გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ/200 14 მარტი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),
მ. ახალაძე, ბ. კობერიძე
დავის საგანი: სარჩელში _ ანდერძის ძალადაკრგულად ცნობა; ბინაზე თანამესაკუთრედ და მემკვიდრედ ცნობა.
შეგებებულ სარჩელებში _ მემკვიდრედ ცნობა.
დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით მესამე პირის სარჩელში _ მემკვიდრედ ცნობა; დაკრძალვის ხარჯების ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
1999 წლის 14 დეკემბერს მცხეთის რაიონულ სასამართლოში სარჩელი აღძრა შოთა ოსიშვილმა მოპასუხეების _ აკ. ო-შვილის და ან. ო-ძის მიმართ.
სარჩელში აღნიშნულია, რომ მხარეები არიან და-ძმანი მამის მხრიდან. მათი მამა შა. ო-შვილი გარდაიცვალა 1999 წლის 23 მაისს. გარდაცვალებამდე მას პირად საკუთრებაში ჰქონდა საცხოვრებელი სახლი მცხეთის რაიონის სოფ. ...
1990 წლის 12 თებერვალს შა. ო-შვილმა შ. ო-შვილის სახელზე დაწერა ანდერძი, რომლითაც მთელ ქონება დაუტოვა მოსარჩელეს.
1999 წლის 25 მარტს შა. ო-შვილმა შეადგინა მეორე ანდერძი და მცხეთის რაიონის სოფ. ... მდებარე, მის პირად საკუთრებაში არსებული ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი და 500 კვ.მ. ფართობის საკარმიდამო მიწის ნაკვეთი უანდერძა შვილიშვილს _ ზ. ო-შვილს.
1999 წლის 27 აპრილს გარდაიცვალა ზ. ო-შვილი, ხოლო იმავე წლის 23 მაისს _ მოანდერძე შა. ო-შვილი.
მოსარჩელე განმარტავდა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1402-ე მუხლის “ა” პუნქტის თანახმად, ანდერძი უნდა გამოცხადდეს ძალადაკარგულად, რადგანაც პირი, რომლის სასარგებლოდაც შედგენილი იყო ანდერძი, გარდაიცვალა მოანდერძეზე ადრე.
შ. ო-შვილი სარჩელში აღნიშნავდა, რომ იყო კანონით მემკვიდრე თავის და-ძმასთან ერთად, სხვა მემკვიდრე კი არავინ დარჩენილა.
მოსარჩელემ სარჩელში მოითხოვა აწ გარდაცვლილი ზ. ო-შვილის სახელზე 1999 წლის 25 მარტს შედგენილი ანდერძის ძალადაკარგულად და აწ გარდაცვლილი შა. ო-შვილის დანაშთ ქონებაზე შ. ო-შვილის მემკვიდრედ ცნობა.
2000 წლის 1 თებერვალს მცხეთის რაიონულ სასამართლოში სარჩელი აღძრა აწ გარდაცვლილი ზ. ო-შვილის მეუღლე შ. ხ-ძემ, როგორც მესამე პირმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით და აღნიშნა, რომ აწ გარდაცვლილ შა. ო-შვილს დარჩა რამდენიმე მემკვიდრე და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1334-ე მუხლის თანახმად, მათ შორის სამკვიდროს გაყოფამდე, მისი ერთიანი ქონება ეკუთვნოდა ყველა მემკვიდრეს. გარდა ამისა, ამ ქონებიდან შეიძლება გადახდილიყო მამკვიდრებლის მოვლის, მკურნალობის და დაკრძალვის ხარჯები. შ. ხ-ძის განმარტებით, აწ გარდაცვლილი შა. ო-შვილის დაკრძალვის და სასაფლაოს მოწყობის ხარჯები თავად გასწია და ამიტომ სარჩელში მოითხოვა მისი მცირეწლოვანი შვილის _ თ. ო-შვილის მემკვიდრედ ცნობა აწ გარდაცვლილი შა. ო-შვილის დანაშთ ქონებაზე ან ამ უკანასკნელის დაკრძალვისა და სასაფლაოს მოწყობის ხარჯების _ 3166 ლარის ანაზღაურება.
