საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ” ქვეპუქტი), რაც გულისხმობს, რომ კასატორმა მხარემ სწორედ საკასაციო საჩივარში უნდა მიუთითოს კონკრეტული მოთხოვნაც და მისი სამართლებრივი და ფაქტობრივი არგუმენატაცია. ამდენად, კასატორმა, უშუალოდ საკასაციო საჩივარში მოთხოვნის მკაფიოდ ფორმულირებასთან ერთად უნდა მიუთითოს ის არგუმენტებიც, რომლებითაც დასტურდება კასატორის პოზიცია და, შესაბამისად, – გასაჩივრებული განაჩენის უკანონობა (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2025 წლის 25 სექტემბრის №493აპ-25 განჩინება).

9. მოცემულ შემთხვევაში, კასატორი ბრალდების მხარე საკასაციო საჩივარში, ყოველგვარი არგუმენტაციის/სამართლებრივი დასაბუთების და ფაქტობრივი ანალიზის გარეშე, ზოგადად უთითებს, მტკიცებულებათა ჩამონათვალს (მათ შინაარსობრივ მხარეს), რის შემდეგაც ასკვნის, რომ: ,,აქედან გამომდინარე, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ამყარებს, ავსებს ერთმანეთს, მიუთითებს ერთი და იგივე გარემოებებზე, შინაარსობრივად არ შეიცავს ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაციას, არის ურთიერთშეთავსებადი და გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ გამართლებულმა ჩაიდინა მისთვის ბრალადშერაცხილი ქმედებები“. აღნიშნული ფორმით პროკურორი არ უზრუნველყოფს საკასაციო საჩივრის კანონით დადგენილ სტანდარტს და პროცესუალურ მოთხოვნებს: საჩივარში არ არის წარმოდგენილი არცერთი სამართლებრივი არგუმენტი, ფაქტობრივი გარემოებების კრიტიკული შეფასება და მითითება იმაზე, რა არგუმენტებზე/კონკრეტულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განაჩენი უკანონოა და უნდა გაუქმდეს. აღნიშნული კი ეწინააღმდეგება როგორც კანონით დადგენილ ფორმალურ კრიტერიუმებს, ისე – სამართლიანი სასამართლოს პრინციპებს.

10. აღნიშნულის მიუხედავად, ი. მ–ე–ზ–ის (განმარტა, რომ გადიოდა მკურნალობას მეთადონის ჩანაცვლებით პროგრამაში (რაც ასევე დასტურდება საქმეში არსებული სამედიცინო, სოციალურ-ეკონომიკურ და კულტურულ საკითხთა ცენტრი უ–ს 2024 წლის 11 ივნისის ცნობით), ვინაიდან ვერ შეძლო გამოცხადებულიყო მკურნალობის მიზნით და მიეღო პრეპარატი, დალია მისთვის გაურკვეველი ნივთიერება და სხვადასხვა ალკოჰოლური სასმელი, რამაც მასზე ძალიან ცუდად იმოქმედა, ჰქონდა მოჩვენებები, ეგონა, რომ ვიღაც მისდევდა და ესმოდა ხმები, რის გამოც, შეშინებული გადაძვრა სადარბაზოს მცირე ფანჯარაში, რადგან იქ რამდენიმე ოჯახს იცნობდა, საიდანაც იგი მოხვდა მ. ფ–ას აივანზე. ყვიროდა – ითხოვდა შველას და დარეკვას. საბოლოოდ გადახტა ქვემოთ და გაიქცა), ასევე დაზარალებულ მ. ფ–ას (მისთვის უცნობია თუ რა მიზნით შევიდა საცხოვრებელ ბინაში 2024 წლის 9 ივნისს სრულიად უცნობი ადამიანი. აღნიშნულ მამაკაცს ბინიდან არაფერი წაუღია. ვინაიდან რაიმე სახის ნივთის ქურდობას ადგილი არ ჰქონია, ზიანი არ დამდგარა. შესაბამისად, არანაირი სახის პრეტენზია არ გააჩნია), მოწმეების – მ. მ–ს და მ. დ–ს ჩვენებების (დაახლოებით 03:00 საათზე საცხოვრებელი ბინის კარზე შემოესმათ ბრახუნის და კაკუნის ხმა, ასევე მამაკაცის ხმამაღალი საუბარი „მიშველეთ, დამეხმარეთ“) გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება ი. მ–ე–ზ–ის განზრახვა დაზარალებულ მ. ფ–ას ბინაში არსებული ნივთების ფარულ დაუფლებასთან დაკავშირებით; მხოლოდ ის გარემოება, რომ იგი შევიდა აღნიშნულ ბინაში, საკმარისი არ არის ქურდობის (მცდელობის) განზრახვის დასადასტურებლად.

