Facebook Twitter

საქმე # 330100125010815252

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

საქმე № 681აპ-25 ქ. თბილისი

კ. ზ. 681აპ-25 20 ნოემბერი, 2025 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

მამუკა ვასაძე, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ნანა ჯაყელის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 9 ივნისის განაჩენზე.

I. ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ზ. კ–ეს - პირადი ნომერი: ......, - ბრალად ედებოდა:

1.1. ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია - დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით.

ზ. კ–ის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2024 წლის 31 ივლისს, დაახლოებით 15:30 საათზე, ქ. თ–ზე, დ......მიმართულებით მოძრაობდა ,,ფორდ ტრანზიტის“ მარკის სამარშრუტო მიკროავტობუსი N---, სახელმწიფო ნომრით ......., რომელსაც მართავდა ზ. კ–ე. სამარშრუტო მიკროავტობუსის მსვლელობისას, დამუხრუჭების შედეგად, მიკროავტობუსის მგზავრი ნ. გ–ი წაიქცა და მიიღო ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება. საქმეზე ჩატარებული ავტოტექნიკური ექსპერტიზის N......... დასკვნით, ,,ფორდ ტრანზიტის“ მარკის N... სამარშრუტო მიკროავტობუსის, (სახელმწიფო ნომრით ......), მძღოლ ზ. კ–ის მოქმედება არ შეესაბამება ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნებს, რამაც განაპირობა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N..... დასკვნის თანახმად, აღნიშნული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად, ნ. გ–მა მიიღო ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 14 აპრილის განაჩენით:

2.1. ზ. კ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2024 წლის 31 ივლისის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა შინაპატიმრობა - 1 წლითა და 6 თვით და საქართველოს სსკ-ის 41-43-ე მუხლების საფუძველზე, დამატებითი სასჯელად - სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევა 1 წლით.

2.2. მსჯავრდებულს განესაზღვრა საცხოვრებელ ადგილზე ყოფნის ვალდებულება - 22:00 საათიდან - დილის 07:00 საათამდე.

3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა ნანა ჯაყელმა მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის დამძიმების კუთხით, კერძოდ, ზ. კ–ისათვის საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის ძირითად სასჯელად თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა, პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით; ხოლო დამატებითი სასჯელის - სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევა- უფრო ხანგრძლივი ვადით განსაზღვრა.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 9 ივნისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 14 აპრილის განაჩენი ზ. კ–ის მიმართ დარჩა უცვლელი.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა ნანა ჯაყელმა. კასატორი ითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას ზ. კ–ის სასჯელის დამძიმების კუთხით. კერძოდ, ზ. კ–ისათვის საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის ძირითად სასჯელად თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრას პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დამატებითი სასჯელის - ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევა - უფრო ხანგრძლივი ვადით განსაზღვრას.

II. ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე – ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, par. 30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ. Gorou v. Greece (No.2) no. 12686/03, paras. 37, 41, ECtHR, 20/03/2009).

2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში პროკურორი საჩივრით ითხოვს ზ. კ–ისათვის ძირითადი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრას პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დამატებითი სასჯელის - ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევა - უფრო ხანგრძლივი ვადით გამოყენებას. კასატორის მტკიცებით, ზ. კ–ის მიერ ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივი საშიშროებისა და ხასიათის (მომეტებული საფრთხის მატარებელია), ქმედების განხორციელების ხერხის, მართლსაწინააღმდეგო შედეგის გათვალისწინებით (დაზარალებულს მიადგა ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება), განაჩენი სასჯელის ნაწილში არის დაუსაბუთებელი, ლმობიერი და დამნაშავის პიროვნებასთან შეუსაბამო. ამასთან, მსჯავრდებულს არ აუნაზღაურებია დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანი და დაზარალებული გამოთქვამს სამართლიან პრეტენზიას მსჯავრდებულის მხრიდან უყურადღებობის შესახებ.

2.1. ამდენად, მხარეებს შორის დავის საკითხს არ წარმოადგენს ზ. კ–ის მიერ მისთვის ბრალადწარდგენილი (საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული) დანაშაულის ჩადენა. შესაბამისად, არ არსებობს აღნიშნულ ნაწილში (მსჯავრდების ნაწილი) თბილისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განაჩენის გადასინჯვის საფუძველი.

2.2. მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანია მხოლოდ ზ. კ–ისთვის გასაჩივრებული განაჩენით დანიშნული სასჯელის სამართლიანობა.

3. საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის და დასაბუთებულობის შესწავლის შედეგად სასამართლოს მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 9 ივნისის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება, შემდეგ გარემოებათა გამო:

4. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

5. საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს – ჯარიმას ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

6. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ზიანის ანაზღაურება და დაზარალებულთან შერიგება წარმოადგენს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს და სასჯელზე გავლენას ახდენს შემსუბუქების თვალსაზრისით, ხოლო საწინააღმდეგო მოცემულობა არ შეიძლება შეფასდეს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად. შესაბამისად, ზიანის აუნაზღაურებლობა არ შეიძლება იქნეს გათვალისწინებული სასჯელის დანიშვნის დროს, როგორც დამამძიმებელი გარემოება (მაგალითისთვის იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 2 მაისის განჩინება საქმეზე N 295აპ-22 და 2022 წლის 17 მაისის განჩინება საქმეზე N354აპ-22).

7. მოცემულ შემთხვევაში, ზ. კ–ე გამოთქვამს მზაობას აუნაზღაუროს დაზარალებულს მიყენებული ზიანი გონივრულ ფარგლებში. იმავდროულად, დაზარალებულს უფლება აქვს, სამოქალაქო სამართალწარმოების წესით, მოითხოვოს მისთვის აღნიშნული დანაშაულით მიყენებული ზიანის (ფიზიკური/მორალური/ქონებრივი) ადექვატური ანაზღაურება გამარტივებული წესით (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2025 წლის 13 ოქტომბრის №660აპ-25 განჩინება).

8. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ დაზარალებულის პოზიცია ავტომატურად ვერ გახდება სასჯელის გამკაცრების საფუძველი, ვინაიდან „სასჯელის დაკისრება, თავისი ბუნებით, არ არის უფლება, რომელიც შეიძლება/უნდა დაკმაყოფილდეს ადამიანების მოთხოვნების, სურვილების შესაბამისად. სასჯელის სიმძიმე ყოველთვის ვერ იქნება დაზარალებულის გამოხატული ემოციის პროპორციული. სასჯელი უნდა იყოს რეალურად ჩადენილი ქმედების თანაზომიერი, დაფუძნებული როგორც ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებაზე, ისე დანაშაულის ყველა ინდივიდუალური გარემოების გათვალისწინებაზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის N 1/8/594 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ხათუნა შუბითიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ II-23).

9. ძირითადი სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესახებ კასატორის მოთხოვნასთან დაკავშირებით, სასამართლო ითვალისწინებს, რომ „პატიმრობის გზით პირის თავისუფლების შეზღუდვა წარმოადგენს უკიდურეს ღონისძიებას, რომელიც გამოყენებული უნდა იქნეს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევასა და ვითარებაში, მაშინ, როდესაც აღნიშნული ღონისძიება არის აბსოლუტურად აუცილებელი და ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად არ არსებობს სხვა ალტერნატივა” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022წლის 24 ივნისის გადაწყვეტილება N 3/5/1341,1660 „თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინებები საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-200 მუხლის მე-6 ნაწილის პირველი წინადადების კონსტიტუციუობის თაობაზე“, II-33), „თუ პასუხისმგებლობის სხვა ზომები/სახეები ობიექტურად საკმარისია კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის მიზნების მისაღწევად, კანონი უნდა უბიძგებდეს სამართალშემფარდებელს, სწორედ არასაპატიმრო ალტერნატივების გამოყენებისკენ“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-96).

10. გასაჩივრებული განაჩენით სასჯელის სახის და ზომის განსაზღვრისას სასამართლომ გაითვალისწინა ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება (მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა), მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა (,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნების დარღვევა, რამაც განაპირობა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა), ქმედების განხორციელების სახე (გაუფრთხილებლობითი დანაშაული), მართლსაწინააღმდეგო შედეგი (ავტოსატრანსპორტო საშუალების მგზავრმა მიიღო ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება), ჩადენილი დანაშაულის აღიარება, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების უდავოდ ცნობა, მართლმსაჯულების განხორციელებისთვის ხელშეწყობა და ზ. კ–ეს განუსაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია, არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს.

11. კასატორი არ უთითებს ისეთ ფაქტობრივ გარემოებაზე/მტკიცებულებაზე, რაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის გათვალისწინებით, მიუთითებდა გასაჩივრებული განაჩენით განსაზღვრული ძირითადი სასჯელის სახის უკანონობაზე, ან არ იყო შეფასებული განაჩენის დამდგენი სასამართლოს მიერ სასჯელის ხანგრძლივობის განსაზღვრისას. შესაბამისად, წარმოდგენილი საქმის მასალებით არ დგინდება გასაჩივრებული განაჩენით ზ. კ–ისათვის განსაზღვრული როგორც ძირითადი სასჯელის სახის და ხანგრძლივობის, ასევე დამატებითი სასჯელის დამძიმების საფუძველი.