ამავე სასამართლოს განცხადებით მიმართა მოპასუხე ან. ო-ძემ და მოითხოვა აწ გარდაცვლილი ზ. ო-შვილის ვაჟის _ თ. ო-შვილის ერთადერთ მემკვიდრედ ცნობა მცხეთის რაიონის სოფ. ... მდებარე აწ გარდაცვლილი შა. ო-შვილის დანაშთ საცხოვრებელ სახლზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი ცნობა აწ გარდაცვლილი შა. ო-შვილის ერთ-ერთ მემკვიდრედ და სადავო სახლიდან სამემკვიდრეო წილის გამოყოფა.
მცხეთის რაიონულ სასამართლოში აკ. ო-შვილმა შეიტანა შეპასუხება, რომელშიც მოითხოვა მისი შვილიშვილის _ თ. ო-შვილის ერთადერთ მემკვიდრედ ცნობა სადავო სახლზე ან მისი ცნობა ერთ-ერთ მემკვიდრედ აწ გარდაცვლილი მამის _ შა. ო-შვილის დანაშთ სამკვიდრო სახლზე და სამემკვიდრეო წილის მიკუთვნება.
ზემოთ აღნიშნულ სასამართლოში შ. ო-შვილმა აღძრა ცალკე სარჩელი, რომელშიც დააყენა ახალი მოთხოვნა. კერძოდ, ვინაიდან სადავო სახლი აშენდა მისი სახსრებით, იგი ცნობილიყო აღნიშნული სახლის თანამესაკუთრედ აწ გარდაცვლილ შა. ო-შვილთან ერთად, ამ უკანასკნელის საკუთრებაში რიცხული სახლის ნახევარზე სამკვიდროს გახსნა და შ. ო-შვილის ერთ-ერთ მემკვიდრედ ცნობა.
შ. ო-შვილმა მოითხოვა აღნიშნული სარჩელის გაერთიანება თავდაპირველ სარჩელთან.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 15 მაისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა შ. ო-შვილის სარჩელი; ძალადაკარგულად გამოცხადდა აწ გარდაცვლილ ზ. ო-შვილზე გაცემული ანდერძი; შ. ო-შვილი ცნობილ იქნა მცხეთის რაიონის სოფ. ... მდებარე შა. ო-შვილის სახელზე რიცხული საცხოვრებელი სახლის ნახევრის მესაკუთრედ; აღნიშნული სახლის მეორე ნახევარში გაიხსნა სამკვიდრო და შ. ო-შვილი ცნობილ იქნა ერთ-ერთ მემკვიდრედ; დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით მესამე პირი შ. ხ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; აწ გარდაცვლილი შა. ო-შვილის დანაშთ საცხოვრებელ სახლზე თ. ო-შვილის მემკვიდრედ ცნობის შესახებ მოთხოვნას ეთქვა უარი; აწ გარდაცვლილი შა. ო-შვილის კანონით მემკვიდრეებს _ შ. ო-შვილს, აკ. ო-შვილს და ან. ო-ძეს შ. ხ-ძის სასარგებლოდ დაეკისრათ მამკვიდრებლის _ აწ გარდაცვლილი შა. ო-შვილის დაკრძალვის ხარჯები _ თითოეულს _ 627 ლარი, სულ _ 1881 ლარი.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს შ. ო-შვილმაც და აკ. ო-შვილმაც.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა შ. ო-შვილის სააპელაციო საჩივარი და მცხეთის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 15 მაისის გადაწყვეტილება მის მიერ გასაჩივრებულ ნაწილში დარჩა უცვლელად; დაკმაყოფილდა აკ. ო-შვილის სააპელაციო საჩივარი და მცხეთის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 15 მაისის გადაწყვეტილება სადავო სახლის ნახევარზე შ. ო-შვილის მესაკუთრედ და 1\2 ნაწილზე მემკვიდრედ ცნობის ნაწილში შეიცვალა იმგვარად, რომ მცხეთის რაიონის სოფ. ... მდებარე სახლის 1\3 ნაწილის მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობილ იქნა შ. ო-შვილი; დაკმაყოფილდა ან. ო-ძის და აკ. ო-შვილის შეგებებული სასარჩელო მოთხოვნები და თითოეული მათგანი ცნობილ იქნა სადავო სახლის მემკვიდრედ და მესაკუთრედ; დანარჩენ ნაწილში მცხეთის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 15 მაისის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