11. ანალოგიურად, ი. მ–ე–ზ–ის ჩვენების (მ. ფ–ას სახლიდან გაქცეულმა, დაინახა განათებული შენობა – აფთიაქი, გაჩერდა. ხალხის დანახვაზე იფიქრა, რომ ისევ მას მისდევდნენ, თავით გატეხა შუშის კარი და შიგნით შევიდა. დადგა კამერების წინ, რადგან იცოდა, რომ პოლიციის თანამშრომლები მივიდოდნენ (იქ მოსაპარად არ იყო შესული) და ელოდებოდა მათ. როცა გარეთ გაიხედა, პოლიციის თანამშრომლებს სხვა პირი ჰყავდათ გაჩერებული. მივიდა და უთხრა, რომ თავად გატეხა აფთიაქის ფანჯარა, რადგან შიგნით პოლიციას დალოდებოდა), ვიდეოჩანაწერის (03:05:42 საათზე კადრში ჩნდება ი. მ–ე–ზ–ი, რომელიც მიდის „.....“ აფთიაქთან, რამდენჯერმე აკაკუნებს შესასვლელი კარის მინაზე, ასევე ხელს ჰკიდებს კარის სახელურს, 03:09:40 საათზე თავით ტეხავს შესასვლელი კარის მინას და შედის აფთიაქის შიდა ტერიტორიაზე, სადაც 03:10:19 საათზე მიდის ფარმაცევტის სამუშაო დახლთან, ჯდება სკამზე და იყურება აქეთ-იქით, რის შემდეგ, 03:11 საათზე, დგება სკამიდან და გადის აფთიაქის გარე ტერიტორიაზე. კადრში ჩნდებიან შსს ფ–ს საქალაქო სამმართველოს თანამშრომლები, რომლებიც ესაუბრებიან ი. მ–ე–ზ–ს), აფთიაქში უკანონოდ შესვლამდე განვითარებული მოვლენების (მოწმეების – მ. მ–ს და მ. დ–ს ჩვენებებით გამართლებული, დაახლოებით 03:00 საათზე, საცხოვრებელი ბინის კარზე აკაკუნებდა და ხმამაღალი ყვიროდა: „მიშველეთ, დამეხმარეთ“), აფთიაქში შესვლის შემდეგ მისი ქცევის (აფთიაქის შიდა ტერიტორიაზე დაჯდა სკამზე, იხედებოდა აქეთ-იქით და ელოდება პოლიციის თანამშრომლებს, – 03:11 საათზე ადგა სკამიდან და გავიდა აფთიაქის გარე ტერიტორიაზე პოლიციელებთან) მხედველობაში მიღებით, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ მოცემულ შემთხვევაში, სისხლის სამართლის საქმეში არ არის წარმოდგენილი სტაციონარული სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნა (მის ფსიქიკურ მდგომარეობასთან/შერაცხადობასთან დაკავშირებით), სასამართლო, უსაფუძვლობის გამო, მოკლებულია კასატორის პოზიციის – გამართლებულის დამნაშავედ ცნობის – გაზიარების შესაძლებლობას.

12. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2024 წლის 9 ივლისის ამბულატორიული სასამართლო ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ანამნეზური მონაცემები და ამჟამინდელი საექსპერტო კვლევის შედეგები უნდა შეფასდეს, როგორც კლინიკურად რთული საექსპერტო შემთხვევა, რომლის გადაწყვეტა და დადგენილებაში დასმულ კითხვებზე (მათ შორის: არის თუ არა ი. მ–ე–ზ–ი დაავადებული ფსიქიკურად, დადებით შემთხვევაში კონკრეტულად რა დაავადებით; იყო თუ არა ი. მ–ე–ზ–ი ბრალადშერაცხილი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის დროს ფსიქიკურად დაავადებული და შეეძლო თუ არა გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი ან მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მათთვის) პასუხის გაცემა ამბულატორიული ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური კვლევის ფორმატში შეუძლებელია, რის გამოც, საჭიროა გამოსაკვლევი პირის სტაციონარული სასამართლო-ფსიქოლოგიური საექსპერტო გამოკვლევა ფსიქიატრიული ექსპერტიზის დეპარტამენტში.

