საქმე № 330100122006542825
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე № 604აპ-25 ქ. თბილისი
კ–ი მ., 604აპ-25 17 ნოემბერი, 2025 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
მამუკა ვასაძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 7 მაისის განაჩენზე თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ თორნიკე მახათაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით - მ. კ–სს, პირადი ნომერი ........., - ბრალად ედებოდა:
1.1. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური ცემა, რ–ზ დაზარალებულის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „კ“ ქვეპუნქტით.
მ. კ–სის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
დაახლოებით 2021 წლის ივლისიდან 2022 წლის 19 აგვისტომდე პერიოდში, ქ. თ–ში, ნ–ს ქუჩის N... კორპუსის ბინა №...-ში მდებარე სახლში, მ. კ–სი არასრულწლოვანი შვილის – დ. კ–ს თანდასწრებით, უსაფუძვლოდ, სისტემატურად ძალადობდა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეზე - მ. ტ–ეზე. კერძოდ, ურტყამდა ხელებს სხეულის სხვადასხვა ადგილზე. ზემოაღნიშნული ქმედებების შედეგად მ. ტ–ემ განიცადა ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა.
1.2. სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით.
მ. კ–სის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
დაახლოებით 2021 წლის ივლისიდან 2022 წლის 19 აგვისტომდე პერიოდში, ქ. თ–ში, ნ–ს ქუჩის N.. კორპუსის ბინა №..-ში, მ. კ–სი ფიზიკური ძალადობის განხორციელებისას სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს - მ. ტ–ეს. კერძოდ ეუბნებოდა, რომ მოკლავდა, რაზეც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
1.3. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, – დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
მ. კ–სის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
დაახლოებით 2021 წლის ივლისიდან 2022 წლის 19 აგვისტომდე პერიოდში, ქ. თ–ში, ნ–ს ქუჩის N.. კორპუსის ბინა №...-ში, მ. კ–სი არასრულწლოვანი შვილის - დ. კ–ის თანდასწრებით, ფიზიკური ძალადობის და მუქარის განხორციელებისას ამცირებდა და სისტემატურად შეურაცხყოფას აყენებდა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს – მ. ტ–ეს. კერძოდ, ეძახდა „ავადმყოფს“, „ნაძირალას“ და სხვადასხვა შეურაცხმყოფელ სიტყვებს. ზემოაღნიშნული ქმედებებით მ. ტ–ე განიცდიდა ტანჯვას.
1.4. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, – დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
მ. კ–სის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2022 წლის 19 აგვისტოს, დილის საათებში, ქ. თ–ში, ...... ქუჩის №..., ბინა №..-ში მდებარე კ–ების საცხოვრებელსა და ამავე სახლის სადარბაზოში, მ. კ–მა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლის მ. ტ–ის დედას თ. ტ–ეს. კერძოდ - რამდენჯერმე დაარტყა ხელი და ფეხი სხეულის სხვადასხვა ადგილზე. ზემოაღნიშნული ქმედებებით, დაზარალებულმა - თ. ტ–ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
1.5. სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, – დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით.
მ. კ–სის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2022 წლის 19 აგვისტოს, დილის საათებში, ქ. თ–ში, ........ ქუჩის №..., ბინა №..-ში მდებარე მ. კ–სის საცხოვრებელ სახლში და ამავე საცხოვრებელი სახლის სადარბაზოში, მ. კ–სი ფიზიკური ძალადობისას, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლის მ. ტ–ის დედას - თ. ტ–ეს. კერძოდ უთხრა, რომ მოკლავდა. აღნიშნული ქმედების შედეგად თ. ტ–ეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 4 დეკემბის განაჩენით:
2.1. მ. კ–სი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „კ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში;
2.2. მ. კ–ს ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, (2021 წლის ივლისიდან 2022 წლის 19 აგვისტოს ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში;
2.3. მ. კ–სი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში;
2.4. მ. კ–სი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ელი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში;
2.5. მ. კ–სი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, (2022 წლის 19 აგვისტოს ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში;
2.6. გამართლებულ მ. კ–სს განემარტა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების უფლება.
3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თორნიკე მახათაძემ მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება, მ. კ–სის დამნაშავედ ცნობა ბრალადწარდგენილი ყველა ქმედების ჩადენაში და მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 7 მაისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 4 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თორნიკე მახათაძემ. კასატორი ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებას და მ. კ–სის დამნაშავედ ცნობას ბრალადწარდგენილი ყველა დანაშაულის ჩადენაში და მისთვის მკაცრი სასჯელის განსაზღვრას.
6. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, par. 30, ECtHR, 25/12/2001).
7. საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. კასატორი ითხოვს მ. კ–სის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „კ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ელი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და მკაცრი სასჯელის განსაზღვრას.
7.1. ბრალდების მხარემ თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენის გაუქმების მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართა იმავე (იდენტურ) არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული. გასაჩივრებულ განაჩენში დეტალური მსჯელობაა წარმოდგენილი კასატორის ყველა არგუმენტზე და მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლებმაც მ. კ–სის უდანაშაულოდ ცნობა და გამართლება განაპირობა.
8. „უტყუარობის კონსტიტუციური პრინციპი მოითხოვს არა მხოლოდ იმას, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უტყუარ (სანდო, გაუყალბებელ) მტკიცებულებებს ეფუძნებოდეს, არამედ იმასაც, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით ეჭვგარეშე დასტურდებოდეს პირის ბრალეულობა დანაშაულის ჩადენაში“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება N 2/2/1276 „გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-77).
9. სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მტკიცებას, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისია მ. კ–სის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად.
10. სასამართლო ერთი მხრივ ითვალისწინებს ივ. ბ-ს სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალიდან ამოღებულ სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათს ( ტ. 1, ს..ფ. 172-296) და იმავდროულად, ასევე ითვალისწინებს, რომ დაზარალებულმა მ. ტ–ემ უარი განაცხადა N...... შემაკავებელი ორდერის ხელმოწერაზე, გამოძიების ეტაპზევე ორჯერ – 2022 წლის 19 აგვისტოსა და 2022 წლის 11 ოქტომბერს ისარგებლა მისთვის კანონით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე (იხ.: მ. ტ–ის გამოკითხვის ოქმები ტ. 1, ს.ფ. 72-74; ტ.2, ს.ფ. 26-28).
11. სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით, სასამართლო ითვალისწინებს, რომ ჩანაწერები დაზარალებულ თ. ტ–ის მიერ საგამოძიებო ორგანოში წარდგენილი იყო დისკზე ჩაწერილი ინფორმაციის სახით, რაც გადაუდებელი აუცილებლობით ამოიღო გამომძიებელმა (გადაუდებელი აუცილებლობით ჩატარებული ამოღება დაკანონდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 11 ოქტომბრის განჩინებით). დაზარალებულ თ. ტ–ისაგან ამოღებული დისკიდან კი გამომძიებელმა ინფორმაცია გამოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 18 ოქტომბრის განჩინების საფუძველზე. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დაზარალებულის მიერ წარმოდგენილი დისკი არ არის ინფორმაციის პირველწყარო, ინფორმაციის გამოთხოვა უნდა მომხდარიყო კომპიუტერული სისტემიდან – იმ ტელეფონიდან, რომელშიც შექმნილი იყო დისკზე ჩაწერილი აუდიოფაილები, ვერ დასტურდება ვერც აუდიო ჩანაწერის ავთენტიკურობა. შესაბამისად, საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის საფუძველზე, სასამართლო ვერ გაიზიარებს აღნიშნულ მტკიცებულებას. იმავდროულად, სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ ჩანაწერები არ ასახავს კონფლიქტის სრულ სურათს, არ ისმის კონკრეტულად ვის მიმართ ხორციელდება შეურაცხმყოფელი ფრაზები და მუქარის შემცველი ტექსტები, არ ადასტურებს დაზარალებულის მიერ ტკივილისა და შიშის განცდას.
12. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნასთან მიმართებით, საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ შეუძლებელია ექსპერტიზის დასკვნით ობიექტურად განისაზღვროს დაზიანების მიმყენებელი პირის ვინაობა, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
13. იმავდროულად, თ. ტ–ის გამოკითხვის ოქმი (რომელიც ირიბია მ. კ–სის მიერ მ. ტ–ის მიმართ 2021 წლის ივლისის თვიდან 2022 წლის 19 აგვისტომდე მუქარისა და ძალადობის განხორციელების ნაწილში, მოწმე შეესწრო მხოლოდ 2022 წლის 19 აგვისტოს ფაქტებს), რომელიც გამოქვეყნდა საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით (ვინაიდან მოწმე არ იმყოფებოდა საქართველოში) გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ ადასტურებს მ. კ–სის მიერ მ. ტ–ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „კ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, (2021 წლის ივლისიდან 2022 წლის 19 აგვისტოს ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებთან მიმართებით (დაზარალებულ მ. ტ–ის ეპიზოდები).