საკასაციო საჩივრით შ. ო-შვილმა მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს 2000 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილება, ხოლო დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის მქონე მესამე პირის _ შ. ხ-ძის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:
კასატორი განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლომ დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის მოთხოვნა და არ იმსჯელა სააპელაციო საჩივრის დასაშვებობაზე. აკ. ო-შვილი სააპელაციო საჩივარში მოითხოვდა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 15 მაისის გადაწყვეტილების შეცვლას. კერძოდ, სამკვიდროს გაყოფას თანაბარ წილად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. სხვა მოთხოვნა აპელანტს არ ჰქონია. ამდენად, კასატორი თვლის, რომ აკ. ო-შვილის სააპელაციო საჩივრის განხილვის უფლება სააპელაციო პალატას არ ჰქონდა, რადგანაც მას შეგებებული სარჩელი, მემკვიდრედ ცნობის შესახებ არც ერთი ინსტანციის სასამართლოში არ შეუტანია, ხოლო თუ მცხეთის რაიონულ სასამართლოში წარდგენილი შეპასუხება იქნებოდა მიჩნეული შეგებებულ სარჩელად, იგი მოწინააღმდეგე მხარეს უნდა ჩაჰბარებოდა კანონით დადგენილი წესით.
კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს არ ჰქონდა უფლება მცხეთის რაიონულ სასამართლოში აკ. ო-შვილის მიერ წარდგენილი შეპასუხება ჩაეთვალა შეგებებულ სარჩელად, რადგანაც ასეთი რამ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული არ არის.
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 384-ე მუხლის მოთხოვნა. კერძოდ, შ. ო-შვილს უკანონოდ გაუუქმა თანასაკუთრება სოფ. ... მდებარე სადავო სახლზე და მოპასუხე ან. ო-იძე-ო-შვილს მიაკუთვნა აღნიშნული სახლის 1\3 ისე, რომ მისი არც სასარჩელო მოთხოვნა და არც სააპელაციო საჩივარი სასამართლოში შეტანილი არ ყოფილა.
კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში არ მიუთითებია, დაკმაყოფილდა თუ არა შ. ო-შვილის სასარჩელო მოთხოვნა სადავო სახლის ნახევრის თანამესაკუთრედ ცნობაზე.
კასატორი შ. ო-შვილი განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლომ, გარდა საპროცესო სამართლის ნორმებისა, დაარღვია მატერიალური სამართლის ნორმებიც. კერძოდ, იგი აღნიშნავს, რომ 1968 წელს აშენებული მისი საკუთარი საცხოვრებელი სახლი აღირიცხა მამამისის _ შა. ო-შვილის სახელზე ყოველგვარი საფუძვლის გარეშე. შ. ო-შვილის განმარტებით, მას ბინა არც გაუყიდია, არც გაუჩუქებია და მისი საკუთრება აღნიშნულ ბინაზე დავას არასოდეს იწვევდა. სააპელაციო სასამართლოს არ გააჩნდა არანაირი მტკიცებულება, რომ აღნიშნული ბინა შ. ო-შვილმა გაასხვისა შა. ო-შვილზე.
კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებას აწ გარდაცვლილი შა. ო-შვილის დაკრძალვის ხარჯების 1\3-ის შ. ო-შვილისათვის დაკისრების ნაწილში, რადგანაც სასამართლოს არ ჰქონდა არავითარი მტკიცებულება აღნიშნულთან დაკავშირებით და გარდა ამისა, კანონიც არ ითვალისწინებს დაკრძალვის ხარჯების გადახდას.
