საქმე # 330100123006769304
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №764აპ-25 ქ. თბილისი
ბ–ე ა., 764აპ-25 18 ნოემბერი, 2025 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
მამუკა ვასაძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 12 ივნისის განაჩენზე საქართველოს გენერალური პროკურატურის საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი პროკურორის – ლაშა ცქვიტარიას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ა. ბ–ის, – პირადი ნომერი: ..........., – მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
1.1. 2008 წლის 12 თებერვალს, შსს …….ის სამხარეო მთავარი სამმართველოს ბ–ს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ბ–ს რაიონის სოფელ რ–ში, 14 წლის ასაკს მიუღწეველი პირის გაუპატიურების მცდელობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 19,137-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის, ეჭვმიტანილის სახით დააკავეს ნ. გ–ე და გადაიყვანეს ბ–ს რაიონულ სამმართველში. 2008 წლის 13 თებერვალს, შსს ……ის სამხარეო მთავარი სამმართველოს ბ–ს რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორების განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა ა. ბ–ემ ეჭვმიტანილის სახით დაკავებული ნ. გ–ე, ნარკოლოგიური გამოკვლევის მიზნით წარადგინა შსს ს…..ის სამხარეო მთავარი სამმართველოს ბ–ს რაიონული სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში განთავსებულ საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს ბ–ს განყოფილებაში. ა. ბ–ემ ექსპერტის სამუშაო ოთახში ყოფნისას, ნარკოლოგიური კვლევის ჩამტარებელი სპეციალისტის თანდასწრებით, დაკავებულ ნ. გ–ეს, მცირეწლოვანის გაუპატიურების მცდელობის გამო, მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ კი, ხელი დაარტყა თავის არეში, რის შედეგადაც ნ. გ–ემ მიიღო დაზიანება. ა. ბ–ის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებამ, შეურაცხყო ნ. გ–ის პირადი ღირსება და გამოიწვია მისი უფლებების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა.
1.2. აღნიშნული ქმედებით ა. ბ–ემ ჩაიდინა მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც ფიზიკური პირის უფლების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია, ჩადენილი ძალადობით და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 6 თებერვლის განაჩენით:
2.1. ა. ბ–ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში;
2.2. საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლის თანახმად, ა. ბ–ეს განემარტა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.
3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს გენერალური პროკურატურის საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს უფროსმა პროკურორმა ლაშა ცქვიტარიამ. აპელანტმა მოითხოვა ა. ბ–ის დამნაშავედ ცნობა ბრალადწარდგენილი – საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით – კვალიფიკაციით და სამართლიანი სასჯელის განსაზღვრა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 12 ივნისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 6 თებერვლის განაჩენი, ა. ბ–ის მიმართ, დარჩა უცვლელად.
5. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს გენერალური პროკურატურის საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს უფროსმა პროკურორმა ლაშა ცქვიტარიამ. კასატორი ითხოვს ა. ბ–ის დამნაშავედ ცნობას მისთვის ბრალადწარდგენილი დანაშაულის ჩადენაში და მისთვის სამართლიანი სასჯელის განსაზღვრას.
6. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, par.30, ECtHR, 25/12/2001).
7. საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრა ბრალდების მხარემ, რომელიც ითხოვს გამართლებული ა. ბ–ის დამნაშავედ ცნობას ბრალადწარდგენილი დანაშაულის ჩადენაში და სამართლიანი სასჯელის განსაზღვრას.
8. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს საქართველოს სსსკ-ის მე-12 მუხლს (სისხლისსამართლებრივ დევნას ახორციელებს მხოლოდ პროკურორი), საქართველოს სსსკ-ის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილს (პირის ბრალდება მხოლოდ პროკურორის უფლებამოსილებაა), საქართველოს სსსკ-ის 32-ე მუხლის პირველ ნაწილს (სისხლისსამართლებრივი დევნის ორგანოა პროკურატურა), ამავე კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტს, რომლის თანახმად, ბრალდების შესახებ დადგენილებაში უნდა აღინიშნოს: ბრალდების ფორმულირება – ინკრიმინირებული ქმედების აღწერა, მისი ჩადენის ადგილის, დროის, ხერხის, საშუალების, იარაღის, აგრეთვე ამ ქმედებით გამოწვეული შედეგის მითითებით. ამდენად, წარდგენილი ბრალდების ფარგლებში მოიაზრება სწორედ პროკურორის მიერ ბრალდების შესახებ დადგენილებაში ჩამოყალიბებული ბრალდების ფორმულირება, რომელშიც მკაფიოდ უნდა იყოს ჩამოყალიბებული იმ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების აღწერა (როგორ გამოიხატა), რომელსაც ბრალდების მხარე ედავება ბრალდებულს, მისი ჩადენის ადგილის, დროის, ხერხის, საშუალების, იარაღის, აგრეთვე ამ ქმედებით გამოწვეული შედეგის მითითებით, ხოლო „დ“ ქვეპუნქტის თანახმად – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი, ნაწილი და ქვეპუნქტი, რომლებითაც გათვალისწინებულია ეს დანაშაული“ (იხ. მაგალითად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს შემდეგი აქტები: 2014 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილება №230აპ-13, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 4.1.2.; 2023წლის 10 აგვისტოს განაჩენი N426აპ-23, II-9.1, 2024 წლის 20 დეკემბრის განაჩენი N745აპ-24, II-3.4, 2024წლის 11 მარტის განაჩენი N1009აპ-23, II-23, 2022 წლის 11 ოქტომბრის N770აპ-22 განჩინება) და კვლავაც აღნიშნავს, რომ სასამართლო საქმეს განიხილავს წარდგენილი ბრალდების ფარგლებში. ამდენად, სასამართლო სისხლის სამართლის საქმეს იხილავს, ბრალდებულის დამნაშავეობასა თუ უდანაშაულობაზე მსჯელობს და ქმედებას სამართლებრივად აფასებს სწორედ ბრალდების დადგენილებაში მითითებული ფორმულირების ფარგლებში, სადაც მკაფიოდ უნდა იყოს ჩამოყალიბებული ინკრიმინირებული ქმედების აღწერა (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023წლის 10 აგვისტოს განაჩენი №426აპ-23, II-9.1.).
8.1. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარე გამართლებულ ა. ბ–ეს ედავება საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას, რაც გამოიხატა იმაში, რომ: 2008 წლის 13 თებერვალს, ა. ბ–ემ ეჭვმიტანილის სახით დაკავებული ნ. გ–ე, ნარკოლოგიური გამოკვლევის მიზნით წარადგინა საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს ბ–ს განყოფილებაში. ა. ბ–ემ ექსპერტის სამუშაო ოთახში ყოფნისას, ნარკოლოგიური კვლევის ჩამტარებელი სპეციალისტის თანდასწრებით, დაკავებულ ნ. გ–ეს, მცირეწლოვნის გაუპატიურების მცდელობის გამო, მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ კი, ხელი დაარტყა თავის არეში, რის შედეგადაც, ნ. გ–ემ მიიღო დაზიანება.
8.2. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანია, ა. ბ–ემ მიაყენა თუ არა ფიზიკური შეურაცხყოფა დაკავებულ ნ. გ–ეს ექსპერტის სამუშაო ოთახში ყოფნისას.
9. ბრალდების მხარე თავისი პოზიციის დასაბუთებისთვის, მათ შორის, უთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2019 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილებაზე – „.....ე საქართველოს წინააღმდეგ“.
9.1. საკასაციო სასამართლო, ერთი მხრივ, ითვალისწინებს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა კონვენციის მე-3 მუხლის (პროცედურული ასპექტი) დარღვევა და საბოლოოდ, მათ შორის, მიიჩნია, რომ ,,სახელმწიფომ თავი აარიდა საკუთარ ვალდებულებას წარმოედგინა დამაჯერებელი ახსნა-განმარტება თუ საიდან გაჩნდა ეს დაზიანებები“ (Gogaladze v. Georgia, no. 8971/10, par. 58, 18/07/2019), თუმცა, იმავდროულად, აღნიშნა, რომ სისხლის სამართლის გამოძიების დროს გამოვლენილი ხარვეზების გათვალისწინებით ნათელი ვერ მოეფინა სადავო შემთხვევის მნიშვნელოვან ასპექტებს მე-3 მუხლის არსებითი ნაწილის კონტექსტში, – ,,ჩნდება ვარაუდი, რომ მომჩივანს სადავო დაზიანებები მიადგა პოლიციის დაქვემდებარებაში ყოფნის დროს“. საკასაციო სასამართლო, მეორე მხრივ, ითვალისწინებს, რომ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა მკაცრად პერსონალურია – საქართველოს სსკ-ი ადგენს პირადი/პერსონალური პასუხისმგებლობის პრინციპს. იმავდროულად, კონკრეტული პირის მიერ მისთვის ბრალადწარდგენილი დანაშაულის ჩადენა უნდა დასტურდებოდეს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, ხოლო საქართველოს სსსკ-ის და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
10. ,,კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის პირველი წინადადება, მათ შორის, ადგენს, რომ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებისათვის მხოლოდ ის პირი აგებს პასუხს, რომელმაც ასეთი ქმედება ჩაიდინა. შესაბამისად, კონსტიტუციის აღნიშნული ნორმა მოიცავს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ინდივიდუალიზაციის პრინციპს (პირადი, პერსონალური პასუხისმგებლობის პრინციპი) … პირადი პასუხისმგებლობის პრინციპი ადგენს, რომ ჩადენილი ბრალეული ქმედებისთვის პასუხს აგებს მხოლოდ მისი ჩამდენი პირი და არა სხვა, მესამე პირი, რომელიც კონკრეტული სისხლისსამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე სუბიექტი არ არის. არ შეიძლება პირმა აგოს პასუხი იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენაშიც მისი ბრალეულობა არ დგინდება.... პირადი პასუხისმგებლობის პრინციპი იცავს პირს იმისგან, რომ მან არ აგოს პასუხი იმ ქმედებისათვის, რომელიც მას არ ჩაუდენია. პირადი პასუხისმგებლობის პრინციპი მოიცავს არა მარტო ფორმალურ სამართლებრივ გარანტიებს, არამედ ვრცელდება მატერიალური სამართლის სხვადასხვა სფეროზე (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 11 ივლისის №3/2/416 გადაწყვეტილება ,, საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-40).