12. იმავდროულად, სასამართლო ითვალისწინებს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის პირველ ნაწილს, რომლის თანახმად სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია, იმ გარემოებას, რომ „თუ სასჯელი დანაშაულთან მიმართებით არაპროპორციულია და არ აკმაყოფილებს სამართლიანობის მოთხოვნებს, არ შეესაბამება ახალი დანაშაულის თავიდან აცილების და მსჯავრდებულის რესოციალიზაციის მიზნებს, მაშინ მისი აღსრულებით გამოწვეული ტანჯვა თავისთავად იქნება დამატებითი, გაუმართლებელი დასჯა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017წლის 11 ივლისის გადაწყვეტილება N 1/7/851 „საქართველოს მოქალაქე იმედა ხახუტაიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ II-10).

13. "დანაშაულის ჩადენის პრევენცია.. ემსახურება საზოგადოების უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებათა დაცვას"(საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 25 თებერვლის N 2/1/1434,1466 გადაწყვეტილება საქმეზე „ოთარ მარშავა და მიხეილ ნოზაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-20). "ახალი დანაშაულის თავიდან აცილება ხორციელდება სპეციალური და ზოგადი პრევენციის ფარგლებში. სასჯელის სპეციალური პრევენციის მიზანი გულისხმობს დანაშაულის რეციდივის გამორიცხვის, მინიმალიზების მცდელობას, რაც პრინციპში ძირითადად მიღწეულ უნდა იქნეს დამნაშავის რესოციალიზაციით. ამ მხრივ, დანაშაულის სპეციალური პრევენციისა და რესოციალიზაციის მიზნები მჭიდროდაა ერთმანეთთან დაკავშირებული" (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ II-50). რესოციალიზაციის მიზანი გულისხმობს სასჯელის მეშვეობით საზოგადოებაში საყოველთაოდ აღიარებული თანაცხოვრების წესებისადმი დამნაშავის შეგუებას, ამისათვის შესაბამისი პირობების შექმნის გზით, როგორც საპატიმრო დაწესებულებაში, ასევე, არასაპატიმრო სასჯელის შეფარდებისას, თავისუფლებაში ყოფნის პირობებში“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

14. საქართველოს სსკ-ის 471 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შინაპატიმრობა ნიშნავს მსჯავრდებულისთვის დღე-ღამის განსაზღვრულ პერიოდში თავის საცხოვრებელ ადგილას ყოფნის ვალდებულების დაკისრებას.

15. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 14 აპრილის განაჩენით (რაც უცვლელად დარჩა სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 9 ივნისის განაჩენით) ზ. კ–ეს ძირითად სასჯელად განესაზღვრა – შინაპატიმრობა 1 წლით და 6 თვით საცხოვრებელ ადგილზე ყოფნის ვალდებულებით 22:00 საათიდან 07:00 საათამდე.

16. სასჯელის მიზნების მიღწევისთვის, დანიშნული სასჯელი უნდა იყოს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი სასჯელის მიზნების მიღწევის ვარგისი, ეფექტური და თანაზომიერი, უნდა ეფუძნებოდეს საქმის სირთულეს, ქმედებიდან მომდინარე საფრთხეებს, ქმედების ჩადენის წინაპირობებს, მოტივებს, შედეგებს, დამნაშავის პიროვნების თავისებურებებს, სასჯელის ზემოქმედებას დამნაშავის მომავალ ცხოვრებაზე (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს N1/7/851 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე იმედა ხახუტაიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, 2017 წლის 11 ივლისი, II-10), „სასჯელი არ უნდა იყოს არც ზედმეტად მკაცრი და არც ზედმეტად ლმობიერი იმისათვის, რომ მიღწეული იქნეს სასჯელის მიზნები“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 11 ივლისის N 1/7/851 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე იმედა ხახუტაიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II- 7).

17. სასჯელი ჩაითვლება აშკარად არაპროპორციულად, თუ აკრძალული ქმედებიდან მომდინარე საზოგადოებრივი საშიშროება და სადამსჯელო ღონისძიების სიმკაცრე აშკარად არათანაზომიერ დამოკიდებულებაშია ერთმანეთთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, განსახილველ შემთხვევაში, თანაზომიერების პრინციპის გამოყენებით უნდა შეფასდეს....სამართალდარღვევების სიმძიმისა და გამოყენებული პასუხისმგებლობის ურთიერთმიმართება (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2024 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილება N2/1/702 საქმეზე „კონსტანტინე ლაბარტყავა, მალხაზ ნოზაძე და ირაკლი გიგოლაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-68)

18. სასჯელის დაწესებით სამართლიანობის აღდგენა გულისხმობს ქმედებისთვის მის მიერ გამოწვევადი საფრთხეების, სიმძიმის გათვალისწინებით, ადეკვატური, შესაბამისი, თანაზომიერი სასჯელის დაკისრებას (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ II-45).

