Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კ/198-01 14 მარტი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),

მ. ახალაძე, ბ. კობერიძე

დავის საგანი: ბინიდან გამოსახლება.

აღწერილობითი ნაწილი:

გ. გ-შვილი ცხოვრობს თბილისში, ... მდებარე საცხოვრებელ სახლში, რომელიც ერიცხება საკუთრების უფლებით. ამ უკანასკნელმა სარჩელი შეიტანა გლდანი-ნაძალადევის რაიონის სასამართლოში და მოითხოვა ნ. და მ. ბ-ძეების გამოსახლება მისი საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან იმ საფუძვლით, რომ აღნიშნული პირები არიან მისი მდგმურები და წლების მანძილზე არ იხდიან სასამართლო გადაწყვეტილებით დაკისრებულ ბინის ქირას. მოსარჩელის განმარტებით თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილებით ნ. და მ. ბ-ძეების ოჯახის წევრი თ. ბ-ძე გამოსახლებულ იქნა თბილისში, ... მდებარე ბინიდან. ამ უკანასკნელს გადახდა 1172 ლარი გადახდევინება გ. გ-შვილის სასარგებლოდ.

გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 15 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. მ. და ნ. ბ-ძეები გამოსახლებულ იქნენ თბილისში, ... მდებარე ბინიდან.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 16 ნოემბრის გადაწვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ნ. და მ. ბ-ძეების სააპელაციო საჩივარი. გ. გ-შვილს უარი ეთქვა მათ გამოსახლებაზე იმ საფუძვლით, რომ “საცხოვრებელი სადგომების სარგებლობისას წარმომოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, მესაკუთრე გ. გ-შვილს უფლება აქვს მოპასუხეთა გამოსახლება მოითხოვოს მხოლოდ იმ პირობით, თუ შესთავაზებს მათ საცხოვრებელი სადგომს კანონით განსაზღვრული წესით ან ასეთი სადგომის კომპენსაციას, რაც კასატორს არ Aშეუთავაზებია.

კასატორი მოითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ე” ქვეპუნქტის თანახმად, სამართლებრივად სწორად არ დაასაბუთა გადაწყვეტილება და არასწორად განმარტა კანონი საცხოვრებელი სადგომის სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ”, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება მოპასუხეთა სამართლებრივ მდგომარეობას.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივრის საფუძლებს, მოუსმინა მხარეებს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთებულობა და თვლის, რომ გ. გ-შვილის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოტივაციას, რომ სამართლებრივი ურთიერთობა მასსა და მისი საკუთარი საცხოვრებელი სახლის მოსარგებლე ნ. და მ. ბ-ძეებს შორის არ უნდა მოწესრიგდეს 1998 წლის 25 ივნისის კანონით “საცხოვრებელი სადგომის სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ”.

პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მტკიცებული ფაქტობრივი გარემოებები იმის შესახებ, რომ ბ-ძეების ოჯახი 1963 წლიდან ცხოვრობდა სადავო საცხოვრებელ სახლში. გ. გ-შვილი 1989 წლის 7 ივლისს სასამართლოში შეტანილ შეგებებულ სარჩელში ადასტურებს იმ ფაქტს, რომ მ. ბ-ძის მამამ თ. ბ-ძემ 1963 წელს გ. გ-შვილის მშვილებლებისაგან _ ე. და გ. ა-ოვებისაგან 3000 მანეთად შეიძინა 28 მ2 ფართის ოთახი, მასვე უნდა გადაეხადა ბინის ქირა თვეში 4 მანეთის ოდენობით. თ. ბ-ძის ოჯახის წევრები მუდმივად იყვნენ ... ჩაწერილები.

პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორი კვალიფიკაცია მისცა საქმის ფაქტობრივ გარემოებებს და მიუთითა, რომ სამართლებრივი ურთიერთობა მხარეებს შორის “საცხოვრებელი სადგომის სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” კანონის შესაბამისად უნდა მოწესრიგდეს.

აღნიშნული კანონის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ მხარეებს შორის არსებობს გარიგება საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ, რაც დასტურდება ისეთი გარემოებებით, როგორიცაა: სადავო საცხოვრებელ სადგომში რეგისტრაცია, კომუნალური გადასახადებისა და მესაკუთრისათვის გარკვეული ოდენობის საფასურის გადახდა და სხვა (გარდა ქირავნობის ხელშეკრულებისა), მაშინ ასეთი გარიგება წესრიგდება ამ კანონით, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია ზემოაღნიშნული ნორმით გათვალისწინებული ფაქტობრივი გარემოებები.

ამავე კანონის მე-5 მუხლის თანახმად, მოსარგებლე ვალდებულია დააკმაყოფილოს მესაკუთრის მოთხოვნა სადგომის გათავისუფლებაზე, თუ მესაკუთრე მოსარგებლეს საკუთრებაში გადასცემს სხვა საცხოვრებელ სადგომს იმავე პუნქტის ფარგლებში, ერთ სულზე არანაკლებ 9 კვ.მ ფართის ოდენობით ან თუ მესაკუთრე მოსარგებლეს მისცემს ამ მუხლის “ა” და “ბ” ქვეპუნქტებში მითითებული საცხოვრებელი სადგომის ღირებულების კომპენსაციას;

ვინაიდან კასატორს არ შეუთავაზებია მოსარგებლისათვის კანონის მე-5 მუხლით გათვალისწინებული არც ერთი პირობა, პალატის მიზანშეუწონლად მიაჩნია საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება და თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სამართლებრივიად სწორად გადაწყვიტა აღნიშნული დავა.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

გ. გ-შვილის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 16 ნოემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.