11. როდესაც პირი წარადგენს საფუძვლიან პრეტენზიას, რომ პოლიციის ან სხვა შესაბამისი სახელმწიფო უწყების მხრიდან მის მიმართ ადგილი ჰქონდა უკანონო და კონვენციის მე-3 მუხლის საწინააღმდეგო, სერიოზულ არასათანადო მოპყრობას, აღნიშნული დებულება, კონვენციის პირველი მუხლით გათვალისწინებულ სახელმწიფოთა ზოგად ვალდებულებასთან ერთად, „ყველასათვის, თავიანთი იურისდიქციის ფარგლებში, უზრუნველყონ ... კონვენციით ... განსაზღვრული უფლებები და თავისუფლებები“, მოითხოვს, ჩატარდეს ეფექტიანი ოფიციალური გამოძიება. აღნიშნულ გამოძიებას შედეგად უნდა მოჰყვეს პასუხისმგებელ პირთა გამოვლენა და დასჯა (Assenov and Others v. Bulgaria, no. 90/1997/874/1086, par.102, 28/101998; Mikiashvili v. Georgia, no. 18996/06, par. 72, ECtHR, 09/10/2012).
12. მოცემულ შემთხვევაში, დაზარალებულ ნ. გ–ის ჩვენების თანახმად, 2008 წლის 12 თებერვალს, ბ–ს რაიონის პოლიციის თანამშრომლებმა დააკავა გაუპატიურების მცდელობისათვის, რომელიც მას არ ჩაუდენია. გზაში პოლიციელებმა დაიწყეს მისი შეურაცხყოფა. აგინებდნენ და ურტყამდნენ თავისა და ზურგის არეში. პოლიციის თანამშრომლებმა – ა. ბ–ემ და გ. მ–ემ აიყვანეს ბ–ს პოლიციის სამმართველოს მე-.. სართულზე და შეიყვანეს დიდ კაბინეტში, სადაც მალევე შევიდნენ სხვა პოლიციელებიც. მის პასუხზე, რა მოხდა, არავინ უსმენდა და აყენებდნენ შეურაცხყოფას, ურტყამდნენ თავსა და ზურგში. მაქსიმალურად ცდილობდა თავი დაეცვა, ხელებს იფარებდა სახეზე, რის გამოც პოლიციელებს სახეზე ვერ ხედავდა. აღნიშნულის შემდეგ, ა. ბ–ემ ჩაიყვანა პოლიციის შენობაში არსებულ ექსპერტის კაბინეტში. ექსპერტმა გადაუღო ფოტო და დაიწყო დოკუმენტების შედგენა. დანამდვილებით ახსოვს, რომ ექსპერტის კაბინეტში იმყოფებოდა თავად, ა. ბ–ე და ექსპერტი. არ ახსოვს პოლიციის თანამშრომელი ს. ს–ე იმყოფებოდა თუ არა ნარკოლოგიურ კაბინეტში. მაგიდასთან იჯდა, როდესაც ა. ბ–ე თავის და ზურგის არეში ურტყამდა ხელს. ერთ-ერთი დარტყმის დროს სახე დაარტყა მაგიდის კუთხეს. ამ დროს მიიღო ცხვირზე დაზიანება. ცხვირი ტკიოდა, მაგრამ წამოუვიდა თუ არა ცხვირიდან სისხლი, არ ახსოვს. მეორე სართულზე, კაბინეტში ყოფნის დროს ცხვირზე დაზიანებას ვერ მიიღებდა, რადგან სახე ხელებით ჰქონდა დაფარული. რ. გ–მა ა. ბ–ეს სთხოვა, რომ მისთვის თავი დაენებებინა. რომ არა რ. გ–ის თხოვნა, არ იცის როგორ დამთავრდებოდა მისი საქმე. ნარკოლოგიურ კაბინეტში ყოფნის დროს სხვა პირი არ ყოფილა. ერთი პირი შევიდა, რ. გ–ს რაღაც უთხრა და გავიდა. ექსპერტის კაბინეტიდან გამოიყვანა ა. ბ–ემ, რომელმაც შეადგინა რაღაც დოკუმენტი, რაზედაც