საქმე # 060100124010613976
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
საქმე №476აპ-25 ქ. თბილისი
ზ. ა. 476აპ-25 19 ნოემბერი, 2025 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
მამუკა ვასაძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლეილა კვერნაძის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 25 მარტის განაჩენზე.
I. ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით: ა. ზ–ეს - პ/ნ .........., - ბრალად ედებოდა აღწერილი ქონების გასხვისება იმის მიერ, ვისაც ეს ქონება მინდობილი ჰქონდა, – დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში - საქართველოს სსკ-ის) 377-ე მუხლის პირველი ნაწილით.
ა. ზ–ის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2022 წლის 24 ნოემბერს, ქ. ს–ში, გ–ის (ყოფილი ს–ის) ქუჩის №-ში მდებარე სს „ლ–ში“ ბანკსა და ა. ზ–ეს შორის დაიდო საბანკო კრედიტისა და გირავნობის ხელშეკრულებები, რომელთა საფუძველზეც ბანკის მიერ მოთხოვნის უზრუნველსაყოფად გამოყენებული იქნა ა. ზ–ის სახელზე რეგისტრირებული, მის მიერ გირავნობით დატვირთული „CHEVROLET CRUZE-2010“ ფირმის ავტომობილი სახელმწიფო ნომრით – ....... ა. ზ–ემ დაარღვია საბანკო დაწესებულებასთან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, აღარ გადაიხადა სესხის თანხა, ნაწილებად დაშალა მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად გამოყენებული ზემოხსენებული ავტომობილი და ამ გზით გაასხვისა, რის შედეგადაც დაზარალებულ კომპანიას მიადგა 10 800 ლარის ქონებრივი ზიანი.
2. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 31 დეკემბრის განაჩენით:
2.1. ა. ზ–ე საქართველოს სსკ-ის 377-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა;
2.2. ა. ზ–ეს განემარტა, რომ უფლება აქვს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსსკ-ის) 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
3. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 31 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ლეილა კვერნაძემ, რომელმაც მოითხოვა ა. ზ–ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 377-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 25 მარტის განაჩენით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 31 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 25 მარტის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორი ლეილა კვერნაძე ითხოვს ა. ზ–ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 377-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მკაცრი სასჯელის განსაზღვრას.
II. ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სსსკ-ის 273-ე მუხლს; ასევე – ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, par. 30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ. Gorou v. Greece (No.2) no. 12686/03, paras. 37, 41, ECtHR, 20/03/2009).
2. საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრა ბრალდების მხარემ, კერძოდ, პროკურორი ითხოვს ა. ზ–ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 377-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მკაცრი სასჯელის განსაზღვრას.
3. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლეილა კვერნაძის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:
4. საქართველოს სსკ-ის 377-ე მუხლის პირველი ნაწილი სისსხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ადგენს აღწერილი ან დაყადაღებული ქონების გაფლანგვა, გასხვისება, დამალვა ან უკანონოდ გადაცემისათვის, იმის მიერ, ვისაც ეს ქონება მინდობილი ჰქონდა. განსახილველი მართლსაწინააღმდეგო ქმედებისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის უშუალო ობიექტია კრედიტორის კანონიერი ინტერესი სააღსრულებო დაწესებულებათა მიერ კანონით გათვალისწინებული აქტების აღსრულებასთან მიმართებით. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება აქტიურ მოქმედებაში, რაც გამოიხატება აღწერილი ან დაყადაღებული ქონების გაფლანგვა, გასხვისებასა და დამალვაში იმის მიერ, ვისაც ეს ქონება ჰქონდა მინდობილი. დანაშაული ფორმალური ხასიათისაა და დამთავრებულად ითვლება დანაშაულის საგნის, ანუ აღწერილი და დაყადაღებული ქონების გაფლანგვის მომენტიდან. ქმედების სუბიექტი არის - პირი, ვისაც აღწერილი ან დაყადაღებული ქონება შესანახად გადაეცა ხელწერილით, ანუ მინდობილი პირი. იგი შეიძლება იყოს: მესაკუთრე, მფლობელი, მოვალის ოჯახის სრულწლოვანი წევრი, ადგილობრივი მმართველობის ან თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს წარმომადგენელი და სხვა. მინდობილი დანაშაულის სუბიექტური მხარე პირდაპირ განზრახვას გულისხმობს - პირს გაცნობიერებული აქვს, რომ სჩადის უკანონო ქმედებას, ანგარებით ან სხვა პირადი დაინტერესების მოტივით (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 9 მარტის განაჩენი N689აპ-20, სამოტივაციო ნაწილი, პ.4 ).