14. დაზარალებულ თ. ტ–ის მიმართ მ. კ–სისათვის ბრალადშერაცხულ ეპიზოდებთან (საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილით) მიმართებით, სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბრალდების მხარის მიერ მოცემული ეპიზოდების დასადასტურებლად წარმოდგენილია დაზარალებულ თ. ტ–ის გამოკითხვის ოქმი, რომელიც გამოქვეყნდა საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი (მხარეთა მიერ ცნობილია უდავოდ) და 2022 წლის 19 აგვისტოს N......... შემაკავებელი ორდერი და მისი ოქმი (რომელიც მხარეთა მიერ არ არის ცნობილი უდავოდ), რაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ ადასტურებს მ. კ–სის მიერ მისთვის ბრალადწარდგენილი ქმედებების ჩადენას.
15. იმავდროულად, არსებით სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებულ თ. ტ–ის გამოკითხვის ოქმთან მიმართებით, სასამართლო ითვალისწინებს საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესს და ევროპული სასამართლოს მიდგომას, რომ კონვენციის მე-6 მუხლის მე-3 პარაგრაფის ,,დ’’ პუნქტი განამტკიცებს პრინციპს, რომ სანამ ბრალდებულს მსჯავრი დაედება, მის წინააღმდეგ ყველა მტკიცებულება წარმოდგენილი უნდა იქნეს მისი თანდასწრებით საჯარო განხილვის დროს, რათა უზრუნველყოფილ იქნეს შეჯიბრებითობის პრინციპი (იხ.: Al-Khawaja and Tahery v UK [GC], nos. 26766/05, 22228/06, paras. 119-147, ECtHR, 15/12/2011 2011; Schatschachwili v Germany [GC], no. 9154/10, par. 103, ECtHR, 15/12/2015; Seton v. UK, no. 55287/10, par. 75, ECtHR, 31/03/2016), mutatitis mutandis, მაგისტრატი მოსამართლის წინაშე მოწმის დაკითხვისას მიღებული ჩვენებაც კი „არ შეიძლება ჩაითვალოს მომჩივნის უფლების ჩამნაცვლებლად დაკითხოს ეს მოწმე საქმის განმხილველი მოსამართლის თანდასწრებით, რომელიც საბოლოოდ განიხილავს მისი დამნაშავეობის საკითხს“ (Khavshabova v. Georgia, no. 26134/19, par.52, ECtHR, 29/09/2023; Schatschaschwili v. Germany, no. 9154/10, par.155, ECtHR 15/12/2015; Hümmer v. Germany, no. 26171/07, par.48, ECtHR, 19/07/2012; Hanu v. Romania, no.10890/04, par.40, ECtHR, 04/09/2013; Dadayan v. Armenia, no. 14078/12, par.46, ECtHR , 06/12/2018; ასევე იხ., mutatis mutandis, Faysal Pamuk v. Turkey, no. 430/13, paras.70-71, ECtHR, 09/05/2022).
16. შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, ვერ დასტურდება მ. კ–სის მიერ საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „კ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ელი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.
17. „საქართველოს უზენაესი სასამართლო, ქვედა ინსტანციების სასამართლოებისგან განსხვავებით, საქმეს მთლიანად არ იხილავს... მისი განხილვის ფარგლები შეზღუდულია კონკრეტული სამართლებრივი საკითხებით“ (იხ. Kuparadze v. Georgia, no. 30743/09, paras. 41, 76, ECtHR, 21/09/2017) და „როდესაც სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, par.175, ECtHR, 14/05/2020).
18. მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი. შესაბამისად, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
19. „საკასაციო ინსტანციის სასამართლოების მიერ დასაშვებობის კრიტერიუმის გამოყენება ემსახურება მართლმსაჯულების ჯეროვნად განხორციელების კანონიერ მიზანს“ (იხ. Tchaghiashvili v. Georgia, no. 19312/07, par. 34, ECtHR, 2/09/2014; Borisenko and Yerevanyan Bazalt Ltd v. Armenia, no. 18297/08, ECtHR, 14/04/2009).
20. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ თორნიკე მახათაძის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 7 მაისის განაჩენზე მ. კ–სის მიმართ;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. ვასაძე
ლ. თევზაძე