მოუწერა ხელი, შემდეგ მიიყვანა იზოლატორში და ჩააბარა მორიგეს. არ ახსოვს იზოლატორში შეყვანისას მოხდა თუ არა მისი დაზიანებების აღწერა. რაღაც დოკუმენტზე მოაწერა ხელი. მისთვის არ უკითხავთ ჰქონდა თუ არა პოლიციელების მიმართ პრეტენზია. ორჯერ გამოიძახეს სასწრაფო, რადგან ჰქონდა თავბრუსხვევა და ღებინება. ვინაიდან მისი და მისი ოჯახის წევრების მიმართ ადგილი ჰქონდა მუქარას, არც სასწრაფო დახმარების ჯგუფის ექიმებისთვის და არც იზოლატორის თანამშრომლისთვის არ უთქვამს, რომ მასზე პოლიციელებმა იძალადეს. დროებითი მოთავსების იზოლატორში ყოფნისას მის მიმართ ძალადობას ადგილი არ ჰქონია. არც სასამართლოში გადაყვანის დროს და არც სასამართლოდან პენიტენციურ დაწესებულებაში შესახლებისას პოლიციელებს მისთვის შეურაცხყოფა არ მიუყენებიათ. ძალადობის შედეგად განიცადა როგორც ფიზიკური, ასევე მორალური ზიანი. ა. ბ–ის სახელი და გვარი გაიგო 2015 წელს პროკურატურაში საქმის გაცნობისას, თუმცა არ ახსოვს რომელ დოკუმენტში ამოიკითხა მისი სახელი და გვარი.
13. ამდენად, დაზარალებული ადასტურებს, რომ მის მიმართ ფიზიკურ შეურაცხყოფას პოლიციელების, მათ შორის, ა. ბ–ის მიმართ ადგილი ჰქონდა არამხოლოდ ექსპერტის სამუშაო ოთახში ყოფნისას, არამედ მანამდეც.
14. დაზარალებულის ჩვენება არის ერთადერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც უთითებს 2008 წლის 13 თებერვალს ა. ბ–ის მიერ დაკავებულ ნ. გ–ის მიმართ, ექსპერტის სამუშაო ოთახში ყოფნისას, ნარკოლოგიური კვლევის ჩამტარებელი სპეციალისტის თანდასწრებით, სიტყვიერი ან/და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებაზე.
15. მოწმე რ. გ–ის ჩვენების თანახმად, 2008 წლის 13 თებერვალს, ა. ბ–ემ ნარკოლოგიურ კაბინეტში წარადგინა ნ. გ–ე. შემოწმების პერიოდში აღმოაჩინა, რომ ა. ბ–ეს არ ჰქონდა სამსახურებრივი მოწმობა და უარი განუცხადა პირის შემოწმებაზე. ა. ბ–ემ უთხრა, რომ მიიყვანდა პოლიციის ისეთ თანამშრომელს, რომელსაც ექნებოდა სამსახურებრივი მოწმობა. ნარკოლოგიურ კაბინეტში გამოცხადდა პოლიციის თანამშრომელი ს. ს–ე, რომელსაც უკან შემოჰყვა ა. ბ–ე. ნ. გ–ე იჯდა სამუშაო მაგიდის წინ. ნარკოლოგიურ კაბინეტში ყოფნისას ნ. გ–ე იყო განერვიულებული და დაბნეული. რ. გ–ი კარადიდან ნარკოლოგიური ტესტების ასაღებად შეტრიალდა უკან, რა დროსაც მისთვის უცნობი მიზეზით კონტეინერი და ლანგარი გადავარდა და გატყდა. ს. ს–ეს უთხრა, კონტეინერის გადავარდნის გამო, ნ. გ–ისთვის ხელი არ დაერტყა ( ვინაიდან იგი ძველი თანამშრომელი იყო და შეეშინდა ხელი არ დაერტყა ნ. გ–ისთვის), თუმცა ს. ს–ემ უპასუხა, რომ დარტყმას არც აპირებდა.