5. „სადავო ნორმის არსებობა სისხლის სამართლის კოდექსის მეთორმეტე კარსა (დანაშაული სასამართლო ხელისუფლების წინააღმდეგ) და ორმოცდამეოთხე თავში (დანაშაული სასამართლო აქტების აღსრულების წესის წინააღმდეგ), მათი სათაურების შინაარსიდან გამომდინარე, იმთავითვე არ გულისხმობს იმას, რომ პირის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას გამოიწვევს მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე დაყადაღებული ქონების გაფლანგვა, გასხვისება და დამალვა, ვინაიდან აღნიშნული არ გამომდინარეობს თვითონ საქართველოს სსკ-ის 377-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული ნორმის შინაარსიდან, რომელშიც არსად არ არის მითითებული, რომ სადავო ქონება აუცილებლად აღწერილი ან დაყადაღებული უნდა იყოს სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე. ამასთან, მართალია, მეთორმეტე კარში არსებულ დანაშაულთა გვარეობით ობიექტს წარმოადგენს სასამართლო ხელისუფლების ორგანოთა ინტერესი, მაგრამ ამავე დროს, ეს კარი, ისევე როგორც ორმოცდამეოთხე თავი (დანაშაული სასამართლო აქტების აღსრულების წესის წინააღმდეგ), აერთიანებს არა მხოლოდ სასამართლო ორგანოების საქმიანობის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებს, არამედ - გამოძიების ორგანოების, პროკურატურის, პენიტენციური დაწესებულებებისა და ასევე განაჩენისა თუ სხვა გადაწყვეტილების აღმასრულებელი ორგანოების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებსაც“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 9 მარტის განაჩენი N689აპ-20, სამოტივაციო ნაწილი, პ.5 ).
6. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის თანახმად, ა. ზ–ისათვის ბრალად წარდგენილი ქმედების ფაქტობრივი გარემოებები შეიცავს საქართველოს სსკ-ის 377-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს (მაგალითისთვის იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 2 ოქტომბრის N135აპ-19 განჩინება).
7. მხარეთა შორის დავის საგანს არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ 2022 წლის 24 ნოემბერს, ქ. ს–ში, გ–ის (ყოფილი ს–ის) ქუჩის №-ში მდებარე სს „ლ–ში“ ბანკსა და ა. ზ–ეს შორის დაიდო საბანკო კრედიტისა და გირავნობის ხელშეკრულებები, რის საფუძველზეც ბანკის მიერ მოთხოვნის უზრუნველსაყოფად გამოყენებული იქნა ა. ზ–ის სახელზე რეგისტრირებული, მის მიერ გირავნობით დატვირთული „CHEVROLET CRUZE 2010” ფირმის ავტომობილი სახელმწიფო ნომრით ....... ა. ზ–ემ დაარღვია საბანკო დაწესებულებასთან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, აღარ გადაიხადა სესხის თანხა, ხოლო მოთხოვნის უზრუნველყოფისათვის გამოყენებული ავტომობილი ნაწილებად დაშალა და გაასხვისა. ამით დაზარალებულ კომპანიას მიადგა 10 800 ლარის ღირებულების ქონებრივი ზიანი, რაც ასევე დასტურდება სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი, მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი, მტკიცებულებებით. კერძოდ,
8. 2022 წლის 24 ნოემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით დგინდება, რომ ა. ზ–ის მიერ აღებული კრედიტის ოდენობაა: 8000 ლარი, კლიენტის მიერ გადასახდელი მთლიანი თანხის ოდენობა – 9626 ლარი, კრედიტის მოქმედების ვადა – 2023 წლის 24 მაისამდე, მაგრამ ყველა შემთხვევაში სანამ სრულად არ იქნება შესრულებული კლიენტის ვალდებულებები. წინამდებარე ხელშეკრულებიდან გამომდინარე კლიენტის ვალდებულებების შესრულება უზრუნველყოფილია გირავნობით.
9. 2022 წლის 24 ნოემბრის გირავნობის ხელშეკრულების თანახმად:
9.1. უზრუნველყოფილი მოთხოვნა არის 2022 წლის 24 ნოემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულება ............, მოვალე – ა. ზ–ე (პ/ნ .........). უზრუნველყოფილი მოთხოვნის მაქსიმალური ოდენობაა 10 800 ლარი.
9.2. წინამდებარე გირავნობის ხელშეკრულების და გირავნობის ხელშეკრულების ძირითადი პირობების საფუძველზე და შესაბამისად, დამგირავებელი იღებს ვალდებულებას და ბანკს ანიჭებს უფლებას, მოვალის მიერ უზრუნველყოფილი მოთხოვნიდან გამომდინარე ვალდებულების შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, ბანკმა მოვალის მიმართ არსებული მოთხოვნა/მოთხოვნები დაიკმაყოფილოს გირავნობის საგნის რეალიზაციის, დასაკუთრების ან/და სხვაგვარი გამოყენების გზით (პუნქტი 2.1.);
9.3. დამგირავებელი ადასტურებს, რომ მისთვის (დამგირავებლისთვის) სრულიად გასაგებია გირავნობის ხელშეკრულების ძირითადი პირობები და ეთანხმება მათ (პუნქტი 2.3);
9.4. დამგირავებელი ადასტურებს, რომ ბანკმა სათანადოდ მიაწოდა მას (დამგირავებელს) ინფორმაცია უზრუნველყოფილი მოთხოვნის შეუსრულებლობის სამართლებრივ შედეგებთან დაკავშირებულ რისკებზე, მათ შორის ბანკის უფლებამოსილებაზე: ა)მიაქციოს გადახდევინება გირავნობის საგანზე, მათ შორის ბანკმა განახორციელოს გირავნობის საგნის რეალიზაცია, პირდაპირ საკუთრებაში მიღება; ბ) მიმართოს ბანკმა ისეთ ღონისძიებებს როგორიცაა გირავნობის საგანზე ყადაღის, შეზღუდვის, აკრძალვის, უფლებრივი ტვირთის გავრცელება (პუნქტი 2.4);
9.5. დამგირავებელი ადასტურებს, რომ აცნობიერებს საკრედიტო პროდუქტ(ებ)ის უზრუნველყოფის სახით წარმოდგენილი ქონების დაკარგვასთან დაკავშირებულ რისკებს, თუ კლინეტმა სრულად არ დაფარა უზრუნველყოფილი მოთხოვნით გათვალისწინებული ყველა ვალდებულება (პუნქტი 2.5.).