12.1. საქმეში ასევე წარმოდგენილია გამომძიებელ ე. ძ-ს დადგენილება ფსიქიატრიული ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ (ტ. N1; ს.ფ. 211-212) და ფოთის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 11 ივლისის განჩინება (ტ. N1; ს.ფ. 226-230), რომლის თანახმადაც, ფოთის რაიონული პროკურორის მოადგილის ალექსანდრე კოდუას შუამდგომლობა, სტაციონალური სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩასატარებლად ბრალდებულ ი. მ–ე–ზ–ის სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ფსიქიატრიული ექსპერტიზის დეპარტამენტში მოთავსების შესახებ, არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ განმარტა, რომ:

12.1.1. საქართველოს სსსკ-ის 181-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბრალდებული შეიძლება სამედიცინო დაწესებულებაში ექსპერტიზისათვის მოთავსდეს არაუმეტეს 20 დღისა, ხოლო ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბრალდებულის სტაციონარულ ექსპერტიზაზე ყოფნის ვადა ჩაითვლება პატიმრობის ვადაში, ანუ სტაციონალური დაწესებულება მიეკუთვნება საპატიმრო რეჟიმის მსგავს დაწესებულებას, სადაც მოთავსებული პირი ექვემდებარება მკაცრ შინაგანწესის დაცვას.

12.1.2. „ამ შემთხვევაში, როცა ბრალდების მხარე ნიშნავს ექსპერტიზას, სასამართლოს განჩინების გარეშე პირი ვერ იქნება მოთავსებული სტაციონალური ექსპერტიზის განყოფილებაში, ანუ მხოლოდ ბრალდებულის საპატიმრო დაწესებულებაში ყოფნა არის მიზეზი, რაც იწვევს სასამართლო განჩინების მიღებას სტაციონარში მოთავსებისათვის და ბრალდებულის ნებას/სურვილს არ ექვემდებარება გადაწყვეტილების მიღება.

12.1.3. სასამართლომ აღნიშნა, რომ პირის მოთავსება სტაციონარულ საექსპერტო დაწესებულებაში სასამართლოს განჩინების საფუძველზე, თავისი ბუნებით, გულისხმობს იმ პირის სტაციონარში მოთავსებას, რომელიც მოკლებულია თავისუფალი გადაადგილების და ნებაყოფლობით შესაბამისი ქმედების განხორციელების შესაძლებლობას და იმყოფება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. იმავდროულად, ,,გასათვალისწინებელია, რომ ამბულატორიული ექსპერტიზის ჩატარების დროსაც, მასალების თანახმად, ბრალდებული იყო თავისუფალი და შესაბამისად, მან საკუთარი ნებით გაიარა ექსპერტიზა. მოცემულ შემთხვევაში, პირის სტაციონარულ სასამართლო-ფსიქიატრიულ ექსპერტიზაზე წარდგენა არ საჭიროებს სასამართლო ჩარევას, ეს უნდა განხორციელდეს სასამართლო განჩინების გარეშე, დაცვისა და ბრალდების მხარის ურთიერთშეთანხმების საფუძველზე. მით უმეტეს იმ პირობებში, როდესაც ბრალდებული თანახმაა ჩაიტაროს სტაციონარული სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზა”.

12.2. აღნიშნული განჩინება უცვლელად დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 18 ივლისის განჩინებით (ტ. N2; ს.ფ. 24-36).

13. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 180-ე და 181-ე მუხლების დანაწესი არ იძლევა საკითხის იმდაგვარად განმარტების საშუალებას, რომ როდესაც დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით დასტურდება, რომ ბრალდებული დანაშაულის ჩადენისას შეურაცხი იყო ან მისი ჩადენის შემდეგ გახდა შეურაცხი, და საჯარო უსაფრთხოების ინტერესები მოითხოვს მის სამედიცინო დაწესებულებაში იზოლირებას, პროკურორს ამ პირის სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსების თაობაზე შუამდგომლობით სასამართლოსათვის მიმართვის უფლება აქვს მხოლოდ მაშინ, როცა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულია პატიმრობა.