15.1. სასამართლო სხდომაზე მოწმე რ. გ–მა დაადასტურა, რომ ნ. გ–ის მიმართ ნარკოლოგიურ კაბინეტში ფიზიკურ ან ფსიქოლოგიურ ძალადობას ადგილი არ ჰქონია. აღნიშნული კაბინეტი იყო ახალი გახსნილი და გაფრთხილებულები იყვნენ, რომ შესამოწმებელ პირზე ძალადობის შემთხვევაში უნდა მოეხდინათ რეაგირება. მას შემდეგ, რაც ნ. გ–ეს არ დაუდგინდა ნარკოლოგიური თრობა, კლინიკურად შეამოწმა ექიმმა მ–მა. ნ. გ–ეს, როგორც ყველა გამოსაკვლევად წარდგენილ პირს, გამოკვლევის დასრულების შემდეგ გადაუღეს ფოტო. მას სახეზე შესამჩნევი დაზიანება არ ჰქონია.
15.2. ნარკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნაზე თანდართულ შავ-თეთრ ფოტოსურათებზე ნ. გ–ის ცხვირსა ან მის მიდამოებში აშკარად ხილული დაზიანება არ იკვეთება (ტ. N2; ს.ფ. 112-118).
15.3. სასამართლო რ. გ–ის სასამართლოში მიცემულ ჩვენებასა (გამორიცხა მის კაბინეტში დაზარალებულის მიმართ ფიზიკური ან ფსიქოლოგიურ ძალადობა. იმავდროულად, განმარტა, რომ ნარკოლოგიური შემოწმებისას ს. ს–ეს უთხრა, კონტეინერის გადავარდნის გამო, ნ. გ–ისთვის ხელი არ დაერტყა) და მის მიერ გამოძიების ეტაპზე გამოკითხვის ოქმში (ამხელდა ა. ბ–ეს ნ. გ–ის მიმართ სიტყვიერი და ფიზიკურ შეურაცხყოფის ჩადენაში; იმავდროულად, განმარტა, რომ ნ. გ–ე ნარკოლოგიურ განყოფილებაში წარუდგინა ა. ბ–ემ, მაგრამ ვინაიდან აღნიშნულ თანამშრომელს თან არ ჰქონდა სამსახურებრივი მოწმობა, ნ. გ–ის წარმდგენ პირად დაფიქსირდა თანამშრომელი ს. ს–ე, თუმცა რეალურად ნ. გ–ე წარმოადგინა ა. ბ–ემ. ამასთან, მოწმემ დააზუსტა, რომ: ,,შემოწმებისას, ჩემს სამუშაო ოთახში ვიმყოფებოდით სამნი – მე, პოლიციის თანამშრომელი ა. ბ–ე და შესამოწმებელი პირი ნ. გ–ე“ (ტ. N2; ს.ფ. 14-18)) დაფიქსირებულ ინფორმაციას შორის არსებულ წინააღმდეგობასთან დაკავშირებით, ითვალისწინებს, საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის 24-ე ნაწლისა (მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ) და 75-ე მუხლის მე-2 ნაწილის (თუ პირის მიერ გამოკითხვისას მიწოდებულ ინფორმაციასა და მის ჩვენებას შორის ან მოწმის ჩვენებებს შორის არსებითი წინააღმდეგობაა, მხარე უფლებამოსილია მოსამართლის წინაშე დააყენოს შუამდგომლობა ჩვენების/ჩვენებების დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობის თაობაზე) დანაწესებს. იმავდროულად, ითვალისწინებს, რომ სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემისას მოწმე რ. გ–ის განმარტებას, რომ კაბინეტში შესამოწმებელი პირის კვლევისას ს. ს–ეს უთხრა, ნ. გ–ისთვის ხელი არ დაერტყა, რომელმაც, თავის მხრივ, უპასუხა, რომ დარტყმას არც აპირებდა, მაშინ, როცა გამოკითხვისას რ. გ–მა აღნიშნა, რომ შემოწმებისას, მის სამუშაო ოთახში იყვნენ მხოლოდ თავად, ა. ბ–ე და ნ. გ–ე. ს. ს–ის ოთახში ყოფნა ასევე ვერ დაადასტურა დაზარალებულმა, კერძოდ, განმარტა, რომ არ ახსოვს პოლიციის თანამშრომელი ს. ს–ე იმყოფებოდა თუ არა ნარკოლოგიურ კაბინეტში. აღნიშნული დაადასტურა მხოლოდ გამართლებულმა (კერძოდ, განმარტა, რომ ს. ს–ესთან ერთად ნ. გ–ე წარადგინა ნარკოლოგიურ კაბინეტში შესამოწმებლად. ნარკოლოგიურ კაბინეტში დახვდათ ექსპერტი რ. გ–ი. მოგვიანებით, ცოტა ხნით მივიდა ექიმი ი. მ–ი. ნარკოლოგიური შემოწმების პროცესს ესწრებოდა ს. ს–ე).