9.6. გირავნობის საგანზე გირავნობის უფლება წარმოიშობა გირავნობის ხელშეკრულების მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის მომენტიდან და მოქმედებს უზრუნველყოფილი მოთხოვნიდან გამომდინარე ვალდებულებების სრულ დაკმაყოფილებამდე (პუნქტი 4.1.);
9.7. გირავნობის საგნით სარგებლობა და მოვლა-პატრონობა: დამგირავებელს უფლება აქვს ფლობდეს გირავნობის საგანს და ისარგებლოს ამ საგნით ისე, რომ ამით არ შემცირდეს გირავნობის საგნის ღირებულება. ბანკიდან სხვაგვარი მითითების არსებობამდე, დამგირავებელი უფლებამოსილია მიიღოს გირავნობის საგნის ნაყოფი (პუნქტი 4.4);
9.8. დამგირავებელი ვალდებულია, ბანკის წინასწარი თანხმობის გარეშე არ დაუშვას გირავნობის საგნის ან მისი/მათი ნაწილის განკარგვა, გასხვისება, ან/და სხვაგვარად დატვირთვა, ან/და არ იკისროს იმგვარი ვალდებულებები ან/და გაწიოს ხარჯები რამაც შესაძლოა მნიშვნელოვანი ზეგავლენა იქონიოს დამგირავებლის მიერ გირავნობის ხელშეკრულებით, მისი დანართებით ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე. გირავნობის საგნის მესამე პირისთვის გადაცემა დასაშვებია მხოლოდ ბანკის წინასწარი წერილობითი თანხმობით (პუნქტი 4.5.).
9.9. გირავნობის საგნის მოვლა-პატრონობის ვალდებულება, მისი შემთხვევით განადგურების ან დაზიანების რისკი ეკისრება დამგირავებელს (პუნქტი 4.6.), იგი ვალდებულია: უზრუნველყოს გირავნობის საგნის გამართულ მდგომარეობაში შენარჩუნება და გაიღოს ყველა ხარჯი გირავნობის საგნის მოვლა-პატრონობისათვის, გირავნობის უფლების შეწყვეტამდე, მათ შორის იმ წესითა და ვადით, რომელიც გათვალისწინებულია საგარანტიო ან/და ტექნიკური დოკუმენტაციით და განახორციელოს გირავნობის საგნის საგარანტიო მომსახურება, მიმდინარე ან/და კაპიტალური რემონტი(გირავნობის საგნის სპეციფიკიდან გამომდინარე, ასეთის აუცილებლობის შემთხვევაში) (პუნქტი 4.6.2).
9.10. გირავნობის ხელშეკრულება ძალაში შედის გირავნობის ხელშეკრულების მხარეთა ხელმოწერის დღიდან და მოქმედებს უზრუნველყოფილი მოთხოვნის სრულად და ჯეროვნად შესრულებამდე (პუნქტი 7.1).
10. სს „ლ–ის“ ავტომობილის ექსპერტ-შემფასებლის რ. ტ–ის 2023 წლის 27 დეკემბრის გამოკითხვის ოქმით დგინდება, რომ 2022 წლის 22 ნოემბერს მიმართა მსესხებელმა ა. ზ–ემ, რომელმაც მოითხოვა 8000 ლარი, 6 თვით. სესხი გაიცა ექვსი თვით. სესხის უზრუნველყოფა მოხდა ა. ზ–ის სახელზე რეგისტრირებული „CHEVROLET CRUZE-2010” მარკის თეთრი ფერის ავტომანქანით (სახელმწიფო ნომრით ......). ხელშეკრულების პირობების თანახმად, 6 თვის შემდეგ მას უნდა დაებრუნებინა 8269.59 ლარი. 6 თვის განმავლობაში ყოველთვიურად უნდა შეეტანა მხოლოდ სესხის პროცენტი 287.56 ლარი, რომლის გადახდა მას უნდა დაეწყო 2022 წლის 26 დეკემბრიდან. ა. ზ–ე სესხის პროცენტს იხდიდა 2022 წლისნ 26 დეკემბრიდან 2023 წლის 24 მაისამდე. მსესხებელს სესხის ვადა ამოეწურა, რის გამოც სესხს სჭირდებოდა პროლონგაცია (გადავადება) ან სრული დაფარვა. ვინაიდან, მსესხებელმა ვერ შეძლო სესხის სრულად დაფარვა და ვერ წარმოადგინა მისი ავტომანქანა „CHEVROLET CRUZE-2010“, სესხი გადავიდა ვადაგადაცილებაში. მსესხებელმა რამდენჯერმე მოითხოვა აღნიშნული ავტომობილის სესხის გადავადება, რაზეც ბანკისგან მიიღო უარი, რადგან მან ვერ მოახერხა ავტომობილის წარდგენა. ა. ზ–ესთან სესხის გადახდასთან და ავტომობილის წარდგენასთან დაკავშირებით საქმეს აწარმოებდა სს „ლ–ის“ პრობლემური სამსახურის თანამშრომელი თ. დ–ა (იხ.: ტ.1, ს.ფ. 120-123).