13.1. მიუხედავად იმისა, რომ აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა და სამედიცინო დაწესებულებაში ბრალდებულის სტაციონარული კვლევისათვის მოთავსება ზღუდავს პირის თავისუფლების და უსაფრთხოების უფლებას, მათი ურთიერთდაკავშირება და ურთიერთგანმაპირობებლად მიჩნევა საფუძველშივე არასწორია, ვინაიდან საქართველოს სსსკ-ი ადგენს აღკვეთის ღონისძიების და პირის სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსების განსხვავებულ წინაპირობებსა და საფუძვლებს, განსხვავებულია ასევე - მათი მიზნებიც. კერძოდ, თუ აღკვეთის ღონისძიება გამოიყენება იმ მიზნით, რომ: ბრალდებულმა თავი არ აარიდოს სასამართლოში გამოცხადებას, აღიკვეთოს მისი შემდგომი დანაშაულებრივი საქმიანობა, უზრუნველყოფილ იქნეს განაჩენის აღსრულება, იმავდროულად, აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საფუძველია – დასაბუთებული ვარაუდი, რომ ბრალდებული მიიმალება ან არ გამოცხადდება სასამართლოში, გაანადგურებს საქმისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას ან ჩაიდენს ახალ დანაშაულს (საქართველოს სსსკ-ის 198-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები), სამედიცინო დაწესებულებაში პირის მოთავსების საფუძველია – დასაბუთებული ვარაუდი, რომ ბრალდებული დანაშაულის ჩადენისას შეურაცხი იყო ან მისი ჩადენის შემდეგ გახდა შეურაცხი, და საჯარო უსაფრთხოების ინტერესები მოითხოვს მის სამედიცინო დაწესებულებაში იზოლირებას (საქართველოს სსსკ-ის 180-ე მუხლის პირველი ნაწილი).

13.1.1. იმავდროულად, საქართველოს სსსკ-ის 180-ე მუხლი განსაზღვრავს იმ საფუძვლებს, როდის უნდა მოხდეს პირის მოთავსება სამედიცინო დაწესებულებაში. აღნიშნულ საფუძვლებს შორის პატიმრობა, როგორც აღკვეთის ღონისძიება, არ არის გათვალისწინებული, შესაბამისად, საქართველოს სსსკ-ის 180-ე მუხლის გამოყენებისთვის პატიმრობის შეფარდება არ წარმოადგენს სავალდებულო წინაპირობას.

13.2. ფოტის საქალაქო სასამრთლოს ზემოაღნისნულ განაჩენში მითითებული საქართველოს სსსკ-ის 180-ე მუხლის ინტერპრეტაცია რეალურად აუარესებს ბრალდებულის სამართლებრივ მდგომარეობას და ქმნის იმის შესაძლებლობას/საფრთხეს, რომ მოხდეს იმ პირის მსჯავრდება, რომლის შერაცხადობის საკითხი არ იქნა გამოკვლეული. იმავდროულად, ახალისებს/სტიმულს აძლევს ბრალდების მხარეს მოითხოვოს ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენება მხოლოდ იმ (დაფარული) მიზნით, რომ საჭიროების შემთხვევაში შეძლოს სასამართლოს მიმართოს ამ პირის სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსების შესახებ შუამდგომლობით. ეს კი, სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებისგან განსხვავებით, განსაკუთრებით ხანგრძლივობის თვალსაზრისით, იქნება გაცილებით უფრო შემზღუდველი და, გამოიწვევს ბრალდებულის თავისუფლების უფლების უფრო მაღალი ინტენსივობით შეზღუდვას. იმავდროულად, საქართველოს სსკ-ის 35-ე მუხლის თანახმად, მართალია, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან არ თავისუფლდება სრულწლოვანი, რომელიც დანაშაულის ჩადენის დროს შეზღუდული შერაცხადობის მდგომარეობაში იმყოფებოდა, ესე იგი, ფსიქიკური აშლილობის გამო არ შეეძლო სრულად გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი ან მართლწინააღმდეგობა ანდა ეხელმძღვანელა მისთვის, თუმცა აღნიშნულს (შეზღუდულ შერაცხადობას) სასამართლო ითვალისწინებს სასჯელის დანიშვნის დროს. შესაბამისად, ნორმის ზემოაღნიშნული მცდარი განმარტება, ასევე ქმნის არასამართლიანი სასჯელის განსაზღვრის რისკს.