16. საკასაციო სასამართლო ასევე ითვალისწინებს, მოწმე ი. მ–ის (ექიმ-ნარკოლოგი) გამოკითხვის ოქმს (უდავო მტკიცებულება), რომლის თანახმად, შესამოწმებელი პირი წარედგინებოდა ექსპერტს, რომელიც იბარებდა პირის ბიოლოგიურ მასალას, ხოლო თავად იკვლევდა წარდგენილი პირის ნევროლოგიურ და ფსიქოლოგიურ სტატუსს, რის შემდეგაც დგებოდა დასკვნა და ორივე ექსპერტი აწერდნენ ხელს. იმ შემთხვევაში, თუ ბიოლოგიურ მასალაში არ აღმოჩნდებოდა ნარკოტიკული ნივთიერებები, მისთვის საკმარისი იყო მხოლოდ ერთ წუთიანი შეხვედრა და რამდენიმე წინადადების თქმა შესამოწმებელი პირის მხრიდან, რომ მიეღო გადაწყვეტილება მისი ნევროლოგიურ-ფსიქოლოგიური პორტრეტის თაობაზე. შესაბამისად, ნ. გ–ესთანაც ექნებოდა დაახლოებით 1 წუთიანი შეხვედრა. ნ. გ–ის დაზიანებას – კოპს – იგი ვერც ნახავდა, რადგან გამოსაკვლევ პირს თავის არეში საერთოდ არ ეხება, ხოლო ცხვირზე არსებულ დაზიანებას ვერ დააფიქსირებდა მის დასკვნაში, რადგან მსგავსი დაზიანება საერთოდ კავშირში არაა მის საქმესთან – შესამოწმებელი პირის ნევროლოგიური და ფსიქოლოგიური პორტრეტის დადგენასთან. იმ პერიოდში, რამდენიმეჯერ გაიგო ბ–ს პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან, მათ შორის, დაკავებული პირის მიმართ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის თაობაზე, თუმცა კონკრეტული დეტალები მისთვის უცნობია.
16.1. ამდენად, მოწმე ი. მ–მა მართალია მიუთითა, რომ მისთვის რამდენიმეჯერ ცნობილი გახდა, რომ დაკავებული პირების მიმართ პოლიციის თანამშრომლები ძალადობდნენ, თუმცა ნ. გ–ის საქმესთან მიმართებით მან არ/ვერ მიუთითა ძალადობასთან დაკავშირებით თუნდაც ზოგადი ინფორმაცია.
17. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოვლენათა განვითარებისა (კერძოდ, ერთი მხრივ, დაზარალებულის ჩვენების, მეორე მხრივ, – ეჭვმიტანილის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის შესახებ 2008 წლის 13 თებერვლის ოქმის თანახმად, ნ. გ–ე დააკავეს 2008 წლის 12 თებერვალს 23:55 საათზე, ხოლო პოლიციის დაწესებულებაში მიიყვანეს 2008 წლის 13 თებერვლის 00:10 საათზე. დაკავების მომენტში დაკავებულს აღენიშნებოდა: მარჯვენა ხელზე, იდაყვისა და მაჯის არეში ნაკაწრები (ტ. N1 ს.ფ. 12-14); საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს 2008 წლის 13 თებერვლის გამოკვლევის N.... ბარათის თანახმად, გამოსაკვლევი პირის – ნ. გ–ის – წარმოდგენის დროა 2008 წლის 13 თებერვლის 00:35 საათი, ხოლო გამოკვლევის დაწყებისა და დასრულების დროა: 01:02:54-01:05:45 საათები (ტ. N2; ს.ფ. 112-118); სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახების N6.... ბარათის თანახმად, 2008 წლის 13 თებერვლის 20:33 საათზე პოლიციის განყოფილებაში, პაციენტ ნ. გ–ისათვის, გამოძახებული იქნა სასწრაფო სამედიცინო დახმარება. პაციენტი უჩიოდა კანკალს და თავის ტკივილს (დიაგნოზი – ნევროზი(ტ. N1; ს.ფ.50)); მოწმე ჯ. წ–ის (სასწრაფო დახმარების ექიმი) ჩვენებით პაციენტი ნ. გ–ე უჩიოდა კანკალს და თავის ტკივილს. დაუდგინდა ნევროზი და ჩივილების შესაბამისად გაეწია სამედიცინო დახმარება. პაციენტს დაზიანებების შესახებ არ განუცხადებია და არც სახეზე ეტყობოდა დაზიანების კვალი. იმ შემთხვევაში, თუ პაციენტი განაცხადებდა ძალადობის შესახებ ან თავად შენიშნავდა დაზიანებას, აუცილებლად მიუთითებდა დოკუმენტაციაში და ვიზუალურად დაათვალიერებდა; შსს დროებითი მოთავსების იზოლატორის დაკავებულის გარეგნული დათვალიერების 2008 წლის 13 თებერვლის 01:30 საათის ოქმის თანახმად, ინსპექტორ-გამომძიებელმა ა. ბ–ემ და უბნის ინსპექტორმა მ. გ–მა შეიყვანა დ.