11. სს „ლ–ის“ პრობლემური ავტოლომბარდის მხარდამჭერი ოფიცრის თ. დ–ას 2023 წლის 15 დეკემბრის გამოკითხვის ოქმით დგინდება, რომ ა. ზ–ეს ეკრძალებოდა ბანკის წინასწარი თანხმობის გარეშე გაესხვისებინა ან სხვაგვარად დაეტვირთა გირავნობით დატვირთული ავტომობილი, ან იმგვარი ვალდებულება ან/და ხარჯები აეღო, რაც მნიშვნელოვან გავლენას მოახდენდა მის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე. მას შემდეგ რაც სესხი გადავიდა ვადაგადაცილებაში, აღნიშნული საქმე დაეწერა მას, რათა მოეხდინა შესაბამისი რეაგირება და დაკავშირებოდა ა. ზ–ეს. მან სცადა ა. ზ–ესთან სატელეფონო კომუნიკაცია ხელშეკრულებაში მითითებულ ნომრებზე, მაგრამ მის მიერ მითითებული ყველა ნომერი იყო გამორთული. აღნიშნულის გამო მას არანაირი კომუნიკაცია არ ჰქონია ა. ზ–ესთან და საქმე გადასცა სს „ლ–ის“ იურისტებს, რომლებმაც შემდეგ მიმართეს კერძო აღმასრულებელს – დ. ე–(იხ.: ტ.;1, ს.ფ. 113-115).
12. 2023 წლის 29 მაისს ა. ზ–ეს გაეგზავნა გაფრთხილების წერილი, რომელშიც მითითებული იყო, რომ არ სრულდებოდა სს „ლ–ის“ წინაშე საკრედიტო ხელშეკრულება N..........ით ნაკისრი სასესხო ვალდებულებები, 14 კალენდარული დღის განმავლობაში ა. ზ–ეს სრულად უნდა დაეფარა სს „ლ–ის“ მიმართ საკრედიტო ხელშეკრულებით წარმოშობილი მიმდინარე დავალიანება. ა. ზ–ეს განემარტა მოთხოვნის 14 დღის ვადაში დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, ბანკის უფლებამოსილება, მიმართოს სასამართლოს ან/და მოითხოვოს გირავნობის მოწმობის აღება.
13. 2023 წლის 17 აგვისტოს სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაიცა გირავნობის მოწმობა N.........
14. დ. ე–ის კერძო სააღსრულებო ბიუროს თანამშრომლის გ. მ–ის 2024 წლის 9 იანვრის გამოკითხვის ოქმის თანახმად, 2023 წლის 18 აგვისტოს კერძო სააღსრულებო ბიუროში შევიდა მასალები, რომელიც შეეხებოდა მოქალაქე ა. ზ–ის (პ/ნ......-) მიერ ლ–ის მიმართ შესასრულებელ ვალდებულებას, რომლის ფარგლებშიც მისი კუთვნილი „CHEVROLET CRUZE-2010” მარკის თეთრი ფერის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით – ...... გირავნობით დაიტვირთა და ლ–ის მიერ გაიცა სესხი (იგივე ავტოსესხი). ვინაიდან ა. ზ–ემ არ შეასრულა ლ–ის მიმართ დადებული სასესხო ხელშეკრულება და მოთხოვნები, სააღსრულებლო საქმის წარმოების მიზნით „ლ–მა“ მათ გადაუგზავნა შსს მომსახურების სააგენტოს მიერ 2023 წლის 17 აგვისტოს გაცემული გირავნობის მოწმობა, რომელიც ავალდებულებდა მოვალე ა. ზ–ეს თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, ავტომანქანა გადაეცა ლ–ისათვის, რაც მან არ შეასრულა. მოწმის განმარტებით, როგორც მათთვისაა ცნობილი, ა. ზ–ემ ზემოხსენებული ავტომობილი დაშალა ნაწილებად და დაუმალა ბანკს. აღსრულების ბიუროს მიერ გატარდა შემდეგი ღონისძიებები: ა. ზ–ეს მის დოკუმენტაციაში მითითებულ მისამართზე ორჯერ გაეგზავნა ინფორმირების წერილი სააღსრულებლო წარმოების შესახებ. ა. ზ–ეს ვერ ჩაჰბარდა წერილები, მას ვერც სხვა საკომუნიკაციო საშუალებებით დაუკავშირდნენ. მათმა აღსრულების ბიურომ 2023 წლის 14 სექტემბერს მიმართა სასამართლოს შუამდგომლობით – მოვალე მოქალაქე ა. ზ–ის (პ/ნ .........) ძებნილად გამოცხადების შესახებ. რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიერ 2023 წლის 11 ოქტომბრის განჩინებით დაკმაყოფილდა კერძო აღმასრულებლის დ. ე–ის შუამდგომლობა მოვალის – ა. ზ–ის ძებნის გამოცხადების შესახებ (იხ. ტ.1, ს.ფ. 192-194). 2023 წლის 30 ოქტომბერს ა. ზ–ე გამოცხადდა აღსრულების ბიუროში, მას ესაუბრა პირადად, რა დროსაც წერილი, რომელიც მანამდე ვერ ბარდებოდა გადასცა პირადად. ა. ზ–ემ დაწერა განცხადება, სადაც უთითებდა, რომ ავტომობილი ჰყავდა მისი ბიძის საცხოვრებელ სახლში (იხ.: ტ.1, ს.ფ. 196). ა. ზ–ეს მოცემულ საკითხზე ჰქონდა ძალიან ზერელე დამოკიდებულება, არ აძლევდა ზუსტ საკონტაქტო ნომერს და შეკითხვებზე პასუხობდა აგდებულად. მან ასევე მიუთითა, რომ თანხას ვერ გადაიხდიდა და წავიდა. ვინაიდან იგი აღნიშნული საკითხის მიმართ იჩენდა ზერელე და არაკეთილსინდისიერ დამოკიდებულებას და მის ქმედებაში იკვეთებოდა დანაშაულის ნიშნები, აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა ლ–ს (იხ.: ტ.1, ს.ფ. 175-179).