13.2. საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ადგენს ფორმალური შემადგენლობის დანაშაულისთვის - ბინაში ან სხვა მფლობელობაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შესვლისთვის, რომელიც არღვევს ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობას- რაც დასრულებულია ბინაში/მფლობელობაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შესვლის მომენტიდან. სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, რომ მოცემულ შემთხვევაში, საქმეში ფორმალურად იკვეთება სხვისი მფლობელობის ხელშეუხებლობის დარღვევა, თუმცა აფთიაქში უკანონო შესვლამდე და იქ ყოფნისას განვითარებული მოვლენების, გამართლებულის ქცევის და მისი ჩვენების(აფთიაქში შეღწევისას მიაჩნდა, რომ მას უცნობი პირები მისდევდნენ, რის გამოც, შენობაში შესვლა აღიქვა, როგორც ერთადერთი საშუალება მათგან თავის დასაღწევად. მ. ფ–ას სახლიდან გაქცეულმა, დაინახა განათებული შენობა – აფთიაქი, გაჩერდა. ხალხის დანახვაზე იფიქრა, რომ ისევ მას მისდევდნენ, თავით გატეხა შუშის კარი და შიგნით შევიდა. დადგა კამერების წინ, რადგან იცოდა, რომ პოლიციის თანამშრომლები მივიდოდნენ (იქ მოსაპარად არ იყო შესული) და ელოდებოდა მათ. როცა გარეთ გაიხედა, პოლიციის თანამშრომლებს სხვა პირი ჰყავდათ გაჩერებული. მივიდა და უთხრა, რომ თავად გატეხა აფთიაქის ფანჯარა, რადგან შიგნით პოლიციას დალოდებოდა), თვითმხილველი მოწმეების – მ. მ–ს და მ. დ–ს ჩვენებების(რომელთა თანახმადაც, გამართლებული დაახლოებით 03:00 საათზე საცხოვრებელი ბინის კარზე აკაკუნებდა და ხმამაღალი ყვიროდა: „მიშველეთ, დამეხმარეთ“), და ვიდეოჩანაწერის (03:05:42 საათზე კადრში ჩნდება ი. მ–ე–ზ–ი, რომელიც მიდის „.....“ აფთიაქთან, რამდენჯერმე აკაკუნებს შესასვლელი კარის მინაზე, ასევე ხელს კიდებს კარის სახელურს, 03:09:40 საათზე თავით ტეხავს შესასვლელი კარის მინას და შედის აფთიაქის შიდა ტერიტორიაზე, სადაც 03:10:19 საათზე მიდის ფარმაცევტის სამუშაო დახლთან, ჯდება სკამზე და იყურება აქეთ-იქით, რის შემდეგ, 03:11 საათზე, დგება სკამიდან და გადის აფთიაქის გარე ტერიტორიაზე. კადრში ჩნდებიან შსს ფ–ს საქალაქო სამმართველოს თანამშრომლები, რომლებიც ესაუბრებიან ი. მ–ე–ზ–ს), ასევე – სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2024 წლის 9 ივლისის ამბულატორიული სასამართლო ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნას ერთობლივი შეფასების საფუძველზე, სასამართლო მოკლებულია კასატორის პოზიციის გაზიარების შესაძლებლობას, ვინაიდან ვერ დგინდება ბრალადშერაცხული ქმედების ჩადენის დროს ი. მ–ე–ზ–ის შერაცხადობა(მიუხედავად იმისა, რომ ბრალდების მხარისგან დამოუკიდებელი მიზეზით გამართლებულს არ ჩაუტარდა საჭირო სტაციონარული ექსპერტიზა). კერძოდ,

14. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კასატორი დაასაბუთებს ამავე ნაწილით ამომწურავად განსაზღვრული, რომელიმე წინაპირობის/ების არსებობას. ამავე მუხლის მე-31 ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლოს ევალება, შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილ მოთხოვნათა შესაბამისად და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საკასაციო საჩივარი აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, იგი ცნობილ უნდა იქნეს დასაშვებად.

14.1. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

14.2. მოცემულ შემთხვევაში, წარმოდგენილი მასალებით არ დგინდება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ზემოაღნიშნული რომელიმე წინაპირობის არსებობა, რის გამოც, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

15. „საკასაციო ინსტანციის სასამართლოების მიერ დასაშვებობის კრიტერიუმის გამოყენება ემსახურება მართლმსაჯულების ჯეროვნად განხორციელების კანონიერ მიზანს (იხ. Tchaghiashvili v. Georgia, no. 19312/07, par. 34, ECtHR, 2/09/2014; Borisenko and Yerevanyan Bazalt Ltd v. Armenia, no. 18297/08, ECtHR, 14/04/2009; Kuparadze v. Georgia, no.30743/09, par. 76 ECtHR, 21/09/2017).

16. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ფოთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ხატია ჩხენკელის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 10 ივნისის განაჩენზე, ი. მ–ე–ზ–ის მიმართ;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. ვასაძე

ლ. თევზაძე