მ. იზოლატორში ნ. გ–ე, რომელსაც აღენიშნებოდა: მარჯვენა ხელზე ნაკაწრი (მისი განმარტებით აღნიშნული დაზიანება მიიღო დაკავებამდე წაქცევით (ტ. N1; ს.ფ. 56)); ასევე, სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახების N.... ბარათის თანახმად, 2008 წლის 15 თებერვლის 09:58 საათზე პაციენტ ნ. გ–ისათვის გამოძახებული იქნა სასწრაფო სამედიცინო დახმარება. პაციენტი უჩიოდა აგზნებადობას და კანკალს (დიაგნოზი – ვეგეტონევროზი (ტ. N1; ს.ფ.51)); მოწმე მ. რ–ის (სასწრაფო დახმარების ექიმი) ჩვენების თანახმად, პაციენტი ნ. გ–ე უჩიოდა აღგზნებადობას, მსუბუქი ხასიათის თავის ტკივილს და ჰქონდა სხეულის კანკალი. დაესვა დიაგნოზი ვეგეტონევროზი. პაციენტს გაეწია შესაბამისი დახმარება. იმ შემთხვევაში, თუ პაციენტი დააფიქსირებდა ხილულ დაზიანებებს ან პოლიციელთა მხრიდან ძალადობას, მაშინ ასახავდა სამედიცინო ბარათში. მოცემულ შემთხვევაში ასეთ ფაქტებს ალბათ ადგილი არ ჰქონდა. შემოწმების მომენტში პოლიციის თანამშრომელიც იმყოფებოდა მათთან) და იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ ნ. გ–ის სხეულზე სადავო დაზიანებები – კოპი და ცხვირის ზურგზე კანის მაცერაცია – პირველად დაფიქსირებულია მხოლოდ 2008 წლის 15 თებერვლით დათარიღებულ ოქმში და სამედიცინო ცნობაში (რომლის თანახმად, ბ–ს შსს-დან N.. საპყრობილეში შეასახლეს ნ. გ–ე, რომელსაც აღენიშნება კოპი, ცხვირის ზურგზე კანის მაცერაცია, წითელი ფერის(ტ. N1; ს.ფ. 3-5)), სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, იმის დასადასტურებლად, რომ 2008 წლის 13 თებერვალს, საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს ბ–ს განყოფილებაში, ექსპერტის სამუშაო ოთახში ყოფნისას, ნარკოლოგიური კვლევის ჩამტარებელი სპეციალისტის თანდასწრებით, ა. ბ–ემ ნ. გ–ეს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ხელი დაარტყა თავის არეში, რის შედეგადაც ნ. გ–ემ მიიღო დაზიანება (როგორც ეს პირის ბრალდებულად ცნობის შესახებ დადგენილებაში არის აღნიშნული).
18. რაც შეეხება სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს, მათ შორის, სამედიცინო ცნობას/ექსპერტის დასკვნას, რომელთა თანახმადაც, ნ. გ–ეს აღენიშნებოდა დაზიანებები, საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ შეუძლებელია სამედიცინო ცნობით/ექსპერტიზის დასკვნით ობიექტურად განისაზღვროს დაზიანების მიმყენებელი პირის ვინაობა, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
19. მოქმედი კანონმდებლობა ადგენს ერთნაირ მტკიცებით სტანდარტს გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად დანაშაულის კატეგორიის და საქართველოს სსკ-ით დაცული ობიექტის მიუხედავად. მოცემულ შემთხვევაში, მართალია სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ უთითებენ დაზარალებულ ნ. გ–ის მხრიდან უშუალოდ ა. ბ–ის მიმართ რაიმე დაინტერესებაზე ან/და მიკერძოებულ დამოკიდებულებაზე, თუმცა გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს ( საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტი); არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი (საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილი), გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას (საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილი და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი).