15. შ. ძ–ის 2024 წლის 30 ნოემბრის გამოკითხვის ოქმის თანახმად, მისმა დისშვილმა, ა. ზ–ემ 2023 წლის აპრილის თვის დასაწყისში (ზუსტი რიცხვი არ ახსოვს), სთხოვა, რომ მის გაფუჭებულ „CHEVROLET CRUZE-2010“ მარკის (სახელმწიფო ნომრით – ......) ავტომანქანას დროებით დააყენებდა მისი საცხოვრებელი სახლის ეზოში. როგორც შ. ძ–ისთვისაა ცნობილი, ა–მა მანქანა ვერ შეაკეთა, თავად დაშალა ნაწილებად რეალიზაციის მიზნით, თუმცა სად და ვის მიჰყიდა მოწმისათვის უცნობია (იხ.: ტ.1, ს.ფ.228-230).
16. 2023 წლის 15 ნოემბრის ჩხრეკის ოქმის თანახმად, გირავნობის საგანი – “CHEVROLET CRUZE-2010” (სახელმწიფო ნომრით ......) დაშლილ მდგომარეობაში (ავტომანქანას არ აქვს არცერთი კარი, ძრავა, საბარგული და ძრავის სახურავი, სავალი ნაწილები და საბურავები) აღმოჩენილ იქნა დ. ძ–ის საცხოვრებელი სახლის ეზოში (იხ.: ტ.1, ს.ფ. 29-35).
17. ა. ზ–ემ პირველი ინსტანციის სასამართლოში თავი ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და დაეთანხმა საქმის ყველა ფაქტობრივ გარემოებას (იხ.: სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 26 დეკემბრის სხდომის ოქმი 13:23:08-13:24:04; 2024 წლის 31 დეკემბრის სხდომის ოქმი 12:08:39-12:09:06).
18. შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი და მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება, რომ ა. ზ–ემ გირავნობის საგნად გამოყენებული ავტომობილი – „CHEVROLET CRUZE-2010“ (სახელმწიფო ნომრით ......) დაშალა და ბანკის წინასწარი თანხმობის გარეშე გირავნობის საგნის ნაწილები განკარგა, გირავნობის ხელშეკრულების მოქმედების დროს, მიუხედავად იმისა, რომ ბანკთან საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები არ იყო შესრულებული და ა. ზ–ის ავტომობილი წარმოადგენდა გირავნობის საგანს.
19. გასაჩივრებული განაჩენის თანახმად, სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ დასტურდება ა. ზ–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 377-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ „CHEVROLET CRUZE-2010“ (სახელმწიფო ნომრით – ......) ფირმის ავტომობილის მოთხოვნის უფლების წარმოშობისა და სააღსრულებო წარმოების დაწყების დროისთვის ავტომანქანა ჯერ კიდევ ა. ზ–ესთან იმყოფებოდა; მან მანქანა მას შემდეგ დაშალა ნაწილებად და გაასხვისა, რაც კერძო აღმასრულებლისგან მიიღო ინფორმაცია, ავტომანქანის წარდგენის თაობაზე. აღნიშნულის საპირისპიროდ, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ა. ზ–ემ ავტომანქანა შ. ძ–ის საცხოვრებელ ეზოში მიიყვანა 2023 წლის აპრილში, კერძო აღმასრულებლისგან კი ინფორმაცია მიიღო 2023 წლის ოქტომბერში, რაც გამორიცხავს მის მიერ საქართველოს სსკ-ის 377-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.
20. საკასაციო სასამართლო სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ მსჯელობას ვერ გაიზიარებს და აღნიშნავს, რომ ა. ზ–ის საქართველოს სსკ-ის 377-ე მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრდების მიზნებისათვის, მოცემულ შემთხვევაში, ირელევანტურია ა. ზ–ემ გირავნობის საგნად გამოყენებული მანქანა დაშალა და გაასხვისა კერძო აღმასრულებლისგან ავტომანქანის წარდგენის თაობაზე ინფორმაციის მიღების შემდეგ, თუ – მანამდე.
