საქმე # 020100124009445074
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №733აპ-25 ქ. თბილისი
თ–ა ე., 733აპ-25 17 ნოემბერი, 2025 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
მამუკა ვასაძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 19 მარტის განაჩენზე ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ შორენა გვილავას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით, – ე. თ–ას, პირადი ნომერი: ............, – ბრალად ედებოდა
1.1. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, – დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი).
ე. თ–ას მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2024 წლის 4 მაისს, დაახლოებით 19:30 საათზე, წ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ჭ–ში, ფ–ს დასახლებაში, კორპუსი №.., ბინა №..-ში ალკოჰოლით მთვრალმა ე. თ–ამ, გენდერული შეუწყნარებლობის ნიშნით, რაც უკავშირდებოდა მის სტერეოტიპულ შეხედულებას, რომ ლ. ც–ს, როგორც ცოლსა და ქალს, არ ჰქონდა უფლება მისთვის აეკრძალა ალკოჰოლის მიღება, მეუღლის - ლ. ც–ის მიმართ ფიზიკურად იძალადა, კერძოდ, მუშტი დაარტყა სახისა და კეფის არეში, შემდეგ კი წაქცეულს რამდენიმეჯერ დაარტყა ფეხი სხეულის სხვადასხვა ნაწილში, რის შედეგადაც ლ. ც–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2024 წლის 5 მაისს, დაახლოებით 13:00 საათზე, წ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ჭ–ში, ფ–ს დასახლებაში, კორპუსი №.., ბინა №..-ში, ალკოჰოლით მთვრალმა ე. თ–ამ გენდერული შეუწყნარებლობის ნიშნით, რაც უკავშირდებოდა მის სტერეოტიპულ შეხედულებას, რომ ლ. ც–ს, როგორც ცოლსა და ქალს, არ ჰქონდა უფლება, მისთვის აეკრძალა ალკოჰოლის მიღება, მეუღლის - ლ. ც–ის მიმართ იძალადა ფიზიკურად, კერძოდ, მუშტი დაარტყა მარჯვენა წინამხრის არეში, რის შედეგადაც ლ. ც–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
1.2. სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი).
ე. თ–ას მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2024 წლის 4 მაისს, დაახლოებით 21:30 საათზე, წ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ჭ–ში, ფ–ს დასახლებაში, კორპუსი №.., ბინა №..-ში ალკოჰოლით მთვრალმა ე. თ–ამ გენდერული შეუწყნარებლობის ნიშნით, რაც უკავშირდებოდა მის სტერეოტიპულ შეხედულებას, რომ ლ. ც–ს, როგორც ცოლსა და ქალს, არ ჰქონდა უფლება სამართალდამცავ ორგანოში განეცხადებინა მისი მეუღლის მხრიდან მის მიმართ განხორციიელებული ძალადობის შესახებ, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს - ლ. ც–ს, კერძოდ, უთხრა, რომ მოკლავდა, რაც ლ. ც–მა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2024 წლის 5 მაისს, დაახლოებით 13:00 საათზე, წ-ს მუნიციპალიტეტის სოფელ ჭ–ში, ფ–ს დასახლებაში, კორპუსი №.., ბინა №..