20. იმ პირობებში, როდესაც ა. ბ–ის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, ასეთის არსებობის შემთხვევაში, დასტურდება მხოლოდ დაზარალებულის პირდაპირი მამხილებელი ჩვენებით (რომელმაც, იმავდროულად, დაადასტურა, რომ მას ჯერ ავტომანქანაში, შემდეგ განყოფილებაში (ვიდრე ექსპერტიზის ჩასატარებლად გაიყვანდნენ) ურტყამდენენ (აღნიშნული განსახილველი საქმის ფარგლებში არ ექცევა, ვინაიდან ა. ბ–ეს ბრალდების მხარე ედავება მხოლოდ ექსპერტის სამუშაო ოთახში შესაძლო ძალადობას), თუმცა იქვე განმარტა, რომ მეორე სართულზე, კაბინეტში ყოფნისას ცხვირზე დაზიანებას ვერ მიიღებდა, რადგან სახე ხელებით ჰქონდა დაფარული); ა. ბ–ემ თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში; მოწმე რ. გ–მა (რომელიც, მათ შორის, დაზარალებულის განმარტებით, იმყოფებოდა ოთახში სადავო დანაშაულის ჩადენისას, კერძოდ, დაზარალებულმა განმარტა: ექსპერტ რ. გ–ს იცნობდა და აქედან გამომდინარე დაასკვნა, რომ იმყოფებოდა მის კაბინეტში. დანამდვილებით ახსოვს, რომ ექსპერტის კაბინეტში იმყოფებოდა თავად, ა. ბ–ე და ექსპერტი. არ ახსოვს პოლიციის თანამშრომელი ს. ს–ე იყო თუ არა ნარკოლოგიურ კაბინეტში) სასამართლო სხდომაზე არ დაადასტურა გამართლებულის მიერ დაზარალებულისათვის რაიმე სახის შეურაცხყოფის მიყენება და იმავდროულად დაადასტურა, რომ ნ. გ–ეს გამოკვლევის დასრულების შემდეგ გადაუღეს ფოტოები, ხოლო ნარკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნაზე თანდართულ შავ-თეთრ ფოტოსურათებზე ნ. გ–ის ცხვირსა ან მის მიდამოებში აშკარა ხილული დაზიანება არ იკვეთება (ტ. N2; ს.ფ. 112-118), ფიზიკური დაზიანების არსებობა ( მათ შორის, ბრალის დადგენილებაში მითითებულ ადილებში) არ დაადასტურა არც იმავე დღეს მოგვიანებით (20:33სთ) გამოძახებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ექიმმა ჯ. წ–მა; სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი სხვა მოწმეები უშუალოდ არ შესწრებიან ა. ბ–ის მიერ მისთვის ბრალადშერაცხილი დანაშაულებრივი ქმედების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ჩადენას, – მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სამართლიანად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
21. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, იმის დასადასტურებლად, რომ 2008 წლის 13 თებერვალს, საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს ბ–ს განყოფილებაში, ექსპერტის სამუშაო ოთახში ყოფნისას, ნარკოლოგიური კვლევის ჩამტარებელი სპეციალისტის თანდასწრებით, ა. ბ–ემ ნ. გ–ეს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ხელი დაარტყა თავის არეში, რის შედეგადაც ნ. გ–ემ მიიღო დაზიანება (როგორც ეს პირის ბრალდებულად ცნობის შესახებ დადგენილებაში არის აღნიშნული).
22. „როდესაც სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, par.175, ECtHR, 14/05/2020).
23. მოცემულ შემთხვევაში, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, ასევე არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა. შესაბამისად, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
24. „საკასაციო საჩივრების დასაშვებობის კრიტერიუმების შემოღება და გამოყენება ემსახურება მართლმსაჯულების სათანადოდ განხორციელების ლეგიტიმურ მიზანს“ (იხ. Tchaghiashvili v. Georgia, no. 19312/07, par. 34, ECtHR, 2/09/2014; Nersesyan v. Armenia, no. 15371/07, par. 22, ECtHR, 19/01/2010; Borisenko and Yerevanyan Bazalt Ltd v. Armenia, no. 18297/08, ECtHR, 14/04/2009).
25. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი საქართველოს გენერალური პროკურატურის საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი პროკურორის ლაშა ცქვიტარიას საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 12 ივნისის განაჩენზე, ა. ბ–ის მიმართ;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. ვასაძე
ლ. თევზაძე