20.1. სასამართლო ითვალისწინებს, რომ 2022 წლის 24 ნოემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულების თანახმად, წინამდებარე ხელშეკრულებიდან გამომდინარე კლიენტის ვალდებულებების შესრულება უზრუნველყოფილია გირავნობით (პუნქტი 2.2.15), ხოლო 2022 წლის 24 ნოემბრის გირავნობის ხელშეკრულების 4.1. პუნქტის თანახმად, გირავნობის საგანზე გირავნობის უფლება წარმოიშობა გირავნობის ხელშეკრულების მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის მომენტიდან და მოქმედებს უზრუნველყოფილი მოთხოვნიდან გამომდინარე ვალდებულებების სრულ დაკმაყოფილებამდე. ამასთან, ამავე ხელშეკრულების 7.1. პუნქტის თანახმად, გირავნობის ხელშეკრულება ძალაში შედის გირავნობის ხელშეკრულების მხარეთა ხელმოწერის დღიდან და მოქმედებს უზრუნველყოფილი მოთხოვნის სრულად და ჯეროვნად შესრულებამდე.
21. სასამართლო ითვალისწინებს, რომ გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული მსჯელობა ეწინააღმდეგება ასევე სესხის ხელშეკრულებასაც, რომლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულების მოქმედების ვადაა - 2023 წლის 24 მაისამდე, მაგრამ ყველა შემთხვევაში, სანამ სრულად არ იქნება შესრულებული კლიენტის ვალდებულებები (იხ.: საბანკო კრედიტის ხელშეკრულების პუნქტი 2.2.4). დგინდება, რომ ა. ზ–ემ ზემოაღნიშნული სატრანსპორტო საშუალება შ. ძ–ის ეზოში დააყენა 2023 წლის აპრილის დასაწყისში, გაფუჭებული, დაშალა და ნაწილებად გაასხვისა. ამდენად, ხელშეკრულების მოქმედების დროს, ნაცვლად იმისა, რომ ხელშეკრულების პირობების თანახმად, ბანკის წინასწარი თანხმობის გარეშე არ დაეშვა გირავნობის საგნის ან მისი ნაწილის განკარგვა, გასხვისება (პუნქტი 4.5.) და უზრუნველყო გირავნობის საგნის გამართულ მდგომარეობაში შენარჩუნება და გაეღო ყველა ხარჯი გირავნობის საგნის მოვლა-პატრონობისათვის, გირავნობის უფლების შეწყვეტამდე (პუნქტი 4.6.2) მან დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები.
22. 2022 წლის 24 ნოემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულების N......... დანართი N..-ის გირავნობის საგნის აღწერის თანახმად, გირავნობის საგანია – ავტოსატრანსპორტო საშუალება „CHEVROLET CRUZE-2010“ (ტრანსპორტის სარეგისტრაციო ნომერი – ......), რომელზეც საქართველოს შს სამინისტროს ინფორმაციული უზრუნველყოფის და ანალიზის სამმართველოს მონაცემებით მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე სამართლებრივი დატვირთვა ან უფლებრივი შეზღუდვა რეგისტრირებული არ არის, ბანკის გირავნობის უფლება დარეგისტრირდა I რიგის გირავნობად; ხელშეკრულების დადების თარიღისთვის ღირებულებად განისაზღვრა 10800 ლარი. აღნიშნული დოკუმენტი წარმოადგენს გირავნობის ხელშეკრულების დანართს და მის განუყოფელ ნაწილს და მასზე ვრცელდება გირავნობის ხელშეკრულების მუხლ(ებ)ის, პუნქტ(ებ) ან/და ქვეპუნქტ(ებ)ის მოქმედება (იხ.: ტ.1, ს.ფ.159). შესაბამისად, 2023 წლის აპრილში, როდესაც ა. ზ–ემ დაშალა და ნაწილებად გაასხვისა ავტომობილი, მოცემული ავტომობილი უკვე იყო აღწერილი ქონება.
22.1. სასამართლო ითვალისწინებს, რომ: ბრალდების მხარე ა. ზ–ეს ედავება აღწერილი ქონების გასხვისებას. საქართველოს სსკ-ის 377-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას მათ შორის აღწერილი ქონების გასხვისების და დამალვისთვის იმ პირის მიერ, ვისაც ეს ქონება ჰქონდა მინდობილი, საქართველოს სსკ-ის 377-ე მუხლი სისხლისსამართლებრივი დაცვის უშუალო ობიექტია კრედიტორის კანონიერი ინტერესი სააღსრულებო დაწესებულებათა მიერ კანონით გათვალისწინებული აქტების აღსრულებასთან მიმართებით; გირავნობის ხელშეკრულების 4.5. პუნქტის თანახმად, დამგირავებელი ვალდებულია, ბანკის წინასწარი თანხმობის გარეშე არ დაუშვას გირავნობის საგნის ან მისი/მათი ნაწილის განკარგვა, გასხვისება, ან/და სხვაგვარად დატვირთვა, ან/და არ იკისროს იმგვარი ვალდებულებები ან/და გაწიოს ხარჯები რამაც შესაძლოა მნიშვნელოვანი ზეგავლენა იქონიოს დამგირავებლის მიერ გირავნობის ხელშეკრულებით, მისი დანართებით ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე. გირავნობის საგნის მესამე პირისთვის გადაცემა დასაშვებია მხოლოდ ბანკის წინასწარი წერილობითი თანხმობით (პუნქტი 4.5.).