-ში, ალკოჰოლით მთვრალმა ე. თ–ამ ფიზიკური ძალადობის შემდეგ გენდერული შეუწყნარებლობის ნიშნით, რაც უკავშირდებოდა მის სტერეოტიპულ შეხედულებას, რომ ლ. ც–ს, როგორც ცოლსა და ქალს, არ ჰქონდა უფლება, სამართალდამცავ ორგანოში განეცხადებინა მისი მეუღლის მხრიდან მის მიმართ განხორციელებული ძალადობის შესახებ, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს - ლ. ც–ს, კერძოდ, უთხრა, რომ მოკლავდა, თუკი სამართალდამცავ ორგანოში განაცხადებდა მის მიმართ ჩადენილი ძალადობის შესახებ, შემდეგ კი მუქარა განაგრძო დანის ლესვით დემონსტრირებით, რაზეც უთხრა, რომ მისთვის ამზადებდა. ე. თ–ას აღნიშნული ქმედება ლ. ც–მა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2024 წლის 6 მაისს, დაახლოებით 15:00 საათზე, წ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ჭ–ში, ფ–ს დასახლებაში, კორპუსი №.., საცხოვრებელ ბინა №..-ში, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი ე. თ–ა გენდერული შეუწყნარებლობის ნიშნით, რაც უკავშირდებოდა მის სტერეოტიპულ შეხედულებას, რომ ლ. ც–ს, როგორც ცოლსა და ქალს, არ ჰქონდა უფლება, მისთვის აეკრძალა ალკოჰოლის მიღება, დანის დემონსტრირებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს - ლ. ც–ს, კერძოდ, უთხრა, რომ დაეტოვებინა საცხოვრებელი ბინა, წინააღმდეგ შემთხვევაში მოკლავდა, რაც ლ. ც–მა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 19 დეკემბრის განაჩენით:
2.1. ე. თ–ა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (5 მაისის ქმედება), საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (5 მაისის ქმედება), საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (6 მაისის ქმედება) ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა;
2.2. ე. თ–ა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (4 მაისის ქმედება), საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (4 მაისის ქმედება) ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
2.2.1. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით - 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;
2.2.2. საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ნებისმიერი სახის იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის, ტარებისა და გამოყენების აკრძალვა 5 წლით;
2.3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ ე. თ–ას მოსახდელად განესაზღვრა საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სასჯელი.
2.4. ე. თ–ას სასჯელის ვადა აეთვალა დაკავებიდან - 2024 წლის 6 მაისიდან.
3. სასამართლომ დაადგინა:
3.1. 2024 წლის 4 მაისს, დაახლოებით 19:30 საათზე, წ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ჭ–ში, ფ–ს დასახლებაში, კორპუსი №.., საცხოვრებელ ბინა №..-ში ალკოჰოლით მთვრალმა ე. თ–ამ, იმის გამო, რომ მეუღლე მას უკრძალავდა ალკოჰოლური სასმელის მიღებას, მეუღლის - ლ. ც–ის მიმართ იძალადა ფიზიკურად, კერძოდ, მუშტი დაარტყა სახისა და კეფის არეში, შემდეგ კი წაქცეულს რამდენიმეჯერ დაარტყა ფეხი სხეულის სხვადასხვა ნაწილში, რის შედეგადაც ლ. ც–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
3.2. 2024 წლის 4 მაისს, დაახლოებით 21:30 საათზე, წ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ჭ–ში, ფ–ს დასახლებაში, კორპუსი №., საცხოვრებელი ბინა №..-ში ალკოჰოლით მთვრალი ე. თ–ა სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს - ლ. ც–ს, კერძოდ, უთხრა, რომ მოკლავდა, რაც ლ. ც–მა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
3.3. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულ ე. თ–ას მიერ ჩადენილი ქმედებებში ვერ დადგინდა გენდერული შეუწყნარებლობის ნიშნის არსებობა.