19. მოცემულ შემთხვევაში, ზ. კ–ის მიმართ გასაჩივრებული განაჩენით გამოყენებულია საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ალტერნატიული სასჯელებიდან ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი, რომელიც არ უკავშირდება პირის თავისუფლების შეზღუდვას პენიტენციურ დაწესებულებაში.

20. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას მსჯავრდებულ ზ. კ–ისათვის დანიშნული ძირითადი სასჯელის სახისა და ზომის შესახებ, თუმცა არ იზიარებს გასაჩივრებული განაჩენით საცხოვრებელ ადგილას ყოფნის ვალდებულების დადგენას 22:00-სთ-დან 07:00-საათამდე პერიოდში. სასამართლო ითვალისწინებს, რომ გასაჩივრებული განაჩენით დადგენილი საცხოვრებელ ადგილას ყოფნის ვალდებულება 22:00 საათიდან 07:00 საათამდე მოცემულ შემთხვევაში ვერ პასუხობს სასჯელის მიზნებს, ემთხვევა როგორც წესი, კერძო პირების მიერ საცხოვრებელ ადგილას ყოფნის პერიოდს და შესაბამისად, არ ატარებს შემაკავებელ ეფექტს, მაშინ, როდესაც მსჯავრდებულისათვის განსაზღვრულ სასჯელს უნდა ჰქონდეს შემაკავებელი ეფექტი და წარმოადგენდეს მომავალში მსგავსი დანაშაულის მინიმალიზების მცდელობისათვის ეფექტურ საშუალებას.

21. საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნების, შინაპატიმრობის არსის და დანიშნულების, მოხდის ფორმის/წესის, სასჯელის აღნიშნული სახით პირის უფლებების შეზღუდვის მასშტაბის, სპეციალური და ზოგადი პრევენციისა და რესოციალიზაციის მიზნების, საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის (მაგალითისთვის იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2025 წლის 20 მარტის განაჩენი N1135აპ-24) ძირითადი სასჯელის სახით შინაპატიმრობის გამოყენებისას მსჯავრდებულის საცხოვრებელ ადგილზე ყოფნის პერიოდის/ დღე-ღამის დროის მონაკვეთის განსაზღვრის გათვალისწინებით, უნდა შეიცვალოს გასაჩივრებული განაჩენით ზ. კ–ისათვის განსაზღვრული საცხოვრებელ ადგილას ყოფნის პერიოდი და ზ. კ–ეს საცხოვრებელ ადგილას ყოფნის ვალდებულება განესაზღვროს – 13:00 საათიდან 08:00 საათამდე.

22. შესაბამისად, ზ. კ–ისათვის სასჯელის სახით განსაზღვრული 1 წლითა და 6 თვით შინაპატიმრობა უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო შინაპატიმრობის მოხდის პერიოდში საცხოვრებელ ადგილზე ყოფნის ვალდებულება ზ. კ–ეს უნდა დაეკისროს 13:00 საათიდან 08:00 საათამდე; უცვლელად უნდა დარჩეს დამატებითი სასჯელის სახით განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევის ხანგრძლივობა.

23. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილში, ზ. კ–ისათვის დამატებით სასჯელად სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევის განსაზღვრისას თბილისის სააპელაციო სასამართლო უთითებს საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლზე. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ვინაიდან საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილი დამატებითი სასჯელის სახით ითვალისწინებს თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევას, დამატებით საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლზე მითითება - არასწორია (იხ.: მაგალითად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 18 მარტის N1106აპ-23 განჩინება).

III. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ნანა ჯაყელის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 9 ივნისის განაჩენში შევიდეს ცვლილება:

2.1. ზ. კ–ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2024 წლის 31 ივლისის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – შინაპატიმრობა 1 წლითა და 6 თვით. მასვე, დამატებითი სასჯელის სახით, 1 წლით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება;

2.2. მსჯავრდებულ ზ. კ–ეს საცხოვრებელ ადგილზე ყოფნის ვალდებულება განესაზღვროს - 13:00 საათიდან 08:00 საათამდე;

3. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად;

4. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. ვასაძე

ლ. თევზაძე