22.2. შესაბამისად, იმისდამიუხედავად, თუ კონკრეტულად როდის განახორციელა ა. ზ–ემ სადავო ავტომობილის ნაწილებად დაშლა - რეალიზაცია, სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით (მათ შორის, შ. ძ–ის გამოკითხვის ოქმით, 2023 წლის 15 ნოემბრის ჩხრეკის ოქმით) გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება, რომ ა. ზ–ემ საბანკო კრედიტის და გირავნობის ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე დაარღვია ხელშეკრულების პირობები და არ განახორციელა არამხოლოდ გირავნობის საგნის დაცვა-მოვლა-პატრონობა, არამედ ბანკის წინასწარი თანხმობის გარეშე გირავნობის საგნის ნაწილები განკარგა და გაასხვისა.
22.3. შესაბამისად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ა. ზ–ე ვალდებული იყო 2022 წლის 24 ნოემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულების დადების შემდეგ, ამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულებამდე იმ მდგომარეობაში შეენარჩუნებინა გირავნობის საგანი – ავტომობილი – „CHEVROLET CRUZE-2010“ (სახელმწიფო ნომრით – ......) რა მდგომარეობაშიც იყო ხელშეკრულების დადების დროს, რაც მან არ შეასრულა, შესაბამისად, ა. ზ–ის უდანაშაულოდ ცნობა, მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ ვერ დგინდება დროის რა მონაკვეთში დაშალა და გაასხვისა ავტომობილი, ეწინააღმდეგება როგორც სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ასევე –სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია.
23. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობა კი უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. „სასჯელი, ერთი მხრივ, უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხეებთან გონივრულ პროპორციაში, ხოლო, მეორე მხრივ ....ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის დაკისრება უნდა მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38), უნდა ეფუძნებოდეს საქმის სირთულეს, ქმედებიდან მომდინარე საფრთხეებს, ქმედების ჩადენის წინაპირობებს, მოტივებს, შედეგებს, დამნაშავის პიროვნების თავისებურებებს, სასჯელის ზემოქმედებას დამნაშავის მომავალ ცხოვრებაზე (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება N1/7/851 „საქართველოს მოქალაქე იმედა ხახუტაიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, 2017 წლის 11 ივლისი, II-10).
24. საქართველოს სსკ-ის 377-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.
25. საკასაციო სასამართლო სასჯელის განსაზღვრისას ითვალისწინებს ჩადენილი დანაშაულის კატეგორიას, – ა. ზ–ემ ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, მსჯავრდებულის ინდივიდუალურ მახასიათებლებს, მათ შორის: იმ გარემოებას, რომ ა. ზ–ე აღიარებს მისთვის ბრალადწარდგენილი დანაშაულის ჩადენას; უდავოდ ცნო ბრალდების მხარის მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას; ეკონომიურ მდგომარეობას (არის უმუშევარი), ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მდგომარეობას (იხ.: ტ. 1, ს.ფ. 102 - გადახდების ისტორია) მზაობას აანაზღაუროს ზიანი, განსახილველი დანაშაულიდან გასულ დროს და იმ ფაქტს, რომ აღნიშნული დანაშაულის ჩადენიდან წინამდებარე განაჩენის დადგენამდე ა. ზ–ე არ არის მხილებული სხვა სამართალდარღვევის ჩადენაში. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ „სასჯელი არ უნდა იყოს არც ზედმეტად მკაცრი და არც ზედმეტად ლმობიერი იმისათვის, რომ მიღწეული იქნეს სასჯელის მიზნები“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილება N 1/7/851 „საქართველოს მოქალაქე იმედა ხახუტაიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II- 7). „პატიმრობის გზით პირის თავისუფლების შეზღუდვა არის არა წესი, არამედ გამონაკლისი. პირის თავისუფლების შეზღუდვა წარმოადგენს უკიდურეს ღონისძიებას, რომელიც გამოყენებული უნდა იქნეს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევასა და ვითარებაში, მაშინ, როდესაც აღნიშნული ღონისძიება არის აბსოლუტურად აუცილებელი და ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად არ არსებობს სხვა ალტერნატივა (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022წლის 24 ივნისის გადაწყვეტილება N 3/5/1341,1660 „თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინებები საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-200 მუხლის მე-6 ნაწილის პირველი წინადადების კონსტიტუციუობის თაობაზე“, II-33).
25.1. იმავდროულად, განსახილველი საქმის ინდივიდუალური გარემოებების, დანაშაულის ჩადენის მიზეზის და მოტივის, მოწმეთა ჩვენებების, დანაშაულის ხასიათის და ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიზანშეწონილად არ მიიჩნევს სასჯელის სახით ჯარიმის გამოყენებას.
25.2. შესაბამისად, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებისა და სასჯელის მიზნების (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია) გათვალისწინებით, ა. ზ–ეს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა – 180 საათი.
26. ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის პირველი−მე-4 მუხლების, მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-6 მუხლის მოქმედება ვრცელდება იმ პირზე, რომელმაც შესაბამისი დანაშაული 2024 წლის 1 ივლისამდე ჩაიდინა.
26.1. ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით ერთი მეექვსედით უნდა შეუმცირდეს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის პირველი−მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია და რომელსაც ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული დანაშაული არ ჩაუდენია. ამავე კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტით ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სასჯელის შემცირება ვრცელდება ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე, აგრეთვე სხვა სასჯელზე (გარდა ჯარიმისა, ქონების ჩამორთმევისა, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვისა და სამხედრო წოდების ჩამორთმევისა).