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა:
4.1. ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა შორენა გვილავამ მოითხოვა ე. თ–ას დამნაშავედ ცნობა ყველა წარდგენილ ბრალდებაში და მისთვის სამართლიანი და პროპორციული სასჯელის განსაზღვრა;
4.2. მსჯავრდებულმა ე. თ–ამ და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატმა რ. ზ–ამ მოითხოვეს ე. თ–ას სრულად უდანაშაულოდ ცნობა.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 19 მარტის განაჩენით:
5.1. ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ შორენა გვილავას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა;
5.2. მსჯავრდებულ ე. თ–ას და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის რ. ზ-ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;
5.3. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 19 დეკემბრის განაჩენში შევიდა ცვლილება:
5.4. ე. თ–ა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2024 წლის 5 მაისის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2024 წლის 5 მაისის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2024 წლის 6 მაისის ეპიზოდი) ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა;
5.5. ე. თ–ა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2024 წლის 4 მაისის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2024 წლის 4 მაისის ეპიზოდი) ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
5.6. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად გაუნახევრდა და განესაზღვრა – 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;
5.7. საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით გაუნახევრდა და განესაზღვრა – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ნებისმიერი სახის იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის, ტარებისა და გამოყენების აკრძალვა 5 წლით;
5.8. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით ე. თ–ას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ნებისმიერი სახის იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის, ტარებისა და გამოყენების აკრძალვა 5 წლით;
5.9. ე. თ–ას სასჯელის ვადა აეთვალა დაკავებიდან - 2024 წლის 6 მაისიდან;
5.10. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-12 მუხლის მე-7 პუნქტის და ამავე კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ე. თ–ას მიმართ გამოიცა დამცავი ორდერი შესაბამისი შეზღუდვებით 1 თვისა და 24 დღის ვადით;
5.11. მსჯავრდებულს განემარტა, რომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-12 მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, ამ კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით ან მე-4 მუხლის მე-4 ან მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ამნისტიის საფუძველზე პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლებული პირის მიერ დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების/ვალდებულებების შეუსრულებლობა გამოიწვევს მისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას.
6. 2025 წლის 19 მარტის დამცავი ორდერით:
6.1. მსჯავრდებულ ე. თ–ას (დაბადებული: ........წ. საქართველოს მოქალაქე, პირადი №......., დაოჯახებული, ნასამართლობის არმქონე, უმაღლესი განათლებით, მცხოვრები: წ–ს რაიონი, სოფელი ჭ–ე, ფ–ს დასახლება მე-.. ქუჩა, მე-..კორპუსი, ბინა N...) მიმართ გამოიცა დამცავი ორდერი;
6.2. დამცავი ორდერის მოქმედების ვადა განისაზღვრა – 1 თვით და 24 დღით. მსჯავრდებულ ე. თ–ას აეკრძალა დაზარალებულთან - ლ. ც–თან მათ შორის, მის საცხოვრებელთან, სამსახურთან და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც შეიძლება ლ. ც–ი იმყოფებოდეს და მასთან რაიმე ფორმით ურთიერთობა;
6.3. აეკრძალა დაზარალებულთან - ლ. ც–თან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია მობილური საშუალებისა და სოციალურ ქსელის გამოყენებით;
6.4. მსჯავრდებულ ე. თ–ას განემარტა, რომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-12 მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, ამნისტიის საფუძველზე პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლებული პირის მიერ დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების/ვალდებულებების შეუსრულებლობა გამოიწვევს მისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სისხლის სამართლებრივი სასჯელის დაკისრებას;
6.5. დამცავი ორდერი ძალაში შედის მისი გამოცხადებისთანავე.
7. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორი შორენა გვილავა საკასაციო საჩივრით ითხოვს ე. თ–ას დამნაშავედ ცნობას ბრალადწარდგენილ ყველა დანაშაულში და მისთვის პროპორციული სასჯელის განსაზღვრას.
8. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, par.30, ECtHR, 25/12/2001).
9. საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში.
10. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრა ბრალდების მხარემ, რომელიც ითხოვს ე. თ–ას დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (5 მაისის ქმედება), საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (5 მაისის ქმედება) და საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (6 მაისის ქმედება) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და მისთვის პროპორციული სასჯელის განსაზღვრას.
10.1. მხარეთა შორის დავის საგანს არ წარმოადგენს ე. თ–ას მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა (4 მაისის ქმედება) და საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (4 მაისის ქმედება) გათვალისწინებული ქმედებების ჩადენა და ამ ქმედებებისთვის განსაზღვრული სასჯელი;
10.1.1. მხარეთა შორის დავის საგანი არ არის ე. თ–ას მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის გამოყენების კანონიერება და არც მსჯავრად შერაცხულ დანაშაულებში მაკვალიფიცირებელი ნიშნის - დანაშაულის გენდერული შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენა - ნაწილში გამართლება.
11. სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მტკიცებას, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისია ე. თ–ას მიმართ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (5 მაისის ქმედება), საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (5 მაისის ქმედება), საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (6 მაისის ქმედება) გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად. ვინაიდან,
12. უტყუარობის კონსტიტუციური პრინციპი მოითხოვს არა მხოლოდ იმას, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უტყუარ (სანდო, გაუყალბებელ) მტკიცებულებებს ეფუძნებოდეს, არამედ იმასაც, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ეჭვგარეშე დასტურდებოდეს პირის ბრალეულობა დანაშაულის ჩადენაში (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება N 2/2/1276 „გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-77). ამასთან, მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით უნდა დასტურდებოდეს დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-41-43).
13. დაზარალებულმა ლ. ც–მა ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებით და უარი განაცხადა მეუღლის ე. თ–ას წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.
14. მოცემულ შემთხვევაში, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, რომელზეც საკასაციო საჩივარში უთითებს პროკურორი, შინაარსობრივად არის დაზარალებულის ჩვენების – მის მიერ გამოკითხვის ოქმში მოწოდებული ინფორმაციის შემოწმება. დაზარალებულის ჩვენება და საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, მართალია, ორი სხვადასხვა მტკიცებულებაა, მაგრამ ცალსახაა, რომ, ორივე შემთხვევაში, ინფორმაციის მომწოდებელი წყარო არის ერთი და იგივე პირი (მაგალითისთვის, იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებები: №315აპ-20; №49აპ-20; №679აპ-20; №442აპ-21). შეტყობინებაში მითითებული ინფორმაციის პირველწყაროც არის დაზარალებული, რომლის დაკითხვის და შესაბამისად – შეტყობინებაში ასახული ინფორმაციის სარწმუნოობისა და ინფორმაციის მიმწოდებლის სანდოობის გამოკვლევის შესაძლებლობა არსებითი განხილვის ფარგლებში დაცვის მხარეს არ მიეცა, ვინაიდან დაზარალებულმა ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლით მინიჭებული უფლებით (მაგალითისთვის, იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებები: №1098აპ-24, 1099აპ-24). სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბრალდებულს „უნდა შეეძლოს მოწმეთა მიერ მიცემული ჩვენებების ჭეშმარიტებისა და სანდოობის შემოწმება მისი თანდასწრებით მათი ზეპირი გამოკითხვის გზით, მოწმის მიერ ჩვენების მიცემის დროს ან საქმის წარმოების რომელიმე შემდგომ ეტაპზე“ (mutatis mutandis Okropiridze v. Georgia, nos. 43627/16, 71667/16, par. 81 (iv) ECtHR, 7/09/2023).
15. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ,,სასამართლომ ინდივიდუალურად უნდა შეაფასოს ყველა მტკიცებულება და ერთმანეთისგან გამიჯნოს, რომელი ჩვენება, ან ჩვენების ნაწილი წარმოადგენს ირიბს და შემდეგ გადაწყვიტოს, რამდენად შესაძლებელია ამ ჩვენების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად“ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 14 ივლისის განაჩენი N97აპ-20).