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა განმარტებები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სამოტივაციო ნაწილი:
მცხეთის რაიონული არქივის 2000 წლის 15 თებერვლის ¹ 1 ცნობით დასტურდება, რომ 1965-1976 წლებში საკომლო წიგნებში ოჯახის კომლის უფროსად რეგისტრირებული იყო კასატორი შ. ო-შვილი და ამჟამად სადავო, 1968 წელს აშენებული სახლი ირიცხებოდა კომლის საკუთრებად.
1974 წელს შ. ო-შვილმა სოფ. ... ააშენა სხვა სახლი, რომელიც აღირიცხა მის სახელზე, ხოლო 1976 წლიდან აწ გარდაცვლილი შა. ო-შვილის კომლის საკუთრებად აღირიცხა 1968 წელს აშენებული სახლი და დღემდე ირიცხება მის სახელზე.
პალტა დადგენილად მიიჩნევს, რომ მამის სიცოცხლეში შ. ო-შვილს სადავოდ არ გაუხდია აღნიშნულ სახლზე შა. ო-შვილის საკუთრება. მართალია, ამჟამად სადავოდ ხდის ამ ფაქტს, მაგრამ თავისი საკუთრების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება შ. ო-შვილს სასამართლოში არ წარუდგენია.
პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას, რომ, რადგანაც შა. ო-შვილი გარდაცვალებამდე, 23 წლის განმავლობაში, რეგისტრირებული იყო აღნიშნული სახლის მესაკუთრედ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1319-ე და 1320-ე მუხლების თანახმად, შა. ო-შვილის გარდაცვალების დღიდან სამკვიდრო გაიხსნა მთელ საცხოვრებელ სახლზე, ხოლო, რადგანაც აკ. ო-შვილის მიერ სააპელაციო საჩივრით არ გასაჩივრებულა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 15 მაისის გადაწყვეტილება შა. ო-შვილის მიერ 1999 წლის 25 მარტს ზ. ო-შვილის სახელზე გაცემული ანდერძის ძალადაკარგულად გამოცხადების ნაწილში, ამიტომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1336-ე მუხლის თანახმად, აწ გარდაცვლილ შა. ო-შვილს დარჩა პირველი რიგის კანონით სამი მემკვიდრე: შ. ო-შვილი, აკ. ო-შვილი, ან. ო-შვილი-ო-ძე და ისინი ითვლებიან მემკვიდრეებად თანასწორი წილის უფლებით.
პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად არ დააკმაყოფილა შ. ო-შვილის სააპელაციო საჩივარი შ. ხ-ძის _ დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის მქონე პირის _ სასარგებლოდ აწ გარდაცვლილი შა. ო-შვილის დაკრძალვის ხარჯებიდან მოსარჩელისათვის 627 ლარის დაკისრების ნაწილში, რადგანაც შ. ო-შვილს არც ერთი ინსტანციის სასამართლოში არ წარუდგენია მტკიცებულებები, რომლებითაც დადასტურდებოდა, რომ შ. ხ-ძის სარჩელი აღნიშნულ ნაწილში იყო უსაფუძვლო.
პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის განმარტებას, რომ სააპელაციო სასამართლომ დაარღვია საპროცესო სამართლის ნორმები, როდესაც შეგებებულ სარჩელებად ჩათვალა ან. ო-შვილი-ოძის განცხადება და აკ. ო-შვილის შეპასუხება. ვინაიდან მათში ჩამოყალიბებულია მოპასუხეთა მოთხოვნები, პალატა თვლის, რომ სასამართლომ აღნიშნული დოკუმენტები სწორად მიიჩნია შეგებებულ სარჩელებად.
გარდა ამისა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი. პალატას კი მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით სწორი გადაწყვეტილება გამოიტანა.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
არ დაკმაყოფილდეს შ. ო-შვილის საკასაციო საჩივარი.
უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილება.
პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.