26.2. ა. ზ–ისათვის საქართველოს სსკ-ის 377-ე მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრადშერაცხილ დანაშაულზე არ ვრცელდება ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის პირველი−მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია, მას ასევე არ ჩაუდენია ამ კანონის მე-7 მუხლით გათვალისწინებული დანაშაული. შესაბამისად, ა. ზ–ისათვის სასჯელის სახით განსაზღვრული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა – 180 საათი უნდა შემცირდეს 1/6-ით და განესაზღვროს – 150 საათი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა.
27. ნივთმტკიცება – „CHEVROLET CRUZE-2010“ (სახელმწიფო ნომრით ......) დაშლილ ავტომობილთან მიმართებით, სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოცემული ავტომობილი წარმოადგენს ა. ზ–ის საკუთრებას, რომლის მიმართაც 2023 წლის 17 აგვისტოს გაცემულია გირავნობის მოწმობა, რომელიც არის აღსრულების ქვემდებარე აქტი, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი გარემოებების არსებობისას მოგირავნეს უფლებას აძლევს მოსთხოვოს უფლებამოსილ ორგანოს გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით დაგირავებული ნივთის მის მფლობელობაში გადაცემა. სისხლის სამართლის საქმის მასალებით დგინდება, რომ გირავნობის საგანი – „CHEVROLET CRUZE-2010“ (სახელმწიფო ნომრით ......) დაშლილ მდგომარეობაში (ავტომანქანას არ აქვს არცერთი კარი, ძრავა, საბარგული და ძრავის სახურავი, სავალი ნაწილები და საბურავები) ხელწერილით ჩაჰბარდა დ. ძ–ს და სს „ლ–ს“ მფლობელობაში არ გადასცემია.
27.1. სასამართლო ითვალისწინებს გირავნობის საგნის მდგომარეობას (ავტომანქანას არ აქვს არცერთი კარი, ძრავა, საბარგული და ძრავის სახურავი, სავალი ნაწილები და საბურავები), მიყენებული ზიანის ოდენობას, იმ გარემოებას, რომ საქმის განხილვიდან დღემდე სს „ლ–ს“ არ გამოუთქვამს სურვილი და არ მოუთხოვია „CHEVROLET CRUZE-2010“ (სახელმწიფო ნომრით ......) საკუთრებაში გადაცემა.
27.2. შესაბამისად, არ არსებობს საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტის სამართლებრივი საფუძველი.
28. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე (თუ დანაშაულის იარაღს ან საგანს ღირებულება არა აქვს, იგი ნადგურდება, ხოლო თუ მას აქვს რაიმე ღირებულება, ხდება მისი საპროცესო კონფისკაცია) უნდა მოხდეს „CHEVROLET CRUZE-2010“ (სახელმწიფო ნომრით ......) დაშლილ მდგომარეობაში (ავტომანქანას არ აქვს არცერთი კარი, ძრავა, საბარგული და ძრავის სახურავი, სავალი ნაწილები და საბურავები) საპროცესო კონფისკაცია და გადაეცეს სახელმწიფოს.
29. იმავდროულად, სასამართლო ითვალისწინებს, დაზარალებულს უფლებას, სამოქალაქო სამართალწარმოების წესით, მოითხოვოს მისთვის აღნიშნული დანაშაულით მიყენებული ქონებრივი ზიანის ანაზღაურება გამარტივებული წესით.
30. სასამართლო ითვალისწინებს, რომ სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 5 ნოემბრის განჩინებით ა. ზ–ეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო – 1000 ლარი. სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილია მხოლოდ გირაოს შემტანის პასუხისმგებლობის შესახებ გაფრთხილების ოქმი (ტ.1, ს.ფ. 259) და ვერ დგინდება ა. ზ–ეს გირაოს სახით შეფარდებული თანხა გადახდილი აქვს თუ არა, ამასთან, სისხლის სამართლის საქმის მასალებში არ არის ასევე წარმოდგენილი ინფორმაცია/ბრალდების მხარის შუამდგომლობა გირაოს გადაუხდელობის შემთხვევაში აღკვეთის ღონისძიების შეცვლის მოთხოვნის შესახებ.
31. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლეილა კვერნაძის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 25 მარტის განაჩენი უნდა გაუქმდეს.
III. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლეილა კვერნაძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 25 მარტის განაჩენი;
3. ა. ზ–ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 377-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა – 180 საათი, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით შეუმცირდეს 1/6-ით და განესაზღვროს 150 საათი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა;
4. საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის აღსრულებაზე კონტროლი განახორციელოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულმა ორგანომ - კანონმდებლობით დადგენილი წესით.
5. შ. ძ–ის სახლის ჩხრეკის ამსახველი 2 ცალი ლაზერული დისკი, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
6. „CHEVROLET CRUZE-2010“ (სახელმწიფო ნომრით ......) დაშლილი ავტომანქანა, რაც ხელწერილით ჩაბარებული აქვს დ. ძ–ს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გადაეცეს სახელმწიფოს;
7. ცნობად იქნეს მიღებული, რომ ა. ზ–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება – გირაო გაუქმებულია;
8. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. ვასაძე
ლ. თევზაძე