16. მოწმეთა: მ. ჩ–ს და ქ. ლ–ს ჩვენებების ის ნაწილი, რომელიც ეხება მათ მიერ უშუალოდ ნანახს, წარმოადგენს პირდაპირ მტკიცებულებას. კერძოდ, მოცემულ მოწმეთა ჩვენებები პირდაპირია იმ ნაწილში, რომელიც ეხება დაზარალებულ ლ. ც–ის მდგომარეობას შემთხვევიდან (2024 წლის 6 მაისის მუქარის ფაქტიდან – ასეთის არსებობის შემთხვევაში) მალევე მათთან შეხვედრისას – მათ პირადად ნახეს, რომ დაზარალებული ტიროდა და კანკალებდა. თუმცა მოწმეთა მიერ მითითებული ინფორმაცია მუქარის განმახორციელებელი პირის ნაწილში ირიბია, ვინაიდან ისინი არ შესწრებიან მუქარის ფაქტს და ამის შესახებ იციან მხოლოდ დაზარალებულ ლ. ც–ის გადმოცემით. შესაბამისად, მათ მიერ გამოძიებისათვის მიწოდებული ინფორმაციის გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის დაუშვებელია (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-52). ანალოგიურად, ირიბია ბესიკ ქვარაცხავასა და ვლადიმერ ფიფიას, ინგა გოგიას ჩვენებები, ვინაიდან ისინი არ შესწრებიან ძალადობისა და მუქარის ფაქტებს და მათთვის აღნიშნულის შესახებ ცნობილი გახდა დაზარალებულისგან, ხოლო რ. ქ–ს ჩვენება არარელევანტურია, ვინაიდან, მოწმის განმარტებით, 2024 წლის 5 და 6 მაისს განვითარებულ მოვლენებზე არაფერი იცის.
17. შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, ვერ დასტურდება ე. თ–ას მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (5 მაისის ქმედება), საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (5 მაისის ქმედება), საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (6 მაისის ქმედება) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.
18. მტკიცებულებების შეგროვება წარმოადგენს გამოწვევას საქმეებზე, სადაც ძალადობას ადგილი აქვს კერძო გარემოში, მოწმეების გარეშე და ზოგჯერ არ რჩება რაიმე ხელშესახები ნიშანი (Volodina v. Russia, no.41261/170, par.82, ECtHR, 9/07/2019). აღნიშნულის მიუხედავად, მოქმედი კანონმდებლობა ადგენს ერთნაირ მტკიცებით სტანდარტს გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად დანაშაულის კატეგორიის და საქართველოს სსკ-ით დაცული ობიექტის მიუხედავად.
19. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიულ დანაწესის, საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის, მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნების გათვალისწინებით, „ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში... დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-41-43). მტკიცებულებათა ერთობლიობა კი საქმეში უნდა არსებობდეს თითოეულ ეპიზოდთან/მაკვალიფიცირებელ გარემოებასთან მიმართებით.
20. იმავდროულად, სასამართლო ითვალისწინებს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განაჩენი ე. თ–ას მიმართ გამოცემული დამცავი ორდერის ხანგრძლივობის ნაწილში უკანონოა. კერძოდ, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის გამოყენებისას ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ ე. თ–ას მიმართ გამოიცა დამცავი ორდერი 1 თვითა და 24 დღით, რაც არ შეესაბამება „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნას, რომლის თანახმად, პირის მიმართ ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტიის გავრცელებისას „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ამ პირის მიერ ძალადობის განმეორების რისკის შეფასების გარეშე დამცავი ორდერი უნდა გამოიცეს იმ ვადით, რომლითაც მას ამნისტიის შედეგად შეუმცირდა სასჯელი, მაგრამ არაუმეტეს 9 თვისა. თუმცა, ვინაიდან აღნიშნული საკითხი არ წარმოადგენდა ბრალდების მხარის გასაჩივრების საგანს, საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილითა და 308-ე მუხლების დანაწესებიდან გამომდინარე, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას გაასწოროს დაშვებული შეცდომა.
21. მოცემულ შემთხვევაში, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, ასევე არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა. შესაბამისად, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
22. „საკასაციო ინსტანციის სასამართლოების მიერ დასაშვებობის კრიტერიუმის გამოყენება ემსახურება მართლმსაჯულების ჯეროვნად განხორციელების კანონიერ მიზანს (იხ. Tchaghiashvili v. Georgia, no. 19312/07, par. 34, ECtHR, 2/09/2014; Borisenko and Yerevanyan Bazalt Ltd v. Armenia, no. 18297/08, ECtHR,14/04/2009, Kuparadze v. Georgia, no.30743/09, par.76, ECtHR, 21/09/2017)).
23. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ შორენა გვილავას საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 19 მარტის განაჩენზე ე. თ–ას მიმართ;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. ვასაძე
ლ. თევზაძე